დატოვებულია განუხილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1389-2025
8 იანვარი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „მ.დ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ი–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ზ.ი–ას სარჩელი მოპასუხეების შპს „მ.დ–ის“ და ვ.მ–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. მოპასუხე შპს „მ.დ–ს“ მოსარჩელე ზ.ი–ას სასარგებლოდ დაეკისრა ამხანაგობა მთაწმინდა რეზიდენსის 2016 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის 14 000 აშშ დოლარის ანაზღაურება;
2. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე შპს „მ.დ–ისთვის“ ამხანაგობა მთაწმინდა რეზიდენსის 2016 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების, მიუღებელი შემოსავლის სახით ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევიდან ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 530 აშშ დოლარის ოდენობით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
3. მოსარჩელის მოთხოვნა ბათილად იქნეს ცნობილი შპს „მ.დ–სა“ და ვ.მ–ს შორის 2023 წლის 08 მაისის გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმების თარიღი 2023 წლის 08 მაისი, უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ............ ქუჩა N26, ს.კ .......... სართული 1, ბინა 1ა, მე-2 ბლოკი, ნიშნული - 3 არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „მ.დ–მა“ და ზ.ი–ამ. შპს „მ.დ–მა“ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო ზ.ი–ამ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივნისის განჩინებით შპს „მ.დ–ისა“ და ზ.ი–ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს „მ.დ–მა“, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრუად უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ნოემბრის განჩინებით შპს „მ.დ–ის“ მოთხოვნა სახლემწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შპს „მ.დ–ს“ დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2025 წლის 10 ნოემბერს. კასატორს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ.დ–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება – უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია შეიზღუდოს. ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ნოემბრის განჩინებით შპს „მ.დ–ს“ დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო ბარათით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელ მ.ს–ძეს პ/ნ ........... და ჩაბარდა პირადად მას 2025 წლის 10 ნოემბერს (იხ.: საფოსტო ბარათი - ტ. IV, ს.ფ. 380; მინდობილობა ტ. IV, ს.ფ 267-268).
სსსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორისთვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2025 წლის 11 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 17 ნოემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე - ორშაბათი. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2025 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მ.დ–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ–ის 396–ე მუხლის თანახმად, ვინაიდან, კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო მისთვის დადგენილი ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399–ე, 372–ე, 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 401–ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ.დ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლევან ნემსაძე