გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-948-2025 18 დეკემბერი, 2025 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე
კასატორი – შპს „ა–სი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჭ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება უარის თქმა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სარჩელის მოთხოვნა და საფუძვლები
1.1. ჭ–მა, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა:
1.1.1. მოპასუხეებს - ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა–ს პ–სს“, შპს „ა–სს“, შპს „ვ–ას“ და შ.ბ-დ–ს სოლიდარულად დაეკისროთ შეუსრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულებისთვის, პირგასამტეხლო - 23 745.648 აშშ დოლარის ოდენობით;
1.1.2. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ შეუსრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულებისთვის პირგასამტეხლო სარჩელის აღძვრიდან (30/06/2020) გადაწყვეტილების აღსრულებამდე - ყოველთვიურად 5.69 აშშ დოლარი;
1.1.3. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით, 34 166.4 აშშ დოალრის გადახდა;
1.1.4. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით, სარჩელის აღძვრიდან (30/06/2020) გადაწყვეტილების აღსრულებამდე - ყოველდღიურად 7.8 აშშ დოლარი.
1.2. 2005 წლის 26 სექტემბერს ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა–ს პ–სა“ და ჭ–ს შორის გაფორმდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულება Nაპ111-31. ხელშეკრულების თანახმად იმა „ა–ს პ–მა“ იკისრა საცხოვრებელი კორპუსის აშენების ვალდებულება (ქ.თბილისი ........ (ყოფილი .......... ქუჩა N32) ხოლო ჭ–მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის გადახდა და ნაყიდი ქონების მიღების ვალდებულება. ხელშეკრულების თანახმად, ქ.თბილისში .......... ქუჩა N12-ში ასაშენებელ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ სახლში ჭ–ის წილს წარმოადგენდა სადარბაზო 1, სართული 13, ბინა N1-32 (1 ბლოკი), საერთო ფართით 80.88 კვ.მ. (ს/კ ........); გასაყიდი ქონების ღირებულება შეადგენდა 48 528 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში........... N12-ში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის პირველ და მეორე სადარბაზოების აშენების ორგანიზება უნდა მომხდარიყო დამტკიცებული პროექტის მიხედვით 2008 წლის 1 სექტემბრისთვის. მოსარჩელემ ხელშეკრულების თანახმად კეთილსინდისიერად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და დროულად, გრაფიკის სრული სიზუსტის დაცვით გადაიხადა ასაშენებელი ბინის საფასური, რამაც შეადგინა 56 944 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რაზეც 2009 წლის 18 თებერვალს მხარეთა შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი. მიუხედავად მრავალი უშედეგო მიმართვის და განცხადებისა მოპასუხე იმა „ა–ს პ–მა“ დაარღვია ხელშეკრულება Nაპ111-1-ით ნაკისრი ვალდებულება, არ ააშენა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და არ გადასცა საკუთრებაში ბინა; შესაბამისად, მოსარჩელეს მიაყენა მატერიალური ზიანი.
2. მოპასუხეების შესაგებელი
2.1. მოპასუხე შპს „ა–სმა“ და მოპასუხე შ.ბ-დ–მა როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ჭ–ს 2008 წლის 1 დეკემბერს წარმოეშვა, ხოლო მოთხოვნა დაყენებულია 2016 წლის 2 თებერვალს, 7 წლისა და 2 თვის შემდეგ, მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. ვინაიდან სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - 6 წელს, ამდენად სარჩელი ხანდაზმულია. მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ასევე ხანდაზმულია სპეციალური ვადების შესაბამისადაც. მოთხოვნა შეუსრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულებისთვის შ.ბ-დ–ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს, იმ საფუძვლით რომ ამ უკანასკნელის მიერ სრულად და დადგენილ ვადაში შესრულდა ნაკისრი ვალდებულება; კერძოდ, მას ამხანაგობაში შენატანის სახით უნდა განეხორციელებინა კომპლექსის პროექტირებისა და მშენებლობის ნებართვის აღების ორგანიზება, რაც განხორციელდა და მას შესრულებული აქვს ყველა პირობა, რითაც აქტიურად შეუწყო ხელი ამხანაგობის წინაშე მდგარი მიზნების მიღწევას. აქედან გამომდინარე, შ.ბ-დ–ის მხრიდან ვალდებულებების დარღვევას, რასაც შეიძლება გამოეწვია მოსარჩელის ან ამხანაგობის სხვა წევრის უფლებების დარღვევა, არ არსებობს. სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთა მიმართ, მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე ასევე ხანდაზმულია და მოკლებულია საფუძველს, მათ შორის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით არსებული 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო; ამასთან მოსარჩელე მხარე ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატება ზიანი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მიუღებელ შემოსავალსა და ბინის დროულად აუშენებლობას შორის. საქმის მასალებიც ცხადყოფს, რომ მყიდველს თანხა გადახდილი ქონდა უძრავი ქონების შეძენის მიზნით, შესაბამისად მის ინტერესს წარმოადგენდა არა თანხის განთავსება ბანკში ანაბარზე და ამ გზით სარგებლის მიღება, არამედ უძრავი ქონებით სარგებლობა. შესაბამისად, სახეზე არ არის მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. იდენტური შინაარსის შესაგებელი იქნა წარმოდგენილი სარჩელზე მოპასუხე ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა „ა–ს პ–ის“ მიერ, ამასთან მოპასუხედ დასახელებულმა ამხანაგობის თავჯდომარემ შესაგებელში დამატებით განმარტა, რომ იმა “ა–სი პ–ი“ როგორც ცალკე სუბიექტი შეუძლებელია იყოს ჩართული პროცესში მხარედ, რამდენადაც იგი არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, როგორც ერთიანი ორგანიზაციული ფორმა ამხანაგობა არ არის სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი და შეუძლებელია ამხანაგობის სასამართლო პროცესში მხარედ მონაწილეობა. ამხანაგობის თავმჯდომარე მოქმედებს რა დავალების ხელშეკრულების საფუძველზე, ამხანაგობას წარმოადგენს მხოლოდ მესამე პირებთან ურთიერთობაში და არა სასამართლოში, რისთვისაც საჭიროა წარმომადგენლობის სპეციალური უფლებამოსილება. შესაბამისად, ამხანაგობა როგორც ცალკე სუბიექტი შეუძლებელია ჩართულ იყოს პროცესში მხარედ. სარჩელი უნდა იყოს მიმართული ამხანაგობის ცალკეული წევრების მიმართ ინდივიდუალურად და არა ამხანაგობის წინააღმდეგ. მოპასუხე შპს „ვ–ას“ შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა–სი პ–ის“ დამფუძნებელ წევრებს - შპს „ა–სს“, შპს „ვ–ას“ და შ.ბ-დ–ს სოლიდარულად დაეკისრათ შეუსრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულებისთვის, პირგასამტეხლო - 23 745.648 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით; ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა–სი პ–ის“ დამფუძნებელ წევრებს - შპს „ა–სს“, შპს „ვ–ას“ და შ.ბ-დ–ს სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლოს გადახდა 56 944 აშშ დოლარის 0.3%-ის ოდენობით (170.83 აშშ დოლარი) ლარის გადახდა ყოველთვიურად სარჩელის სასამართლოში წარდგენიდან (30/06/2020) გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სარჩელი მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ა–სმა“ და შ.ბ-დ–მა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება 23 745.648 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ა–სის“ და შ.ბ-დ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხეებისათვის 23 745.648 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 12 299.76 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
5.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შემოწმდეს მხოლოდ მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, რომლითაც ძირითადად ხანდაზმულობის მოტივითაა პირგასამტეხლოს დაკისრება შედავებული.
5.3. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და სამართლებრივ დასკვნას, რომ 2005 წლის 26 სექტემბერს ამხანაგობა „ა–სი პ–სა“ და ჭ–ს შორის გაფორმებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის შესახებ №აპ111- 31 ხელშეკრულება თავისი სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას. მართალია, აღნიშნული გარიგება შეიცავს დებულებებს, რომ მხარეები ერთიანად იმოქმედებდნენ ქ. თბილისში, ...... ქ. №32-ში „ა–სი პ–ში“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის აშენების და შემდგომ მხარეთა შორის წილების განაწილების მიზნით, მაგრამ მხოლოდ ამგვარი დათქმის არსებობა, ვერ განაპირობებს აღნიშნული ხელშეკრულების ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებად დაკვალიფიცირებას. ხელშეკრულების ცალკეული სახის განსაზღვრისას, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია არა ზოგადი დათქმები, არამედ ის არსებითი უფლება-მოვალეობები, რომლებსაც მხარეები იძენენ გარიგების გაფორმებისას.
5.4. განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულების თანახმად ჭ–ის წილი ამხანაგობაში შეადგენდა ორ ოთახიან ბინას (№31), მდებარე პირველ სადარბაზოში, მე-11 სართულზე, ფართით 77.03 კვ.მ. ლოჯია - 3.85 კვ.მ, რომელიც ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრულ მდგომარეობაში უნდა გადასცემოდა მოსარჩელეს, ჭ–ის მიერ განხორციელებული შენატანის სანაცვლოდ. ანუ მოსარჩელის ინტერესი შემოიფარგლებოდა და მიმართული იყო ინდივიდუალურად განსაზღვრული ფართის შეძენისაკენ და მას ამხანაგობის დამფუძნებლებისგან განსხვავებით საერთო საქმიანობის მიმართ არავითარი კომერციული ინტერესი არ გააჩნდა.
5.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ მოსარჩელემ სრულად გადაიხადა ბინის საფასური. უდავოა, რომ სადავო ბინის მშენებლობა არათუ 2008 წლის 1 სექტემბრისთვის, არამედ დავის მიმდინარეობისასაც არ დასრულებულა.
5.6. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.5 პუნქტით განისაზღვრა, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ვადის სამი თვით გადაცილების შემდეგ ბინის მშენებლობის დასრულებამდე მოსარჩელე უფლებამოსილია პირგასამტეხლოს სახით მიიღოს მის მიერ ფაქტობრივად შეტანილი თანხის 0.3 % ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე. ამასთან უდავოა რომ მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2008 წლის პირველი სექტემბრისათვის.
5.7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა: „განსახილველ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ თავად აპელანტი მხარეც არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მისი მხრიდან დარღვეულია საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დამთავრების ვალდებულება, რისთვისაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო, აგრეთვე იმის მხედველობაში მიღებით, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვევა არის განგრძობადი ხასიათის და ფაქტია, რომ საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის დროისთვისაც მითითებული ვალდებულება მენარდის მხრიდან კვლავ ირღვევა, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით მოითხოვს, როგორც სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის პირგასამტეხლოს ფიქსირებული სახით დაკისრება, ისე ვალდებულების შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე მიმდინარე პირგასამტეხლოს დაკისრება“.
5.8. აპელანტი, როგორც უკვე აღინიშნა მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო საერთოდ გამორიცხავს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას. უპირველეს ყოვლისა პალატა აღნიშნავს, რომ არ იზიარებს აპელანტის მსჯელობას მოცემულ შემთხვევაში შესრულების ნაკლის გამო მოთხოვნისათვის გათვალისწინებული 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გამოყენების თაობაზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა - პირგასამტეხლოს დაკისრება, უკავშირდება არა მშენებლობის ხარვეზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას და შესაბამისად პირგასამტეხლოს დაკისრებას, არამედ, მშენებლობის ვადაში დაუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს მოთხოვნას, კერძოდ იმის გამო, რომ აპელანტმა მხარემ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში - 2008 წლის 1 სექტემბრისათვის ვერ უზრუნველყო საცხოვრებელი კორპუსის (უძრავი ქონების) მშენებლობის დასრულება, მოსარჩელე ხელშეკრულების 5.5. პუნქტის შესაბამისად ითხოვს ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას. შესაბამისად, უსაფუძვლოა აპელანტის მითითება ნაკლიან შესრულებაზე და აქედან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 655-ე მუხლის თანახმად, ხუთ წლიანი ხანდაზმულობის ვადის განსახილველი შემთხვევის მიმართ გავრცელებაზე.
5.9. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობაპ ირგასამტეხლოს აქცესორულ ხასიათზე. ამასთან, განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც 2005 წლის 26 სექტემბერს იმა „ა–სი პ–ს“ და მ.ჭ–ს შორის გაფორმებული №აპ111-31 საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულება ძალაშია მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე (ხელშეკრულების 8.1 პუნქტი) და არც თავად მოპასუხე მხარე უარყოფს მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი ძირითადი ვალდებულების არსებობას, პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის შემზღუდავი დანაწესისადმი (სრულად) დაქვემდებარების საფუძველი არ არსებობს; თუმცა აღნიშნული ისე არ უნდა იქნეს გაგებული, რომ პირგასამტეხლოს შესახებ მოთხოვნაზე საერთოდ არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა. პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაზე, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო მოთხოვნებზე გათვალისწინებული ექვს წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
5.10. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით პირველი სარჩელი მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილია 2016 წლის 2 თებერვალს (იხ. ტ 1, ს.ფ. 1-15, შემდგომში კი, 2018 წლის 2 ოქტომბერს და 2020 წლის 30 ივნისს დაზუსტებული სარჩელებია წარმოდგენილი იხ. ტ.2 ს.ფ. 1-15; 102-115), ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოშობილი აქვს 2008 წლის 1-ლი დეკემბრიდან, შესაბამისად, 2008 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2010 წლის 2 თებერვლამდე პერიოდზე მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ხანდაზმულია და მოთხოვნა არ არის ხანდაზმული სარჩელის შეტანამდე წინა 6 წლის პერიოდზე; (პალატა აქვე შენიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუკი სარჩელის აღძვრის თარიღად განვსაზღვრავდით 2020 წლის 30 ივნისს ასეთ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა 2008 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2014 წლის 30 ივნისამდე პერიოდზე მოსარჩელის მოთხოვნა იქნებოდა ხანდაზმული. იმის გათალისწინებით, რომ სარჩელი პირგასამტეხლოს მოთხოვნით პირველად აღძრულია 2016 წლის 2 თებერვალს პალატა მართებულად მიიჩნევს სწორედ პირველი სარჩელის წარდგენის თარიღი განისაზღვროს სარჩელის აღძვრის თარიღად.) ამგვარად, პალატა ნაწილობრივ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, არ არის ხანდაზმული სარჩელის აღძვრამდე წინა 6 წლიან პერიოდზე, ხოლო 6 წლიანი პერიოდის გარეთ მოთხოვნა ხანდაზმულია. შესაბამისად, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე ფიქსირებული სახით მოთხვონილი პირგასამტეხლოს ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ნაწილობრივ. შესაბამისად მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე მხარეს სარჩელის აღძვრამდე (ეი. 2016 წლის 2 თებერვალი) პერიოდისათვის ფიქსირებული სახით პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 170.83 აშშ (56944*0,3/100= 170.83) დოლარის გადახდა, რაც 6 წლიან პერიოდის გათვალისწინებით (170.83* 72 (6*12) თვეზე = 12 299,76 აშშ დოლარს) შეადგენს 12 299,76 აშშ დოლარს.
5.11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდზე მიმდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და ამ ნაწილში აპელანტის მიერ რაიმე შედავება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ წარმოდგენილი არ ყოფილა. მიმდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების მომენტი თავად მოსარჩელემ დაუკავშირა დაზუსტებული სარჩელის აღძვრის თარიღს - 30/06/2020 (და არა პირველი სარჩელის წარდგენის თარიღს 2016 წლის 2 თებერვლის თარიღს; იხ. ტ.2 ს.ფ. 109 მე-2 სასარჩელო მოთხოვნა), შესაბამისად მოთხოვნის ფორმულირების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად დაკმაყოფილდა ამ სახით მოთხოვნა და მოპასუხე ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა–ს პ–ის“ წევრებს - შპს „ა–სს“, შპს „ვ–ას“ და შ.ბ - დ–ს ჭ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად სწორად დაეკისრათ მიმდინარე პირგასამტეხლოს გადახდა 56 944 აშშ დოლარის 0,3%-ის ოდენობით, ყოველთვიურად, 2020 წლის 30 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ამდენად მიმდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში თავად სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებიდან გამომდინარე (სასამართლო ვერ გაცდება მოთხოვნის ფარგლებს - სსკ-ის 248-ე მუხ.) 2016 წლის 2 თებერვლიდან 2020 წლის 30 ივნისამდე პერიოდზე მიმდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
5.12. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ ვინაიდან აპელანტმა მხარემ დაარღვია ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და ეს დარღვევა ატარებს განგრძობად ხასიათს, მას მართებულად დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო მოთხოვნილი (56 944 აშშ დოლარის 0,3%) ოდენობით. პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეებისათვის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო (56 944 აშშ დოლარის 0,3%-ის ოდენობით, ყოველთვიურად, სარჩელის სასამართლოში წარმოდგენიდან (30.06.2020წ.) გადაწყვეტილების აღსრულებამდე გონივრულია და სრულად შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, იგი შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი არ არის და შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით განმტკიცებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს არ იძლევა, მით უფრო რომ აპელანტს პირგასამტეხლოს შემცირების თვალსაზრისით რაიმე არგუმენტი წარმოდგენილი არ ჰქონია.
5.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილების წინაპირობა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტის შეცვლის საფუძველი, რის შედეგადაც მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ ფიქსირებული პირგასამტეხლოს სახით სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის (2016 წლის 2 თებერვალი) ნაცვლად 23 745,64 აშშ დოლარისა, უნდა დაეკისროს 12 299,76 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. ხოლო მიმდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტი) უნდა დარჩეს უცვლელად.
6. შპს „ა–სის“ საკასაციო საჩივარი
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს „ა–სმა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6.2. კასატორის განმარტებით სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
6.3. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბერს მიმართა. სასარჩელო განცხადებაში არასწორად აცხადებდა და ვერ ასაბუთებდა, რომ მოპასუხემ არ ააშენა დროულად სახლი. კორპუსი დასრულებული იყო, მიმდინარეობდა შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები და შესაბამისად მოსარჩელის ბინაში ე.წ. თეთრი კარკასის სამუშაოები იყო შესასრულებელი. ამდენად, მოსარჩელეს, პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კორპუსის აუშენებლობის პირობებში ჰქონდა და არა დასახელებულ მდგომარეობაში კორპუსის აშენების დროს.
6.4. კასატორის განმარტებით, სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან სახელშეკრულებო მოთხოვნის 3 წლიანი ვადა გასულია.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, ხოლო 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინებით დასაშვებადაა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და ნაწილობრივ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. საკასაციო სასამართლო უპირველესად საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებს მიაქცევს ყურადღებას:
10.1. ერთობლივი საქმიანობის შესახებ 2004 წლის 4 ოქტომბრის წერილობითი, სანოტარო წესით დამოწმებული ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ს....“-ის სადამფუძნებლო კრების №1 ოქმის საფუძველზე, შპს „ა–სმა“ და ა.ო–ვამ დააფუძნეს ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ს....“, რომლის მიზანს შეადგენდა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენება. ოქმის მიხედვით, ამხანაგობის თავმჯდომარედ აირჩიეს ა.მ–ძე. შპს „ა–სის“ მიერ შესყიდული იქნა ამხანაგობისათვის ....... ქ. №32-ში მდებარე მიწის ნაკვეთი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად და საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ამხანაგობის სახელზე საჯარო რეესტრში (ტ.1,ს.ფ. 92-93).
10.2. 2005 წლის 15 ივნისის ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ს....“-ის სადამფუძნებლო კრების №4 ოქმის თანახმად, ამხანაგობა „ს....“-ს შეეცვალა სახელწოდება და და ეწოდა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა–სი პ–ი“.აღნიშნულ კრებას წევრის სტატუსით ასევე ესწრებოდა შპს „ვ–ა“ (ტ.1,ს.ფ. 94-95).
10.3. ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა–სი პ–ის“ 2005 წლის 15 ივნისის კრების ოქმით (№5) დადგენილია, რომ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა–სი პ–ის“ წევრი ა.ო–ვა გაყვანილ იქნა ამხანაგობიდან და მის ნაცვლად ამხანაგობის წევრად მიღებულია შ.ბ-დ–ი. შ.ბ-დ–მა დაიკავა ამხანაგობის საინიციატივო ჯგუფის წევრის - ა.ო–ვას ადგილი ამხანაგობაში და მასზე გადავიდა ამხანაგობის წევრის უფლება-მოვალეობები ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ამხანაგობის წევრის ხელში იყვნენ. დადგენილ იქნა, რომ შ.ბ-დ–ის შენატანს ამხანაგობაში წარმოადგენდა მომსახურების გაწევა, კერძოდ: ასაშენებელი კომპლექსის დაპროექტების უზრუნველყოფა და სათანადო ნებართვების მოპოვების ორგანიზება, ასევე, ერთობლივი საქმიანობის მიზნის მიღწევისათვის სხვადასხვა დავალებების შესრულება ამხანაგობის თავმჯდომარის მითითებების შესაბამისად. ამდენად, დადგენილია, რომ 15.06.2005 წ. ამხანაგობის დამფუძნებელ წევრს - ა.ო–ვას ერთობლივ საქმიანობაში ჩაენაცვლა შ.ბ-დ–ი (ტ.1,ს.ფ. 189-190).
10.4. 2005 წლის 26 სექტემბერს იმა „ა–სი პ–ს“ და მ.ჭ–ს შორის წერილობით გაფორმდა ხელშეკრულება №აპ111-31 საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის შესახებ, რომლის მიხედვით მხარეები ერთიანად იმოქმედებდნენ ქ. თბილისში, ....... ქ. №32-ში „ა–სი პ–ში“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის აშენების და შემდგომ მხარეთა შორის წილების განაწილების მიზნით. ამხანაგობა თავის საქმიანობას განახორციელებდა ამხანაგობის დებულების შესაბამისად, ხოლო მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა ამ ხელშეკრულების მიხედვით. წევრის - ჭ–ის წილი შეადგენდა ორ ოთახიან ბინას (№31), პირველ სადარბაზოში, მე-11 სართულზე, ფართით 77.03 კვ.მ. ლოჯია - 3.85 კვ.მ. ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრულ მდგომარეობაში, რომლის შესაბამისად, ჭ–ის შენატანი განისაზღვრა 48 528 აშშ დოლარით, წევრი განვადებით იხდიდა ბინის ღირებულებას. განვადების პირობები იყო: პირველადი შენატანი, ბინის ღირებულების არანაკლებ 20%, უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 4 დღის განმავლობაში. ბინის ღირებულების დარჩენილი ნაწილი გადაიხდება ყოველთვიურად თანაბარი თანხებით წლიური 20%-ის დარიცხვით. ხელშეკრულების 4.4.1. პუნქტის თანახმად, უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი ....... ქ.N32-ში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის პირველი და მეორე სადარბაზოების აშენების ორგანიზება დამტკიცებული პროექტის მიხედვით მშენებლობის დაწყებიდან 36 თვის განმავლობაში (01.09.05წ. - 01.09.08წ.). ხელშეკრულების 5.5. პუნქტის თანახმად, თუ სახლის მშენებლობის ვადა გადააჭარბებს 4.4.1. პუნქტში აღნიშნულ პერიოდს სამ თვეზე მეტი ვადით და წევრს არ დაურღვევია ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი, მაშინ წევრის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, თავმჯდომარე ვალდებულია დაუბრუნოს წევრს მის მიერ ფაქტობრივად შეტანილი თანხის 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტ.1,ს.ფ. 23-30).
10.5. 2013 წლის 26 ნოემბერს ჭ–მა წერილობით მიმართა კომპანია „ა–სს“ და აცნობა, რომ მის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულება სრულად იქნა შესრულებული - 2008 წლის სექტემბრის თვეში დაასრულა ბინის ღირებულების და პროცენტის გადახდა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის თანახმად; თუმცა ვინაიდან 2008 წლის დასაწყისში მშენებლობა შეწყდა და არ განახლებულა, მოითხოვა ხელშეკრულების 5.5. პუნქტის შესაბამისად, ფაქტობრივად გადახდილი თანხის (56 944 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) 0.3%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე;
10.6. 2013 წლის 26 ნოემბრის მიმართვის პასუხად, ჭ–ს იმა „ა–სი პ–ის“ თავმჯდომარემ აცნობა, რომ მშენებლობის შეფერხება გამოწვეული იყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომით, საფინანსო-ეკონომიკური კრიზისით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობით, რამაც განაპირობა სამშენებლო მასალებსა და მუშახელზე ფასების ზრდა და შესაბამისად, მშენებლობის ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში დაუსრულებლობა; კომპანიამ მოსარჩელეს შესთავაზა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების მიზნით (ტ.1,ს.ფ. 38-40).
10.7. მხარეთა შორის სადავო არაა და საქმის მასალებითაც (სალაროს შემოსავლების ორდერები, ჭ–ის და ამხანაგობა „ა–სი პ–ის“ თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული მიღება-ჩაბარების აქტი) დასტურდება, რომ ჭ–ს სრულად აქვს შესრულებული ბინის მიღების სანაცვლოდ Nაპ111-31 ხელშეკრულებით ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები. საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად, ამხანაგობაში სულ შეიტანა 56 944 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ამხანაგობის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დასრულების ფაქტს შეთანხმებულ ვადაში - ანუ 01.09.2008 წელს ან თუნდაც დღევანდელ დღემდე მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებით ობიექტზე მშენებლობა განახლებულია (ტ.1,ს.ფ. 33; 41-77; ტ.2,ს.ფ. 119).
11. საკასაციო სასამართლო უპირველესად მოპასუხეებს შორის არსებულ ურთიერთდაკავშირებულ მდგომარეობაზე მიუთითებს და სსკ-ის 930 მუხლის მოხმობით განმარტავს, რომ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.
12. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები: ამხანაგობის მონაწილე უნდა იყოს არა ნაკლებ ორი პირი, რომლებიც მოქმედებენ ერთობლივად, შესაბამისად, ერთმანეთის მიმართ არ წარმოეშობათ დაპირისპირებული ინტერესები, როგორც მოვალესა და კრედიტორს. ხელშეკრულების ინტერესებიდან გამომდინარე, მის მონაწილეებს შორის შეიძლება გადანაწილდეს უფლება-მოვალეობები, თუმცა ეს ხორციელდება არა როგორც დამოუკიდებელ პირთა შორის, რომელთაც ერთმანეთის საწინააღმდეგო ინტერესები და მოვალეობები გააჩნიათ, არამედ, როგორც სუბიექტებს შორის, რომელთა შორის უფლება-მოვალეობების გადანაწილება ხდება ამხანაგობის ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით. ამხანაგობის მონაწილეთა შეთანხმება და ერთიანობის გამოვლენა უნდა მოხდეს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნის მისაღწევად. საერთო მიზნის არსებობა გარიგების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს.
13. ამხანაგობისთვის დამახასიათებელი ნიშანია ასევე ისიც, რომ მონაწილეები ერთობლივი მიზნის მისაღწევად მოქმედებენ ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით და იურიდიული პირის შეუქმნელად. ამდენად, ერთობლივი საქმიანობა იქმნება მონაწილეთა შენატანების საფუძველზე. შენატანები შეიძლება იყოს როგორც მატერიალური ისე არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ხელშეკრულების მონაწილეთა უფლება-მოვალეობების წილობრივი მოცულობა განისაზღვრება შენატანების შესაბამისად. ამხანაგობის საქმიანობას ყველა მონაწილე მართავს ერთობლივად. საქმიანობის მართვა გულისხმობს ასევე ერთობლივი საქმიანობის მართვის უფლების მინიჭებას ამხანაგობის ერთ-ერთ მონაწილისთვის. ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება და მისი განხორციელება ხდება ყველას თანხმობით. საერთო სარგებელი და შემოსავალი, რომელიც მიღებულ იქნა ამხანაგობის საქმიანობიდან, მონაწილეებს შორის ნაწილდება მათი შენატანების პროპორციულად. თუ ხელშეკრულების მონაწილეებმა ხელშეკრულებით არ განსაზღვრეს წილები და შენატანები, მაშინ სარგებელი მათ შორის ნაწილდება თანაბრად.
14. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება იურიდიული პირის შეუქმნელად ერთობლივად ემოქმედათ სამეურნეო მიზნის მისაღწევად - მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად (დამატ. იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 10.1-10.3 ქვეპუნქტები).
15. საკასაციო სასამართლო მოსარჩელესა და მხარეს შორის დადებული წილობრივი მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულებაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ ხელშეკრულების შინაარსის განმსაზღვრელია, არა ხელშეკრულების სახელწოდება და ასევე თავად ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინები, არამედ ის უფლება-მოვალეობები რომლითაც მხარეები ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები და ის სამართლებრივი შინაარსი, რაც იგულისხმება ამ ტერმინებში.
16. მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეებს საცხოვრებელი სახლი უნდა აეშენებინათ, ამდენად, მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე ვალდებული იყო გრაფიკით გათვალისწინებული წესით, პერიოდულად გადაეხადა საცხოვრებელი სახლის საფასური, ხოლო, საპირისპიროდ მოპასუხეებს დათქმულ ვადაში აღნიშნული სახლის აშენების ვალდებულება ჰქონდათ. დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი დავის მომენტშიც არ დასრულებულა, ამდენად, მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ვალდებულების დარღვევისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია (იხ. სსკ-ის 629-ე მუხლი - ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური).
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რომლის წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ხოლო მეორე ფუნქცია მდგომარეობს განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. ვალდებულების დამრღვევ მხარეს პირგასამტეხლო ეკისრება იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
18. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ საქმე №ას-1451- 1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; საქმე №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისათვის ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებითი ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები: ბ) დარღვევის სიმძიმესა და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, რომელიც მოიცავს ზიანის ანაზღაურებას. (იხ. სუსგ საქმე №ას-816-767-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი; იხ ასევე.: სუსგ №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-1274-2022, 22.11.2022წ.; №ას-1245-2022, 9.03.2023წ.).
19. საკასაციო სასამართლო პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერებასთან, ერთად, მოპასუხეების (კასატორის) მიერ წარდგენილ შესაგებელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც გაამახვილებს ყურადღებას.
20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ხანდაზმულობის ინსტიტუტის თავისებურება ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
21. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულირებას.
22. სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა ექვს წელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კი ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სკ-ის 130-ე მუხლი თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
23. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგ. 19.03.2015წ. №ას-868-830-2014). თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ 1.12.2010წ. №ას-599-562-2010). სკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
24. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის ვალდებულება პერიოდული იყო, სწორედ აღნიშნული ვალდებულებიდან გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნა გადახდილი თანხიდან დაანგარიშებული პირგასამტეხლოს მოპასუხეებისთვის დაკისრების შესახებ.
25. შესაბამისად, ვინაიდან, კასატორის მიერ სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება ატარებდა პერიოდულად შესასრულებელ ხასიათს, მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.
26. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით პირველი სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2016 წლის 2 თებერვალს (იხ. ტ 1, ს.ფ. 1-15, შემდგომში კი, 2018 წლის 2 ოქტომბერს და 2020 წლის 30 ივნისს დაზუსტებული სარჩელებია წარმოდგენილი იხ. ტ.2 ს.ფ. 1-15; 102-115), ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოშობილი აქვს 2008 წლის პირველი დეკემბრიდან. შესაბამისად საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ არ არის ხანდაზმული სარჩელის შეტანამდე წინა 3 წლის პერიოდზე;
27. ამგვარად, ნაწილობრივ გასაზიარებელია კასატორის პრეტენზია მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ. ამდენად, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე ფიქსირებული სახით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ნაწილობრივ. შესაბამისად მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე მხარეს სარჩელის აღძვრამდე (ე.ი. 2016 წლის 2 თებერვალი) პერიოდისათვის ფიქსირებული სახით პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 170.83 აშშ (56 944*0,3/100= 170.83) დოლარის გადახდა, რაც 3 წლიან პერიოდის გათვალისწინებით (170.83* 72 (3*12) თვეზე = 6 149.88 აშშ დოლარის) შეადგენს 6 149.88 აშშ დოლარს.
28. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულისგან განსხვავებით, სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდზე მიმდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებასა და დასკვნას და განმარტავს, რომ აღნიშნულს კასატორი არ შედავებია, ამასთან, დასახელებული საფუძვლით პირგასამტეხლოს დაკისრება, მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელის აღძვრას - 2020 წლის 30 ივნისს დაუკავშირა, რაც დასახელებულ ნაწილში მოთხოვნის ხანდაზმულობას გამორიცხავს.
29. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ვინაიდან კასატორმა დაარღვია ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და ეს დარღვევა ატარებს განგრძობად ხასიათს, მას მართებულად დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო მოთხოვნილი (56 944 აშშ დოლარის 0,3%) ოდენობით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეებისათვის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო (56 944 აშშ დოლარის 0,3%-ის ოდენობით, ყოველთვიურად, სარჩელის სასამართლოში წარმოდგენიდან (30.06.2020წ.) გადაწყვეტილების აღსრულებამდე) გონივრულია და სრულად შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, იგი შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი არ არის და შესაბამისად, სკ-ის 420-ე მუხლით განმტკიცებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს არ იძლევა.
30. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ფიქსირებული პირგასამტეხლოს სახით 6 149.88 აშშ დოლარი.
31. აქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ა–სის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ჭ–ის სარჩელი, მოპასუხეებისთვის ფიქსირებული პირგასამტეხლოს სოლიდარულად დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა–სი პ–ის“ დამფუძნებელ წევრებს - შპს „ა–სს“ შპს „ვ–ას“ და შ.ბ-დ–ს მოსარჩელე ჭ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ფიქსირებული პირგასამტეხლოს სახით - 6 149.88 აშშ დოლარის გადახდა.
4. ჭ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 245 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში და საკასაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 307.49 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
5. ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა–სი პ–ის“ დამფუძნებელ წევრებს - შპს „ა–სს“ შპს „ვ–ას“ და შ.ბ-დ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 600 ლარი, სააპელაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 949.8 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში და საკასაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 1 494 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე