დაუშვებლად იქნა ცნობილი
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1374-2025
30 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ი.ბ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ბ–ძე, ნ.ბ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი.ბ–ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების ნ.ბ–ძისა და ნ.ბ–ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხე ნ.ბ–ძეს ი.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს 783 000 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხე ნ.ბ–ძეს ი.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს 2 872 000 ლარის გადახდა;
2. მოსარჩელის განმარტებით, ის არის მოპასუხეების შვილი. მის საკუთრებაშია რამდენიმე შპს-ს 100%-იანი წილი. ასევე, არის რამდენიმე შპს-ს დირექტორი. მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად, შეიძინა არაერთი უძრავი ქონება ქალაქ ბათუმში. ვინაიდან, ხშირად უხდებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა და მისი ბიზნესი გარკვეულწილად დაკავშირებული იყო სხვადასხვა რისკებთან, არ სურდა, რომ მის მიერ შეძენილი უძრავი ქონებები ყოფილიყო მის სახელზე რიცხული. ამ მოსაზრებით, რადგან მშობლების მიმართ გააჩნდა განსაკუთრებული ნდობა, მისი თანხმობით, სადავო უძრავი ქონებებიც გარკვეული დროით აღირიცხა მისი მშობლების სახელზე. 2023 წელს შეიტყო, რომ ქ. ბათუმში, ........... მდებარე, მისი კუთვნილი უძრავი ნივთი, მოპასუხე ნ.ბ–ძეს, ჩუქების სახით გადაუცია მისი დისთვის - ე.ბ–ძისათვის. ნათესავების ჩარევის და მათთან საუბრის შემდეგ, აღნიშნული ნივთი ჩუქების სახით ისევ დაიბრუნა ნ.ბ–ძემ იმ პირობით, რომ შემდგომში, თუ მოსარჩელე თანხმობას გამოხატავდა, გადაუფორმებდა მოსარჩელის შვილს, მ.ბ–ძეს. მამა-შვილს შორის დაძაბულობის და 2023 წლის 17 სექტემბერს ე.ბ–ძესთან მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, ნ.ბ–ძის მიერ 18 სექტემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ძალით, მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ, 22 სექტემბერს სადავო ბინა ისევ აღირიცხა ე.ბ–ძეზე.
3. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. მოპასუხეებმა საკუთარი შრომით შეიძინეს უძრავი ქონება. ი.ბ–ძეს არანაირი კავშირი არ აქვს არც ქონების შეძენასთან და არც გასხვისებასთან. მისი მოთხოვნა არის ხანდაზმული.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით, ი.ბ–ძის სარჩელი მოპასუხე ნ.ბ–ძის და ნ.ბ–ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად; მოსარჩელე ი.ბ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 3000 ლარის გადახდა.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ი.ბ–ძემ.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 სექტემბრის განჩინებით ი.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მიუთითა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
7.1. მოსარჩელე ი.ბ–ძე არის მოპასუხეების - ნ.ბ–ძის და ნ.ბ–ძის შვილი. (იხ. ტომი 1, ს.ფ. 1-19).
7.2. 2011 წლის 09 სექტემბრიდან, ნ.ბ–ძის საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ქონება, ს/კ .................., მდებარე: ქ. ბათუმი, .........., ბინა N12, ფართობი 120 კვ.მეტრი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია - ი.მ.ა. ,,კომფორტის’’ კრების ოქმი, დამოწმების თარიღი 02.09.2011. (იხ. ტომი 1, ს.ფ. 34-35).
7.3. 05.08.2011 წლის სალაროს შემოსავლის ორდერით დასტურდება, რომ ნ.ბ–ძემ, ამხანაგობა ,,კომფორტის’’ სასარგებლოდ, გადაიხადა 132 000 ლარი. (იხ. ტომი 1, ს.ფ. 222-233).
7.4. ნ.ბ–ძემ, უძრავი ქონება, ს.კ. .........., მდებარე: ქ.ბათუმი, ........... N20-22, სართული 4, ბინა N12, ფართობი 120 კვ.მეტრი, აჩუქა მის შვილს - ე.ბ–ძეს, რის შედეგადაც ეს ქონება აღირიცხა ე.ბ–ძის საკუთრებაში. (იხ. ტომი 1, ს.ფ. 23-26).
7.5. უძრავი ქონება, ს/კ ........., მდებარე: ქ. ბათუმი, .........., სართული 4, ბინა N12, ფართობი 120 კვ. მეტრი, შპს ,,დ -ა–ის’’ მიერ შეფასებულია - 783 000 ლარად. (იხ. ტომი 1, ს.ფ. 164-174).
7.6. 2011 წლის 29 აპრილის უძრავი ქონების ნაწილის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ნ.ბ–ძემ, ტ.ნ–საგან შეიძინა უძრავი ქონება, ს/კ ........., მდებარე: ქ. ბათუმი, .......... (ახლანდელი ..........ი), რის შედეგადაც აღირიცხა ამ ქონების მესაკუთრედ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 69-70, 74-78).
7.7. ნ.ბ–ძის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, ს/კ .........., მდებარე: ქ. ბათუმი, ............., დაიყო სამ საკადასტრო ერთეულად, რაც 2023 წლის 20 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ნ.ბ–ძემ გაასხვისა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 188-193).
7.8. შპს ,,დ -ა–ის’’ მიერ შესრულებული დასკვნით, უძრავი ქონების - ს/კ ......., ღირებულება განსაზღვრულია - 2 872 000 ლარად (იხ. ტომი 1, ს.ფ. 175-187).
8. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-991 მუხლებზე.
9. პალატის განმარტებით, კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ.
10. სასამართლომ აღნიშნა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება, ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან.
11. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთზე და აღნიშნა, რომ მოცემული დავის ფარგლებში იმ გარემოების დადასტურება, რომ სადავო უძრავი ქონებები შეძენილი იყო მოსარჩელის თანხებით და მხოლოდ, ფორმალურად იყო აღრიცხული მოპასუხეთა სახელზე - მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რომელსაც გარდა მისივე ახსნა-განმარტებისა, მის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად რაიმე სახის სარწმუნო და სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება.
12. პალატამ დამატებით მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 312.1-ე მუხლზე და განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონებები საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მოპასუხეთა საკუთრებაში, რომელთაც განკარგვის სრული უფლებამოსილება გააჩნდათ მათ. აღნიშნული კი, გამორიცხავდა ამ ქონების განკარგვით მოპასუხეთა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტს.
13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე ი.ბ–ძემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
13.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ უსაფუძვლოდ დადგენილად მიჩნეული გარემოება, რომ თითქოს არ დასტურდება ი.ბ–ძის მიერ უძრავი ქონების შეძენის, აშენების, სარემონტო სამუშაოების ჩატარების და საყოფაცხოვრებო ინვენტარის შესაძენად თანხების გადახდით მოპასუხე მხარის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი.
13.2. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ ი.ბ–ძე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და ნ.ბ–ძემ ქ. ბათუმში, .......... მდებარე უძრავი ქონება იყიდა ი.ბ–ძის მიერ მიცემული თანხით და რომ ნ.ბ–ძემ ქალაქ ბათუმში, ............ მდებარე უძრავი ქონება იყიდა ი.ბ–ძის მიერ სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული და მისთვის მიცემული თანხით. ასევე მოპასუხეების მიერ მათ სახელზე რიცხული ქონებების განკარგვას მოჰყვა მოპასუხეების უსაფუძვლო გამდიდრება.
13.3. სააპელაციო სასამართლომ კანონის დარღვევით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად დადგენილად მიჩნეული, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 31 აგვისტოდან, როდესაც შედგა საუბარი მოსარჩელესა და მის მშობლებს შორის, როცა მოსარჩელემ შეიტყო, რომ მისი მშობლები არ აპირებდნენ მისთვის მისი ქონების დაბრუნებას, ანუ როცა შეიტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ი.ბ–ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. 17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
21. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
22. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
22.1. მოსარჩელე ი.ბ–ძე არის მოპასუხეების - ნ.ბ–ძის და ნ.ბ–ძის შვილი.
22.2. 2011 წლის 09 სექტემბრიდან, ნ.ბ–ძის საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ქონება ს/კ ........., მდებარე: ქ. ბათუმი, .........., ბინა N12, ფართობი 120 კვ.მეტრი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ი.მ.ა. ,,კომფორტის’’ კრების ოქმი, დამოწმების თარიღი 02.09.2011.
22.3. 05.08.2011 წლის სალაროს შემოსავლის ორდერით დასტურდება, რომ ნ.ბ–ძემ, ამხანაგობა ,,კომფორტის’’ სასარგებლოდ, გადაიხადა 132 000 ლარი.
22.4. ნ.ბ–ძემ, უძრავი ქონება ს/კ .........., მდებარე: ქ. ბათუმი, ............., ფართობი 120 კვ. მეტრი, აჩუქა მის შვილს - ე.ბ–ძეს, რის შედეგადაც ეს ქონება აღირიცხა ე.ბ–ძის საკუთრებაში.
22.5. უძრავი ქონება ს/კ ............., მდებარე: ქ. ბათუმი, ..........., ფართობი 120 კვ. მეტრი, შპს ,,დ -ა–ის’’ მიერ შეფასებულია - 783 000 ლარად.
22.6. 2011 წლის 29 აპრილის უძრავი ქონების ნაწილის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ნ.ბ–ძემ, ტ.ნ–საგან შეიძინა უძრავი ქონება, ს.კ. ......, მდებარე: ქ. ბათუმი, ......... (ამჟამად, ...........), რის შედეგადაც აღირიცხა ამ ქონების მესაკუთრედ.
22.7. ნ.ბ–ძის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, ს/კ ........., მდებარე: ქ. ბათუმი, .........., დაიყო სამ საკადასტრო ერთეულად, რაც 2023 წლის 20 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ნ.ბ–ძემ გაასხვისა.
22.8. შპს ,,დ -ა–ის’’ მიერ შესრულებული დასკვნით, უძრავი ქონების ს/კ .......... ღირებულება განსაზღვრულია - 2 872 000 ლარად.
23. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხეებისათვის თანხის დაკისრების თაობაზე გამომდინარეობს 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში). პალატა განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო, მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით, დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (მაგ: პოსესორული ან ვინდიკაციური სარჩელები (სანივთო სამართალი), სარჩელი ვალდებულების შესრულების შესახებ (როგორც პირველადი, ისე - მეორადი მოთხოვნები) და სხვა) - (იხ. სუსგ-ები: Nას-774-723-2017, 11.10.2017 წ.; N ას-794-794-2018, 11.09.2018; N ას-1021-2019, 20.12.2019წ.; №ას-461-2023 21.07.2023წ.). საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით რეგულირებულია ე.წ. „შესრულების კონდიქცია“ და ამგვარი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელემ უნდა მიუთითოს სამართლებრივი სიკეთის გადაცემის ფაქტზე, ასევე მხარეთა შორის ვალდებულების არარსებობაზე (იხ. სუსგ №ას-653-621-2013, 27.04.2015 წ.). ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიურად, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის, გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან (იხ. სუსგ №ას-1249-1269-2011, 04.04.2012 წ). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე”... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, რათა უზრუნველყოს არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღება და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას“ (იხ. სუსგ N ას-390-390-2018, 15.05.2018 წ). „კონდიქციური ვალდებულების არსებობისას, არ გაითვალისწინება არც კონტრაჰენტის კეთილსინდისიერება და არც ბრალეულობა. ამ ვალდებულების მიზანი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადანაცვლებულ მატერიალურ/არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეთა ისე აღდგენაა, რომელიც იარსებებდა, რომ არ შექმნილიყო კონდიქციური ვალდებულების მახასიათებელი წინაპირობები. ქონებრივი წონასწორობის აღდგენის მიზნით, კანონი “განსაზღვრავს უსაფუძვლოდ გადაცემულის დაბრუნებას, რათა ხელი შეეწყოს სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას და ბრუნვის მონაწილე რომელიმე მხარე იმგვარ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, რომელსაც სამართლებრივი წინაპირობები გამდიდრების ეტაპზე არ გააჩნია“ (ახალაძე მ., უსაფუძვლო გამდიდრება 2015-2018 წლის პირველი ნახევარი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გამომცემლობა, თბილისი, 2019, 32 ).
24. უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს, ან შემდგომში იშლება. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა თუ არა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც, ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შემცირების ხარჯზე (სუსგ.: ას-920-870-2015, 09.06.2016 წ.). უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.
25. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში კი, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
26. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
27. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
28. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
29. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.
30. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).
31. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპის თანახმად, ის გარემოება, რომ ი.ბ–ძის მიერ მოხდა უძრავ ქონების (მდებარე: ბათუმი, ........... და მდებარე: ბათუმი, ............) შეძენა, აშენება, სარემონტო სამუშაოების ჩატარება, საყოფაცხოვრებო ინვენტარის შეძენა და შემდეგ აღნიშნული ქონების მოპასუხეების სახელზე აღრიცხვა, რამაც მოპასუხე მხარის უსაფუძვლოდ გამდიდრება გამოიწვია, მოსარჩელე მხარეს უნდა ემტკიცებინა, თუმცა საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არგუმენტაცია არასაკმარისი იყო მოცემული ფაქტების დასადასტურებლად. კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზების მიზნით, მოსარჩელეს სასამართლოსთვის იმგვარი დასაშვები მტკიცებულება უნდა წარმოედგინა, რომელიც უცილობლად სარწმუნოს გახდიდა მისი პოზიციის სისწორეს. ასეთ მტკიცებულებად ვერ შეფასდება სამეწარმეო რეესტრის ამონაწერები, იმასთან დაკავშირებით, რომ ის ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. ვარგის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა ასევე, საბაჟო დოკუმენტაცია და საკრედიტო ხელშეკრულებები, რომლებიც დროში არ ემთხვევა ქონების შეძენის პერიოდს.
32. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება მხარეთა მიერ მითითებულ გარემოებათა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად მიიღო. კასატორმა ვერ მიუთითა ვერცერთ ისეთ გარემოებაზე და ვერ წარმოადგინა რაიმე რელევანტური მტკიცებულება, რაც საკასაციო პალატას სააპელაციო პალატის დასკვნის სისწორეში/სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა.
33. ამასთან, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით და მიუთითებს სსკ-ის 128-ე და 130-ე მუხლებზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე უკუმოთხოვნას არ გააჩნია სამოქალაქო კოდექსის სახელშეკრულებო, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ან სხვა რაიმე სპეციალური ხანდაზმულობის ვადები და მათ მიმართ მოქმედებს ხანდაზმულობის საერთო 10-წლიანი ვადა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მართებულად იქნა დაკავშირებული ი.ბ–ძის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება მოპასუხეების მიერ უძრავი ქონების შეძენასთან. მითითებულ გარემოებათა ერთობლიობა, პალატის განსჯით, უცილობლად ადასტურებს სარჩელის ხანდაზმულობის ფაქტს, რასაც ვერ აქარწყლებს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტაცია.
34. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
35. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
37. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ი.ბ–ძეს (პ/ნ ............) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის 70% - 4200 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150 (საგადახდო დავალება №30292675428, გადახდის თარიღი 10.11.2025);
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბადრი შონია
ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე