დატოვებულია განუხილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ას-1275-2025
30 იანვარი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - შპს „ლ. და გ–ა“, ზ.გ–ი, ა.ხ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.გ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს - შპს „ლ. და გ–ას“, დ.გ–ს და ზ.გ–ს 2022 წლის 20 აპრილს დადებული N GCLCA000584652-8262084-14060602 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისრათ 89 394.13 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 89 362.43 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 30.60 ლარი, საკომისიო - 1.10 ლარი. მოპასუხეებს - შპს „ლ. და გ–ას“, დ.გ–ს და ზ.გ–ს 2022 წლის 20 აპრილს დადებული N GCLCA000584652-8262084-14060602 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების ძირი თანხის - 89 362.43 ლარის წლიური 12 %-ის სარგებლის გადახდა 28.06.2023 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოპასუხეებს შპს „ლ. და გ–ას“, დ.გ–ს და ზ.გ–ს 2020 წლის 20 ივლისს დადებული NGCLCA000429865-6767602-10414426 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისრათ 106 781.74 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 92 624.46 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 6 157.28 ლარი, პირგასამტეხლო - 10 000 ლარი. მოპასუხეებს შპს „ლ. და გ–ას“, დ.გ–ს და ზ.გ–ს 2020 წლის 20 ივლისს დადებული N GCLCA000429865-6767602-10414426 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების ძირი თანხის - 92 624.46 ლარის წლიური 12 % სარგებლის გადახდა 10.10.2023 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოპასუხეებს შპს შპს „ლ. და გ–ას“, დ.გ–ს და ზ.გ–ს 2020 წლის 20 ივლისს დადებული N GCLCA000429860-6767570-10414426 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისრათ 37 670.55 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 36 847.12 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 823.43 ლარი. მოპასუხეებს შპს „ლ. და გ–ას“, დ.გ–ს და ზ.გ–ს 2020 წლის 20 ივლისს დადებული N GCLCA000429860-6767570-10414426 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების ძირი თანხის- 36 847.12 ლარის წლიური 12 % სარგებლის გადახდა, 14.09.2023 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოპასუხეებს შპს „ლ. და გ–ას“, დ.გ–ს და ზ.გ–ს 2020 წლის 30 ივლისს დადებული N GCLCA000432172-6781834-10479011 (პროგრამული ნომერი: 678...) საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისრათ 26 054.56 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 25 484.70 ლარი, პროცენტი - 569.86 ლარი. მოპასუხეებს შპს „ლ. და გ–ას“, დ.გ–ს და ზ.გ–ს 2020 წლის 30 ივლისს დადებული N__GCLCA000432172-6781834-10479011 (პროგრამული ნომერი: 6781..) საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების ძირი თანხის - 25 484.70 ლარის წლიური სარგებლის 12 %-ის გადახდა, 14.09.2023 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოპასუხეებს შპს „ლ. და გ–ას“, დ.გ–ს და ზ.გ–ს 2020 წლის 20 ივლისს N GCLCA000429847-6767489-10414426 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისრათ 36 895.58 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 36 847.12 ლარი, დარიცხული პროცენტი 48.46 ლარი. მოპასუხეებს შპს „ლ. და გ–ას“, დ.გ–ს და ზ.გ–ს 2020 წლის 20 ივლისს N GCLCA000429847-6767489-10414426 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების ძირი თანხის - 36 847.12 ლარის წლიური 12 % სარგებლის გადახდა, 28.06.2023 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან და მის საფუძველზე დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით განხორციელდა იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია: მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ........, მესაკუთრე - შპს „ლ. და გ–ა“ (ს/ნ.......); მდებარე: ქ.რუსთავი, ..........; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ............, მესაკუთრე - ა.ხ–ი (პ/ნ..........) ); მდებარე: ქ.რუსთავი, ........... იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა საკმარისი არ იქნება დავალიანების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცევა მოპასუხეებს - შპს შპს „ლ. და გ–ას“, დ.გ–ის და ზ.გ–ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე. ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ.გ–მა, შპს „ლ. და გ–ამ“, ზ.გ–მა და ა.ხ–მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის განჩინებით, დ.გ–ის სააპელაციო საჩივარი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებული იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივლისის განჩინებით, სს „ს.ბ–ის“, შპს „ლ. და გ–ას“, ზ.გ–ის და ა.ხ–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს შპს „ლ. და გ–ამ“, ზ.გ–მა და ა.ხ–მა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით ასევე გაასაჩივრა დ.გ–მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით, დ.გ–ის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივლისის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით, კასატორებს - შპს „ლ. და გ–ას“, ზ.გ–ს და ა.ხ–ს დაევალათ საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება და განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული საკასაციო საჩივრის, გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზები) მითითებით და სახელმწიფო ბაჟის 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება კასატორების - შპს „ლ. და გ–ას“, ზ.გ–ის და ა.ხ–ის წარმომადგენელს ვ.მ–ს ჩაბარდა 2025 წლის 25 დეკემბერს. (ტ-3; ს.ფ.371).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ლ. და გ–ას“, ზ.გ–ის და ა.ხ–ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია (იხ. სუსგ Nას-1305-2022 11.05.2023წ)
როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით, შპს „ლ. და გ–ას“, ზ.გ–ს და ა.ხ–ს დაევალათ საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება. კერძოდ, დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ დასაბუთებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზები) მითითებით და სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ოქტომბრის განჩინება, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - თბილისი, .............., ვ.მ–ზე გადასაცემად ჩაბარდა იურისტს ა.ვ–ს 2025 წლის 25 დეკემბერს (იხ. ჩაბარების დასტური ტ-3; ს.ფ.371), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 7 დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2025 წლის 26 დეკემბერს და ამოიწურა 2026 წლის 08 იანვარს უქმე დღეების გათვალისწინებით. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით განსაზღვრულ შვიდ დღიან ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ (იხ. სუსგ Nას-840-2024 31.07.2024წ)
პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად.
საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.
განსახილველ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქმეს არ ერთვის რაიმე მტკიცებულება, რაც დაასაბუთებდა კასატორებისათვის სახელმწიფო ბაჟზე დადგენილი ხარვეზის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შევსების შეუძლებლობას, მძიმე მატერიალური მდგომარეობის ან სხვა ობიექტური გარემოების გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება №ას-1220-2018).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორების მიერ ხარვეზი არ გამოსწორებულა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე 372-ე, 396.3-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ლ. და გ–ას“, ზ.გ–ის და ა.ხ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი