დაკმაყოფილდა ნაწილობრივ

სამოქალაქო 29.12.2025
საქმის ნომერი
ას-218-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.12.2025

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-218-2025 29 დეკემბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. გ.ქ–ძე (მოსარჩელე); 2. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (მოსარჩელის საკასაციო საჩივარში) და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (მოპასუხის საკასაციო საჩივარში)

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. გ.ქ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნას ცნობილი 2023 წლის 5 ოქტომბრის შპს „რ.წ–ის“ (შემდგომ – დამსაქმებელი) სახელით რ.ს–ძის №0G23-0855459 წერილობითი შეტყობინება 2023 წლის 11 ოქტომბრიდან მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე; მოსარჩელე აღდგენილ იქნას ტექნიკური დირექტორის ან ტოლფას თანამდებობაზე და დამსაქმებელს დაეკისროს სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამუშაზე აღდგენამდე პერიოდის შრომითი განაცდურის ანაზღაურება, ასევე, გადაუხდელი პრემიის - 7 000 ლარის გადახდა.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 აპრილის განჩინებით დამსაქმებლის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მოპასუხე.

სარჩელის საფუძვლები:

3. მოსარჩელის განმარტებით, 2013-2018 წლებში შრომითი ურთიერთობა ჰქონდა მოპასუხესთან. კომპანიის ხელმძღვანელობის ინიციატივით მოსარჩელე, როგორც წარმატებული და პერსპექტიული თანამშრომელი, 2018 წლის მარტიდან გადაყვანილ იქნა დამსაქმებელთან დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა უვადოდ. 2023 წლის 28 თებერვლიდან მოსარჩელის ყოველთვიური სახელფასო განაკვეთი შეადგენდა 4 300 ლარს.

4. მოსარჩელე ყოველთვის ჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ შრომით მოვალეობებს და მისი უშუალო ხელმძღვანელის - დამსაქმებელი საზოგადოების გენერალური დირექტორის მითითებებს. რიგ შემთხვევებში, პირადი საქმიანობით და გამოცდილებით, ახერხებდა კომპანიისათვის სოლიდური ფულადი რესურსების დაზოგვას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ითავსებდა დროებით ვაკანტურ პოზიციაზე შესასრულებელ სამუშაოებს, რათა კომპანიის საქმიანობა არ შეფერხებულიყო.

5. მოსარჩელის მიმართ წლების წინ მხოლოდ ერთხელ იქნა გამოყენებული დისციპლინური ღონისძიება, ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად, სატრანსპორტო საშუალების გამოყენების გამო.

6. 2023 წლის 11 ივლისს დამსაქმებელი შპს-ს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ მოხსენებითი ბარათით მიმართა კომპანიის ხელმძღვანელს თანამშრომლებისათვის, მათ შორის მოსარჩელისათვის, პრემიის გადახდის თაობაზე, ხრამის სათავე ნაგებობაზე, №5 შახტურ ჭაზე წარმატებით შესრულებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რაშიც აქტიურად იყო ჩართული მოსარჩელე.

7. 2023 წლის 8 ოქტომბერს მოსარჩელემ დამსაქმებლის სახელით რ.ს–ძისგან მიიღო წერილობითი შეტყობინება 2023 წლის 11 ოქტომბრიდან, შრომითი დარღვევების გამო, მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. აღნიშნულ შეტყობინებაში მითითებული გარემოებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

მოპასუხის პოზიცია:

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებამ გამოიწვია ქ.რუსთავის წყალმომარაგების ხშირი წყვეტა, სასმელი წყლის წნევასა და ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები, შედეგად კი, - მოსახლეობის უკმაყოფილება. მითითებულ საკითხზე კომპანია დაჯარიმდა 50 000 ლარით, სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო. ასეთ ვითარებაში მოსარჩელისათვის პრემიის გადაცემა უსაფუძვლო იქნებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2023 წლის 5 ოქტომბრის დამსაქმებლის ადამიანური კაპიტალის განვითარების, შრომის უსაფრთხოებისა და ადმინისტრაციული მიმართულების დირექტორ რ.ს–ძის №OG23-0855459 წერილობითი შეტყობინება 2023 წლის 11 ოქტომბრიდან მოსარჩელის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის - 10 თვის სახელფასო ანაზღაურების, სულ - 43 000 ლარის (დარიცხული) გადახდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა გათავისუფლებამდე დაკავებულ სამსახურებრივ პოზიციაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის, ასევე, გადაუხდელი პრემიის - 7 000 ლარის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013-2018 წლებში მოსარჩელეს შრომითი ურთიერთობა ჰქონდა მოპასუხესთან. კომპანიის ხელმძღვანელობის ინიციატივით მოსარჩელე, როგორც წარმატებული და პერსპექტიული თანამშრომელი გადაყვანილ იქნა დამსაქმებელთან, კერძოდ, 2018 წლის 10 მარტს მოსარჩელესა და დამსაქმებელს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე 2018 წლის 19 მარტიდან მოსარჩელე შრომით საქმიანობას ახორციელებს დამსაქმებელ საზოგადოებაში დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.

12. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროისათვის მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა ფიქსირებულ, დარიცხულ 4375 ლარს. მოსარჩელეს, ასევე, ერიცხებოდა ყოველთვიურად ბონუსი, - დარიცხული 1470 ლარი.

13. 2023 წლის 8 ოქტომბერს დამსაქმებლის სახელით რ.ს–ძისგან მოსარჩელემ მიიღო წერილობითი შეტყობინება (№0G23-0855459), 2023 წლის 11 ოქტომბრიდან, შრომითი დარღვევების გამო, მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.

14. დამსაქმებელი კომპანიის ადამიანური კაპიტალის განვითარების, შრომის უსაფრთხოებისა და ადმინისტრაციული მიმართულების დირექტორის რ.ს–ძის 2023 წლის 5 ოქტომბრის №OG23-0855459 შეტყობინებაში გათავისუფლების საფუძვლებად მითითებულია შემდეგი: 2022 და 2023 წლებში ხრამის სათავე ნაგებობაზე ტუმბო-აგრეგატების გამართული ფუნქციონირების შეფერხება, რამაც გამოიწვია წყალმომარაგების 24/7-ზე გრაფიკის დარღვევა და, შესაბამისად, მომხმარებლების და ადგილობრივი მთავრობის უკმაყოფილება კომპანიის მიმართ. აღნიშნული შედეგი გამოწვეულია თქვენი (მოსარჩელის) მხრიდან კაპიტალური სამუშაოების არასწორად დაგეგმვით და გეგმიური საექსპლუატაციო სამუშაოების განუხორციელებლობით. წყალმომარაგების სისტემის არასწორი მართვა-ექსპლუატაცია, რამაც გამოიწვია: ქსელში ღამის საათებში დაბალი წნევის არსებობა და მოსახლეობის უკმაყოფილება, შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ კომპანიის დაჯარიმება 50 000 ლარით; სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული მესამე აწევის სატუმბი სადგურის არასათანადო ექსპლუატაცია; სოფლებში - ........სა და ........ში არსებული კომპანიის კუთვნილ რეზერვუარებს შორის მომხმარებლების არასწორად განაწილება, არათანაბარი ხარჯი, რაც ხელს უშლიდა ქალაქის 24-საათიან წყალმომარაგებას; არსებული საავარიო და ახალი მიერთების სამსახურების მიერ შესრულებული სამუშაოების „GIS-ის“ სისტემაში დაუფიქსირებლობა, რის შედეგადაც დაფიქსირდა ანალიზის დეფიციტი და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან რეპორტინგის წარდგენის პრობლემა. ასევე, დადგინდა წყალმომარაგების ქსელზე ასეულობით ხილული ავარიის მიზანმიმართული დაფარვა, სამსახურეობრივი ავტომანქანის, საწვავისა და სასაწყობე რესურსების პირადი მიზნებისათვის გამოყენება.

15. სადავო გარემოებების დადგენის მიზნით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა დამსაქმებელი შპს-ს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თ.ჯ–ძე, რომელიც ხელმძღვანელობდა ტექნიკურ მიმართულებას და იყო მოსარჩელის უშუალო მენეჯერი.

16. მოწმის ჩვენებით, გათავისუფლების შეტყობინებაში მითითებული საფუძვლების მოსარჩელისათვის უხეშ დარღვევად შეფასება არაობიექტურია, კომპანიაში არსებულ პრობლემებში მოსარჩელეს ბრალი არ მიუძღოდა, ნებისმიერ ხარვეზზე საქმის კურსში იყო როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა, ასევე, დამფუძნებელ-პარტნიორი - მოპასუხე, მაგრამ, შეზღუდული დაფინანსების არსებობის პირობებში, წყალმომარაგების სისტემის კაპიტალურად აღდგენა ვერ ხდებოდა, რაც იწვევდა ქსელში ხშირ ავარიებს.

17. მოწმის ჩვენებით, მოსარჩელე იყო პროფესიონალი და დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა კეთილსინდისიერად. რაიმე ფაქტის შესახებ, რომ კომპანიის რესურსებს იყენებდა პირადი საჭიროებისათვის ან მიზანმიმართულად მალავდა მომხდარ ავარიებს, მისთვის ცნობილი არ არის. 2023 წლის ზაფხულში ხრამის სათავე ნაგებობაზე წარმატებით შესრულებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მოსარჩელის მაღალპროფესიონალურმა მიდგომამ განაპირობა, სხვა თანამშრომლებთან ერთად, მისი წარდგენა ბონუსის (პრემიის) მიღებაზე, თუმცა ამის თაობაზე წინასწარი წერილობითი დაპირება არ ყოფილა, ეს იყო კომპანიის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტი, წაახალისებდა თუ არა გაწეული სამუშაოსათვის თანამშრომლებს.

18. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქალაქო სასამართლოს მსჯელობაზე, რომ მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად მითითებული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამსაქმებელი კომპანიის 50 000 ლარით დაჯარიმებასთან დაკავშირებით მოსარჩელის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა, ამასთან, საგულისხმოა, რომ კომპანია დაჯარიმდა 2022 წლის პირველ სექტემბერს, აღნიშნულზე რაიმე დისციპლინური საქმის წარმოება არ განხორციელებულა და არც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მის მიმართ არ გამოყენებულა. პირიქით, მოსარჩელესთან ახალი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა 2023 წლის 28 თებერვალს, შესაბამისად, ვერც ეს გარემოება შეიძლება იქნეს მიჩნეული გათავისუფლების ობიექტურ წინაპირობად.

19. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე შეტყობინებაში მითითებული გარემოებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. შეტყობინებაში გათავისუფლების არგუმენტებად მითითებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამსაქმებელი საზოგადოების დამფუძნებელ-პარტნიორ კომპანიას - მოპასუხეს და არა მოსარჩელეს.

20. დამსაქმებლის შეუფერხებელი საქმიანობა 2020 წლამდე უზრუნველყოფილი იყო სათანადო ფუნქციონირებისათვის აუცილებელი წლიური დაფინანსების შედეგად. 2020 წლიდან ვითარება მკვეთრად, რადიკალურად უარესობისკენ შეიცვალა, როდესაც კომპანიას გამოეყო მოთხოვნილზე მნიშვნელოვნად ნაკლები სახსრები, რამაც გააუარესა მისი ტექნიკური შესაძლებლობები და, ცალკეულ შემთხვევებში, პრობლემების დროულად დარეგულირება.

21. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2023 წლის 8 ოქტომბრის შეტყობინებაში მითითებულ ყველა პრეტენზიაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამსაქმებლის პარტნიორს - მოპასუხეს, ხოლო მოსარჩელის ბრალეულობა აღნიშნულში არ იკვეთება. იგი ასრულებდა ტექნიკურ სამუშაოს და გენერალური დირექტორის მითითებებს, ასევე არ იკვეთება, თავად დამსაქმებლის პასუხისმგებლობაც კი, რომელიც სრულად იყო და არის დამოკიდებული მოპასუხის სათანადო და ჯეროვან გადაწყვეტილებებზე.

22. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2022 და 2023 წლებში სათავე ნაგებობაზე კაპიტალური და გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩაუტარებლობა გამოწვეულია მოპასუხის (პარტნიორი) მხრიდან დამსაქმებელი კომპანიის ხელმძღვანელის მიერ მომზადებული ბიუჯეტის შემცირებით, რაც ამ უკანასკნელის ტექნიკურ ჯგუფს უტოვებდა მხოლოდ კრიზისული მართვის საშუალებას, მოსალოდნელი ფორს-მაჟორული და გადაუდებელი ავარიული მდგომარეობის დადგომისას. ხრამის სათავე ნაგებობა გაეშვა 1965 წელს, ხოლო ბოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2010 წელს 5 შახტურ ჭას. პარტნიორი გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელი მდგომარეობის შესახებ, თუმცა დამსაქმებლის ხელმძღვანელის მცდელობებს, საჭირო სახსრების მისაღებად, შედეგი არ მოჰყოლია.

23. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქალაქის წყალმომარაგების სისტემაში ღამის საათებში წარმოქმნილი დაბალი წნევები განპირობებული იყო სოფლებში - მ...... (ი........) და ჩ..... სარეზერვო რეზერვუარების შევსებით. 2022 წლამდე ხრამის სათავე ნაგებობაზე არსებული 1250/125 ტუმბო აგრეგატები არაენერგოეფექტური იყო. მოპასუხის ხელმძღვანელობა ითხოვდა მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო გრაფიკი, თანაც ისე, რომ მომხდარიყო ელექტროენერგიის ხარჯის დაზოგვა, რომელიც თვეში 2 500 000 - 3 000 000 ლარს შეადგენდა. დამსაქმებლის არაერთი მოთხოვნის შედეგად, კომპანიის ტექნიკური განვითარების დეპარტამენტმა 2022 წლის მაისი/ივნისში დაიწყო ძრავების მოდერნიზაცია. მათ მიერ პირველად მოწოდებულმა ტუმბოებმა 3200/51 და 450/90 ვერ შექმნა სა#5 შახტური ჭების ავარიული გამოსვლა მწყობრიდან. ეს პროცესი გაგრძელდა და სისრულეში მოვიდა 2023 წლის აპრილში, როდესაც დამონტაჟდა 3200/75 და 1450/75 ტუმბო აგრეგატები. შესაბამისად, ქალაქის წყლით მომარაგების შეფერხებაზე და სემეკის მიერ გამოყენებულ ფულად სანქციაზე პასუხისმგებლობის მოსარჩელისათვის დაკისრება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

24. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამსაქმებლისათვის, არსებული რესურსების ფარგლებში, სრულად ხორციელდება მესამე აწევის სატუმბო სადგურის ფუნქციონირება (არსებული წყლის რაოდენობის შესაბამისად).

25. სოფლებში - მზიანეთი (იაღლუჯა) და ჩათმა მოსახლეობის წყლის ხარჯის განსაზღვრა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის ოქტომბერ/დეკემბერში, დამსაქმებლისათვის სათანადო ფულადი რესურსის მოძიების შედეგად, განხორციელდა ელექტრონული აღრიცხვის კვანძების (ნივუსი) მოწყობა რეზერვუარებიდან ქალაქის მიმართულებით არსებულ მაგისტრალურ წყალდენებზე. ასევე, 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში განხორციელებული საკვანძო რუსთაველის და შარტავას მოედნებზე განხორციელებული რეაბილიტაცია, სადაც განახლდა და დამონტაჟდა ახალი (დ-200 მმ დაწყებული დ-500 მმ დამთავრებული) ჩამკეტ-მარეგულირებლები, რამაც შესაძლებელი გახადა ნაკადების მართვა.

26. ქსელთან ახალი მიერთებისა და ავარიული მისამართების დაფიქსირება „gis-ის“ პროგრამაში ევალებოდა კომპანიის წყლისა და წყალარინების სამსახურს, კერძოდ, კომპანიის ბიზნესცენტრის დეპარტამენტს.

27. რაც შეეხება ავარიებს, ხორციელდებოდა ცხელ ხაზზე შემოსულ და იდენტიფიცირებულ ყველა ავარიაზე რეაგირება და აღმოფხვრა. წერილში მითითებული ასობით ავარია დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც 2023 წლის აპრილ-მაისში აღჭურვა საძიებო დიაგნოსტიკური ჯგუფები.

28. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა შეტყობინებაში მითითებულ არგუმენტს ავარიების დაფარვასთან დაკავშირებით. მოსახლეობა ახდენს ცხელი ხაზით კომპანიის ინფორმირებას, რაც ნიშნავს საქმეში საპატრულო პოლიციის ჩართვას, რადგან შესაძლებელია, ავარია უქმნიდეს საფრთხეს მოსახლეობას და საავტომობილო მოძრაობას. ამავე დროს მარეგულირებელი კომისიის წინაშე კომპანიის პირდაპირი ვალდებულებაა კომპანიის ხარჯით მაქსიმუმ 48 საათში აღმოფხვრას ავარია, რათა კომპანიის მიმართ არ იქნეს გამოყენებული საჯარიმო ღონისძიებები. შესაბამისად, შეუძლებელია ამ ფაქტების დამალვა.

29. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების არგუმენტად მითითებული გარემოება „სამსახურებრივი მანქანის, საწვავის და სასაწყობე მასალის პირადი მიზნებით გამოყენება“ ვერ იქნა მოპასუხის მიერ სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებული. ასევე, გაურკვეველია, ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში რატომ არ იყო დასაქმებულის მიმართ გამოყენებული დისციპლინური ღონისძიება.

30. სამსახურიდან გათავისუფლების შეტყობინების სუბიექტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ შეტყობინება მოსარჩელემ მიიღო რ.ს–ძისგან. 2023 წლის 19 ოქტომბერს მოსარჩელემ წერილობით მიმართა დემსაქმებელი კომპანიის გენერალურ დირექტორს, რომელსაც წერილი ჩაბარდა 2023 წლის 20 ოქტომბერს. ამ წერილით მოსარჩელემ გენერალური დირექტორისაგან მოითხოვა არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოგზავნილი 2023 წლის 8 ოქტომბრის წერილობითი შეტყობინების (№0G23-0855459) დადასტურება ორი კვირის ვადაში, თუმცა გენერალური დირექტორისაგან მოსარჩელეს დადასტურება (თანხმობა) არ მიუღია. შესაბამისად ივარაუდება, რომ გენერალური დირექტორს შპს-ს სახელით რ.ს–ძისათვის 2023 წლის 8 ოქტომბრის №0623-0855459 წერილობითი შეტყობინების მოსარჩელისათვის გაგზავნის უფლებამოსილება არ მიუნიჭებია (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 111-ე მუხლი), რაც ამ შეტყობინების ბათილობის წინაპირობას ქმნის.

31. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად 2023 წლის 5 ოქტომბრის დამსაქმებელი შპს-ს ადამიანური კაპიტალის განვითარების, შრომის უსაფრთხოებისა და ადმინისტრაციული მიმართულების დირექტორ რ.ს–ძის №OG23-0855459 წერილობითი შეტყობინება 2023 წლის 11 ოქტომბრიდან მოსარჩელე გ.ქ–ძის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, როგორც კანონსაწინააღმდეგო ნების გამოვლენა, სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე.

32. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 48-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-8 და მე-9 პუნქტებით, 58-ე მუხლით, სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით, 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, 411-ე მუხლით და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბათილად ცნო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რისი სამართლებრივი შედეგიც არის სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

33. მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი 2024 წლის 11 აპრილის №51 ცნობის თანახმად, 2023 წლის 19 დეკემბერს განხორციელდა დამსაქმებელი კომპანიისა და მოპასუხის შერწყმა. იქიდან გამომდინარე, რომ შერწყმის შედეგად დამსაქმებელმა დამოუკიდებლად შეწყვიტა ფუნქციონირება, მსგავსი ფუნქციონალის მქონე დეპარტამენტის საქმიანობის განხორციელება დაევალა მოპასუხის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებსა და მათ თანამშრომლებს. შესაბამისად, გაუქმდა ყველა ის მენეჯერული პოზიცია, რომელიც დუბლირდებოდა სტრუქტურაში.

34. ვინაიდან გაუქმებულია ის პოზიცია, რომელზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული და არ დგინდება/მას არ დაუსაბუთებია, თუ რომელია მისი ტოლფასი პოზიცია და ვაკანტურია თუ არა ის, მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის საფუძველი არ არსებობს და სასამართლომ უნდა იმსჯელოს კომპენსაციის დაკისრებაზე.

35. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია 43 000 ლარის (დარიცხული) ოდენობით. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული კომპენსაციის ოდენობა გონივრულია.

36. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის გადაუხდელი პრემიის - 7000 ლარის დაკისრება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან პრემიის გაცემა დამოკიდებულია დამსაქმებლის ნებაზე და არ წარმოადგენს უპირობო ვალდებულებას.

37. დამსაქმებელი შპს-ს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ - თ.ჯ–ძემ მოწმის სახით მიცემული ჩვენებისას მიუთითა, რომ მოსარჩელე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა კეთილსინდისიერად. 2023 წლის ზაფხულში ხრამის სათავე ნაგებობაზე წარმატებით შესრულებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მოსარჩელის მაღალპროფესიონალურად მიდგომამ განაპირობა, სხვა თანამშრომლებთან ერთად, მისი წარდგენა ბონუსის (პრემიის) მიღებაზე, თუმცა ამის თაობაზე კომპანიის წინასწარი წერილობითი დაპირება არ ყოფილა, ეს იყო ხელმძღვანელობის/პარტნიორის გადასაწყვეტი, წაახალისებდა თუ არა გაწეული სამუშაოსათვის თანამშრომლებს.

38. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე. ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კანონიერად შეაფასა ისინი.

მოსარჩელე კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

39. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

40. კასატორი დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ შეტყობინების ავტორი რ.ს–ძე არაუფლებამოსილ პირს წარმოადგენდა, თავად მოპასუხემ კი, სსკ-ის 111-ე მუხლის იმპერატიული დანაწესი დაარღვია და, მოსარჩელის წერილის მიღების მიუხედავად, საკუთარი ნება არ დაადასტურა.

41. მხარემ არ გაიზიარა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენასა და კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რა დროსაც სააპელაციო პალატამ სათანადოდ ვერ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი. დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელემ მოახერხა ხელახლა დასაქმება მაშინ, როდესაც თავად სასამართლოს მიერ გამოთხოვილი, შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია საწინააღმდეგოზე მეტყველებს. მოსარჩელე ვერ დასაქმდა, ვინაიდან სადავო თანამდებობიდან მისი გათავისუფლება შეფასდა დასაქმებულზე ნაკისრი ვალდებულებების უხეშ დარღვევად. აღნიშნულმა კი არახელსაყრელი წარმოდგენა შეუქმნა ახალ დამსაქმებელს.

42. კასატორმა მიიჩნია, რომ დადგენილი კომპენსაციის ოდენობა უსამართლოა და ვერ დააბალანსებს იმ ზარალს, რაც მოსარჩელეს უკანონო გათავისუფლებით მიადგა. ამასთან, კომპენსაციის ერთჯერად თანხად განსაზღვრა მძიმე მდგომარეობაში აყენებს მხარეს, რომლის რეპუტაციის აღდგენა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლითაა შესაძლებელი. საქმის განხილვა კი გარკვეულ პერიოდს საჭიროებს. მანამდე იგი გაურკვეველ სიტუაციაში იმყოფება, ამავდროულად კი, 4 მცირეწლოვანი შვილის რჩენა და სოლიდური კრედიტის გადახდა ევალება. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო სშკ-ის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტით მოსარჩელისათვის მინიჭებული უფლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (შემდგომ - სსსკ) სარჩელის ფასის განსაზღვრისას ითვალისწინებს მინიმუმ ორი წლის პერიოდის გადასახდელს. კანონმდებელმა ამ რეგულაციით სამართლიანი ბალანსისათვის დაუშვა დავებზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საორიენტაციოდ ორი წლის პერიოდი.

მოპასუხე კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

43. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივებით:

44. მოპასუხე კასატორმა მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა სშკ-ის 47-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან დამსაქმებელმა უხეშად დაარღვია მასზე დაკისრებული ვალდებულებები. აღნიშნულით შეილახა კომპანიის რეპუტაცია და განიცადა ზიანი. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა არ არსებობდა.

45. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

46. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლები, შეამოწმა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

47. საქმის არსებითად განხილვისას საკასაციო სასამართლო ამოწმებს საკასაციო საჩივრის პრეტენზიებს კასატორის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით (სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა) სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების ფარგლებში (სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები).

48. სსსკ-ის 393-ე მუხლი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის საფუძვლებს (საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი) და ადგენს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობა შეიძლება გახდეს მხარის საკასაციო საჩივარში მითითებული საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

49. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა შრომის კანონმდებლობის საფუძველზე.

50. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

51. 2013-2018 წლებში მოსარჩელეს შრომითი ურთიერთობა ჰქონდა მოპასუხესთან. კომპანიის ხელმძღვანელობის ინიციატივით მოსარჩელე, როგორც წარმატებული და პერსპექტიული თანამშრომელი გადაყვანილ იქნა დამსაქმებელთან, კერძოდ, 2018 წლის 10 მარტს მოსარჩელესა და დამსაქმებელს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე 2018 წლის 19 მარტიდან მოსარჩელე შრომით საქმიანობას ახორციელებს დამსაქმებელ საზოგადოებაში დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.

52. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროისათვის მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა ფიქსირებულ, დარიცხულ 4375 ლარს. მოსარჩელეს, ასევე, ერიცხებოდა ყოველთვიურად ბონუსი, - დარიცხული 1470 ლარი.

53. 2023 წლის 8 ოქტომბერს დამსაქმებლის სახელით რ.ს–ძისგან მოსარჩელემ მიიღო წერილობითი შეტყობინება (№0G23-0855459), 2023 წლის 11 ოქტომბრიდან, შრომითი დარღვევების გამო, მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.

54. დამსაქმებელი კომპანიის ადამიანური კაპიტალის განვითარების, შრომის უსაფრთხოებისა და ადმინისტრაციული მიმართულების დირექტორის რ.ს–ძის 2023 წლის 5 ოქტომბრის №OG23-0855459 შეტყობინებაში გათავისუფლების საფუძვლებად მითითებულია შემდეგი: 2022 და 2023 წლებში ხრამის სათავე ნაგებობაზე ტუმბო-აგრეგატების გამართული ფუნქციონირების შეფერხება, რამაც გამოიწვია წყალმომარაგების 24/7-ზე გრაფიკის დარღვევა და, შესაბამისად, მომხმარებლების და ადგილობრივი მთავრობის უკმაყოფილება კომპანიის მიმართ. აღნიშნული შედეგი გამოწვეულია თქვენი (მოსარჩელის) მხრიდან კაპიტალური სამუშაოების არასწორად დაგეგმვით და გეგმიური საექსპლუატაციო სამუშაოების განუხორციელებლობით. წყალმომარაგების სისტემის არასწორი მართვა-ექსპლუატაცია, რამაც გამოიწვია: ქსელში ღამის საათებში დაბალი წნევის არსებობა და მოსახლეობის უკმაყოფილება, შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ კომპანიის დაჯარიმება 50 000 ლარით; სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული მესამე აწევის სატუმბი სადგურის არასათანადო ექსპლუატაცია; სოფლებში - .........სა .........ში არსებული კომპანიის კუთვნილ რეზერვუარებს შორის მომხმარებლების არასწორად განაწილება, არათანაბარი ხარჯი, რაც ხელს უშლიდა ქალაქის 24-საათიან წყალმომარაგებას; არსებული საავარიო და ახალი მიერთების სამსახურების მიერ შესრულებული სამუშაოების „GIS-ის“ სისტემაში დაუფიქსირებლობა, რის შედეგადაც დაფიქსირდა ანალიზის დეფიციტი და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან რეპორტინგის წარდგენის პრობლემა. ასევე, დადგინდა წყალმომარაგების ქსელზე ასეულობით ხილული ავარიის მიზანმიმართული დაფარვა, სამსახურეობრივი ავტომანქანის, საწვავისა და სასაწყობე რესურსების პირადი მიზნებისათვის გამოყენება.

55. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ამოწმებს რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი).

56. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წ; №ას-1502-1422-2017, 20 თებერვალი, 2018 წელი, პ-14.4).

57. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის შესაბამისად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. „შრომა თავისუფალია“, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო, ასევე, შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები. კონსტიტუციით დაცულია არამარტო უფლება, არჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“ (იხ., საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/2-389).

58. ვინაიდან საკითხი შეეხება დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლება“ (კონსტიტუციის 26-ე მუხლის დისპოზიცია: შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით), დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს, რომ მიჩნეული იქნეს მართლზომიერად, კერძოდ: შრომის უფლების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით; უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს პროპორციული. დასახელებული კრიტერიუმებიდან პირველი - „გათვალისწინებული იყოს კანონით“ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების შეზღუდვა სშკ-ით გათვალისწინებულ კანონიერ საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

59. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითი ურთიერთობის სწორი სამართლებრივი რეგულაცია წარმოადგენს შრომის უფლების დაცვის გარანტს. შესაბამისად, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის უფლებათა წონასწორობას ემსახურება შრომითი ხელშეკრულების შეჩერების თუ შეწყვეტის კანონიერი საფუძვლების არსებობა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონისმიერ რეგულირებას აქვს შემაკავებელი ეფექტი, რომელიც ამ ურთიერთობის მონაწილეებს იცავს თვითნებობისა და სოციალური უსამართლობისაგან.

60. სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

61. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (იხ.: სუსგ №ას-106-101-2014, 02 ოქტომბერი, 2014 წელი; №ას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი; №ას-311-2025, 11 ივნისი, 2025 წელი).

62. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ.: სუსგ ͏№ას-1391-1312-2012, 10 იანვარი, 2014 წელი; №ას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-127-123-2016, 13 ივნისი, 2016 წელი; №ას-188-2025, 31 ოქტომბერი, 2025 წელი).

63. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ შრომით-სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (იხ.: სუსგ №ას-1056-996-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი; №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-539-539-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი).

64. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელემ უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები და იგი მართლზომიერად გათავისუფლდა სამსახურიდან, ეკისრებოდა მოპასუხეს/დამსაქმებელს.

65. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ/დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სათანადოდ ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელემ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები უხეშად დაარღვია.

66. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (იხ.: სუსგ №ას-398-371-2017, 6 ივნისი, 2017 წელი). მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული (იხ.: სუსგ №ას-279-264-2017, 21 აპრილი, 2017 წელი).

67. სასამართლო მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად - ესაა მტკიცებულებათა წარმოდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება. წარმოდგენილი მტკიცებულება ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შეიძლებოდეს ამ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება. მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე. მხარის ყოველი განმარტება ფაქტების შესახებ, რომელიც გაკეთებულია მის სასარგებლოდ, მართალია, მტკიცებულებაა, მაგრამ არასაკმარისია და მოითხოვს დადასტურებას სხვა მტკიცებულების მეშვეობით. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და, შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. სსსკ-ი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული, დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები (იხ.: სუსგ №ას-125-2024, 1 მაისი, 2024 წელი).

68. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

69. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობების იმგვარი დარღვევა, რომელიც სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით რეგულირდება. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელის უკანონოდ გათავისუფლების შესახებ.

70. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომით-სამართლებრივი ხასიათის დავების განხილვისას დასაქმებულის მიმართ დამსაქმებლის ესა თუ ის პრეტენზია გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებებით, კერძოდ, მუშაკის მხრიდან რაიმე სამსახურებრივი/დისციპლინური გადაცდომის ჩადენას უნდა მოჰყვეს დისციპლინური წარმოება, რომელიც მოიცავს მომხდარის დეტალურ გამოკვლევას, ფაქტების დადგენას, დამსაქმებლის ქმედების მოტივების, მისი შედეგების შეფასებასა და ბოლოს - შესაბამის სანქციას. მითითებული მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ დასაქმებულმა შეძლოს დამსაქმებლის მხრიდან მის მიმართ არსებული პრეტენზიების კანონიერების გასაჩივრება.

71. განსახილველ საქმეზე დამსაქმებელი კომპანიის ადამიანური კაპიტალის განვითარების, შრომის უსაფრთხოებისა და ადმინისტრაციული მიმართულების დირექტორის რ.ს–ძის 2023 წლის 5 ოქტომბრის №OG23-0855459 შეტყობინებაში ასახული დარღვევები შეიცავს მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე მოპასუხის პოზიციას და ზემოხსენებული წესით შედგენილ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. სამოქალაქო საპროცესო კანონდებლობაში მოქმედი მტკიცების სტანდარტის თანახმად კი, სადავო გარემოების დადგენა მხოლოდ დაინტერესებული მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე ვერ მოხდება.

72. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ მითითებულ არცერთ დარღვევას სადისციპლინო წარმოება არ მოჰყოლია. აღსანიშნავია, რომ შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დასაქმებულის გათავისუფლება, როგორც სანქცია, უნდა ეფუძნებოდეს დადასტურებულ დარღვევას. დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენება გულისხმობს, მინიმუმ დარღვევის იდენტიფიცირებას, შესაბამის პროცედურას და დამსაქმებლის უფლებას, მისცეს განმარტება. დისციპლინური რეაგირების არარსებობა ეჭქვეშ აყენებს დამსაქმებლის არგუმენტების სანდოობას და ლოგიკურ თანმიმდევრულობას. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ დისციპლინური წარმოება არ წარმოადგენს ფორმალურ პროცედურას. ის არის სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს დარღვევის რეალურად არსებობის დადგენასა და დამსაქმებლის რეაგირების პროპორციულობის შეფასებას. მეტიც, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ დამსაქმებლის მხრიდან მოსარჩელის გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად დასახელებული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამსაქმებელი კომპანიის 50 000 ლარით დაჯარიმება განხორციელდა 2022 წლის პირველ სექტემბერს, 2023 წლის 28 თებერვალს კი, მოსარჩელესთან ახალი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული გარემოება არსებითად უნდა შეფასდეს კეთილსინდისიერებისა და ქცევის თანმიმდევრულობის პრინციპების ჭრილში, ვინაიდან დამსაქმებლის მიერ ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ქმნის დასაქმებულის ლეგიტიმურ მოლოდინს, რომ წარსული ფაქტობრივი გარემოებები ამოწურულია, ხოლო შემდგომში იმავე გარემოებაზე დაყრდნობით დასაქმებულისათვის საზიანო გადაწყვეტილების მიღება ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპს.

73. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2023 წლის 8 ოქტომბრის შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებზე პასუხისმგებლობა მოსარჩელეს ვერ დაეკისრება, ვინაიდან მოპასუხემ მისი მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევის ფაქტები ვერ დაადასტურა.

74. ამავდროულად, საკასაციო სასამართლოს ერთ-ერთ საქმეზე მიღებული განჩინების თანახმად, მოპასუხემ უნდა დაასაბუთოს, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომის, ასეთის დადასტურების შემთხვევაში, სიმძიმიდან და ხასიათიდან გამომდინარე, მის მიმართ უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი ჰქონდა დაკარგული და კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული არ იყო მიზანშეწონილი (იხ.: სუსგ №ას-311-2025, 11 ივნისი, 2025 წელი).

75. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან შრომითი ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც სსკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხე კომპანიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.

76. წინამდებარე საქმეში, ასევე, სადავოა სამუშაოდან მოსარჩელის უკანონოდ გათავისუფლების გამო, კომპენსაციის ოდენობა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მართლზომიერება.

77. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამდენად, მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

78. საქართველოს უზენაესი სასამართლო არაერთ საქმეში განმარტავს, რომ კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ შრომით-სამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამუშაოს მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-353-338-2016, 15 ივნისი, 2016 წელი; №ას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი; №ას-1208-2018, 18 თებერვალი, 2021 წელი).

79. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის დარღვეული უფლებების აღდგენის, მისი უფლებრივი რესტიტუციის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდა საქართველოს შრომის კოდექსში 2020 წლის 29 სექტემბრის ცვლილების შემდგომ (ძალაშია 2020 წლის 5 ოქტომბრიდან) ამოქმედებული 48-ე მუხლის მე-9 ნაწილით, რომელიც, მანამდე მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით, კომპენსაციის დაკისრებასთან, როგორც პირვანდელ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობის გამო, მიყენებული მატერიალური თუ მორალური ზიანის ანაზღაურების სახესთან ერთად იძულებითი განაცდურის დაკისრებასაც ითვალისწინებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. ამდენად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, რა თქმა უნდა, უპირველესია დასაქმებულის უფლების დაცვა, რათა, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სამართლიანი ბალანსის აღდგენა მოხდეს. ამასთან, იძულებითი განაცდურის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების თანადროულად, კომპენსაციის ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ ქმნიდეს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრების წინაპირობებს (იხ.: სუსგ №ას-1526-2023, 22 მარტი, 2024 წელი; №ას-311-2025, 11 ივნისი, 2025 წელი; №ას-40-2025, 10 ოქტომბერი, 2025 წელი).

80. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დადგენილია მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის ფაქტი, სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების თანახმად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის, უკანონოდ გათავისუფლების გამო, კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების თაობაზე. შესაბამისად, დასაბუთებულია მოსარჩელე კასატორის არგუმენტი, რომ სააპელაციო პალატა დამსაქმებლისათვის მხოლოდ კომპენსაციის დაკისრებით არასწორად შემოიფარგლა.

81. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. განსახილველი დავის გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლების კომპენსაცია 4 თვის დარიცხული ხელფასის (4375 ლარიX4) - 17 500 ლარის ოდენობით და იძულებითი განაცდური - ყოველთვიურად დარიცხული 4375 ლარი, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან - 2023 წლის 5 ოქტომბრიდან, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე.

82. რაც შეეხება მოსარჩელე კასატორის პრეტენზიას მისი ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნულს ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ამგვარი თანამდებობის არსებობა მოცემულ საქმეზე არ დადასტურდა. მითითებულ საკითხზე კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

83. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2025 წლის 17 დეკემბერს მოპასუხემ წარმოადგინა განცხადება, რომელსაც დაურთო ახალი მტკიცებულებები (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი).

84. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა აღნიშნულისათვის მხარემ სსსკ-ის 102-ე მუხლის დაცვით უნდა დაასაბუთოს, რომ საპატიო მიზეზით ვერ წარადგინა მტკიცებულება პირველი ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნულის საფუძველზე საკასაციო ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების მიღება არ ხდება.

85. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

86. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

87. ამდენად, მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ - მოპასუხისათვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

88. დანარჩენ ნაწილში გააჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების წინაპირობა არ არსებობს.

89. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

90. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული იყო „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან მისი სასარჩელო მოთხოვნა შეეხებოდა, შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, შრომის ანაზღაურების გადახდევინებას, ხოლო სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, რაზეც მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა, მისი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი 100 ლარისა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი 300 ლარის, სულ - 400 ლარის გადახდა.

91. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

92. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაევალოს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟის ის ნაწილი, რომლის გადახდისაგანაც მოსარჩელე გათავისუფლდა, კერძოდ: სარჩელი დაკმაყოფილდა კომპენსაციის - 17 500 ლარისა და იძულებითი განაცდურის ნაწილში.

93. სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად თვლის, იძულებითი განაცდურის ნაწილში სარჩელის ფასი განსაზღვროს 2 წლის გადასახდელი სახელფასო დავალიანების ოდენობით - 105 000 ლარით (4375X24 თვეზე).

94. შესაბამისად, სარჩელის ღირებულება უნდა განისაზღვროს სულ - 122 500 ლარით, რისი 3% წარმოადგენს 3675 ლარს, 4% - 4900 ლარს, ხოლო 5% - 6 125 ლარს, სულ - 14 700 ლარს, რასაც უნდა გამოაკლდეს მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 1720 და საკასაციო საჩივარზე გადახდილი 2150, სულ - 3870 ლარი. ამდენად, სახელმწიფო ბაჟის სახით მოპასუხეს უნდა დაეკისროს 10830 ლარისა და სააპელაციო საჩივარზე მოსარჩელისათვის გადავადებული 150 ლარის, სულ - 10 980 ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

95. მხარეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 410-ე, 411-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გ.ქ–ძისა და შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინება შპს „ჯ.უ.ე.ფ–ისათვის“ დაკისრებული კომპენსაციის ოდენობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ გ.ქ–ძის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. გ.ქ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ გ.ქ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის - 17 500 ლარისა და იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად დარიცხული 4375 ლარის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან - 2023 წლის 5 ოქტომბრიდან, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე.

5. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ გ.ქ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარის გადახდა;

6. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 10 980 ლარის გადახდა;

7. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

ბადრი შონია