დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 18.12.2025
საქმის ნომერი
ას-1355-2025
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.12.2025

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე Nას-1355-2025

18 დეკემბერი 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – შპს „ა–ი“, შპს „ე–ი“, შპს „ე.“, მ.მ–ვა, თ.ა–ია

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ლ–ი“

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სს „თ.ლ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს შპს „ა–ს“, შპს „ე–ს“, შპს „ე–ს“, მ.მ–ვას, თ.ა–იას, მოსარჩელე, სს „თ.ლ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ - 366 374.82 ლარის გადახდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აპელანტების წარმომადგენელმა - დ.მ–ძემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად.

4. სააპელაციო პალატამ, განმარტა, რომ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შევსების ვადის უშედეგოდ გასვლა გახდა სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძველი, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

5. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტების წარმომადგენელმა, დ.მ–ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნება.

6. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია მიემართება იმ გარემოებაზე, რომ აპელანტებმა ვერ შეძლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა მისი დიდი მოცულობიდან და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 09 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. 10. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა არ შეავსეს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის, მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით, რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისთვის.

13. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე (თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა) სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინებით, შპს „ა–ს“, შპს „ე–ს“, შპს „ე–ს“, მ.მ–ვას და თ.ა–იას სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ: მიეთითებინათ, თუ რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა; ასევე მიეთითებინათ იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებას; ამასთან, აპელანტებს უნდა წარმოედგინათ 7000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია. აპელანტებს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან, 10 დღის ვადა.

15. ზემოაღნიშნული განჩინება გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელს. გზავნილი ჩაბარდა ადრესატს, 2025 წლის 11 აპრილს (ს.ფ 391-392), ხოლო ამავე წლის, 22 აპრილს წარმოდგენილ იქნა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, სააპელაციო საჩივრის ელ. ვერსია და შუამდგომლობა დანარჩენ ნაწილში (ბაჟი) ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე, (ს.ფ. 393).

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის განჩინებით, შპს „ა–ს“, შპს „ე–ს“, შპს „ე–ს“, მ.მ–ვას და თ.ა–იას წარმომადგენლის შუამდგომლობა, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადა გაუგრძელდათ 10 დღით, განჩინების ასლის ჩაბარებიდან. მათვე დაევალათ, წარმოედგინათ 7000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (ფიზიკური პირებისათვის სააპელაციო საჩივარზე წარმოსადგენი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განსაზღვრულია 5000 ლარის ოდენობით).

17. ზემოაღნიშნული განჩინება გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელს. გზავნილი ადრესატს ჩაბარდა, 2025 წლის 19 მაისს (ს.ფ 414-415), ხოლო 2025 წლის 29 მაისს წარმოდგენილ იქნა აპელანტების წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე (ს.ფ 416).

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ივნისის განჩინებით, შპს „ა–ს“, შპს „ე–ს“, შპს „ე–ს“, მ.მ–ვას და თ.ა–იას წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადა გაუგრძელდათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადით. აპელანტებს დაევალათ წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

19. ზემოაღნიშნული განჩინება გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელს. გზავნილი ადრესატს ჩაბარდა, 2025 წლის 20 ივნისს (ს.ფ 421-422).

20. 2025 წლის 30 ივნისს, წარმოდგენილ იქნა აპელანტების წარმომადგენლის შუამდგომლობა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება (ს.ფ. 423).

21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

22. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

23. სსსკ-ის მე-60 მუხლის, მეორე ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით, ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის, მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება;

24. განსახილველ შემთხვევაში, განჩინება აპელანტების წარმომადგენელს, დ.მ–ძეს სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, 2025 წლის 20 ივნისს, შესაბამისად, საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2025 წლის, 21 ივნისს და დასრულდა 2025 წლის 30 ივნისს. აპელანტებს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსიათ. კერძოდ, არ წარმოადგინეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება.

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივარი არ შეიცავს მითითებას, კონკრეტულად, რა საპროცესო დარღვევები იქნა დაშვებული სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისას და რა საფუძვლით უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება. კერძო საჩივრის ავტორი მხოლოდ ზოგადად უთითებს, რომ აპელანტებმა ვერ შეძლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა მისი დიდი მოცულობიდან და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

26. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია(იხ. სუსგ. №ას-1177-2023, 16.11.2023წ.).

27. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიუთითებს მოპასუხეების მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე, სადაც არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების გრაფაში (ს.ფ. 405) მონიშნული არ არის და არც ცალკე შუამდგომლობების გრაფაში, დაყენებული არ არის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე. ამასთან, არც სააპელაციო წესით განხილვისა და არც საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდნენ მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ გარემოებას.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს სტანდარტის მიხედვით, სამართალწარმოებისთვის გარკვეული საფასურის დაწესება არ არღვევს კონვენციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელიც მოიცავს სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებასაც. სასამართლოს განმარტებით, ბაჟის ოდენობა უნდა გამოანგარიშდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად მომჩივნის ფინანსური მდგომარეობისა და სამართალწარმოების ეტაპის გათვალისწინებით (Kreuz v. Poland, 19.06.2001). სადავო შემთხვევაში, სახეზეა ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი, რეგლამენტირებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით, რომლის დარღვევის გამო, სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს.

29. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. (იხ. სუსგ-ები: №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-1188-2024 22.11.2024წ.).

30. ამგვარად, საკასაციო პალატა, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ზომა - ხარვეზის შეუვსებლობის გამო (სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა) სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, კანონიერია და კერძო საჩივრის ავტორებს არ მიუთითებიათ გარემოებები, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

31. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა არაერთხელ გაუგრძელდა. ამასთან, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თავდაპირველი განჩინების მიღებიდან (20.03.2025წ.) სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე (09.07.2025წ.) გასულია თითქმის ოთხი თვე და ამ დროის განმავლობაში სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის შემოწმების ეტაპზეა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს ხარვეზის შესავსებად საკმარისი ვადა მიეცა, ხოლო ვადის დამატებით გაგრძელება, საქმის განხილვის დაუსაბუთებელ გაჭიანურებას გამოიწვევდა, რაც ეწინააღმდეგება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპს და ლახავს მოწინააღმდეგე მხარის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს (იხ. სუსგ. საქმე საქმე №ას-918-2025,23.07.2025წ; ას-938-2025, 30.09.2025წ.).

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სსსკ-ის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „ა–ის“, შპს „ე–ის“, შპს „ე–ის“, მ.მ–ვას, თ.ა–იას წარმომადგენლის, დ.მ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ივლისის განჩინება; 3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი