დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 18.12.2025
საქმის ნომერი
ას-1356-2025
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.12.2025

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე Nას-1356-2025

18 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ბ.კ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ლ–ვა (მოსარჩელე)

დავის საგანი – უძრავი ქონების მართვის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებულად აღიარება, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით ნ.ლ–ვას სარჩელი შპს ,,ბ.კ–ას" მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.1. შეწყვეტილად იქნა ცნობილი შპს „ბ.კ–სა“ და ნ.ლ–ვას შორის 2022 წლის 09 ივნისს გაფორმებული უძრავი ქონების (ს/კ ..........) მართვის შესახებ ხელშეკრულება და შესაბამისი ვალდებულება დაფიქსირებული საჯარო რეესტრით;

1.2. შეწყვეტილად იქნა ცნობილი და გაუქმდა საჯარო რეესტრის ჩანაწერით არსებული ვალდებულება გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულებით მე-7 მუხლით, სადაც მითითებულია მართვის ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულების თაობაზე;

1.3. არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის - ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრების ნაწილში;

1.4. არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე თანხის დაკისრების თაობაზე.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ.ლ–ვას წარმომადგენელმა, მან მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება მიუღებელი შემოსავლის ნაწილში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინებით ნ.ლ–ვას სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და განსაზღვრულ იქნა 7 დღის ვადა მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) წარმოსადგენად. მოწინააღმდეგე მხარის მიერ დადგენილ ვადაში იქნა წარმოდგენილი შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 აგვისტოს განჩინებით შპს ,,ბ.კ–ას“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად 2025 წლის 5 სექტემბერს.

5. ნ.ლ–ვას წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადებით და მოითხოვა სსსკ-ის 378-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა და შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ნ.ლ–ვას სააპელაციო საჩივარზე წარმოება შეწყდა, ხოლო შპს "ბ.კ–ას" შეგებებული სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე უფლებამოსილია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას სააპელაციო საჩივარზე, რაც ამავე სააპელაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის საფუძველია, შესაბამისი სამართლებრივი შედეგებით.

8. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, თუ სპეციალური ნორმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

9. სსსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

10. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

11. სსსკ-ის 379-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.

12. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 379-ე მუხლი იმპერატიული შინაარსისაა, რაც მისი სხვაგვარი გამოყენების შესაძლებლობას არ იძლევა. აღნიშნული გამომდინარეობს თავად შეგებებული სააპელაციო საჩივრის არსიდან, რაც გამოიხატება იმაში, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი ორგანულად არის დაკავშირებული ძირითად სააპელაციო საჩივართან. სწორედ ამის გამო, თუკი სასამართლო განუხილველად დატოვებს სააპელაციო საჩივარს, მაშინ შეგებებული სააპელაციო საჩივარი კარგავს თავის დანიშნულებას და ძირითადი სააპელაციო საჩივრის ბედს იზიარებს.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 სექტემბრის განჩინება შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ბ.კ–ას“ წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.

14. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, რადგან არ ირკვევა, თუ რა საფუძვლით დატოვა სააპელაციო სასამართლომ მისი შეგებებული სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შპს „ბ.კ–ას“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

16. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ შპს „ბ.კ–ას“ შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

18. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს იგი უნდა განეხილა სააპელაციო საჩივრის განხილვისგან დამოუკიდებლად.

19. სსსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში (სააპელაციო საჩივარი).

20. სსსკ-ის 379-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.

21. ამრიგად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა პროცესის მონაწილე სუბიექტს (მხარეებს, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირებს) მათთვის არასასურველი შედეგის განმსაზღვრელი სასამართლო გადაწყვეტილებისგან თავის დაცვის ორ დამოუკიდებელ ინსტრუმენტს სთავაზობს: 1) სააპელაციო საჩივრისა და 2) შეგებებული სააპელაციო საჩივრის სახით. ამასთან, შეგებებული სააპელაციო საჩივრის აღძვრის შესაძლებლობა უზრუნველყოფს, რომ გადაწყვეტილებით ნაწილობრივ უკმაყოფილო პროცესის მონაწილეს მაშინაც კი შეეძლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ეფექტის შეკავება, როდესაც ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, იგი მოკლებულია იმგვარი მძლავრი საპროცესო ბერკეტის გამოყენების შესაძლებლობას, როგორიც სააპელაციო საჩივარია. სუბიექტურ მიზეზში საკასაციო პალატა მოიაზრებს გასაჩივრების ვადის გასვლის ან გასაჩივრების უფლებამოსილების გამოყენებაზე უარის თქმის გამო სააპელაციო საჩივრის წარდგენის შეუძლებლობას, ხოლო ობიექტურ ფაქტორებში მოიაზრება ის საპროცესო წინაღობები, რომლებიც გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრებს იმთავითვე დაუშვებლად მოიაზრებენ (იხ. სუსგ ას-1233-2022, 21.10.2022წ.).

22. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ინსტიტუტი უფლების დაცვის დამატებითი საპროცესო საშუალებაა, რაც ნათლად ვლინდება სსსკ-ის 379-ე მუხლის მეორე წინადადებაში - ძირითადი სააპელაციო საჩივრის გამო საქმისწარმოების შეწყვეტისა თუ მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში, შეგებებული სააპელაციო საჩივარიც იზიარებს იმავე საპროცესო ბედს.

23. შეგებებული სააპელაციო საჩივრის მიმართ სრულად ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ ის მოთხოვნები, რომლებსაც კანონმდებელი სსსკ-ის 368-ე მუხლით უდგენს ძირითად სააპელაციო საჩივარს, ასევე, სასამართლოს დამატებით ევალება მხარის მიერ 10-დღიანი საპროცესო ვადის დაცვის უტყუარად გამორკვევა. შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონმდებელი ადგენს რა სპეციალურ წინაპირობებს, სასამართლოს არ აქვს რაიმე უფლებამოსილება, მისი განსახილველად დაშვებისათვის დააწესოს დამატებითი, კანონით გაუთვალისწინებელი საფუძვლები (იხ. სუსგ ას-1175-2021, 17.03.2022წ).

24. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტ ნ.ლ–ვას წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადებით და მოითხოვა სსსკ-ის 378-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა და შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება და აღნიშნული შუამდგომლობა, სსსკ-ის 379-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სრულიად მართებულად დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლოს მიერ.(შედ. სუსგ #ას-248-2023, 10.05.2023 წ.).

25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა შპს „ბ.კ–ას“ შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი (სსსკ-ის 379-ე მუხლი), ვინაიდან ძირითად სააპელაციო საჩივარზე წარმოება შეწყდა (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ ვლინდება, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ბ.კ–ას" კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი