გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-914-2025 09 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
კასატორი – სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–სი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „მ–სმა“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2021 წლის 25 თებერვლის შეტყობინების საფუძველზე (წერილი №5 21 00464391), შპს „მ–სისათვის“ პირგასამტეხლოს სახით - 57 816 ლარის დარიცხვის არამართლზომიერად ცნობა. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2021 წლის 9 მარტის მოთხოვნის არამართლზომიერად ცნობა 2020 წლის 17 იანვარს გაცემული №1808260 საბანკო გარანტიის განაღდების შესახებ და განაღდებული თანხის - 14 100 ლარის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ–სის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; არამართლზომიერად იქნა ცნობილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვა 5280 ლარის ფარგლებში 2021 წლის 25 თებერვლის შეტყობინების საფუძველზე. შპს „მ–სის“ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 სეტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ხოლო, შპს „მ–სმა“ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის სხდომაზე შპს „მ–სის“ წარმომადგენელმა უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე იმ ნაწილში, რომლითაც ის ითხოვდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2021 წლის 9 მარტის მოთხოვნის არამართლზომიერად ცნობას 2020 წლის 17 იანვარს გაცემული №1808260 საბანკო გარანტიის განაღდების შესახებ და განაღდებული თანხის - 14 100 ლარის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრებას მოსარჩელის სასარგებლოდ. ამავე სხდომაზე, შპს „მ–სის“ წარმომადგენელმა ცნო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის მთხოვნა (პირგასამტეხლო 5280 ლარის ოდენობით).
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შპს „მ–სის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „მ–სის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. არამართლზომიერად იქნა ცნობილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოსარჩელისათვის 2021 წლის 25 თებერვლის შეტყობინების საფუძველზე (წერილი N5 21 00464391) შპს „მ–სისათვის“ პირგასამტეხლოს დარიცხვა 52536 ლარის ოდენობით.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს „მ–სს“ შორის, 2020 წლის 21 იანვარს, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანია შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული დანართი №1-ით გათვალისწინებული „ტოიოტას“ და „ლექსუსის“ მარკისა და მოდელის ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება დანართი №2-ის (პრეისკურანტი) შესაბამისად.
6.2. ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულებაა 282000 ლარი.
6.3. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით, დანართი №1-ით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს წინამდებარე ხელშეკრულების დანართი №2-ის შესაბამისად. მიმწოდებელმა, შესყიდვის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის/სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, ღირებულება და მომსახურების გაწევის ვადა. 4.3. პუნქტის მიხედვით, მომსახურების გაწევის ვადაა 2020 წლის პერიოდში - ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების დადებიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 4.4. პუნქტის შესაბამისად, ავტომობილებს ტექნიკური მომსახურება უნდა გაეწიოს დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ. მომსახურების გაწევის ვადა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს: ა) სავალი ნაწილები - არაუმეტეს 2 სამუშაო დღე; ბ) ტრანსმისია - არაუმეტეს 4 კალენდარული დღე; გ)ელექტროობა - არაუმეტეს 3 კალენდარული დღე; დ) აგრეგატები - არაუმეტეს 8 კალენდარული დღე; ე) ძრავის და გადაცემათა კოლოფის კაპიტალურ რემონტი - 14 კალენდარული დღე; ვ) სათუნუქე-სამღებრო სამუშაოები: მარტივი - არაუმეტეს 5 კალენდარული დღე, რთული - არაუმეტეს 10 კალენდარული დღე; ზ) სხვა დანარჩენი მომსახურება: მარტივი - არაუმეტეს 2 სამუშაო დღე, რთული - არაუმეტეს 5 სამუშაო დღე; თ) თუ შეკეთებისას საჭირო გახდა დეფიციტური სათადარიგო ნაწილი - მომსახურების ვადა შეიძლება გაიზარდოს არაუმეტეს 25 კალენდარულ დღემდე. შენიშვნა: მიმწოდებელმა დეფიციტური ნაწილის შესახებ ინფორმაცია ელ.ფოსტაზე უნდა აცნობოს შემსყიდველს 2 კალენდარული დღის ვადაში. 8.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია აანაზღაუროს გაწეული მომსახურების ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და პირობებით. 8.4. პუნქტის შესაბამისად, ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის, დათვალიერების აქტ(ებ)ის, პროფორმა ინვოისის, სამუშაოს შესრულების აქტ(ებ)ის, ხარჯთაღრიცხვის (ინვოისი) და საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. 9.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო, გამოუთხოვადი გარანტია წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. საგარანტიო დოკუმენტის პირობების თანახმად, გარანტი უპირობოდ და გამოუთხოვადად კისრულობს საგარანტიო თანხის სრული ოდენობით გადახდას მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე. 9.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის (სს „პ.ბ–ის“ მიერ 2020 წლის 17 იანვარს გაცემული №1808260 საბანკო გარანტია) ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს ოდენობით. გარანტიის თანხა შეადგენს 14100 ლარს და მისი მოქმედების ვადაა 2021 წლის 10 მარტის ჩათვლით. 10.2. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით. 10.3. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%-ის ოდენობით. 14.1. პუნქტის თანახმად, ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას, წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ტელეფონის, ელ. ფოსტის ან ფაქსის გაგზავნის გზით იმ პირობით, რომშეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით. 14.2. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 14.3 პუნქტის შესაბამისად, ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან/და ფაქსით ურთიერთობისათვის გამოყენებულ იქნება შემსყიდველის შემდეგი რეკვიზიტები: საკონტ. პირები: გ.გ–ი ტ....., მლ. g@s.ge; ა. ქ–ძე, ტ.5........, მლ. a.k@s.ge; მ.წ–ი, ტ. .........., მლ. m.t..@s.ge. 14.5. პუნქტის თანახმად, შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს.
6.4. სს „პ.ბ–ის“ მიერ ბენეფიციარის - შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ, 2020 წლის 17 იანვარს, შპს „მ–სის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაიცა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია 14100 ლარზე, 2021 წლის 10 მარტის ჩათვლით პერიოდზე.
6.5. ავტომანქანა „ტოიოტა ქემრი“, სახ. ნომრით ....., მოსარჩელის მიერ შეკეთდა 2021 წლის 23 მარტს.
6.6. ავტომანქანა - „ტოიოტა კოროლა“, სახ. ნორმით SP-373-SP, მოსარჩელის მიერ შეკეთდა 2021 წლის 12 თებერვალს.
6.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, 2021 წლის 25 თებერვალს, შპს „მ–სს“ მიმართა წერილით, რომლითაც აცნობა, რომ ავტომანქანა, „ტოიოტა ქემრის“ (სან. №........) ტექნიკური მომსახურების ვადის 155 (ას ორმოცდათხუთმეტი) დღით გადაცილებისათვის მას დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების (საკუთარი სახსრის ნაწილში) 0.1%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 264X155=40 920 (ორმოცი ათას ცხრაას ოცი) ლარს; ავტომანქანა „ტოიოტა „კოროლას“ (სან №........) ტექნიკური მომსახურების ვადის 44 (ორმოცდაოთხი) დღით ვადაგადაცილებისთვის დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 264X44=11 616.9 (თერთმეტი ათას ექვსას თექვსმეტი) ლარს; ამასთანავე, ვინაიდან ვერ განხორციელდა ვალდებულებების შესრულება მომსახურების გაწევის საბოლოო ვადის დასრულებამდე - 2020 წლის 31 დეკემბრამდე, დამატებით მიმწოდებელს დაერიცხა პირგასამტეხლო თითოეულ შეუსრულებელ ვალდებულებაზე ხელშეკრულების ღირებულების (საკუთარი სახსრების ნაწილში) 1%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 2640x2=5280 ლარი. საერთო ჯამში, პირგასამტეხლოს სახით მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა 57 816.00 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას რვაას თექვსმეტი) ლარი.
6.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, 2021 წლის 09 მარტს, სს „პ.ბ–ს“ მოსთხოვა საბანკო გარანტიის - 14100 ლარის ანაზღაურება.
6.9. სს „პ.ბ–მა“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის საფუძველზე გადაურიცხა საბანკო გარანტიის თანხა 14100 ლარის ოდენობით.
6.10. მოსარჩელეს, ავტომანქანებზე: „ტოიოტა ქემრი“, სახ. ნომრით ....... და „ტოიოტა კოროლა“, სახ. ნორმით ......., დეფექტური აქტები (იგივე პროფორმა ინვოისები) ხსენებული ავტომანქანების სერვის-ცენტრში შეყვანიდან, არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა, წერილობითი შეტყობინების ფორმით (ფოსტის საშუალებით) შემსყიდველისთვის ხელმოსაწერად არ წარუდგენია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
6.11. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო იმ საკითხის შეფასება, ავტომანქანებზე გაწეული მომსახურება, შპს ,,მ–სსა“ და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის 2020 წლის 21 იანვარს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მოექცა, თუ აღნიშნულ მომსახურებაზე ახალი ხელშეკრულების (2021 წლის იანვარს დადებული) პირობები გავრცელდა. აღნიშნული საკითხის შეფასება არსებითი ხასიათის იყო იმის დასადგენად, რომელი ხელშეკრულების ფარგლებში ჰქონდა ადგილი შეუსრულებლობას და რომელი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულდა ვალდებულება ვადაგადაცილებით.
6.12. პალატამ აღნიშნა, რომ შპს „მ–სის“ მიერ 2021 წლის 18 იანვარს შედგენილ დეფექტურ აქტში, ავტომანქანა „ტოიოტა კოროლასათვის“ (სახ. ნომრით .............) გაწეული მომსახურების (გადაცემათა კოლოფი) მიზნით, შემოსვლის თარიღად მითითებული იყო 2021 წლის 18 იანვარი. შპს „მ–სის“ მიერ ავტომანქანა „ტოიოტა კოროლას“ (სახ. ნომრით ........) შესაბამისი ნაწილებისა და მომსახურების დასახელების თაობაზე შედგენილ ინვოისში ავტომანქანის მიღების თარიღად მითითებული იყო 2021 წლის 4 თებერვალი, ხოლო გასვლის თარიღად - 2021 წლის 12 თებერვალი. მაშასადამე, როგორც ავტომანქანა „ტოიოტა ქემრის“ (სახ. ნომრით SP-........), ისე ავტომანქანა „ტოიოტა კოროლას“ შემთხვევაში, ფიქსირდებოდა მათი შპს „მ–სში“ 2021 წელს (18 იანვარი, 4 თებერვალი) შესვლის ფაქტი. რაც საფუძველს აცლიდა იმ გარემოებას, რომ თითქოს, აღნიშნული ავტომანქანები 2020 წლის შემდგომ შპს „მ–სიდან“ არ გასულა. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ასევე საფუძველს აცლიდა იმ გარემოებას, რომ 2020 წლის ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევად დაკვალიფიცირებულიყო და ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მხარეთა შორის 2020 წლის 21 იანვარს დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა. ის რაც შესრულდა, 2021 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება იყო და არა 2020 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება. პალატამ განმარტა, რომ განსახილველი დავი საგანი არ ყოფილა ვალდებულება 2021 წლის ხელშეკრულების ფარგლებში ვადის გადაცილებით შესრულდა თუ არა. ფაქტია, რომ ხსენებულ ვალდებულება 2020 წლის ხელშეკრულების ამოწურვის დროისათვის შეუსრულებელი იყო, შესაბამისად, არსებობდა წინაპირობა, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დარიცხულიყო, ხოლო რაც შეეხება ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს, მითითებული პირგასამტეხლო მენარდეს 2020 წლის ხელშეკრულებით ვერ დაერიცხებოდა, რადგან სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება ახალი ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში მოექცა. ახალი ხელშეკრულების მიხედვით ვადაგადაცილებას ჰქონდა თუ არა ადგილი, მითითებული საკითხი პალატის მოსაზრებით, წარმოდგენილი დავის კვლევის საგანს არ წარმოადგენდა. ამდენად, მხარეთა სახელშეკრულებო შეთანხმებები მიუთითებდა, რომ მანქანები არ შეკეთდა 2020 წლის ხელშეკრულების ფარგლებში, რაც შეუსრულებელი ვალდებულებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი იყო და შეკეთდა ახალი ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, ვადაგადაცილება (ამ ეტაპისათვის) სადავოდ არ გამხდარა.
6.13. ვინაიდან სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „მ–სის“ მიერ ავტომანქანები („ტოიოტა კოროლა“, სახ. ნომრით ..... და „ტოიოტა ქემრი“, სახ. ნომრით .........) 2020 წელს არ შეკეთებულა და 2020 წლის შემდგომი შეკეთება 2021 წელს დადებული ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში მოექცა, პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო, მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, მხარეთა შორის 2020 წლის 21 იანვარს დადებული ხელშეკრულების 10.2.-ე პუნქტიდან გამომდინარე და არა 10.3.-ე პუნქტის საფუძველზე. ამდენად, რადგან მოსარჩელეს 52536 (40920 +11616.9) ლარის ოდენობით პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის დაერიცხა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა შპს „მ–სის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც არამართლზომიერად უნდა ცნობილიყო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოსარჩელისათვის 2021 წლის 25 თებერვლის შეტყობინების საფუძველზე (წერილი №5 21 00464391), შპს „მ–სისათვის“ პირგასამტეხლოს დარიცხვა 52 536 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მოსარჩელისათვის 5280 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას, შპს „მ–სმა“ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი ცნო და ამ გზით მისთვის 5 280 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება მართლზომიერად იქნა მიჩნეული.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინება გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორი მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა სადავო საკითხზე, ვინაიდან, აღნიშნული პრაქტიკით რეალურად რომ ეხელმძღვანელა, ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ გარემოებებზე, რომ ზემოაღნიშნული ავტომანქანების გამართული მუშაობა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე გარემოებას, რომლის შეფერხების შემთხვევაში, ზიანი ადგება როგორც დეპარტამენტის თანამშრომლების გადაადგილების საჭიროებას, ასევე დეპარტამენტის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე აღებული ვალდებულებების შესრულებას „დამკვეთის“ და ზოგადად მინიჭებული საპოლიციო ვალდებულებების შესრულებას.
8.2. კასატორის მოსაზრებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა ავტომანქანების შეკეთების ვადის ერთ შემთხვევაში, 155 დღით გადაცილებას, ხოლო, მეორე შემთხვევაში, 44 დღის ვადაგადაცილებას, რისთვისაც პირგასამტეხლო განისაზღვრა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად და თანხა მართზომიერად დაერიცხა შპს „მ–სს“.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 22 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391.5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 52 536 ლარის ოდენობით დარიცხული პირგასამტეხლოს არმართლზომიერად ცნობის შესახებ, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში (5280 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვის ნაწილში შპს „მ–სმა“ ცნო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი, ხოლო საბანკო გარანტიის - 14100 ლარის ნაწილში სააპელაციო საჩივარზე, შპს „მ–სმა“ უარი თქვა), და სარჩელი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2021 წლის 25 თებერვლის შეტყობინების საფუძველზე (წერილი №5 21 00464391), შპს „მ–სისათვის“ პირგასამტეხლოს სახით - 52 536 ლარის დარიცხვის არამართლზომიერად ცნობის შესახებ, განუხილველად უნდა დარჩეს.
12. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, განმარტავს, რომ საპროცესო სამართლებრივი დოქტრინა სარჩელს განსაზღვრავს, როგორც დაინტერესებული პირის მიმართვას სასამართლოსადმი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მოთხოვნით (სსსკ-ის მე-2 და მე-3 მუხლები) (იხ. სუსგ საქმე №ას-955-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი).
13. მოსარჩელის მოთხოვნათა მიხედვით შესაძლებელია სარჩელის შემდეგი კლასიფიკაცია: 1. მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი - მოთხოვნა გულისხმობს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების დაკისრებას მოსარჩელის სასარგებლოდ. მაგალითად, ფულადი ვალდებულების შესრულების დაკისრება; ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება. 2. აღიარებითი სარჩელი - რომელიც აღძრულია უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი. მაგალითად, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა; 3. გარდაქმნითი სარჩელი - მოთხოვნა მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლა-შეწყვეტისაკენ, მაგალითად, განქორწინება (იხ. სუს დიდი პალატის განჩინება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).
14. წინამდებარე სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა შპს „მ–სისათვის“ პირგასამტეხლოს სახით - 52 536 ლარის (საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი) დარიცხვის არამართლზომიერად ცნობა. ამდენად, მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ აღძრულია აღიარებითი სარჩელი.
15. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობად უნდა იკვეთებოდეს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა (სსსკ-ის 180-ე მუხლი: სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს). აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია. აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე (იხ. მზია თოდუა, ჰაგენლოხი / ალავიძე / ბაქაქური / ბერეკაშვილი / გასიტაშვილი / თოდუა / მესხიშვილი / ქათამაძე / ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), GIZ, თბილისი, 2020, გვ. 643).
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. სუს დიდი პალატის განჩინება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).
17. სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, ასევე, დოკუმენტების ნამდვილობის ან მათი სიყალბის დადგენის მოთხოვნა (აღიარებითი სარჩელი) დასაშვებია თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისაგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ საქმე №ას-937-887-2015, 10 ნოემბერი, 2015 წელი).
18. მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელებისაგან განსხვავებით, რომლებიც მიმართულია დარღვეული უფლების დაცვისაკენ, აღიარებითი სარჩელების დროს მოსარჩელის უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება, რადგან ვიღაც ედავება მას ამ უფლებაში. ამასთან, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ უკვე შესაძლებელია სარჩელის აღძვრა ვალდებულების შესრულების თაობაზე, ე.ი. თუ შესაძლებელია, აღიძრას მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ეს უკანასკნელი კრიტერიუმი განპირობებულია საპროცესო ეკონომიისა და სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთი დავის ფარგლებში რამდენიმე სარჩელის აღძვრა (იხ. სუსგ საქმე №ას-148-138-2015, 27 ნოემბერი, 2015 წელი).
19. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, თუ აღიარებითი მოთხოვნის ინტერესი მიკუთვნებითი ხასიათისაა, მაშინ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებით სასამართლო პროვოცირებას გაუკეთებს ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე ორმაგი სასარჩელო წარმოების ჩატარების აუცილებლობას, რაც ეწინააღმდეგება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის ძირითად პრინციპს. აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია აღიძრას მიკუთვნებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობაზე არსებით გავლენას, იურიდიული ინტერესის თვალსაზრისით, ახდენს ის ფაქტი, რომ სხვა სახის სარჩელის (მაგ., მიკუთვნებითი სარჩელის) აღძვრის გზით დავის გადაწყვეტა არ უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ საქმე №ას-287-273-2016, 3 აპრილი, 2017 წელი).
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ვინაიდან მოსარჩელის აღიარებითი მოთხოვნა საბოლოოდ მიმართულია პირგასამტეხლოს გაუქმებისკენ, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რაც მოსარჩელეს სურს რომ მიიღოს, უნდა არსებობდეს კიდეც დავა პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე. მოცემულ შემთხვევაში, შპს „მ–სმა“ 2021 წლის 25 თებერვლის შეტყობინების (წერილი N5 21 00464391) საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლოს არმართლზომიერად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2021 წლის 25 მარტს. მაშინ, როდესაც დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს სარჩელი არ ჰქონდა აღძრული. შესაბამისად, მიიჩნევა, რომ სარჩელის აღძვრის პერიოდისათვის არ არსებობდა დავა უფლებაზე.
21. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს პირგასამტეხლოს, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებაზე, რომლის მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა. პირგასამტეხლოს ფუნქციის არსი განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. შესაბამისად, ისეთი სარჩელების წარმოებაში მიღებით, როდესაც მოპასუხე კრედიტორს ჯერ არ უსარგებლია მხარეთა თავისუფალი ნების პირობებში შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრებით უფლებით, რისკის ქვეშ დგება ზოგადად ხელშეკრულების შესრულება, ხოლო პირგასამტეხლომ შესაძლოა დაკარგოს საკუთარი ფუნქცია და დანიშნულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსგავსი აღიარებითი სარჩელები იურიდიული ინტერესის კუთხით მოვალე მოსარჩელეთა მხრიდან მეტ დასაბუთებას მოითხოვს.
22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის სხდომის ოქმით დგინდება, რომ განსახილველი დავის დაწყების შემდგომ, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის შეტყობინების (წერილი N5 21 00464391) საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლოს შპს „მ–სისათვის“ დაკისრების მოთხოვნით. თუმცა, აღნიშნული საქმის განხილვა შეჩერებულია პირგასამტეხლოს გაუქმების მოთხოვნით შპს „მ–სის“ მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვამდე (განსახილველი საქმე). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „მ–სის“ ინტერესის (დარიცხული პირგასამტეხლოს არამართლზომიერად ცნობა) მიღწევის საშუალება სწორედ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით აღძრული დავის ფარგლებში წარდგენილი შესაგებელი უნდა იყოს, რომლის ფარგლებშიც შემოწმდება პირგასამტეხლოს დარიცხვისა და მისი დაკისრების კანონიერება.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტური და რეალური დაცვა უნდა იყოს. ის არ უნდა იყოს ფორმალური ხასიათის, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება. საქმეზე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე, იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად, შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია (იხ. სუსგ საქმე №ას-36-2019, 27 ივნისი, 2019 წელი). ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (იხ. სუსგ საქმე №ას-302-285-2017, 16 ივნისი, 2017 წელი).
24. რამდენადაც მხარის შედავება დარიცხული პირგასამტეხლოს არამართლზომიერებასთან დაკავშირებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით აღძრული სარჩელის და მასზე წარდგენილი შესაგებლის ფარგლებში შემოწმებას ექვემდებარება, რომელიც, თავის მხრივ, საპროცესო თავდაცვის ეფექტიანი და მიზნის მიღწევის თანაზომიერი, ლეგიტიმური საშუალებაა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა აღიარებითი მოთხოვნის მიმართ მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, როგორც აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებისა და განხილვის აუცილებელი წინაპირობა (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი (სარჩელის აღძვრის დროს მოქმედი რედაქცია)).
25. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „მ–სის“ სარჩელი 52 536 ლარის ოდენობით დარიცხული პირგასამტეხლოს არამართზომიერად ცნობის შესახებ, განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი (გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია).
26. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187.2. მუხლის მე-2 წინადადებით, რომლის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ საქმე №ას-36-2019, 27 ივნისი, 2019 წელი). რადგანაც მოცემულ შემთხვევაში აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
27. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების გამო, სსსკ-ის 187.2. მუხლის მე-3 წინადადების შესაბამისად (მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება), მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2626.80 ლარის 70% – 1838.76 ლარი.
28. სსსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით სარჩელი 52 536 ლარის ოდენობით დარიცხული პირგასამტეხლოს არამართზომიერად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში განუხილველად იქნა დატოვებული, პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს მისი უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის განჩინებით საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე, 399-ე, 372-ე, 187.2, 284-ე, 285-ე, 408.3, 1991 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2021 წლის 25 თებერვლის შეტყობინების საფუძველზე (წერილი №5 21 00464391), შპს „მ–სისათვის“ პირგასამტეხლოს სახით - 52 536 ლარის დარიცხვის არამართლზომიერად ცნობის მოთხოვნის ნაწილში;
3. შპს „მ–სის“ სარჩელი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2021 წლის 25 თებერვლის შეტყობინების საფუძველზე (წერილი №5 21 00464391), შპს „მ–სისათვის“ პირგასამტეხლოს სახით - 52 536 ლარის დარიცხვის არამართლზომიერად ცნობის ნაწილში, დარჩეს განუხილველად;
4. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (211350928) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 14 აპრილს №35846 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2626.80 ლარის 70% – 1838.76 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აეკრძალა 2021 წლის 04 მარტის MIA 52100528480 წერილობითი შეტყობინებების და 2021 წლის 16 მარტის MIA 32100631636 დაზუსტებული წერილობითი შეტყობინების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და გადაწყვეტილების მიღება შპს „მ–სის“ შავ სიაში შეყვანის შესახებ.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი