დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 20.01.2026
საქმის ნომერი
ას-1419-2025
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
20.01.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1419-2025 20 იანვარი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.ო–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – პ.ძ–ვა (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე შეგებებულ სარჩელში - ე.ძ–ვა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ძირითად სარჩელში); ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით მ.ო–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი არ დაკმაყოფილდა; პ.ძ–ვას (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“) შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ე.ძ–ვასა (შემდგომში - „თავდაპირველი მოპასუხე შეგებებულ სარჩელში“) და მოსარჩელეს შორის გაფორმებული 27.02.2020წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და დადგინდა, რომ საჯარო რეესტრში აღდგეს თავდაპირველი მოპასუხის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, ........., ს/კ №..........

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლით:

3.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელის წარმომადგენელმა - ე.ბ–მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში განსახილველად, ხოლო 2025 წლის 18 ივლისის განჩინებით სასამართლო სხდომა დაინიშნა 2025 წლის 6 აგვისტოს 13:00 საათზე. სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა ე.ბ–მა იშუამდგომლა მორიგების მიზნით სხდომის გადადება, რასაც დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატი ვ.კ–ი. მომდევნო სასამართლო სხდომის თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 29 ოქტომბერი 12:00 საათი. საქმის განხილვა გადმოინიშნა 2025 წლის 15 ოქტომბერს 14:00 საათზე. როგორც აპელანტს, ასევე მოწინააღმდეგე მხარეს კანონით დადგენილი წესით (სატელეფონო საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით) ეცნობათ სასამართლო სხდომის თარიღისა და დროის თაობაზე;

3.2. 2025 წლის 15 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი - ე.ბ–ი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2025 წლის 15 ოქტომბერს 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე აპელანტს ეცნობა სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. საქმეში წარმოდგენილია აქტი ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ, რომლითაც ირკვევა, რომ 02.10.2025 წელს 15:41 სთ-ზე სასამართლოს ოფიციალური სატელეფონო საკომუნიკაციო საშუალების მეშვეობით აპელანტის წარმომადგენელს ე.ბ–ს ეცნობა სასამართლო სხდომის თარიღისა და დროის შესახებ;

3.3. სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის წარმომადგენელმა ვ.კ–მა იშუამდგომლა აპელანტი მხარის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება;

3.4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 387-ე, 229-ე მუხლებით და 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და აღნიშნა, რომ, ვინაიდან 2025 წლის 15 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც სხდომის დაწყებამდე სასამართლოსთვის არ უცნობებია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებთან დაკავშირებით, ხოლო მოპასუხის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, მითითებულ ნორმათა საფუძველზე შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილებულიყო.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

4.1. 2025 წლის 17 ოქტომბერს მოსარჩელის წარმომადგენლისთვის ცნობილი გახდა, რომ საქმეზე სასამართლო სხდომა ჩატარებულა 2025 წლის 15 ოქტომბერს და სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო. საქმის მასალებით, მათ შორის, მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილი სატელეფონო აქტითა და სასამართლოს განჩინებით ირკვევა, რომ მოსამართლის თანაშემწე დაკავშირებია მოსარჩელის წარმომადგენელს 2025 წლის 02 ოქტომბერს და უცნობებია სხდომის თარიღის (29.10.25წ) გადმონიშვნის თაობაზე 2025 წლის 15 ოქტომბრისათვის;

4.2. 2025 წლის 06 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა სხდომის თარიღი (29.10.2025წ) მოინიშნა საქმისწარმოების პირად დღიურში, ხოლო სხდომის გადმონიშვნის თაობაზე ინფორმაცია სავარაუდოდ შესაძლოა მიაწოდა კიდეც მოსამართლის თანაშემწემ სატელეფონო საუბრის გზით, რაც არ ჰქონდა მონიშნული, ვინაიდან, როგორც ცნობილია, ადვოკატი ყოველდღიურად ასრულებს სხვადასხვა საქმეზე არსებულ ვალდებულებებს. 2025 წლის 02 ოქტომბერს შუადღის საათებში მოსარჩელის წარმომადგენელს ჰქონდა რამდენიმე სასამართლო სხდომა და შესაძლოა მოსამართლის თანაშემწე მას დაუკავშირდა სწორედ სხდომის დაწყებისას ან რამდენიმე წუთით ადრე, რის გამოც ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით სავარაუდოდ ვეღარ მოინიშნა სხდომის გადმონიშვნის თარიღი;

4.3. ზოგადად, ყოველი ასეთი შემთხვევის დროს მოსარჩელის წარმომადგენელი სასამართლო მოხელისაგან, რომელიც უკავშირდება სხდომის თარიღის ჩანიშვნის მიზნით, ითხოვს სხდომის თაობაზე სასამართლო უწყების მისთვის გაგზავნას, ვინაიდან არსებულ სიტუაციებში ვერ ახერხებს ხოლმე თარიღის მონიშვნას, თუ არ იმყოფება სამსახურში/სამუშაო ოფისში და არ აქვს ამ ინფორმაციის მონიშვნის საშუალება;

4.4. 2025 წლის 2 ოქტომბერსაც, როდესაც დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწე სხდომის თარიღის მოსანიშნად, დიდი ალბათობით მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვდა სასამართლო უწყების მისთვის გაგზავნას, ვინაიდან სხდომის გადმონიშვნის თარიღის შესახებ ინფორმაცია არსად არ აქვს მონიშნული;

4.5. შესაბამისად, თუ სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა მისთვის მის მიერ მოთხოვნილი სასამართლო უწყების გაგზავნა, მინიმუმ 15 ოქტომბრამდე სასამართლო შემადგენლობა დამატებით უნდა დაკავშირებოდა მას ამ ინფორმაციის შეხსენების მიზნით, ვინაიდან შემადგენლობას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მას არ ჰქონდა საშუალება თავის დროზე მოენიშნა სხდომის თარიღი და ამ საფუძვლით ითხოვა უწყების გაგზავნაც;

4.6. ზეპირი ინფორმაციის მიწოდებისას გასათვალისწინებელია, რა ვითარებაში, გარემოში და ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება სატელეფონო შეტყობინების მიმღები პირი და შეძლებს თუ არა ის ამ ინფორმაციის დამახსოვრებას/მონიშვნას. შესაბამისად, როდესაც მოსარჩელის წარმომადგენელმა ითხოვა ოფიციალური სასამართლო უწყების გაგზავნა იმ მიზეზით, რომ ვერ ახერხებდა თარიღის ჩანიშვნას, ამ ვითარებაში სასამართლოს, ცხადია, არ უნდა მიეღო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება იმ საფუძვლით, რომ თითქოს ეცნობა სხდომის თარიღის შესახებ და მაინც არ გამოცხადდა;

4.7. სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეულია არა საქმეზე ინტერესის დაკარგვის, გულგრილობის, სასამართლოს უპატივცემულობის ან უყურადღებობის გამო, არამედ იმის გამო, რომ არ ჰქონდა სათანადო ინფორმაცია სხდომის თარიღის შესახებ, ხოლო ის თარიღი, რაც გაჟღერდა 2025 წლის 06 აგვისტოს სხდომაზე, მონიშნული ჰქონდა მოსარჩელის წარმომადგენელს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით [სსსკ-ის 420-ე მუხლი]. საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას [სსსკ-ის 410-ე მუხლი].

8. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

9. თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ [სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები]. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები [სსსკ-ის 229.2 მუხლის პირველი წინადადება]. ხოლო 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობაც, თუ საქმის განხილვაზე მოსარჩელე არ გამოცხადდება, ხოლო მოპასუხე თანახმაა, რომ სარჩელი დარჩეს განუხილველად.

10. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოწინააღმდეგე მხარე ამის წინააღმდეგი არ არის, აპელანტი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (იხ.: სუსგ საქმე №ას-1668-2019, 28 თებერვალი, 2020 წელი; საქმე №ას-1380-2019, 24 დეკემბერი, 2019 წელი).

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

12. დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები [გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები], ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის [სსსკ-ის 241-ე მუხლი]. ამდენად, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა - სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-1410-1330-2017, 30 იანვარი, 2018 წელი).

13. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2025 წლის 15 ოქტომბერს 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა აპელანტი მხარის გამოუცხადებლობის გამო, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. დადგენილია ისიც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2025 წლის 15 ოქტომბერს 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე აპელანტს ეცნობა სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

14. აპელანტის წარმომადგენელი კერძო საჩივარში კატეგორიულად არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მას სხდომის გადმონიშვნის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა მოსამართლის თანაშემწემ სატელეფონო შეტყობინების გზით, თუმცა, ასეც რომ იყოს, საქმეში წარმოდგენილია სსსკ-ის 73-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი აქტი ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ, რომლითაც ირკვევა, რომ 02.10.2025 წელს 15:41 სთ-ზე სასამართლოს ოფიციალური სატელეფონო საკომუნიკაციო საშუალების მეშვეობით აპელანტის წარმომადგენელს ე.ბ–ს ეცნობა სასამართლო სხდომის თარიღისა და დროის შესახებ (2025 წლის 15 ოქტომბერს 14:00 საათზე) (იხ. ტ. 2. ს.ფ 301). საკასაციო პალატის განმარტებით, თუ სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ აქტი შედგენილია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მაშინ პრეზუმირებულია ამ აქტში მითითებული ფაქტების სისწორე, რომელთა გაქარწყლების მტკიცების ტვირთი აწევს მხარეს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებული პრეზუმირებული ფაქტების გასაქარწყლებლად მხოლოდ მხარის განმარტება არაა საკმარისი. ამისათვის, სსსკ-ის 102.1 და 103.1 მუხლების მიხედვით, საჭიროა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა (იხ. სუსგ საქმე №ას-670-641-2016, 21 ოქტომბერი, 2016 წელი). ამდენად, მხოლოდ მხარის განმარტება ვერ აქარწყლებს ტექნიკური საშუალებით (ტელეფონით) დაბარების შესახებ აქტში მითითებულ გარემოებას, რომ აპელანტი დაბარებული იყო სასამართლო სხდომაზე 2025 წლის 15 ოქტომბერს 14:00 საათზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მსგავსი განცხადება დასაბუთებულად უნდა ჩაითვალოს მხოლოდ მხარის განმარტების საფუძველზე, რაც მხარეთა ტელეფონით დაბარებას აზრს დაუკარგავდა (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1671-1567-2012, 10 მაისი, 2013 წელი). საგულისხმოა, რომ არც მხარეს წარუდგენია მტკიცებულება/არ უშუამდგომლია სატელეფონო შეტყობინების ციფრული ჩანაწერის გამოთხოვის თაობაზე, ასეთ ვითარებაში კი, მოქმედებს საქმეში წარმოდგენილი, კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი აქტის კანონიერების პრეზუმფცია (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1242-1162-2017, 29 დეკემბერი, 2017 წელი).

15. მოსარჩელის ადვოკატი ე.ბ–ი წარმოდგენილ კერძო საჩივარში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ასახელებს იმ გარემოებას, რომ 2025 წლის 02 ოქტომბერს შუადღის საათებში მას ჰქონდა რამდენიმე სასამართლო სხდომა და შესაძლოა მოსამართლის თანაშემწე დაუკავშირდა სწორედ სხდომის დაწყებისას ან რამდენიმე წუთით ადრე, რის გამოც ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით სავარაუდოდ ვეღარ მოინიშნა სხდომის თარიღი.

16. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

17. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო საქმის განხილვის თარიღის არჩანიშვნა არ წარმოადგენს ისეთ ობიექტურ გარემოებას, რომელიც სსსკ-ის 215-ე მუხლის რეგულირების სფეროში ექცევა და სადავო საპროცესო მოქმედებას – სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას გაამართლებს. კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული საფუძველი მეტად სუბიექტურია და სასამართლოს მხრიდან შეუძლებელია იმის შემოწმება, ამგვარ ფაქტს რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1440-1360-2017, 26 ოქტომბერი, 2018 წელი; სუსგ საქმე №ას-183-2023, 31 მაისი, 2023 წელი).

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სწორედ იმ მიზნით აწესებს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის მიზეზის შეფასების ზემოთ მოყვანილ წესს, რომ მხარეებმა საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და მხოლოდ ობიექტურად გამოუვალი მდგომარეობა იქნეს მიჩნეული დასახელებული მოვალეობების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად. განსახილველ საქმეზე მსგავს გარემოებაზე კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია (იხ. სუსგ საქმე №ას-455-2024, 14 ივნისი, 2024 წელი).

20. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მას დავის მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმისადმი დაინტერესება, უპირველესად, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაში გამოიხატება (იხ. სუსგ საქმე №ას-1379-2024, 12 ნოემბერი, 2024 წელი). ამასთან, საკასაციო პალატა სამართალწარმოების დისპოზიციურობის, პროცესის ეკონომიურობის პრინციპებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გათვალისწინებით განმარტავს, რომ ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იყოს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა განაწილების სამართლიანი ბალანსი. ერთი მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლების არამართლზომიერად გამოყენებამ არ უნდა დააბრკოლოს მოდავე მხარის უფლებების რეალიზაცია და უსაფუძვლოდ არ უნდა გააჭიანუროს პროცესი (იხ. სუსგ საქმე №ას-1412-2018, 10 დეკემბერი, 2018 წელი).

21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. შესაბამისად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ო–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე