საკასაციო საჩივარი

სამოქალაქო 29.12.2025
საქმის ნომერი
ას-218-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.12.2025

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-218-2025 21 იანვარი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

1. გ.ქ–ძისა და შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინება შპს „ჯ.უ.ე.ფ–ისათვის“ დაკისრებული კომპენსაციის ოდენობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ გ.ქ–ძის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. გ.ქ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

4. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ გ.ქ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის - 17 500 ლარისა და იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად დარიცხული 4375 ლარის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან - 2023 წლის 5 ოქტომბრიდან, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე.

5. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ გ.ქ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარის გადახდა;

6. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 10 980 ლარის გადახდა;

7. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

2. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ, მოსარჩელის დარიცხული ხელფასის ოდენობა - 4375 ლარი უნდა გასწორდეს 4300 ლარით, ხოლო იძულებით განაცდურის ანაზღაურება მოპასუხეს დაეკისროს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის თარიღიდან - 2023 წლის არა 5, არამედ 11 ოქტომბრიდან.

3. სსსკ 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

4. საკასაციო სასამართლოს მოცემული განცხადების სასამართლო სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

5. დასახელებული ნორმის მიზანია, სასამართლოს მიერ მიღებულ საპროცესო დოკუმენტებში დაშვებული ისეთი შეცდომების აღმოფხვრა, რომელიც არსებითად არ ცვლის გადაწყვეტილებას. მითითებული კანონის დანაწესით გათვალისწინებული შეცდომის გასწორების შესაძლებლობა ემსახურება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, თავისი განჩინებით გაასწოროს მის მიერ დაშვებული შეცდომა, რის შესახებაც საკითხს, თავისი შეხედულებისამებრ, განიხილავს სასამართლო სხდომაზე ან ზეპირი მოსმენის გარეშე (იხ.: სუსგ საქმე №ას-316-316-2018, 7 მაისი, 2018 წელი).

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან 2023 წლის 5 ოქტომბრის შეტყობინებით მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა 11 ოქტომბრიდან, შესაბამისად, გადაწყვეტილებით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოპასუხეს სწორედ აღნიშნული პერიოდიდან უნდა დაეკისროს.

7. რაც შეეხება მოსარჩელის სახელფასო ოდენობას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასის ოდენობად დაადგინა 4375 ლარი.

8. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ მოპასუხეს აღნიშნულ ოდენობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოსათვის დაშვებული ტექნიკური უსწორობის გასწორების მოთხოვნით არ მიუმართავს და არც საკასაციო საჩივარში დასახელებული თანხის 4300 ლარამდე შემცირება არ მოუთხოვია. ხსენებულ უსწორობაზე მოპასუხემ განაცხადა მხოლოდ მოსარჩელის საკასაციო საჩივარზე შეტანილ წერილობით პასუხში. საკასაციო შესაგებლის სამოქალაქო საპროცესო დანიშნულება კი, კასატორის არგუმენტების დასაბუთებული უარყოფა და არა საკასაციო პრეტენზიების წარდგენაა.

9. ამდენად, კანონმდებელი სასამართლო გადაწყვეტილებასა და თუ განჩინებაში დაშვებული შეცდომის გასწორების შესაძლებლობას ითვალისწინებს სასამართლოს მიერ ამა თუ იმ საკითხის განხილვის შედეგად მიღებულ მხოლოდ დასკვნით ნაწილში, რაც გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილშია ასახული.

10. აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს განმცხადებლის პოზიციას, საპროცესო ეკონომიის პრინციპს და იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილ შრომით ხელშეკრულებაში მოსარჩელის ყოველთვიური სარგო 4300 ლარს მოიცავს, რაც ამავე სახით იქნა დადგენილი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერაც. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში ასახული თანხა - 4375 ლარი კი ტექნიკური შეცდომაა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასის ოდენობა - „4375 ლარი“ უნდა გასწორდეს „4300 ლარით“.

11. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტი უნდა გასწორდეს შემდეგი სახით: შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ გ.ქ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის - 17 200 (აღნიშნული კომპენსაცია წარმოადგენს მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასის 4 თვის ოდენობას - 4300X4) ლარისა და იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად დარიცხული 4300 ლარის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან - 2023 წლის 11 ოქტომბრიდან, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე.

12. აღნიშნული ტექნიკური ცვლილება აისახება სახელმწიფო ბაჟის გაანგარიშებაზეც. შესაბამისად, სარჩელის ღირებულება უნდა განისაზღვროს სულ - 120 400 ლარით, რისი 3% წარმოადგენს 3612 ლარს, 4% - 4816 ლარს, ხოლო 5% - 6 020 ლარს, სულ - 14 448 ლარს, რასაც უნდა გამოაკლდეს მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 1720 და საკასაციო საჩივარზე გადახდილი 2150, სულ - 3870 ლარი. ამდენად, სახელმწიფო ბაჟის სახით მოპასუხეს უნდა დაეკისროს 10578 ლარისა და სააპელაციო საჩივარზე მოსარჩელისათვის გადავადებული 150 ლარის, სულ - 10 728 ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 260-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტი: „შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ გ.ქ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის - 17 500 ლარისა და იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად დარიცხული 4375 ლარის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან - 2023 წლის 5 ოქტომბრიდან, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე“ გასწორდეს შემდეგი სახით: „შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ გ.ქ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის - 17 200 ლარისა და იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად დარიცხული 4300 ლარის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან - 2023 წლის 11 ოქტომბრიდან, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე“;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეექვსე პუნქტი: „შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 10 980 ლარის გადახდა“ უნდა გასწორდეს შემდეგი სახით: „შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 10 728 ლარის გადახდა“;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

ბადრი შონია