გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.02.2026
საქმის ნომერი
ას-1594-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1594-2025 9 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე

კასატორი – შპს „ჯ.პ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ქ–ი, ა.ჩ–ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს ქ.ქ–მა და ა.ჩ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელეები, დასაქმებულები) შპს „ჯ.პ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, აპელანტი ან კასატორი) მიმართ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

1.1.1. ქ.ქ–მა მოითხოვა: მოპასუხის 2021 წლის 6 მაისის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ კომპენსაციის 12 000 ლარის დაკისრება, ასევე ყოველთვიურად იძულებითი განაცდურის 1 000 ლარის დაკისრება 2021 წლის 6 მაისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

1.2. ა.ჩ–ძემ მოითხოვა: 2021 წლის 6 მაისის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის სანაცვლოდ კომპენსაციის დაკისრება 10 374 ლარი და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად 864.4 ლარი 2021 წლის 6 მაისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით ქ.ქ–ის და ა.ჩ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შპს „ჯ.პ–ის“ 2021 წლის 6 მაისის ბრძანებები ქ.ქ–ისა და ა.ჩ–ძის გათავისუფლების შესახებ; შპს „ჯ.პ–ს“ ქ.ქ–ის სასარგებლოდ დაეკისრა სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად კომპენსაციის 5 000 ლარის (ხელზე მისაღები ოდენობა) ანაზღაურება; შპს „ჯ.პ–ს“ ქ.ქ–ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 6 მაისიდან ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1 000 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით, 16 714 ლარის (ხელზე მისაღები ოდენობა) გამოკლებით; შპს „ჯ.პ–ს“ ა.ჩ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2021 წლის 6 მაისიდან იმავე წლის 11 სექტემბრამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად, 864.5 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით; ა.ჩ–ძის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად კომპენსაციისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5.2. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ქ.ქ–ი მოპასუხე ორგანიზაციაში დასაქმებული იყო სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, 2014 წლიდან 2017 წლამდე იყო მოლარე ოპერატორი. მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, 2018 წლიდან წარმოიშვა ახალი სახელშეკრულებო ურთიერთობა, და 2020 წლის ივნისამდე ასრულებდა მოლარე ოპერატორის მოვალეობებს, ხოლო 2020 წლის 1 ივნისიდან, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, იკავებდა სივრცის მენეჯერის თანამდებობას.

5.3. 11.02.2019 წელს, ა.ჩ–ძეს და მოპასუხეს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე ა.ჩ–ძე დასაქმდა მოპასუხე ორგანიზაციის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, გამოსაცდელი ექვი თვის ვადით. 6 თვიანი გამოსაცდელი ვადის შემდგომ, თუ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება არ დაიწერა უფლებამოსილი პირის მიერ, ხელშეკრულება გაგრძელდება 1 წლის ვადით (1.2. მუხლი). უდავოა, რომ მოპასუხის 06.05.2021 წლის N966/01 ბრძანებებით, მოსარჩელეები, 2021 წლის 6 მაისიდან, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან.

5.4. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სამსახურიდან წასვლა მათი რეალური სურვილი არ ყოფილა. მათ მიერ გამოვლენილი ნამდვილი ნების არარსებობას ასაბუთებენ იმით, რომ 2021 წლის 5 მაისს შპს „ჯ.პ–ის“ გენერალურმა დირექტორმა ისინი ინდივიდუალურად დაიბარა კაბინეტში და მოსთხოვა, დაეწერათ განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, რისი მიზეზიც იყო მოსარჩელეებსა და რ.ჯ–ას შორის განხორციელებული პირადი მიმოწერები, რომლებიც დამსაქმებლებთან მიმართებით იყო კრიტიკული შინაარსის, ზოგ შემთხვევაში არაკორექტულიც.

5.5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2021 წლის 5 მაისს ქ.ქ–მა მის მიერ შედგენილი წერილობითი განცხადებით მიმართა დამსაქმებელს, რომლითაც მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლება პირადი მიზეზების გამო (ტ.1. ს.ფ. 99), იმავე დღეს დაწერილი განცხადებით, ასევე პირად მიზეზებზე მითითებით, დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლება მოითხოვა მოსარჩელე ა.ჩ–ძემაც (ტ.1. ს.ფ. 100). მოსარჩელეებმა ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვეს 30 დღიანი წინასწარი შეტყობინების ვადის დაცვის გარეშე. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეზე მოწმის სახით დაკითხული რ.ჯ–ას (მუშაობდა მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე) ჩვენებით ირკვევა, რომ მანაც იმავე დღეს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური. იგი პირველი დაიბარა დირექტორმა მის კაბინეტში პირად მიმოწერებთან დაკავშირებით და მოსთხოვა განცხადების დაწერა. მოწმის განმარტებით, დირექტორთან გამოკვლეული იქნა საკითხი, ჰქონდა თუ არა ნათქვამი რაიმე მასზე და მისი ოჯახის წევრებზე, ვინაიდან, მისთვის ცნობილი იყო მისი და ა.ჩ–ძის მიმოწერის შესახებ, სადაც რ.გ–ძე მოხსენიებული იქნა უხამსი სიტყვებით. შედეგად, მან მოსთხოვა, დაეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე.

5.6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოწმეების ჩვენებები ადასტურებს სარჩელში მითითებულ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეებს არ ჰქონიათ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წინასწარი სურვილი და მიზანი, განცხადების დაწერა მათი მხრიდან მოულოდნელად, დაუგეგმავად და დირექტორის მიერ მათი დაბარების შემდეგ, მისსავე კაბინეტში განხორციელდა. ამასთან, იკვეთება, რომ განცხადების დაწერა სწორედ პირად მიმოწერაში გენერალურ დირექტორთან დაკავშირებულ საუბარს უკავშირდებოდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, აღნიშნული მიმოწერის მასალები საქმეში წარმოდგენილი არ არის, თუმცა ის ფაქტი, რომ პირად მიმოწერებში მისი (და არა მოსარჩელეების) მხრიდან გაკეთებული, დირექტორის კრიტიკული და გარკვეულწილად, არაკორექტული შინაარსის შემცველი განცხადების ფაქტი, დაადასტურა რ.ჯ–ამ მოწმის სახით დაკითხვისას და გაიხსენა კონკრეტული მოვლენა, რომელსაც უკავშირდებოდა მისი შეფასება. მოსარჩელეების განმარტებითაც დგინდება, რომ გარკვეული მიმოწერა არსებობდა თანამშრომლებს შორის, თუმცა უშუალოდ მათ დამსაქმებლის მიმართ არაკორექტული ან კრიტიკული პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. დამსაქმებელისათვის არასასურველი შინაარსის შეტყობინება თანამშრომელთა პირად ჩატში, უშუალოდ მოსარჩელეების მიერ არ გაკეთებულა, თუმცა, ა.ჩ–ძის განმარტებით, გენერალურმა დირექტორმა მას განუცხადა, რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, წერდა იგი მასზე, თუ უბრალოდ, ისმენდა ან კითხულობდა.

5.7. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილ ერთ-ერთ მოსარჩელესა და მოპასუხე ორგანიზაციის თანამშრომელს შორის მიმოწერის მასალებზე გაამახვილა ყურადღება და დაასკვნა, რომ აღნიშნული მიმოწერით დასტურდებოდა სამსახურიდან წასვლის მიზეზი ე.წ. ჩატებთან იყო დაკავშირებული, რომელზედაც სამსახურში „დიდი ამბავი იყო ატეხილი“. ა.ჩ–ძესა და თანამშრომელს შორის მიმოწერაში (ს.ფ. 203-207), მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი პირადი მიმოწერების ნახვის გამო გაუშვეს სამსახურიდან, „...დირექტორმა გაუშვა სამსახურიდან, იძულებით დააწერინა განცხადება, პირადი მიმოწერა ამოქექეს და სხვა’... (ს.ფ. 207).

5.8. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე სრული და ობიექტური განხილვისა და ერთობლიობაში შეფასების შედეგად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივები და განმარტა, რომ მოსარჩელეების განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე არ შეესაბამებოდა მათ ნამდვილ ნებას, აღნიშნულის მოტივი არ ჰქონდათ, შესაბამისად დამსაქმებლის არამართლზომიერი ზემოქმედების შედეგია.

5.9. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ქ.ქ–სა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 16 აპრილს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მიღებული იქნა 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით, რისი გასვლის შემდეგაც, გაგრძელდა შრომითი ურთიერთობა, ხოლო 2020 წლის 1 ივნისიდან გადაყვანილი იქნა სივრცის მენეჯერის პოზიციაზე. შესაბამისად, 2018 წლის აპრილიდან, ხელშეკრულების შეწყვეტამდე 2021 წლის 5 მაისამდე, მხარეებს შორის უწყვეტად არსებობდა შრომითი ურთიერთობა. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას, რომ შრომითი ურთიერთობა შეჩერებული იყო, რადგან აღნიშნული გარემოება არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. ამდენად, შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის (რაც 30 თვეს აღემატება) გათვალისწინებით, წარმოშობილი იყო უვადო ურთიერთობა.

5.10. რაც შეეხება ა.ჩ–ძესა და მოპასუხეს შორის შრომითი ურთიერთობის ვადას, იგი მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით, რომლითაც გამოსაცდელი 6 თვის გასვლის - 11.09.2019 წლის შემდეგ, ხელშეკრულება გაგრძელდა ერთი წლის 2020 წლის 11 სექტემბრამდე. ხელშეკრულების 7.1. მუხლის მიხედვით, ვადის გასვლის შემდეგ, თუ კი არ არსებობს მხარეთა წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტაზე, იგი ავტომატურად გრძელდება იმავე ვადით. შესაბამისად, ხელშეკრულების სადავო ბრძანებით შეწყვეტის არარსებობის შემთხვევაში, იგი მოქმედი იყო 2021 წლის 11 სექტემბრამდე.

5.11. საქმის მასალებით, დგინდება, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, ქ.ქ–ის სხვაგან დასაქმების ფაქტი, საიდანაც მიღებული შემოსავალი - 16 714 ლარია (ხელზე მისაღები ოდენობა), რაც გათვალისწინებული უნდა იქნას იძულებითი განაცდურის თანხაში. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს „ჯ.პ–ს“ ქ.ქ–ის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 6 მაისიდან ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1000 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით, 16 714 ლარის (ხელზე მისაღები ოდენობა) გამოკლებით. აღსანიშნავია, რომ სწორედ 16714 ლარი და არა დასაბეგრი თანხა წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მიღებულ თანხას, რაც იძულებითი განაცდურის დაანგარიშებისას უნდა იქნეს გათვალისწინებული. ამასთან, ქ.ქ–ის სასარგებლოდ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა კომპენსაცია 5 000 ლარის ოდენობით, რა დროსაც გათვალისწინებულ იქნა დასაქმებულის ასაკი, კვალიფიკაცია, ხელფასის ოდენობა, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა, მისაღები იძულებითი განაცდური, დასაქმების ფაქტი. რაც შეეხება ანა ჩხეიძეს, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ხელშეკრულების მოქმედების 2021 წლის 11 სექტემბრამდე პერიოდში მისი სხვაგან დასაქმების ფაქტი, საიდანაც მიღებული შემოსავალი შეიძლება გათვალისწინებული ყოფილიყო იძულებითი განაცდურის თანხაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ჯ.პ–ს“ ა.ჩ–ძის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა 2021 წლის 6 მაისიდან იმავე წლის 11 სექტემბრამდე ყოველთვიურად, 864.5 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით.

6. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ქ.ქ–თან დადებული იყო უვადო შრომითი ხელშეკრულება. სასამართლოს მითითებით, 2018 წლის 16 აპრილს ქ.ქ–თან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება და სახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულდა 2021 წლის 5 მაისს. ამავდროულად, 2020 წლის 30 სექტემბერს ეპიდ. ვითარების გამო კომპანიამ შეაჩერა ფუნქციონირება. შესაბამისად, კომპანიამ დასაქმებულებს, მათ შორის, ქ.ქ–ს შესთავაზა ხელშეკრულების შეჩერება 2021 წლის მაისამდე. ქ.ქ–მა მუშაობა განაახლა 2021 წლის 5 აპრილს. ანუ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეჩერებული იყო 2020 წლის 30 სექტემბრიდან 2021 წლის 5 აპრილამდე. ხელშეკრულების შეჩერების პერიოდის გამოკლებით ქ.ქ–ს 30 თვე არ უმუშავია კომპანიაში. შესაბამისად, ხელშეკრულება ვერ მიიჩნევა უვადო შრომით ხელშეკრულებად.

6.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელეების მიერ გამოვლენილი ნება არ არის ნამდვილი და მათ არ ჰქონიათ ხელშეკრულების შეწყვეტის წინასწარი სურვილი და მიზანი. აპელანტისთვის უცნობია, რა სახის მიმოწერა არსებობდა მოსარჩელეებსა და რ.ჯ–ას შორის. ასეთი მიმოწერა არც სასამართლო პროცესზე ყოფილა წარმოდგენილი და რომ არსებულიყო, მოსარჩელე წარმოადგენდა. მოსარჩელეების სამსახურიდან წასვლის მიზეზი იყო მათი პირადი განცხადება, რომელიც დაწერილია საკუთარი ნებით, ყოველგვარი ზეწოლის ან/და მუქარის გარეშე. შპს „ჯ.პ–ის“ დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა და არ ეიძულებინა დასაქმებული, კიდევ 30 დღე შეესრულებინათ შრომითი ვალდებულებები. ამასთან, თუ დასაქმებულს უკვე მოძებნილი ჰქონდა სხვა სამსახური, ხელი არ შეეშალა მისთვის იქ მუშაობის დაწყებაში.

6.4. სასამართლომ არასწორად შეაფასა, რომ დამსაქმებელს არ უცდია მოსარჩელეთა 8 მაისის განცხადების გათვალისწინებით მათი რეალური ნების გამორკვევა. შრომითი ხელშეკრულება უკვე 2021 წლის 6 მაისიდან იყო შეწყვეტილი, რადგან მოსარჩელეებმა თავად დაწერეს განცხადებები სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ხოლო ამის შემდეგ მოსარჩელის სამსახურში აყვანა უკვე წარმოადგენს ახალი შრომითი ხელშეკრულების დადებას, რომელიც მხოლოდ დასაქმებულის ნებაზე არაა დამოკიდებული. დამსაქმებელიც უნდა იყოს თანახმა, აიყვანოს პირი სამსახურში. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან გადაწყვეტილების ასეთი ხშირი და მოულოდნელი ცვლილება არ არის მისაღები დამსაქმებლისთვის და შეუსაბამოა იმ საპასუხისმგებლო პოზიციასთან, რაც მოსარჩელეს ეკავა შპს „ჯ.პ–ში“. მოსარჩელეთა სამსახურიდან წასვლიდან უკვე საკმაოდ დიდი დრო იყო გასული და შრომის კოდექსი არ ავალდებულებს დამსაქმებელს, სამსახურში აღადგინოს პირი, რომელმაც საკუთარი ნებით შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, ხოლო 2026 წლის 22 იანვრის განჩინებით დასაშვებადაა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. საკასაციო სასამართლო უპირველესად საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებს მიაქცევს ყურადღებას:

10.1. მოსარჩელე ქ.ქ–ი მოპასუხე ორგანიზაციაში დასაქმებული იყო სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, 2014 წლიდან 2017 წლამდე იყო მოლარე ოპერატორი. მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, 2018 წლიდან წარმოიშვა ახალი სახელშეკრულებო ურთიერთობა, და 2020 წლის ივნისამდე ასრულებდა მოლარე ოპერატორის მოვალეობებს, ხოლო 2020 წლის 1 ივნისიდან, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, იკავებდა სივრცის მენეჯერის თანამდებობას.

10.2. 11.02.2019 წელს, ა.ჩ–ძეს და მოპასუხეს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე ა.ჩ–ძე დასაქმდა მოპასუხე ორგანიზაციის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, გამოსაცდელი ექვი თვის ვადით. 6 თვიანი გამოსაცდელი ვადის შემდგომ, თუ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება არ დაიწერა უფლებამოსილი პირის მიერ, ხელშეკრულება გაგრძელდება 1 წლის ვადით (1.2. მუხლი). უდავოა, რომ მოპასუხის 06.05.2021 წლის N966/01 ბრძანებებით, მოსარჩელეები, 2021 წლის 6 მაისიდან, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან.

10.3. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სამსახურიდან წასვლა მათი რეალური სურვილი არ ყოფილა. მათ მიერ გამოვლენილი ნამდვილი ნების არარსებობას ასაბუთებენ იმით, რომ 2021 წლის 5 მაისს შპს „ჯ.პ–ის“ გენერალურმა დირექტორმა ისინი ინდივიდუალურად დაიბარა კაბინეტში და მოსთხოვა, დაეწერათ განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, რისი მიზეზიც იყო მოსარჩელეებსა და რ.ჯ–ას შორის განხორციელებული პირადი მიმოწერები, რომლებიც დამსაქმებლებთან მიმართებით იყო კრიტიკული შინაარსის, ზოგ შემთხვევაში არაკორექტულიც.

11. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლებით. რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც შრომის კოდექსის შესაბამის მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი „შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისათვის.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19 აპრილი 2016 წელი). განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულის მიერ 2021 წლის 19 მარტს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გამოვლენილი ნების საფუძველზე, დამსაქმებლის 2021 წლის N23/03-1 ბრძანების მიხედვით, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება) შესაბამისად.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავოა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დასაქმებულების მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა. კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ეფუძნება დასაქმებულების მიერ ზემოქმედებისგან თავისუფლად გამოვლენილ ნებას. მეტიც, კასატორის განმარტებით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დასაქმებულების განცხადებაზე, მყისიერად ბრძანების გამოცემა, დამსაქმებლის კეთილი ნების გამოხატულება იყო, რათა თავიდან აეცილებინა დასაქმებულების იძულებით ყოფნა მათთვის არასასურველ სამსახურში დამატებით 30 დღის განმავლობაში. ასეთ მოცემულობაში, სასამართლო აფასებს გამოვლენილი ნების ნამდვილობას დამსაქმებლის არაკეთილსინდისიერი ქცევის ზემოქმედებისაგან დაცვის კონტექსტში და მნიშვნელოვანია დადგინდეს ამ უკანასკნელის მხრიდან იკვეთება თუ არა ზეწოლის ფაქტები.

15. როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაშია განმარტებული, „შრომისსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას. თუმცა, შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (იხ. სუსგ Nას-98-94-2016, 26.07.2016წ.). ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება.

16. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები შორმითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებას სადავოდ ხდიან იმ საფუძვლით, რომ დამსაქმებელმა აიძულა სამსახურის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა. მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული გამომდინარეობდა პირად მიმოწერებში დირექტორის მიმართ კრიტიკული და გარკვეულწილად, არაკორექტული შინაარსის შემცველი ფაქტებიდან. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეები თავადვე ადასტურებენ რომ გარკვეული მიმოწერა არსებობდა თანამშრომლებს შორის, თუმცა უშუალოდ მათ დამსაქმებლის მიმართ არაკორექტული ან კრიტიკული პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.

17. საკასაციო პალატა მიუთითებს შრომით დავებში მტკიცების ტვირთის გადანაწილების თავისებურებაზე და განმარტავს, რომ დამსაქმებელი ვალდებულია ამტკიცოს, რომ დასაქმებულმა სამსახურიდან გათავისუფლების ნება გამოავლინა, რაც კანონმდებლობის სრული დაცვით სამსახურიდან მისი გათავისუფლების საფუძველს შექმნიდა.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულზე მტკიცების ტვირთის გადასვლამდე, თავად დასაქმებული (მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები) არის ვალდებული მიუთითოს შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში მხარეთა შორის წარმოშობილი სირთულეების იმ მინიმალურ სირთულეზე, რომელმაც ნების გარეშე, იძულების ქვეშ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღება და აღნიშნულის თაობაზე განცხადების დაწერა გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები ერთის მხრივ მიუთითებენ დამსაქმებლის მხრიდან ზეწოლაზე, თუმცა, ზეწოლის საფუძვლად მითითებული მიმოწერების შესახებ სასამართლოს ვერ წარუდგინეს მკაფიო და ცხადი მტკიცებულებები, რომელიც სასაამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ ნამდვილად არსებობს ჩანაწერები, მით უფრო ისეთი შინაარსის, რომელსაც შეიძლება გამოეწვია დამსაქმებლის უფლებამოსილი პირების აგრესია და უფლების ბოროტად გამოყენებით ეიძულებინა დასაქმებულები, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მოეთხოვათ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

19. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მსგავს შემთხვევებში, შესაძლოა დასაქმებულს დაეკისროს დასაქმებულთა მიერ გამოვლენილი ნების დაზუსტება და გამოკვლევა, თუმცა, საქმეზე განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიური და ლოგიკური შეფასების შედეგად სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე საქმის მასალებში, წარმოდგენილია სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ განცხადება (ტ.1,ს.ფ.148), სადაც მოსარჩელეები დასაქმებული ორგანიზაციის თანამდებობებზე აღდგენას აღარ ითხოვენ, ამდენად, მოსარჩელეების მიერ მათი განცხადების გამოცემის პასუხად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების მყისიერად გამოცემის პირობებში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეები არც იმავე თანამდებობებზე აღდგენას და არც ახალი ხელშეკრულების დადებას არ ითხოვენ, ამასთან, ვერ წარმოადგინეს ზეწოლის შესახებ ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მათ ხელში იყო და სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ შესაძლოა ნამდვილად არსებობდა დასაქმებულის მხრიდან არამართლზომიერი ქცევის საფუძვლები, გამორიცხავს სადავო ბრძანების კანონის დარღვევით გამოცემულად მიჩნევას და საფუძველს აცლის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების წინაპრობებს.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს „ჯ.პ–ის“ საკასაციო საჩივარი, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ქ.ქ–ისა და ა.ჩ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ქ.ქ–სა და ა.ჩ–ძეს სოლიდარულად დაეკისროთ შპს „ჯ.პ–ისთვის“ გადასახდელად ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო სასამართლოში და საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 5 110 ლარი;

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე