დატოვებულია უცვლელად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-81-2025 20 იანვარი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.ბ–ვი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ზ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ს.ბ–ვის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ზ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 700.00 აშშ დოლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2020 წლის 6 თებერვალს ე.ი–ძემ საბერძნეთიდან განახორციელა ფულადი გზავნილის ოპერაცია, მიმღების - მოპასუხის სასარგებლოდ, 2 000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა მიიღო მოპასუხემ, რის შესახებაც 2020 წლის 7 თებერვალს სატელეფონო მიმოწერისას აცნობა ე.ი–ძეს, იქვე აღნიშნა, რომ ამ ფულით აპირებდა ოქროს გამოტანას და გამოხატა უდიდესი მადლიერება ე.ი–ძის მიმართ [სასამართლომ ამ საქმეზე წარმოდგენილი სატელეფონო მიმოწერის ასლები, რომლებიც ციფრულ მტკიცებულებად ჩათვალა, სათანადო მტკიცებულებად შეაფასა და მათ დაეყრდნო ამ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და შეფასების მიზნით. სატელეფონო მიმოწერის ფოტოასლის („სქრინშოთის“) მტკიცებულებად გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა შემდეგი: თანამედროვე სამყაროში სულ უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება კომპიუტერული ტექნოლოგიები და ადამიანები კომუნიკაციის მიზნით უფრო და უფრო ხშირად მოიხმარენ კომპიუტერულ მოწყობილობებს (კომპიუტერი, აიპადი, აიფონი, სმარტფონი და სხვა), როგორც ინფორმაციის უსწრაფესად გადაცემის მარტივად ხელმისაწვდომ ფორმას. ამ ვითარებაში, შეიძლება ითქვას, რომ სამართალწარმოებაში გაჩნდა მტკიცებულების ახალი სახე, როგორიც არის ციფრული (ელექტრონული) მტკიცებულება. „ციფრული მტკიცებულებების სამეცნიერო-სამუშაო ჯგუფის (SWGDE) ხედვით, ციფრულ მტკიცებულებად ითვლება მტკიცებულებითი ღირებულების მქონე ინფორმაცია, რომელიც შენახული ან გადაცემულია ციფრული, ელექტრონული ფორმით. კომპიუტერული მტკიცებულებების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOCE) შეფასებით კი ელექტრონული მტკიცებულებაა ინფორმაცია, რომელიც შენახული ან გადაცემულია ბინარული ფორმით და მისი გამოყენება შესაძლებელია სასამართლოში. კომპიუტერული მონაცემი არის მომხმარებლის მიერ კომპიუტერულ სისტემაში შეყვანილი, ხოლო შემდგომ კომპიუტერული მოწყობილობის მიერ ავტომატურად დამუშავებული, შენახული ან გადაცემული ნებისმიერი ინფორმაცია. ხოლო ელექტრონული მტკიცებულება – კომპიუტერულ სისტემაში არსებული კომპიუტერული მონაცემი, რომელიც ღირებულია გამოძიებისთვის ან პროცესის მონაწილე მხარისათვის, სასამართლოში მნიშვნელოვანი გარემოებების დასადასტურებლად (იხ. თ. ხიდეშელი, კომპიუტერული მონაცემის ცნების, მახასიათებლებისა და მისი ავთენტურობის საკითხისათვის, ჟურნ. „სამართლის ჟურნალი“, N 1, 2021)];
2.2. ე.ი–ძე გარდაიცვალა 2021 წლის 4 დეკემბერს. 2023 წლის 3 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით ე.ი–ძის მემკვიდრემ - შვილმა (მოსარჩელემ) მამკვიდრებლის სამკვიდრო მიიღო სრულად, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით;
2.3. სარჩელის მიხედვით, 2021 წლის ივლისში მოპასუხემ სესხის დაბრუნების ანგარიშში მოსარჩელეს, დედამისის თანხმობით, გადასცა 200 აშშ დოლარი, ხოლო 2022 წლის 8 თებერვალს, ე.ი–ძის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელეს 100 აშშ დოლარი ჩაურიცხა პირად ანგარიშზე. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა, რომ 100 აშშ დოლარი 2022 წლის 8 თებერვალს გ.ი–ძემ დაუბრუნა.
2.4. აღნიშნული, გარდა თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტისა, რომელიც მთავარ სხდომაზე წარმოდგენის გამო, საქმეს არ დაერთო, მოსარჩელის განმარტებით, დასტურდება ციფრული მიმოწერით. სასამართლომ მიუთითა, რომ მიმოწერაში 100 [აშშ] დოლარის ჩარიცხვას ადასტურებს თვითონ მოსარჩელე და, ამავე დროს, აღნიშნავს, რომ დარჩენილია 1700 [აშშ] დოლარი. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 429.1 მუხლით და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიმოწერიდან შემდეგი სიტყვები: „ჩამერიცხა 100 დოლარი. მადლობა. დანარჩენი 1700 დოლარიც იქნებ მალე მომაწოდო“, რაც საქმეშია წარმოდგენილი ფოტოასლების („სქრინშოთ“) სახით როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის მიერ, ამ უკანასკნელის მხრიდან - ფაქტების კონსტატაციის ოქმის სახით, დადასტურებულია გარემოება, რომ 2022 წლის 8 თებერვლისთვის სასესხო დავალიანება შემცირებული იყო 300 აშშ დოლარით და შეადგენდა 1 700 აშშ დოლარს.
3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 316.1, 317-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობა, რომლისთვისაც საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება არ გათვალისწინებულა, სადავოდ არ გამხდარა. სადავოდ არ გამხდარა ასევე ის გარემოება, რომ სასესხო ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულებულა. სააპელაციო საჩივრის საფუძვლების თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა წარმოადგენდა მხოლოდ, მოპასუხე იყო თუ არა მსესხებელი.
4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ ობიექტური გარემოების დადასტურება, რომ ის არ იყო მსესხებელი, თუმცა მას ამ კუთხით დასაბუთებული მტკიცება სასამართლოსათვის არ შეუთავაზებია. საწინააღმდეგო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში კი მხოლოდ მოპასუხის განმარტებას სასამართლო ვერ გაიზიარებდა, ვინაიდან იგი თავად წარმოადგენდა პროცესის მონაწილეს და უშუალოდ იყო დაინტერესებული საქმის შედეგით.
5. პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელემ სესხის გადაცემა დაადასტურა ფულის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით. აღსანიშნავია, რომ ფულის გადარიცხვის ფაქტი თვით მოპასუხესაც არ გაუხდია სადავოდ, მისი პოზიცია ძირითადად იმას ემყარება, რომ ფული გ.ი–ძეს - მის ყოფილ ქმარს გადაეცა. ამასთან, სადავო არ არის, რომ გ.ი–ძეს გააჩნდა ფულის დაბრუნების ნება, რაც ასახულია იმ მიმოწერაში, რასაც მოპასუხე წარმოადგენს, როგორც იმ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომ მსესხებელს გ.ი–ძე წარმოადგენდა. სასამართლომ მოპასუხის პოზიცია მის არასათანადო მოპასუხეობის საკითხთან დაკავშირებით არ გაიზიარა, რადგან სესხის არსებობის დადასტურების ვითარებაში, მსესხებლად სწორედ ის მიიჩნევა, ვინც ფული მიიღო. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხის მიერ 2 000 აშშ დოლარის მიღება საქმეზე დადასტურებულია. ამასთან, თუნდაც დოკუმენტურად დასტურდებოდეს, რომ 2022 წლის 8 თებერვალს 100 აშშ დოლარი გ.ი–ძემ გადასცა მოსარჩელეს, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება მიანიშნებს, რომ აღნიშნულით სხვა რაიმე განხორციელდა და არა მოპასუხისთვის გადაცემული 2 000 აშშ დოლარის ნაწილის დაბრუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე მტკიცებულებათა ანალიზისა და შეფასების შედეგად პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ე.ი–ძის მიერ 2021 წლის 6 თებერვალს მოპასუხისთვის ჩარიცხული 2 000 აშშ დოლარი წარმოადგენდა სესხს, რომლის დაბრუნების ვალდებულება ეკისრება იმ პირს, ვინც ფული მიიღო.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
7.1. სააპელაციო სასამართლოს დეტალურად რომ შეესწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები და სწორი შეფასება მიეცა მათთვის, მაშინ ადვილად დაადგენდა იმ ფაქტს, რომ თანხის მსესხებელი იყო გ.ი–ძე;
7.2. ე.ი–ძესთან სასესხო ურთიერთობაში რეალურად იყო მისი ძმისშვილი - გ.ი–ძე, რომელმაც ნოტარიული ახსნა-განმარტებით დაადასტურა ვალდებულება. სამწუხაროდ, აღნიშნული ახსნა-განმარტება საერთოდ არ აქვს შეფასებული არცერთი ინსტანციის სასამართლოს. მოცემული ფაქტი ასევე დასტურდება საქმეში წარდგენილი მესენჯერის მიმოწერებიდან, რომლებიც ასევე არასწორად იქნა შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მიერ;
7.3. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე №ას-127-119-2015), რომელიც ანალოგიურ დავას ეხება, მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა, რომლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ წარმოადგინა სადავო თანხის იტალიიდან გადმოგზავნის გზით ს.მ-ისათვის თანხის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება (ფულადი გზავნილის გადარიცხვის ამსახველი ამონაწერი), თუმცა მასში რაიმე მინიშნება/მითითება არ არის მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობაზე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სადავოა თანხის გადაცემის დანიშნულება (სამართალურთიერთობის კვალიფიკაციისათვის) მხოლოდ ს.მ-ის სახელზე სადავო თანხის გადმოგზავნა და ს.მ-ის მიერ ამ თანხის მიღების ფაქტით არ შეიძლებოდა დადასტურებულიყო მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სესხის ზეპირი ხელშეკრულების არსებობაზე მითითებისას სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა. სწორედ ამ გარემოების არსებობა განაპირობებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპირისპირო ვალდებულების, სესხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. ამდენად, სასესხო ურთიერთობის სადავოობის შემთხვევაში, სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა;
7.4. უდავოა, რომ ე.ი–ძის მიერ მოპასუხის სახელზე გამოგზავნილი იქნა 2000 აშშ დოლარი და ეს თანხა მიიღო მოპასუხემ, რომელმაც ეს თანხა გადასცა გ.ი–ძეს. თანხის გ.ი–ძეზე გადაცემის ფაქტი დასტურდება საქმეში არსებული მიმოწერით, სადაც კასატორი ე.ი–ძეს ატყობინებს, რომ გ.ი–ძემ გამოგზავნილ თანხას 700-ლარი დაამატა და მთლიანი ოქრო გამოიტანაო. საკასაციო სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ფულის გადარიცხვის ამსახველ ამონაწერში რაიმე მინიშნება/მითითება არ არის მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობაზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ კასატორს, როგორც თანხის მიმღებს, თანხის დაბრუნების ვალდებულება არ უკისრია ე.ი–ძის მიმართ და რეალურად ამ თანხის დაბრუნების ვალდებულება იკისრა გ.ი–ძემ, რაც კიდევაც დაადასტურა მან საქმეში წარმოდგენილი ნოტარიული ახსნა-განმარტებით. გ.ი–ძის ახსნა-განმარტების გარდა, საქმეში წარმოდგენილი მესენჯერის მიმოწერებითაც უტყუარად დასტურდება, რომ თანხის დაბრუნების ვალდებულება გ.ი–ძემ აიღო;
7.5. კასატორის ყოფილი მეუღლე არის კერძო ხელოსანი - სანტექნიკი. იგი წყლის და გათბობის გაყვანილობებს აკეთებს და საკმაოდ სოლიდური შემოსავალი ჰქონდა იმ დროს, როდესაც კასატორი მასთან ერთად ერთ ოჯახად ცხოვრობდა. ეს ფაქტი დასტურდება 2020 წლის 16 ოქტომბრის წერილში, რომელიც მესენჯერით ე.ი–ძემ მისწერა გ.ი–ძეს. ამ ელექტრონულ წერილში ე.ი–ძე წერს: „გ., რატომ მითიშავ მაგრამ იცი რაზეც გირეკავ, გ. მე რომ ვიცი შენი ფი-ნანსები აი ეგ მაგიჟებს. შენთვის 100 ევრო არაფერია, მაგრამ პატივი გეცით და ახლა შენ მეცი პატივი და დამიბრუნე ჩემი თანხა“. ამ წერილიდან ნათლად სჩანს და ნათლად იკვეთება ის ფაქტი, რომ ე.ი–ძემ იცოდა, რომ გ.ი–ძეს იმ პერიოდში სოლიდური შემოსავლები ჰქონდა, მან გ.ი–ძეს ასესხა თანხა და ამ წერილში იგი გ.ი–ძეს სთხოვდა თანხის დაბრუნებას. სადავო სესხის დაბრუნების ვალდებულება გ.ი–ძეს რომ არ აეღო, მაშინ ამ შინაარსის წერილს არ მისწერდა ე.ი–ძე გ.ი–ძეს და მისგან არ მოითხოვდა თანხის უკან დაბრუნებას. თანხის გამოგზავნის პერიოდში კასატორი კერძო კომპანიაში მუშაობდა კვირაში ორი დღე, სადარბაზოების დეზინფექციას აკეთებდა და მას თვეში 200-250 ლარი ჰქონდა ხელფასი. 2020 წლის დასაწყისში კასატორის ოჯახს ოქროულობა ჰქონდა დალომბარდებული და ამ ლომბარდის ყოველთვიურ გადასახადს იხდიდა კასატორის ყოფილი მეუღლე. ზუსტად გ.ი–ძის ინიციატივა იყო, რომ მას ფული ესესხა მამიდისაგან, ამ თანხით ერთიანად გამოეტანა დალომბარდებული ოქრო, შემდგომ ყოველთვიურად 100 აშშ დოლარით დაეფარა ვალი მამიდისათვის და ამით დაზოგავდა იმ თანხას, რაც მას ყოველთვიურად უნდა ეხადა ლომბარდში პროცენტის სახით. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თავად გ.ი–ძემ დაურეკა მამიდას და სთხოვა, რომ მას 2000 აშშ დოლარი ესესხებინა და იგი ამ 2000 აშშ დოლარს 100 აშშ დოლარობით ყოველთვიურად დაუბრუნებდა და ასე გაისტუმრებდა ვალს. ვინაიდან გ.ი–ძე დაკავებული იყო და არ ეცალა, ამიტომ თანხა კასატორის სახელზე გამოიგზავნა და შემდგომ ეს თანხა კასატორმა გ.ი–ძეს გადასცა. საქმეში არსებულ მიმოწერებში ნათლად ჩანს ის ფაქტი, რომ ნასესხებ თანხას გ.ი–ძემ კიდევ დაუმატა 700 ლარი და დალომბარდებული ოქრო გამოიტანა, რომელიც შემდგომ ისევ დაალომბარდა ისე, რომ ამის შესახებ კასატორმაც კი არ იცოდა და თანხის გადაუხდელობის გამო, სამწუხაროდ, დალომბარდებული ოქრო დაიკარგა. საქმეში არსებულ ერთ-ერთ მიმოწერაში კასატორი ე.ი–ძეს წერს, რომ გამოგზავნილ ფულს გ.ი–ძემ 700 ლარი დაამატა და ოქრო გამოიტანაო. ამ გარემოებით კი უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ ნასესხები თანხა გ.ი–ძეს გადაეცა, რადგან იგი იყო სადავო თანხის მსესხებელი;
7.6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ გ.ი–ძეს გააჩნდა თანხის დაბრუნების ნება და ამ დროს მსესხებლად კასატორი ჩათვალა. ვინაიდან გ.ი–ძე იყო თანხის მსესხებელი, მას ზუსტად ამიტომ გააჩნდა თანხის დაბრუნების ნება. ამასთან, როდესაც გ.ი–ძემ ნოტარიული ახსნა-განმარტება დაწერა, იგი იმ დროს უკვე გაცილებული იყო კასატორთან და სადავო თანხის მსესხებელი რომ არ ყოფილიყო, მაშინ ახსნა-განმარტებაში არ დაწერდა, თანხა მე ვისესხე მამიდაჩემისაგანო;
7.7. სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს 2021 წლის 19 ოქტომბრის მიმოწერაზე, 2020 წლის 16 ოქტომბრის მიმოწერაზე, 2020 წლის 05 დეკემბრის მიმოწერაზე, 2020 წლის 12 ივლისის მიმოწერაზე, 2022 წლის 24 მარტისა და 28 მარტის მიმოწერებზე, 2020 წლის 06 დეკემბრის მიმოწერაზე, 2020 წლის 28 აგვისტოს მიმოწერასა და 2020 წლის 02 ოქტომბრის მიმოწერაზე. ზემოაღნიშნულ თარიღებში გაგზავნილი „მესენჯერის“ წერილებით ნათლად იკვეთება ის ფაქტი, რომ ე.ი–ძე გ.ი–ძეს სთხოვს თანხის დაბრუნებას, კასატორი გ.ი–ძის სახელით წერს და გ.ი–ძის სახელით ჰპირდება თანხის დაბრუნებას.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას [სსსკ-ის 410-ე მუხლი].
12. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი].
13. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2020 წლის 06 თებერვალს ე.ი–ძემ საბერძნეთიდან განახორციელა ფულადი გზავნილის ოპერაცია, მიმღების - მოპასუხის სასარგებლოდ, 2 000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა მიიღო მოპასუხემ. სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარეთა შორის ურთიერთობა შეფასებულია სესხის ხელშეკრულებად. კასატორი საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადავოდ ხდის მხოლოდ იმ გარემოებას, წარმოადგენს თუ არა იგი სესხის ხელშეკრულების მხარეს - მსესხებელს.
14. ამდენად, უდავოა, რომ სესხი გაცემულია 2000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული ოდენობით დოლარში სესხის გაცემა ეწინააღმდეგება სსკ-ის 625.7 მუხლს, რომლის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, 200 000 (ორასი ათას) ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სესხის გაცემის შედეგად მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 200 000 (ორასი ათას) ლარს აღემატება. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი.
15. სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სსკ-ის 61.1 მუხლის თანახმად, უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან.
16. უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ეწოდება ისეთ გარიგებას, რომელიც დადებისთანავე ბათილია და მონაწილეთა მიერ განზრახულ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს (61 I). ასეთი გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი არ დადგება არც გარიგების უშუალო მონაწილეების და არც მესამე პირების მიმართ. გარიგება დადებისთანავე ბათილია და მას ნამდვილად ვერ გადააქცევს ვერც გარიგების მონაწილეთა შემდგომი მოქმედება, ვერც სახელმწიფო ორგანოს მხრიდან მოწონება ან სასამართლოს გადაწყვეტილება. კანონი არ ითვალისწინებს ბათილი გარიგების გამოსწორების შესაძლებლობას. ბათილი გარიგების ბათილად მიჩნევისათვის არ არის სავალდებულო რაიმე პროცედურის დაცვა: შეცილება, გარიგების ბათილობის მოთხოვნა ან სასამართლოს მიერ მისი მიჩნევა ბათილად, რადგან უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, გვ. 314).
17. განსახილველ შემთხვევაში 200 000 ლარამდე სესხი გაცემულია უცხოურ ვალუტაში, ხოლო მსესხებლის მთლიანი ვალდებულება არ აღემატება 200 000 ლარს, შესაბამისად, გამსესხებელი ვალდებული იყო სესხი ეროვნულ ვალუტაში - ლარში გაეცა, რის გამოც სესხის გარიგება კანონსაწინააღმდეგო და ბათილია სსკ-ის 625.7 და 54-ე მუხლების საფუძველზე (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1455-2024, 15 აპრილი, 2025 წელი; №ას-447-2024, 10 მარტი, 2025 წელი).
18. თუმცა, სადავო არ არის, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო 2000 აშშ დოლარი ბათილი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლიდანაც დაბრუნებულია 300 აშშ დოლარი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა თანხის - 1700 აშშ დოლარის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე გამომდინარეობს კონდიქციური ვალდებულებიდან და მისი სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტია.
19. კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე (იხ. სუსგ საქმე №ას-360-342-2015, 03 ივნისი, 2015 წელი).
20. უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან. ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კუმულატიურად, კერძოდ: მოპასუხის გამდიდრება; მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1249-1269-2011, 4 აპრილი, 2012 წელი).
21. სსკ-ის 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
22. შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა. შესრულების კონდიქციისას, ისევე, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა, ამ კანონისმიერი ვალდებულების მთავარი მიზანი იმ ქონებრივი ბალანსის აღდგენაა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვითომ კრედიტორის გამდიდრება. კონდიქციური ვალდებულების მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია: მოპასუხის გამდიდრება; ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; მატერიალურ/არამატერიალურ სიკეთეთა ამ გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა. მითითებულთაგან ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა, მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავს, ამასთანავე, როგორც მატერიალური (სსკ-ის 976-ე მუხლი), ისე საპროცესო (სსსკ-ის 102-ე მუხლი) ნორმის თანახმად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს (იხ. სუსგ საქმე №ას-344-329-2016, 22 აპრილი, 2016 წელი). სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე (იხ. სუსგ საქმე №ას-74-71-2016, 25 მაისი, 2016 წელი).
23. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მიიჩნევს, რომ იგი არ წარმოადგენს თანხის დაბრუნებაზე ვალდებულ პირს. კასატორი უთითებს საქმეში არსებულ სატელეფონო მიმოწერის ფოტოასლებზე, რომლებითაც, მისი შეფასებით, დასტურდება, რომ ე.ი–ძემ გ.ი–ძეს (კასატორის ყოფილ მეუღლეს) ასესხა თანხა და თავად არ ეკისრება პასუხისმგებლობა თანხის დაბრუნებაზე.
24. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლი]. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოწმის ჩვენების, მხარის ახსნა-განმარტების სანდოობის შეფასებისას სხვა გარემოებებთან ერთად გაითვალისწინება მისი უნარი, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში [სსსკ-ის 105-ე მუხლი].
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. მტკიცებულებები უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც მათ იურიდიულ ბუნებას ახლავს. თითოეული მტკიცებულების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებზე საუბარი. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და შეფასებული თითოეული დეტალი, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასების მეთოდი მოიცავს თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრას დამოუკიდებლად. გამომდინარე აქედან, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ (იხ. სუსგ საქმე №ას-589-896-09, 22 იანვარი, 2010 წელი).
26. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, მიუთითებს თანხის გადარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტზე. დადგენილია, რომ 2020 წლის 6 თებერვალს ე.ი–ძემ საბერძნეთიდან განახორციელა ფულადი გზავნილის ოპერაცია, მიმღების - მოპასუხის სასარგებლოდ, 2 000 აშშ დოლარის ოდენობით (იხ. ტ. 1. ს.ფ. 29). აღნიშნული თანხა მიიღო მოპასუხემ, რის შესახებაც 2020 წლის 7 თებერვალს სატელეფონო მიმოწერისას აცნობა ე.ი–ძეს, იქვე აღნიშნა, რომ ამ ფულით აპირებდა ოქროს გამოტანას და გამოხატა უდიდესი მადლიერება ე.ი–ძის მიმართ (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1 ქვეპუნქტი).
27. საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე საქმეში წარმოდგენილ 2021 წლის 18 აგვისტოს მიმოწერაზე [რომელშიც ე.ი–ძე მიმართავს მოპასუხეს: „ს. ლამის გადავირიე ჯერ მითხრა ივნისში თუ არა ივლისში მოგცემო აგერ დღეს 18 აგვისტოა მე შენ მოგეცით და ნება მიბოძე და როგორმე ააღებინე თვის ბოლომდე“ (იხ. ტ. 1. ს.ფ. 158)], ასევე მოპასუხესა და ე.ი–ძის შვილს - მოსარჩელეს შორის 2022 წლის 22 იანვრის მიმოწერაზე [მოსარჩელე წერს შემდეგს: „ს., ამდენი ხანი გავიდა და არ შემეხმიანე...6 თებერვალს გახდება 2 წელი და 200 დოლარზე მეტი არ მოგიცია, ყოველთვე ხო უნდა გეხადა 100 დოლარი, ეხლა გასტუმრებულიც გექნებოდა ეგ ვალი. 1800 დოლარი ცოტა თანხა არაა. პირადად შენ მოგეცი და შენ გთხოვ, არ მიხსენო შენი ქმარი. რას იზამ მომწერე... შენ გენდეთ და შენ გასესხე და არა გ–ის...“; აღნიშნულის პასუხად, მოპასუხე წერს შემდეგს: „ფულს რო დაგვიბრუნებს ეს მეპატრონე მაშინ და მანამდე ღმერთით თუ რამეს გამოვაკლებ შეგეხმიანები პირადი ნომერი მომწერე მქონდეს მაინც იქნება ღმერთით მანამდე მოგცე აღარ მაქვს შენი პირადი ნომერი წამიშალა ყველაფერი გ–იმ...“ (იხ. ტ. 1. ს.ფ. 165, 166)], 2022 წლის 14 მარტის მიმოწერაზე [რომლიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელე სთხოვს მოპასუხეს 100 დოლარის ჩარიცხვას, ხოლო მოპასუხე წერს შემდეგს: „მართლა არ მაქვს თორე დიდი სიამოვნებით მოგცემდი რა გავაკეთო რომ მქონდეს შანსი უფალს გეფიცები მართლა მთელი გულით გეუბნები სასტიკად მაწუხებს რა გავაკეთო ძალიან ცუდ დღეში ვარ და არ მაქვს. რაღაცნაირად როგორც კი მოვახერხებ, აუცილებლად ეგრევე ჩაგირიცხავ“ (იხ. ტ. 1. ს.ფ. 173)], 2022 წლის 28 მარტის მიმოწერაზე [მოსარჩელე სთხოვს მოპასუხეს თანხის ჩარიცხვას, მოპასუხე კი პასუხობს: „ვეუბნები გ–ის და ასაღები მაქვს და ჩავურიცხავო სესხებით ვერ ვისესხებ ვერსად არ აქვს ფული ხალხს“. ხოლო მოსარჩელე აგრძელებს საუბარს: „მართლა არ აქვს ფული ხალხს? არ მაინტერესებს ვის ეუბნები და ვინ გაძლევს ფულს, ეგ შენი გიორგი ჩემთვის აღარაფერია ისეთ დროს მიღალატა. ფული შენ გასესხეთ და შენ გთხოვ სოფო“ (იხ. ტ.1. ს.ფ. 174-175)], 2022 წლის 23 მაისის მიმოწერაზე [მოსარჩელე სწერს მოპასუხეს შემდეგს: „აქამდე ივნისს ველოდებოდი, დამიბრუნებს ვალს თქო, ეხლა გადამიტანე აგვისტოში. თუ მანქანის გაყიდვას აპირებ ეგეც მალე მოაგვარე. კიდევ გახსენებ, მესამე წელი დაიწყო და სამას დოლარზე მეტი არ გადამიხადე... გადაწყვიტე ნოტარიულად დამიწერ რომ ვალი გაქვს, თუ მანქანას გაყიდი...“ (იხ. ტ. 1. ს. ფ. 176)].
28. ზემოაღნიშნული და საქმეში არსებული დანარჩენი მიმოწერების ერთობლივი ანალიზის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თანხის დაბრუნებაზე პასუხისმგებელ პირს სწორედ მოპასუხე წარმოადგენს. აღნიშნულს ვერ აბათილებს კასატორის მიერ მითითებული 2020 წლის 16 ოქტომბრის მიმოწერა, რომლის თანახმად, ე.ი–ძე წერს კასატორის ყოფილ მეუღლეს შემდეგს: „გიო რატომ მითიშავ მაგრამ იცი რაზეც გირეკავ გ. მე რომ ვიცი შენი ფინანსები აი ეგ მაგიჟებს შენთვის 100ე არაფერია მაგრამ პატივი გეცით და ახლა შენ მეცი პატივი და დამიბრუნე ჩემი თანხა“ (იხ. ტ. 1. ს.ფ. 107). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ვინაიდან ე.ი–ძემ თანხა ჩაურიცხა მოპასუხეს და მის ქმედებას, როგორც ზემოთ მითითებული მიმოწერებიდან ირკვევა, სწორედ მოპასუხის მიმართ არსებული ნდობა ედო საფუძვლად, რელევანტური აღარ არის ის გარემოება, რომ მოპასუხე თანხის დაბრუნებას აპირებდა მეუღლის ფინანსური მხარდაჭერით ან, თავად ე.ი–ძე ცდილობდა თანხის ამოღებას კასატორის მეუღლისგან (საკუთარი ძმისშვილისგან).
29. ზემოაღნიშნულ ფაქტს ვერ აბათილებს მოპასუხის ყოფილი მეუღლის გ.ი–ძის ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებაც, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ 2020 წლის თებერვლის დასაწყისში მას დასჭირდა თანხა; დაურეკა მამიდამისს (ე.ი–ძეს) საბერძნეთში და სთხოვა, რომ მისთვის სესხის სახით მიეცა 2000 აშშ დოლარი; ვინაიდან იგი სამუშაო დღეებში მუდმივად დაკავებული იყო, მან მამიდამისს სთხოვა თანხის გამოგზავნა მეუღლის - მოპასუხის სახელზე, ხოლო შემდგომ მოპასუხე მას გადასცემდა ამ თანხას; მოპასუხე იმ დროს არ მუშაობდა, იყო დიასახლისი და მას ე.ი–ძისაგან არ უსესხია თანხა და, შესაბამისად, ამ სესხის დაბრუნებაზე მას არანაირი ვალდებულება არ აუღია ე.ი–ძის მიმართ; ე.ი–ძემ და მოსარჩელემ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მოპასუხეს არანაირი ფულადი თანხის გადახდის საშუალება არ ჰქონდა; შესაბამისად, მათ თანხა ასესხეს მოპასუხის ყოფილ მეუღლეს, იცოდნენ რა, რომ იგი მუშაობდა და ჰქონდა ვალის გასტუმრების საშუალება; მოპასუხე მისი დავალებით მოქმედებდა თანხის მიღების დროსაც და მესენჯერში სმს-ების მიწერის დროსაც (იხ. ტ. 1. ს.ფ. 190-192).
30. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. კანონი არ ახარისხებს მტკიცებულებათა სახეებს სანდოობის ხარისხის მიხედვით. მტკიცებულების ყველა სახე თანაბარი რანგისაა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით. თუმცა, შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებას საფუძვლად უნდა ედოს მტკიცებულებათა ობიექტური და სრული განხილვა. შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად თავად წყვეტს, თუ რომელი მტკიცებულებაა სარწმუნო და რომელ მათგანს უნდა დაეყრდნოს იგი. მტკიცებულების შეფასების მთავარი კრიტერიუმი ობიექტურობაა. მტკიცებულება ობიექტურად უნდა ასახავდეს ამა თუ იმ მოვლენას, ან/და ადასტურებდეს ამა თუ იმ ფაქტის არსებობას. შესაბამისად, აღნიშნულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, ობიექტურად, ყოველი გონიერი ადამიანი ერთსა და იმავე დასკვნამდე უნდა მიდიოდეს. მტკიცებულების შეფასების მიზნებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა მის სანდოობას (სარწმუნოობას) ენიჭება. მტკიცებულების სანდოობა განაპირობებს მოსამართლის დარწმუნების ალბათობის ხარისხს. რაც უფრო სანდოა მტკიცებულება, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილება ეყრდნობა, მით უფრო მაღალია აღნიშნულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების ლეგიტიმაციაც (იხ. ქეთევან მესხიშვილი, ჰაგენლოხი / ალავიძე / ბაქაქური / ბერეკაშვილი / გასიტაშვილი / თოდუა / მესხიშვილი / ქათამაძე / ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), GIZ, თბილისი, 2020, გვ. 544-545). სასამართლო ვალდებულია, საქმეში არსებული მტკიცებულებები შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, რაც გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების განხილვას და გამორიცხვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მტკიცებულების სისწორეზე (იხ. სუსგ საქმე №ას-1339-1377-2014, 24 ივნისი, 2015 წელი). სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.
31. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მიმოწერებისა და მოპასუხისთვის თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის პირობებში, მოპასუხის ყოფილი მეუღლის ახსნა-განმარტება ვერ ჩაითვლება მოპასუხის პოზიციის დამადასტურებელ საკმარის და სარწმუნო მტკიცებულებად.
32. ამდენად, სარჩელით მოთხოვნილი თანხის - 1700 აშშ დოლარის დაბრუნებაზე ვალდებული პირი სწორედ მოპასუხეა და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მას კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია.
33. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, რაც აღნიშნული განჩინების ძალაში დატოვებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
34. ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს კასატორის მიერ გაღებული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების სსსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები და აღნიშნული ხარჯი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს.ბ–ვის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე