დატოვებულია უცვლელად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1512-2025
28 იანვარი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – პ.კ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ლ.ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში პ.კ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კერძო საჩივრის ავტორი“, განმცხადებელი“) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით:
6.1. ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებად განესაზღვრა 10 დღე; აპელანტს უნდა წარედგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
6.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე აპელანტს არაერთხელ გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ..........., თუმცა უწყება ვერ ჩაბარდა. 2024 წლის 19 ივნისის საფოსტო უკუგზავნილის თანახმად - „არავინ იყო, ვესაუბრე ვერ ჩაიბარებს რაიონშია“;
6.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე აპელანტს არაერთხელ გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე- თბილისი, .........., თუმცა აპელანტს უწყება ვერ ჩაბარდა. 2024 წლის 19 ივნისი საფოსტო უკუგზავნილის თანახმად - „არავინ იყო, ვესაუბრე ვერ ჩაიბარებს რაიონშია“;
6.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტებით, ასევე დასტურდება, რომ აპელანტს ეცნობა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ და განემარტა განჩინების ჩაბარების ვალდებულების შესახებ, თუმცა მხარეს განჩინება არ ჩაუბარებია;
6.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოს საუბნო სამსახურს დაევალა 7 დღის ვადაში, განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება შემდეგ მისამართზე - თბილისი, გლდანი, ........... ან/და თბილისი, .......;
6.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს პოლიციის I განყოფილების 2024 წლის 16 ოქტომბრისა და 2024 წლის 12 ოქტომბრის წერილებით დგინდება, რომ აპელანტს განჩინება ვერ ჩაბარდა. ჩაუბარებლობის მიზეზად, ერთ შემთხვევაში, მითითებულია, რომ აპელანტმა სატელეფონო საუბრის დროს პოლიციის ოფიცერს განუცხადა, რომ ჩაიბარებდა განჩინებას, მაგრამ მის მიერ მითითებულ დროს განჩინების ჩაბარება არ მომხდარა, ხოლო მეორე შემთხვევაში - მითითებულ მისამართზე არავინ დახვდათ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს პოლიციის I სამმართველოს 2024 წლის 26 ნოემბრის წერილის თანახმად, გზავნილი ვერ ჩაბარდა ადრესატს, რადგან „კარი არავინ გააღო“;
6.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებით აპელანტს საჯარო შეტყობინების მეშვეობით ეცნობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განჩინების შესახებ, რომლითაც სააპელაციო საჩივარზე მხარეს დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად განესაზღვრა 10 დღის ვადა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, მასვე განემარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78.2 მუხლის თანახმად, სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შემთხვევაში, სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლებოდა განჩინების ვებ-გვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს. შესაბამისად, აპელანტს ხარვეზი უნდა შეევსო საჯარო შეტყობინების გამოქვეყნების მეშვიდე დღიდან 10 (ათი) დღის ვადაში. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად;
6.8. საჯარო შეტყობინება ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 2024 წლის 11 დეკემბერს;
6.9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განჩინებით დადგენილ 10-დღიან საპროცესო ვადაში აპელანტის მიერ ხარვეზი არ შევსებულა.
7. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი.
8. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო საჩივარი დასაბუთებული იყო, რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, მხარე შუამდგომლობდა მისი გადახდის გადავადების შესახებ, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
13. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით რეგლამენტირებულია სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესი. აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. იმავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებ-გვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
16. საქმეში „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხილეთ „ნიდეროსტ-ჰუბერი შვეიცარიის წინააღმდეგ“, (Nideröst-Huber v. Switzerland), 18/02/1997, §23, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1997-I; „კრესი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Kress v. France) [დიდი პალატა], no. 39594/98, § 72, ECHR 2001-VI; „ეივონი საფრანგეთის წინააღმდეგ“(Yvon v. France), no. 44962/98, § 31, ECHR 2003- V; და „გორაიზი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“(Gorraiz Lizarraga and Others v. Spain), no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III). კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებებს, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ „აჟდაჯიჩი სლოვენიის წინააღმდეგ“ (Aždajić v. Slovenia), no. 71872/12, §49, 08/10/2015, და „განკინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ (Gankin and Others v. Russia), nos. 2430/06, 1454/08, 11670/10 და 12938/12, § 26, 31/05/2016). თუმცა, აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე (ibid.; ასევე იხილეთ mutatis mutandis, ზემოთ ციტირებული საქმე - „ზადოვნიკი“ (Zavodnik), §72) (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, GAKHARIA v. GEORGIA, განაცხადი N 30459/13).
17. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განჩინება 2-ჯერ გაეგზავნა მხარეს მის მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა მისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. საქმეში ასევე მოიპოვება მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტები, რომელთა თანახმად, აპელანტს ეცნობა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ მიღებულ 2024 წლის 29 მაისის განჩინების თაობაზე და განემარტა მისი ჩაბარების ვალდებულება, თუმცა მხარეს განჩინება არ ჩაუბარებია. მხარისათვის განჩინების ჩაბარება ვერც შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს საუბნო სამსახურმა შეძლო, შესაბამისად, მოპასუხეს ხარვეზის განჩინების შესახებ საბოლოოდ საჯარო შეტყობინების გზით ეცნობა.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სასამართლოს მხრიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა აპელანტისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარება, ხოლო საქმის მასალებიდან არ იკვეთება განჩინების სხვაგვარად ჩაბარების შესაძლებლობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლიდან გამომდინარე, უფლებამოსილი იყო მისთვის აღნიშნული განჩინების თაობაზე ეცნობებინა საჯარო შეტყობინების გზით.
19. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების თაობაზე საჯარო შეტყობინების გზით ეცნობა 2024 წლის 23 დეკემბერს, შესაბამისად, მისთვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დაწესებული საპროცესო ვადის ათვლა (10 დღე) დაიწყო მომდევნო დღიდან - 2024 წლის 24 დეკემბრიდან (სსსკ-ის 60.2 მუხლი). სადავო არ არის, რომ აპელანტს აღნიშნულ ვადაში არც ხარვეზი შეუვსია და არც ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის. აღნიშნული კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
20. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო საჩივარი დასაბუთებული იყო, ხოლო მხარე ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ არის დასაბუთებული და არც რაიმე სახის შუამდგომლობას შეიცავს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკითხზე (იხ. სააპელაციო საჩივარი, ს.ფ 126-134). სასამართლოში წარდგენილია ფორმალური სააპელაციო საჩივარი. ამასთან, ასეც რომ არ იყოს, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიაზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო აპელანტისთვის ხარვეზის დადგენის მართლზომიერებაზე, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით, სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან შემცირების თაობაზე არ უმსჯელია, ვინაიდან ხარვეზის აღმოფხვრისათვის დადგენილ ვადაში აპელანტს სასამართლოსთვის ასეთი შუამდგომლობით არ მიუმართავს. ასეთი შუამდგომლობა აპელანტს არც სააპელაციო საჩივარში დაუყენებია.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, № 8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს; კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-ე-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ამგვარად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. პ.კ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან ნემსაძე