დატოვებულია უცვლელად
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1-2026 12 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
კერძო საჩივრის ავტორი – ლ.გ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ხ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით გ.ხ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2023 წლის 23 ივლისს გ.ხ–ძესა და ლ.გ–ძეს შორის დადებული, გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება N230988813 (უძრავი ქონების მისამართი: ბორჯომის რაიონი, .........., ფართი 48.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ........); საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გ.ხ–ძის (პ/ნ ..........) საკუთრებად აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე ბორჯომის რაიონი, ......., ფართი 48.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ............).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ლ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 სექტემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად განესაზღვრა 10 დღე განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა 783.36 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტის და სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა. 2025 წლის 9 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ლ.გ–ძის წარმომადგენელმა და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გაგრძელება;
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ ლ.გ–ძეს გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 სექტემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით.
3.3. 2025 წლის 11 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ლ.გ–ძის წარმომადგენელმა იმაზე მითითებით, რომ მის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 150 ლარის ოდენობით (განცხადებას თან ერთვის სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი) და ვინაიდან განიცდის მძიმე ეკონომიურ მდგომარეობას, არის უმუშევარი, სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდას ვერ უზრუნველყოფს. აპელანტმა მოითხოვა აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
3.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ნოემბრის განჩინებით აპელანტ ლ.გ–ძეს გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 სექტემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით და დაევალა წარმოედგინა 633.36 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან უტყუარი მტკიცებულებები, სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის თაობაზე.
3.5. 2025 წლის 8 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა აპელანტის წარმომადგენელმა და მოითხოვა სააპელაციო საჩივარზე დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის 633.36 ლარის გადახდის გადავადება, რაც არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მისი გაუქმება მოითხოვა.
4.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, ამასთან, კანონით დადგენილი წესით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟის, კანონით დადგენილი მინიმალური თანხა - 150 ლარი, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და უსაფუძვლოდ დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს; სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება წარმოადგენს. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, რთული ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, ამასთან, კანონით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობა - 150 ლარი გადაიხადა, რის გამოც უსაფუძვლოდ შეეზღუდა სასამართლოსადმი მიმართვის უფლება და არამართლზომიერად დარჩა სააპელაციო საჩივარი განუხილველი.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 სექტემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად განესაზღვრა 10 დღე განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა 783.36 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტის და სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიის წარდგენა. 2025 წლის 9 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ლ.გ–ძის წარმომადგენელმა და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გაგრძელება; იმავე წლის 20 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 სექტემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით. 2025 წლის 11 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ლ.გ–ძის წარმომადგენელმა იმაზე მითითებით, რომ მის მიერ გადახილია სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 150 ლარის ოდენობით (განცხადებას თან ერთვის სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი) და ვინაიდან განიცდის მძიმე ეკონომიურ მდგომარეობას, არის უმუშევარი, სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდას ვერ უზრუნველყოფს. აპელანტმა მოითხოვა აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ნოემბრის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით და დაევალა წარედგინა 633.36 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან უტყუარი მტკიცებულებები, სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის თაობაზე. 2025 წლის 8 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა აპელანტის წარმომადგენელმა და მოითხოვა სააპელაციო საჩივარზე დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის 633.36 ლარის გადახდის გადავადება, რაც არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
11. სსსკ-ის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
12. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier vs. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.
14. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით, ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა სასამართლო ხარჯები და დასაშვებობის პრაქტიკული წინაღობები, იურიდიული დახმარების არარსებობა (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია, გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც.
15. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები (სუსგ 16.11.2018წ. საქმე №ას-1324-2018, საქმე №ას-545-2019, 24 მაისი, 2019 წელი).
18. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა თავისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დააფუძნა მხოლოდ საკუთარ განმარტებას მძიმე მატერიალური მდგომარეობის შესახებ. სხვა რაიმე მტკიცებულებაზე მას არც კი მიუთითებია, მიუხედავად იმისა, რომ მხარის ინტერესები საქმეში წარმოდგენილია ადვოკატის სახით. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ აპელანტს არ უცდია საკუთარი ქონებრივი მდგომარეობა, თუნდაც შემოსავლების სამსახურიდან მხარის შემოსავლის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტით (აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, სასამართლო ვალდებული არაა უპირობოდ გაათავისუფლოს მხარე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან, თუმცა, მსგავსი დოკუმენტი გარკვეულ წარმოდგენას და რწმენას უქმნის სასამართლოს მხარის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ) დაედასტურებინა.
19. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის შესახებ, არაა დასაბუთებული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დაწესებული მინიმალური ზღვარის განმარტებასთან შესაბამისობაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის როგორც მინიმალური, აგრეთვე მაქსიმალური ოდენობა თითოეული ინსტანციისთვის, მათ შორის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, სააპელაციო საჩივარზე დაწესებული სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%, თუმცა, სადავო საგნის ღირებულების სიმცირისას, ან განსაკუთრებით დიდი ოდენობისას დადგენილია, რომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობამ უნდა შეადგინოს მინიმუმ 150 ლარი, ხოლო მაქსიმალურმა 5 000 ლარი (მოცემულ შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის), ამდენად, მინიმალური ოდენობის სახით 150 ლარის დაწესება არ გულისხმობს ნებისმიერი დავის საგნის ღირებულების შემთხვევაში დასახელებული თანხის გადახდასა და სააპელაციო სასამართლოს ვალდებულებას, უპირობოდ განიხილოს სააპელაციო საჩივარი.
20. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე საქმეზე დავის საგნის ღირებულების (19 584 ლარი) გათვალისწინებით სააპელაციო საჩივრის განხილვისთვის აუცილებელი მინიმალური ოდენობა შეადგენდა დასახელებული თანხის 4%-ს - 783 ლარს, ხოლო აპელანტს აღნიშნული თანხის გადავადების ან მისი გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლებისთვის რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია, შესაბამისად არაერთხელ გაგრძელებული საპროცესო ვადის შემდეგ სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.გ–ძის კერძო საჩივარი არ დაკამყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 დეკემბრის განჩინება
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლ. ნემსაძე
მ. ჯინჯოლია