არ დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 09.02.2026
საქმის ნომერი
ას-1344-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1344-2025 9 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ–ის ...-ის“ თავმჯდომარე ი.ნ–ი და შპს „ჯ.....“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – უ.ს–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და განხილვა

საკითხი რომელზეც მიღებულია განჩინება - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

დავის საგანი – უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უ.ს–ძემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების: ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ–ის ...-ის“ დამფუძნებელი წევრების - გ.მ–ძის, ე.გ–ძის, ზ.თ–ის, დ.გ–ძის, ხ.გ–ძის, ნ.კ–ძე ლ–ძის, თ.ქ–ას მიმართ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით უ.ს–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. აღიარებული იქნა უ.ს–ძის (სახელის შეცვლამდე რ.) საკუთრების უფლება (საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის შესაბამისად) ქ. თბილისში, ......../........., N18-20-ში (ამაჟამად ..........) მდებარე მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით N.........., საცხოვრებელ ფართზე შენობა N1-ში, მე-6 სართულზე, საცხოვრებელი ფართი 90.71კვ.მ, საზაფხულო ფართი 4.1. კვ.მ.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ–ძე-..-ის“ დამფუძნებელმა წევრებმა ე.გ–ძემ, ზ.თ–მა, ხ.გ–ძემ, ნ.კ–ძე ლ–ძემ, თ.ქ–ამ და მოითხოვეს მისი გაუქმება. ასევე, აპელანტების მიერ წარმოდგენილი იქნა დაზუსტებლი სააპელაციო საჩივარი, რომელშიც აპელანტებთან ერთად მითითებული იქნენ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ–ძის ..-ის“ თავმჯდომარე ი.ნ–ი და შპს „ჯ......“.

4. სააპელაციო პალატამ იმ მოტივით დატოვა განუხილევლად ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ–ძის ..-ის“ თავმჯდომარე ი.ნ–ის და შპს „ჯ......“-ის სააპელაციო საჩივარი, რომ ისინი არ წარმოადგენედნენ აღძრულ სარჩელში მოპასუხეებს და მათ მიმართ არც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება იყო გამოტანილი. შესაბამისად, დასახელეული პირები არ წარმოადგენდნენ გასაჩივრების უფლების მქონე სუბიეტებს.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ–ის ..-ის“ თავმჯდომარის და შპს „ჯ......“-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ზემომითითებულმა სუბიექტება, მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და მისი განხილვა.

7. კერძო საჩივრის ავტორები განმარტავენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება აპელანტების უფლებებსა და ინტერესებს, შესაბამისად, მათი სააპელაციო საჩივარი არასწორად იქნა დატოვებული განუხილველად. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ მათი მოთხოვნის მიუხედავად, ისინი არ ჩააბა საქმეში მესამე პირად (იხ., კერძო საჩივარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 364-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

10. მითითებული ნორმა განსაზღვრავს სააპელაციო გასაჩივრების ობიექტს, კერძოდ, სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილებები. ამავე ნორმით განსაზღვრულია, ასევე, სააპელაციო გასაჩივრების სუბიექტები, ანუ ის პირები, რომელთაც უფლება აქვთ გაასაჩივრონ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები, კერძოდ, ესენი არიან მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.

11. გარდა ამისა, დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ, ასევე, იმ პირებსაც, რომლებიც, მართალია, არ წარმოადგენდნენ საქმეში მხარეს ან მესამე პირს დამოუკიდებელი მოთხოვნით, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, დაინტერესებული პირი მხოლოდ მაშინაა უფლებამოსილი გაასაჩივროს გადაწყვეტილება, თუ იგი პირდაპირ აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას ერთ-ერთი მხარის მიმართ. სხვა შემთხვევაში, ნებისმიერ პირს, რომელიც არაა მოხსენიებული გადაწყვეტილებაში, მაგრამ რომელსაც მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით შეილახა მისი უფლებები, შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელით ამ უფლების დასაცავად და არა საჩივრით ამ გადაწყვეტილებაზე (იხ., სუსგ №ას-300-285-2016, 27.05.2016წ.) .

12. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორები - აპელანტებად მითითებული სუბიექტები, არ წარმოადგენენ არც მხარეს და არც მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.

13. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ არ დაჰკისრებიათ რაიმე ვალდებულება ერთ-ერთი მხარის მიმართ, ანუ გადაწყვეტილებით არ განსაზღვრულა მათი მოვალეობები რომელიმე მხარის მიმართ. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, აპელანტები - კერძო საჩივრის ავტორები, ვერ მიიჩნევიან გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების სუბიექტად, ამიტომ მათი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

15. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ–ძის ...-ის“ თავმჯდომარე ი.ნ–ის და შპს „ჯ....“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე