არ დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 13.01.2026
საქმის ნომერი
ას-1456-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.01.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1456-2025

13 იანვარი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებლები - გ.მ–ძე, გ.ა–ი, ნ.მ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე-თ.ხ–ი (მოსარჩელე)

განმცხადებლების მოთხოვნა–სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა

დავის საგანი–თანხის დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ.ხ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.მ–ძის, გ.ა–ისა და ნ.მ–ძის მიმართ (შემდგომში ერთად-„მოპასუხეები“, „განმცხადებლები“) თანხის დაკისრების, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, მესაკუთრედ აღრიცხვის მოთხოვნით. მოსარჩელემ სარჩელზე მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მაისის განჩინებით, შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ.ა–ს აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების, მდებარე: 1) თბილისი, .........; თბილისი, .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N.........; 2) მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი ....., ნაკვეთი .., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N ..........- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ყადაღა დაედო შპს „მ.გ–ში“ (ს/ნ .........) გ.მ–ძის (........) კუთვნილ 34% წილსა და გ.ა–ის (........) კუთვნილ 33% წილს.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მოპასუხეთა საჩივარი ამავე სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მოპასუხეთა საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინება.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება.

9. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

11. 2025 წლის 29 დეკემბერს მოპასუხეთა წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა უზრუნველყოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 2 266 170 ლარის დეპონირება, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა გაუქმდეს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. მხარეები ასევე მოითხოვენ შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვას.

12. სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის განცხადების თანახმად:

12.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული და ჯერ კიდევ ძალაში არსებული უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოუსწორებელი და არაპროპორციული ზიანი ადგებათ კომპანიის პარტნიორებს- გ.ა–სა და გ.მ–ძეს, რადგან სრულად შეზღუდულია კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების განკარგვის უფლება;

12.2. კომპანიის პარტნიორებს აქვთ ობიექტურად არსებული, რეალური შესაძლებლობა და განზრახვა მათი საკუთრება გამოიყენონ გასხვისების ფორმით და მიიღონ არსებული სარგებელი (აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილია მესამე პირის ნება - შეიძინოს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონება);

12.3. გარდა მატერიალურისა, მოპასუხის პარტნიორებს ასევე ადგებათ არამატერიალური ზიანი, რადგან მაგალითად პარტნიორ-გ.მ–ძეს, რომელიც საფეხბურთო სამწვრთნელო საქმიანობითაა დაკავებული, სურდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი-საფეხბურთო სტადიონი გამოეყენებინა სწორედ ახალგაზრდა თაობების მომზადებისთვის. ამ მიზნისთვის კი მოპასუხეს და გ.მ–ძეს აქვთ ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. აღნიშნული დავის გამო კი გ.მ–ძეს დაკარგული აქვს აქტიური სამწვრთნელო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ეს მოცემულობა კი მას ცხოვრებისეული მიზნისა და მოწოდების სისრულეში მიყვანის შესაძლებლობას შეუძლებელს ხდის, რაც აყენებს უდიდეს მორალურ ზიანს;

12.4. მორალური ზიანი ადგება გ.ა–საც, რადგან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, სურს მისი საკუთრების განკარგვა და ამონაგებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭირო თანხების უზრუნველყოფა, რასაც ვერ ახერხებს სწორედ აღნიშნული ქონების განკარგვის შეუძლებლობის გამო. ამავდროულად, თუნდაც დასრულდეს საქმის განხილვა ისე, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს, გ.ა–ის ჯანმრთელობის ზიანი შეუქცევადი ხასიათისაა და მაინც ვერ იქნება კომპენსირებული.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 დეკემბრის განჩინებით განმცხადებლებს დაუდგინდათ ხარვეზი და მიეცათ 5-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად.

14. ზემოაღნიშნული განჩინება განმცხადებლებს გაეგზავნათ და ჩაბარდათ 2026 წლის 5 იანვარს.

15. 2026 წლის 8 იანვარს განმცხადებლებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს განცხადება და შეავსეს დადგენილი ხარვეზი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი განცხადებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამასთან, არ არსებობს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 199-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ თუ მოსარჩელე მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფას, მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფით მისთვის მოსალოდნელი ზიანის არა ანაზღაურება, არამედ ანაზღაურების უზრუნველყოფა (იხ. სუსგ საქმე №ას-1344-2018, 5 აპრილი, 2019 წელი).

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 199-ე მუხლი ითვალისწინებს მოპასუხის ინტერესების დაცვის ორ ერთმანეთთან დაკავშირებულ სამართლებრივ საშუალებას: ა) მოსარჩელის მიერ იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მიადგა მოპასუხეს სარჩელის უზრუნველყოფით. აღნიშნული მოთხოვნის უფლება მოპასუხეს გააჩნია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, როგორიცაა, სასამართლოს მიერ სარჩელის არდაკმაყოფილება (ან ჯერარაღძრული სარჩელის უზრუნველყოფისას, სარჩელის შეუტანლობა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც, უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა) და სარჩელის უზრუნველყოფით მოპასუხისათვის ზიანის მიყენება (რომლის არსებობაც და ოდენობაც უნდა ამტკიცოს მოპასუხემ). (ანალოგიურ დებულებას ითვალისწინებს გერმანიის საპროცესო კოდექსის 945-ე პარაგრაფიც); ბ) მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც იმაში გამოიხატება, რომ თუ მოსარჩელე მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფას, მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფით მისთვის მოსალოდნელი ზიანის არა ანაზღაურება, არამედ ანაზღაურების უზრუნველყოფა. ასეთ ვითარებას შეიძლება ვუწოდოთ საპასუხო უზრუნველყოფა, რომელიც უნდა განხორციელდეს სსსკ-ის 57-ე მუხლით დადგენილი წესით (ლილუაშვილი თ., სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბ., 2005, 304). მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემსახურება მოპასუხის უფლებების დაცვას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე: N2/6/746).

20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას, თუმცა ამისათვის სასამართლო უნდა დარწმუნდეს ასეთი ზარალის წარმოშობის რეალურობაში. შესაბამისად, სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულება წარმოადგენს მოპასუხის ინტერესების დაცვის მექანიზმს და მიმართულია იმისკენ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის უმართებულობის შემთხვევაში, სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი მოპასუხის უფლებები, რათა მას დაუსაბუთებლად არ მიადგეს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებული ღონისძიების შედეგად ზიანი. მოპასუხე კი სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულია, სათანადოდ დაასაბუთოს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების გარანტიის გამოყენების საჭიროება. ამასთან, დასაბუთება უნდა იყოს საფუძვლიანი, დასაბუთებული ვარაუდი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას არა მარტოოდენ ეჭვის, ან ფორმალური ანალიზის საფუძველზე, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ლოგიკურ დასკვნას მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინება საქმეზე: №ას-929-879-2015). გარანტიის წარმოდგენის მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს განმცხადებლის მიერ კონკრეტულ გარემოებებზე მითითებას. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მიდგომებია დამკვიდრებული უცხოური კანონმდებლობით და სასამართლო პრაქტიკით (ი. ბურდული, სამართლის ჟურნალი N1, 2018, გვ. 12).

21. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ვერ დაასაბუთეს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების გარანტიის გამოყენების საჭიროება. კერძოდ, განცხადებაში მითითებულია, რომ მოპასუხეები, შპს „მ.გ–ში“ წილზე საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველზე, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას გაასხვისონ ქონება და მიიღონ კონკრეტული ფინანსური სარგებელი. მხარეთა მითითებით, არსებობს ქონების გასხვისების სურვილი და შემოთავაზება შესყიდვის თაობაზე.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლები ვერ ასაბუთებენ კონკრეტულად რა ზარალი ადგებათ შპს „მ.გ–ის“ კუთვნილ უძრავი ქონების (ს/კ .......) ამ ეტაპზე გასხვისების შეუძლებლობით. მარტოოდენ მითითება, რომ პარტნიორებს გადაწყვეტილი ჰქონდათ და ახლაც განიზრახავენ ზემოაღნიშნული ქონების გასხვისებას და კუთვნილი ფულადი რესურსების ინდივიდუალურად გამოყენებას, ვერ იქნება მიჩნეული მოპასუხეთა მხრიდან სსსკ-ის 199-ე მუხლით გათვალისწინებული ზარალის არსებობის დასაბუთებად, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, თავისთავად ცხადია, მოვალის უფლებები იზღუდება, თუმცა, ეს კანონით გათვალისწინებული საშუალებაა, დაცული იქნეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღუსრულებლობის საფრთხისგან. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას სასამართლო ვარაუდის საფუძველზე იღებს (სსსკ-ის 191.1-ე მუხლი), ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილება უფრო მაღალ სტანდარტს ეფუძნება, ვიდრე ვარაუდია (სსსკ-ის 199.1-ე მუხლი) (სუსგ Nას-1041-2018წ., 20 ივლისი 2018 წელი).

23. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სსსკ-ის 199-ე მუხლით გათვალისწინებული ზარალის (ზიანის) ცნების ქვეშ, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება უფლების დროებით შეზღუდვა, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების დანიშნულებაც სწორედ რომ უფლების დროებითი შეზღუდვაა (გასხვისების აკრძალვა, ქმედების განხორციელების აკრძალვა, ნივთობრივი უფლებით დატვირთვის აკრძალვა და ა. შ). სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით ზიანის მიყენება უფლების დაუშვებელ ხელყოფას გულისხმობს, როგორიცაა, მაგალითად, ფაქტობრივი ზიანის დადგომა ან შემოსავლის დაკარგვა. ასეთ შემთხვევაში მოპასუხე უფლებამოსილია, მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა მოითხოვოს, ანუ ე.წ. უზრუნველყოფის შებრუნება (იხ.: დ.ბერეკაშვილი/პ.ქათამაძე, სსსკ-ის კომენტარი (რჩეული მუხლები), თბილისი, 2020, მუხ. 199, გვ. 726).

24. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით, გ.ა–ს აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების, მდებარე: 1) თბილისი, ........; თბილისი, ......., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N..........; 2) მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი .., ნაკვეთი ..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N ........ - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ყადაღა დაედო შპს „მ.გ–ში“ (ს/ნ........) გ.მ–ძის (........) კუთვნილ 34% წილსა და გ.ა–ის (........) კუთვნილ 33% წილს. მოცემულ შემთხვევაში, განცხადებითა და განცხადებაზე თანდართული მასალით ირკვევა, რომ საუბარია შპს „მ.გ–ის“ კუთვნილ უძრავი ქონების (ს/კ ..........) გასხვისებაზე, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი მოთხოვნის დასაბუთებისას შემოიფარგლება იმ გარემოებებზე მითითებით, რომ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამო, შეზღუდული აქვს უძრავი ნივთის განკარგვის უფლება და ვერ ახერხებს მის გასხვისებას, ანუ უთითებს უფლების დროებითი შეზღუდვის ფაქტზე, რაც ზოგადად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საპროცესო დანიშნულება, მისი თანმდევი შედეგია და უზრუნველყოფს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დაცვას აღუსრულებლობის საფრთხისგან. შესაბამისად, ეს გარემოებები ვერ ასაბუთებს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების აუცილებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობის ავტორი სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ ვერ ასაბუთებს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის საჭიროებას, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია (იხ. დამატებით სუსგ საქმე Nას-1094-2022, 30 მაისი, 2023 წელი).

25. გარდა ზემოაღნიშნულისა, განცხადებაში მითითებული არგუმენტები ურთიერთგამომრიცხავია, რამდენადაც მოპასუხეთა აღნიშნავენ, რომ გ.მ–ძეს სურდა კომპანიის სახელზე რიცხული ქონების გამოყენება სპორტული მიზნებისთვის, კერძოდ, მოსწავლეების მომზადებისთვისა და სამწვრთნელო საქმიანობისთვის. შესაბამისად, სასამართლოსთვის გაუგებარია მოპასუხეთა ინტერესი ქონების გასხვისებასა თუ ამ ქონების მიზნობრივად გამოყენებაში მდგომარეობს. რაც შეეხება მითითებულ არგუმენტს გ.ა–ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ასევე დაუსაბუთებელია დასახელებული არგუმენტაცია, რამდენადაც აღნიშნულიც მიემართება უფლების დროებითი შეზღუდვის ფაქტს. ასეც, რომ არ იყოს მოსარჩელის მიერ სასამართლოს ანგარიშზე თანხის დეპონირებით ვერ მიიღწევა ის შედეგი, რის საფუძველზეც მხარე მოითხოვს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების შესაძლებლობას, რამდენადაც მოსარჩელის მიერ სასამართლოს ანგარიშზე თანხის განთავსების შემთხვევაში, მოპასუხე გ.ა–ი ვერ შეძლებს აღნიშნული თანხის დანიშნულებისამებრ გამოყენებას.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენადაც განმცხადებლები ვერ ასაბუთებენ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების აუცილებლობას, ამასთან, დასაბუთება ურთიერთსაწინააღმდეგოა, არ არსებობს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.მ–ძის, გ.ა–ისა და ნ.მ–ძის განცხადება მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია

მოსამართლეები: ლევან ნემსაძე

ბადრი შონია