დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 12.01.2026
საქმის ნომერი
ას-747-2024
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.01.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-747-2024

12 იანვარი 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - ნ.ლ–ვა (ლ.გ–ვას უფლებამონაცვლე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ხ–ვა (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით, მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 08 ოქტომბრის განჩინების განმარტება

დავის საგანი - კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა, საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე განცხადების უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, სარჩელით მიმართა ლ.გ–ვამ, მოპასუხე ლ.ხ–ვას მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნით: ლ.გ–ვას სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთიდან, მდებარე: ქალაქი თბილისი, ............ (ს/კ N..........) - ლ.ხ–ვას მფლობელობის შეწყვეტა მის მიერ დაკავებულ ფართზე, საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 55 300 აშშ დოლარის 75 %- ის 41 475 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდის სანაცვლოდ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შეგებებული სარჩელით მიმართა, ლ.ხ–ვამ და მოითხოვა: ლ.გ–ვას სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთიდან, მდებარე: თბილისი, ........ ქუჩა N119-121-123-ში 750 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ N..........) არსებული N1 და N9 (საერთო ფართი 100.48 კვ.მ) შენობა-ნაგებობის ლ.ხ–ვას მესაკუთრედ ცნობა ლ.გ–ვასათვის 4784.25 შშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდის სანაცვლოდ.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ლ.გ–ვას სარჩელი ლ.ხ–ვას მიმართ, კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე (მდებარე - ქ. თბილისი, .......... (ყოფილი ..........) ქუჩა N119-121-123-ში (ს/კ N............) N1 და N9 შენობა -ნაგებობები) მფლობელობის შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ლ.ხ–ვას შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ლ.ხ–ვა ცნობილი იქნა ქ. თბილისში, ......... (ყოფილი ..........) ქუჩა N119-121-123-ში (ს/კ N..........) N1 და N9 შენობა -ნაგებობების (საერთო ფართი 100.48 კვ.მ) მესაკუთრედ, ლ.გ–ვასათვის 55 300 აშშ დოლარის 25 %-ის 13 825 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდის სანაცვლოდ;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, აპელანტ ლ.გ–ვას უფლებამონაცვლე ნ.ლ–ვასა და ლ.ხ–ვას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.ხ–ვამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განჩინებით, - ლ.ხ–ვას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2025 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით, დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება.

9. მორიგების თანახმად, ლ.ხ–ვა ცნობილ იქნა თბილისში, .......... (ყოფილი ......... ქუჩა) N119-121-123-ში, (ს/კ N..........) N1 და N9 შენობა-ნაგებობის (საერთო ფართი 100.48 კვ.მ) მესაკუთრედ, ნ.ლ–ვასათვის 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდის სანაცვლოდ. მხარეები, ასევე შეთანხმდნენ, რომ ნ.ლ–ვამ ამ მორიგების პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაცია მიიღოს ლ.ხ–ვას მიერ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 2019 წლის 4 აპრილის დეპონირებული თანხიდან. ნ.ლ–ვა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხას გაიტანს ამ მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ მიღებული სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში, ამასთან გასატანი თანხის ოდენობა განისაზღვრება გატანის დღისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად. მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, (საქმე 2/7057-2011) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 დეკემბრის განჩინება (საქმე №2ბ/907-21); მხარეთა მორიგების გამო, შეწყდა წარმოება საქმეზე №ას-747-2024;

10. 2025 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა, ნ.ლ–ვას წარმომადგენელმა, ლ.ზ–ძემ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 08 ოქტომბრის განჩინების განმარტება. კერძოდ, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ლ.ხ–ვას მიეკუთვნა მხოლოდ შენობა-ნაგებობა N1 და N9 და შენობის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი (განაშენიანების ფართი), თუ ის, ასევე წარმოადგენს ნ.ლ–ვას საკუთრებაში არსებული 750 კვ.მ მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განიხილა ნ.ლ–ვას წარმომადგენლის, ლ.ზ–ძის განცხადება და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის, პირველი ნაწილის თანახმად, „გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას“. 13. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს. გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს, როცა მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ორაზროვანი, გაუგებარია და არსებული სახით გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას დაბრკოლება ექმნება გადაწყვეტილება (განჩინება) უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით მიიღება (სხვა მრავალთა შორის შეად. სუსგ-ებს:№ას-267-255-2017, 31.03.2017წ. №ა-1186-გან-3-2019 26.03.2019წ.). N ას-1209-2022, 28.11.2022წ; N ა-6247-გან-27-202228.11.2022წ; N ა-1453-გან-6-2023, 10.04.2023წ; N ა-2274-გან-13-2023, 30.05.2023წ; N ას-2372-გან-26-2023, 16.06.2023წ.).

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 08 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებულია შემდეგი სახით:

14.1 ლ.ხ–ვა ცნობილ იქნეს თბილისში, ........ (ყოფილი .......... ქუჩა) N119-121-123-ში, (ს/კ N..........) N1 და N9 შენობა-ნაგებობის (საერთო ფართი 100.48 კვ.მ) მესაკუთრედ, ნ.ლ–ვასათვის 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდის სანაცვლოდ.

14.2 მხარეები, ასევე თანხმდებიან, რომ ნ.ლ–ვამ ამ მორიგების პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაცია მიიღოს ლ.ხ–ვას მიერ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 2019 წლის 4 აპრილის დეპონირებული თანხიდან.

14.3 მხარეები, ასევე თანხმდებიან, რომ ნ.ლ–ვა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხას გაიტანს ამ მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ მიღებული სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში, ამასთან გასატანი თანხის ოდენობა განისაზღვრება გატანის დღისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.

14.4 მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, (საქმე 2/7057-2011) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 დეკემბრის განჩინება (საქმე №2ბ/907-21);

14.5 მხარეთა მორიგების გამო, შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-747-2024;

15. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი განცხადებიდან ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლოს განჩინება აღსრულებულია.

16. საკასაციო პალატა, კიდევ ერთხელ მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლითაც „...განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს“.ამგვარად, კანონის მიხედვით, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან, თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა.

17. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ, ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამავე კონვენციის მე-13 მუხლით რეგულირებულია ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება, რომელიც აღიარებულ ძირითად უფლებასთან, მათ შორის მე-6 მუხლთან შესაბამისობაში შემოწმებას ექვემდებარება და თუკი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დაირღვა კრედიტორის ინტერესები, მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებლად მიიჩნევა (სუსგ. Nა-2851-გან-5-2019, 21.06.2019წ.).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოკვეთილია 2025 წლის 08 ოქტომბრის განჩინების განმარტების დამაბრკოლებელი არსებითი ხასიათის გარემოებანი: გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ცალსახა და არაორაზროვანი შინაარსისაა, გადაწყვეტილება არ არის ბუნდოვანი, ამასთან გადაწყვეტილება აღსრულებულია და განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობები ცალსახად არ იკვეთება, რის გამოც გამომდინარე, განმცხადებლის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 08 ოქტომბრის განჩინების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 284-285-ე და 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ლ–ვას წარმომადგენლის, ლ.ზ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 08 ოქტომბრის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი