შეწყდა
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1145-2025
17 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „გ–სი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ხ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ი.ხ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ–სის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ „კასატორი“) მიმართ მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარების თაობაზე.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2017 წლის 15 თებერვალს ი.ხ–სა და სს ,,თ.ბ–ს’’ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N381849, კრედიტის თანხა შეადგენა 1000 ლარს. მოსარჩელე გარკვეული პერიოდის განმავლობაში იხდიდა სესხის პროცენტს, თუმცა 2018 წლის 30 აგვისტოს შემდეგ მას არავითარი შენატანი არ განუხორციელებია მოპასუხის მიერ გაცემულ საკრედიტო ბარათზე, მისი ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო. ვალდებულების დარღვევიდან გასულია 5 წელი და ამ დროის განმავლობაში სს ,,თ.ბ–ს’’ არ მიუმართავს სასამართლოსთვის და არც სხვა გზით უცდია მოთხოვნის დაკმაყოფილება.
2.2. 2022 წლის 28 სექტემბერს სს ,,თ.ბ–მა’’ აღნიშნულ სესხზე მოთხოვნა დაუთმო შპს ,,გ–სს’’, რომელიც წარმოადგენს სარეაბილიტაციო და პრობლემური აქტივების მართვის კომპანიას.
2.3. შპს ,,გ–სმა’’ 2023 წლის 21 ივნისს განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ და მოითხოვა 2786.32 ლარის მოსარჩელისთვის იძულებით გადახდევინება აღნიშნული სესხის ვალდებულებიდან გამომდინარე.
2.4. აღსრულების ერობნულმა ბიურომ 2023 წლის 21 ივლისს გამოსცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რითაც ი.ხ–ს დაეკისრა ხანდაზმული დავალიანების გადახდა 2786,32 ლარის ოდენობით, საწყისი კრედიტის თითქმის სამმაგი ოდენობა.
2.5. 2023 წლის 11 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ გამოსცა აქტი- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რითაც მოსარჩელეს შეეზღუდა გარკვეული საკუთრების უფლებები.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხე მხარემ სასარჩელო მოთხოვნები არ ცნო და მიუთითა, რომ 2023 წლის 21 ივნისის განცხადების საფუძველზე, განხორციელდა გამარტივებული წარმოება. ი.ხ–ის მიერ არ განხორციელებულა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მე-7 ნაწილის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არცერთი მოქმედება, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენს. ი.ხ–მა არ ისარგებლა უფლებით, უარი ეთქვა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოქმედების შესრულებაზე, ვინაიდან არ წარადგინა პროტესტი აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანებაზე, შესაბამისად მან დაკარგა ხანდაზმულობის გამო ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლება.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი.ხ–ის სარჩელი მოპასუხე შპს “გ–სის” მიმართ დავალიანების ხანდაზმულად აღიარების თაობაზე. ი.ხ–სა და სს ,,თ.ბ–ს” შორის, (კრედიტორის უფლებამონაცვლე შპს “გ–სი”) 2017 წლის 15 თებერვალს დადებული №OM381849 სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულება 2786,32 ლარის ოდენობით აღიარებულ იქნა ხანდაზმულად; მოპასუხე შპს ,,გ–სს’’ მოსარჩელე ი.ხ–ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟის 50 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის გადახდა.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,გ–სმა’’
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის შპს „გ–სის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.
5.2. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო არა კლასიკური საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც გარკვეული ვადითაა გაცემული და ითვალისწინებს წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით სესხის ძირი თანხის, საპროცენტო სარგებლისა და საკომისიოების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდას, არამედ მხარეთა შორის გაფორმებული იყო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც გარკვეული სპეციფიკურობით ხასიათდება. მსესხებელს გადაეცემა საკრედიტო ბარათი, რომელზეც დამტკიცებულია საკრედიტო ლიმიტი და რომლის ათვისება მსესხებელს შეუძლია მისი შეხედულებისამებრ. ამასთან, თავად მსესხებელი განსაზღვრავს, თუ რა ოდენობის თანხა უნდა განათავსოს ბარათზე მხარეთა მიერ შეთანხმებული მინიმალური ოდენობის გათვალისწინებით და საპროცენტო სარგებლის გამოთვლა ხდება დაანგარიშების თარიღისთვის მსესხებლის მიერ ათვისებული თანხის მიხედვით. მსესხებელს ნებისმიერ დროს შეუძლია სრულად დააბრუნოს ათვისებული თანხა და ბარათის მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს გამოიტანოს დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში. პალატის მითითებით, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები არ წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებათა სახეს, რისთვისაც სამოქალაქო კანონმდებლობა ხანდაზმულობის ვადის ათვლის განსხვავებულ წესს ითვალისწინებს. ხელშეკრულებაში მითითებული ვადა დამტკიცებული ლიმიტით სარგებლობის თაობაზე არ უნდა იქნეს განმარტებული იმგვარად, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, თუკი გამსესხებელი ცალმხრივად არ შეწყვეტს ხელშეკრულებას, მას ხანდაზმულობის ვადის ათვლა ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე არ აეთვლება. ამ შემთხვევაში კრედიტორის უფლება დარღვეულად ითვლება მას შემდეგ, რაც მოვალე შეწყვეტს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასა და ათვისებული ლიმიტის მინიმალური ოდენობისა და საპროცენტო სარგებლის გადახდას შეთანხმებული წესის შესაბამისად.
5.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მასზე უნდა გავრცელდეს სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომლის ათვლაც უნდა მოხდეს ვალდებულების დარღვევის თარიღიდან, კერძოდ მას შემდეგ რაც მოვალემ შეწყვიტა ვალდებულების შესრულება.
5.4. ხანდაზმულობის ვადის ათვლის თარიღთან მიმართებით პალატამ აღნიშნა, რომ მსესხებელმა ვალდებულა დაარღვია 2018 წლის 11 ოქტომბრიდან, რაც მიჩნეულ უნდა იქნას ხანდაზმულობის ვადის ათვლის წერტილად. 11.10.2018 წლის შემდგომ მსესხებელს პროცენტის ან სხვა შენატანის გადახდით არ მოუხდენია ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა და 20.02.2017წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2021 წლის 11 ოქტომბერს. ხსენებულ პერიოდში კი არც ბანკს და არც მის უფლებამონაცვლეს დარღვეული უფლების თაობაზე პრეტენზია კანონით დადგენილი წესით არ განუცხადებიათ.
5.5. სააპელაციო პალატის მითითებით, მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე შეთანხმებით, სს „თ.ბ–მა“ შპს „გ–სს“ გადასცა უკვე ხანდაზმული მოთხოვნა და ცესიის სამართალურთიერთობა ვერ შეცვლიდა გადაცემული უფლების ფაქტობრივ-სამართლებრივ მახასიათებლებს.
5.6. აპელანტის მითითება, რომ სააღსრულებო ბიუროში მიმდინარე გამარტივებული წარმოების ფარგლებში პრეტენზიის წარუდგენლობით, მოსარჩელემ აღიარა მოპასუხის მიმართ არსებული დავალიანება და სააღსრულებო ბიუროს მიერ 21.07.2023 წელს გაცემული ბრძანება წარმოადგენს შპს „გ–სის“ მოთხოვნის დამოუკიდებელ საფუძველს, რომელიც უკვე აღარ არის მიბმული 20.02.2017წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებასთან, პალატამ არ გაიზიარა და მიუთითა, რომ საქმის მასალებიდან არ დგინდებოდა, თუ როდის ჩაბარდა ი.ხ–ს აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილი გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე და საერთოდ ჩაბარდა თუ არა. შესაბამისი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მხოლოდ ის ფაქტი, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ არ არის საკმარისი მოვალის ინფორმირებულად მიჩნევისთვის. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის შეთანხმებად და მოვალის ნების ცალსახა გამოვლენად ვერ ჩაითვლებოდა სააღსრულებო ბიუროში პრეტენზიის წარუდგენლობა, იმ პირობებში როდესაც სახეზე იყო ხანდაზმული მოთხოვნა და არ დგინდებოდა მოვალისთვის, სააღსრულებო ბიუროში მიმდინარე წარმოების თაობაზე, ინფორმაციის მიწოდების გარემოება.
5.7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შპს ,,გ–სმა’’.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. სასამართლოს განმარტება ეწინააღმდეგება კანონს. პირველ რიგში სასამართლომ უგულებელყო ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოების წესი. კანონი თავად არეგულირებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს აღნიშნული კანონის 91(7)-2 მუხლის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, მოვალე უფლებამოსილია არ დაეთანხმოს მოთხოვნას, თუ მას მართებულად არ მიიჩნევს. ამისთვის არც კი არის სავალდებულო, კონკრეტული საფუძვლების განმარტება და დასაბუთება, ვინაიდან აღსრულების ეროვნული ბიურო არ შეაფასებს გარემოებებს, მტკიცებულებებს და სხვ. რესპოდენტის პროტესტი საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ გამოიცეს ბრძანება დავალიანების გადახდევინებაზე უარის თქმის შესახებ. გამარტივებული წარმოების ეტაპზე ორივე მხარის უფლებები თანაბრადაა გათვალისწინებული და დაცულია შეჯიბრებითობის პრინციპი.
6.2. კასატორის მითითებით, ი.ხ–მა ჩაიბარა შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. აღნიშნული ფაქტი მას პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია. შეტყობინების ჩაბარების შემდეგ ი.ხ–ს არ განუხორციელებია კანონის 91(7)-2 მუხლში ჩამოთვლილ ქმედებათაგან არცერთი. მათ შორის, არ წარადგინა პროტესტი ვალდებულების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. კანონის 91(7)-4 ,,ა’’ მუხლის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას, თუ რესპოდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, აღსრულებოს ეროვნულმა ბიურომ გამოსცა ბრძანება N SP230670672/1128839, რომლის საფუძველზე ი.ხ–ს დაეკისრა დავალიანების გადახდა აპლიკანტის სასარგებლოდ. ბრძანება, დავალიანების შესახებ, სავალდებულოა და ექვემდებარება იძულებით აღსრულებას. ბრძანება ძალაშია გამოცემის დღიდან და მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
6.3. კასატორი აღნიშნავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობას ადგენს მხოლოდ სასამართლო. ვინაიდან ბრძანების გამოცემის დროისათვის არ არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარებასთან დაკავშირებით, შეუძლებელია მივიჩნიოთ, რომ ამ დროისთვის მოთხოვნა უკვე ხანდაზმული იყო. იმ პირობებში, როდესაც არც სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობდა მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარებაზე, არც რესპოდენტს გაუხდია სადავოდ მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი და სს ,,კ.ს–ოს’’ ბაზაშიც აქტიური იყო აღნიშნული მოთხოვნა, აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ ჰქონდა რაიმე საფუძველი უარი ეთქვა ბრძანების გამოცემაზე.
6.4. ბრძანების გამოცემის საფუძველი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და გაუგებარა რის საფუძველზე უგულებელყოფს აღნიშნულს სასამართლო. სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე სახეზე არის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქტი, რომლითაც ერთის მხრივ კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა და მეორეს მხრივ, იგივე მოთხოვნა სასამართლოს მიერ ხანდაზმულად არის აღიარებული, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავს. გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს, ორივე აქტის ბრძანების და გადაწყვეტილების აღსრულება ერთდროულად. სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც შეუძლებელია აღსრულდეს და ამასთან მისი აღსრულების შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება ბრძანების აღსრულება, რაც ასევე ეწინააღმდეგება სასამართლოს განმარტებას. ვინაიდან, ადმინისატრციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შეფასებისა და შესაბამისად, ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება მხოლოდ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გააჩნია. კანონი განსაზღვრავს ბრძანების გასაჩივრების წესს ადმინისტრაციული წესით. შესაბამისად, ბრძანების კანონიერების შესახებ რაიმე პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, ი.ხ–ს შეეძლო ადმინისტრაციული წესით გაესაჩივრებინა. რა დროსაც, სასამართლო ბრძანების/შეტყობინების ჩაბარების საკითხსაც განიხილავდა.
6.5. შეტყობინების ჩაბარების საკითხთან დაკავშირებით, კასატორი უთითებს, რომ სასამართლო ეჭვქვეშ აყენებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემული ბრძანების ნამდვილობას. ბრძანების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის ერთადერთ საფუძველს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება წარმოადგენს აღნიშნული აქტის ბათილად/ძალადაკარგულად არარად ცნობის თაობაზე. ვინაიდან, ასეთი გადაწყვეტილება არ არსებობს, სასამართლომ არც კი უნდა განიხილოს შეტყობინების ჩაბარების საკითხი. ვინაიდან, ბძრანების ბათილად ცნობამდე არსებობს პრეზუმფცია, რომ ის კანონის სრული დაცვით არის გამოცემული, ხოლო შეტყობინების ჩაბარება ბრძანების გამოცემის ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, ავტომატურად მიიჩნევა, რომ შეტყობინება ი.ხ–ს კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ამას თავად მხარეც არ ხდის სადავოდ). რაც შეეხება ბრძანების ჩაბარებას, იმ შემთხვევაში თუ რესპოდენტს ბრძანება არ ჩაბარებია, მას შესაძლებლობა ექნება ჩაიბაროს აღნიშნული ბრძანება და ადმინისტრაციული წესით გაასაჩივროს იგი.
6.6. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი ინერპრეტაცია მოახდინა აპელანტის ახსნა-განმარტების. სასამართლოს დასაბუთება ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის განმარტებას, სააპელაციო საჩივარს კი საფუძვლად არ უდევს აღნიშნული მუხლი. საჩვარში არ არის ნახსენები ვალის აღიარება, არამედ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნას საფუძვლად ედო გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო გადახდევინების შესახებ ბრძანება, რომელიც გამოიცა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ხოლო კასატორს გააჩნია მოთხოვნა აღნიშნული ბრძანებიდან გამომდინარე. შესაბამისად, სასამართლოს დასაბუთება ამ ნაწილში სრულად არარელევანტურია.
6.7. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’, რომლის გამოყენების ვალდებულებაც ჰქონდა. ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი იყო აღნიშნული კანონის საფუძველზე გამოცემული ბრძანება გადახდევინების შესახებ. ხოლო ბრძანება, თავისმხრივ, დამოუკიდებელი მოთხოვნის საფუძველს ქმნის, რაც გამორიცხავს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარების შესაძლებლობას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, შპს ,,გ–სის’’ საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებს და მათი შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მოცემულ სარჩელზე საქმისწარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. დადგენილია, რომ ი.ხ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე შპს ,,გ–სის’’ მიმართ, მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარების შესახებ მოთხოვნით.
10. სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2017 წლის 15 თებერვალს, ი.ხ–სა და სს “თ.ბ–ს” შორის დაიდო საკრედიტო №381849 ხელშეკრულება, კრედიტის თანხა შეადგენდა 1000 ლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა როგორც სარგებლის ასევე პირგასამტეხლოს დარიცხვა. გადახდის თარიღად მითითებული იყო ყოველი თვის 15 რიცხვი. მსესხებელი ვალდებული იყო სესხის თანხა გადაეხადა გრაფიკის შესაბამისად. ბოლო გადახდა მოსარჩელემ განახორციელა 2018 წლის 30 აგვისტოს. მას შემდეგ ვალდებულების შესრულების მიზნით ი.ხ–ს შენატანი არ განუხორციელებია. შესაბამისად, ხელშეკრულება დაირღვა 2018 წლის 15 სექტემბრიდან.
ი.ხ–ის დავალიანება №381849 სესხზე შეადგენს 2786,32 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 893,91 ლარი, პროცენტი - 1150 ლარი, სააპლიკაციო საფასური - 200 ლარი, პირგასამტეხლო - 542.41 ლარი.
2022 წლის 29 სექტემბერს, სს ,,თ.ბ–მა’’ მსესხებელ ი.ხ–ზე გაცემული №381849 სესხიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება დაუთმო შპს “გ–სს”.
2023 წლის 21 ივლისს, შპს ,,გ–სის” განცხადების საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ რესპოდენტის მიერ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 917-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არცერთი არ განხორციელებულა, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა. ბრძანებით განისაზღვრა მისი გასაჩივრების წესი და ვადა.
11. საკასაციო პალატა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით აღნიშნავს, რომ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოება ითვალისწინებს კრედიტორისთვის გამარტივებულ პროცედურას, რომელიც მიზნად ისახავს აღსრულების პროცედურის ეკონომიურობასა და ეფექტურობას. დასახელებული კანონის 914 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. დასახელებული კანონის 913 მუხლის თანახმად, აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა. ზემოაღნიშნული კანონის 917 პირველი პუნქტი აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადების რეგისტრაციიდან განუსაზღვრავს 5-დღიან ვადას რესპონდენტისთვის მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შეტყობინებისთვის. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი ითვალისწინებს რესპონდენტის უფლებებს შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში დაფაროს დავალიანება, განაცხადოს წერილობითი პროტესტი ან განახორციელოს ამავე მუხლით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე.
12. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 919 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება ძალაშია გამოცემის დღიდან. იგი მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას და საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აქვს აღსრულების წინასწარი საფასური. დგინდება, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2023 წლის 21 ივლისის №SP230670672/1128839 ბრძანება იმავე დღეს შევიდა ძალაში ანუ იქცა აღსასრულებელ გადაწყვეტილებად და დაექვემდებარა დადგენილი წესით აღსრულებას.
13. განსახილველ შემთხვევაში, ი.ხ–ის სარჩელის საგანს წარმოადგენდა იმ მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარება, რომელზეც აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიღებული ჰქონდა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ. სააღსრულებო ბიუროს ბრძანება გამოცემულია სპეციალური კანონის XVI1 თავით გათვალისწინებული ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების წესების დაცვით. აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერებაც უნდა შემოწმდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება ი.ხ–ს არ გაუსაჩივრებია (იხ. 2024 წლის 26 ნოემბრის სხდომის ოქმი).
14. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც არსებობს დავალიანების გადახდევინების შესახებ, აღსრულების ეროვნული ბიუროს კანონიერ ძალაში შესული ბრძანება, რომლითაც ი.ხ–ს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა და აღნიშნული ბრძანება იურიდიული ძალის მქონეა, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მიეღო და განეხილა სარჩელი მოთხოვნის (2017 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე) ხანდაზმულად აღიარებასთან დაკავშირებით.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ: არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; თუ კანონით დადგენილია სხვა შემთხვევა ("ბ" და "ზ" ქვეპუნქტები).
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომელიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
17. ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირველ ინსტანციაში საქმეთა განხილვისათვის დადგენილი წესები, თუ ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის რაიმე განსხვავებული წესი არც საკასაციო და არც სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის არაა დადგენილი. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის რაიმე განსხვავებულ წესს სააპელაციო და საკასაციო წარმოება არ ითვალისწინებს, ამიტომ გამოყენებულ უნდა იქნეს პირველ ინსტანციაში საქმეთა განხილვისათვის დადგენილი წესები.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ2“ პუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ ან მორიგების პირობების დამტკიცების თაობაზე იმავე საქმესთან დაკავშირებით.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
20. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად, სასამართლო საკუთარი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას და გააუქმებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებასა და ამავე გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინებას.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება, უნდა გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ი.ხ–ს შპს ,,გ–სის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაწეული ხარჯის 450 ლარის ანაზღაურება. ხოლო, მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში, სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე - ი.ხ–ის სარჩელისა გამო, მოპასუხე შპს ,,გ–სის’’ მიმართ მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარების თაობაზე;
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინება;
3. ი.ხ–ს შპს ,,გ–სის’’ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 450 ლარის გადახდა;
4. მოსარჩელე ი.ხ–ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში მყოფ #A23176652-005/002 სააღსრულებო საქმეზე (აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 21.07.2023 წელს გაცემული #230670672/1128839 აღსრულების ქვემდებარე აქტი, კრედიტორი შპს გ–სი, მოვალე ი.ხ–ი) იძულებითი აღსრულების წარმოება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ბადრი შონია
ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე