დატოვებულია განუხილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1595-2025
30 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა.ა–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა.ა–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ა–მა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ა.ა–ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა.ა–მა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ა–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო (კერძო) საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო (კერძო) საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო (კერძო) საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო (კერძო) საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით კი განიმარტა, რომ აღნიშნული განჩინების გასაჩივრება შესაძლებელი იყო კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების ასლის მხარისთვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრით გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 დეკემბრის განჩინება ა.ა–ის ადვოკატს ირაკლი ალხაზაშვილვს გაეგზავნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში მითითებულ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ........., მე-2 სართული, ოფისი N8 და გზავნილი ჩაბარდა ოფისის თანამშრომელს, დაცვას, დ.ო–ს პ/ნ ........ 2025 წლის 4 დეკემბერს (იხ. მინდობილობა -ტომი I, ს.ფ. 89-93, სააპელაციო საჩივარი - ტომი I, ს.ფ. 168-176; ჩაბარების დასტური - ტომი I, ს.ფ. 185).
სსსკ-ის 60-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, ა.ა–ისათვის კერძო საჩივრის წარმოდგენის 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო მისი ადვოკატის თანამშრომლისათვის განჩინების ჩაბარების მეორე დღეს - 2025 წლის 5 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 16 დეკემბერს, რომელიც სამუშაო დღე - სამშაბათი. ამდენად, ა.ა–ი ვალდებული იყო კერძო საჩივარი წარმოედგინა 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში ა.ა–ის კერძო საჩივარი არ წარმოუდგენია. მისმა ადვოკატმა კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამარლოში წარადგინა 2025 წლის 18 დეკემბერს, განჩინების ჩაბარებიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა.ა–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ-ის 396-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ვადის გაშვების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 416-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ა–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლევან ნემსაძე