საკასაციო საჩივარი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-724-2025 25 დეკემბერი, 2025 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - კ.ყ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.რ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ადვოკატის ჰონორარის ანაზღაურება (ძირითადი სარჩელით) ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება (შეგებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.რ–მა (შემდეგ - მოსარჩელე, რწმუნებული, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში კ.ყ–ის (შემდგომ - მოპასუხე, მარწმუნებელი, შეგებებული სარჩელის ავტორი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხის დავალდებულება 2021 წლის 28 დეკემბრის იურიდიული მომსახურების შესახებ №07/21 ხელშეკრულებითა და 2021 წლის 30 დეკემბრის სანოტარო აქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე, კერძოდ, №92/2388-22 საქმეზე სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად შეთანხმებული ჰონორარის გადახდა, მოპასუხის საცხოვრებელ ბინაზე არსებული „სხვენის“ სახით (მდებარე, ქ. თბილისში, .........., ბინა №86). შეგებებული სარჩელი აღძრა მოპასუხემაც, რომელმაც მოითხოვა 28.12.2021 წლის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების და 2021 წლის 28 დეკემბრის შეთანხმების ბათილად ცნობა, ასევე, შეგებებული სარჩელის მოპასუხისათვის ზიანის - 10 000 ლარის დაკისრება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელისა და შეგებებული სარჩელის ავტორის სარჩელები არ დაკმაყოფილდა;
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და მის სასარგებლოდ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში; მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების საფასურის ფულადი ანაზღაურება 2 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. კასატორი, ადვოკატის არაკეთილსინდისიერ ქმედებებზე მითითებით, სადავოდ ხდის მისთვის თანხის დაკისრებას და განმარტავს, რომ 5 000 აშშ დოლარი წარმოადგენდა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შრომის ანაზღაურებას სამივე ინსტანციაში მონაწილეობისათვის, რომლის თუნდაც ნახევრის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან რწმუნებულმა რეალურად მხოლოდ სარჩელი შეადგინა.
7. კასატორის მითითებით, ადვოკატი სარჩელთან დაკავშირებით ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს არ უმარტავდა. ამასთან, ფსიქოლოგური ზეწოლით გადააწყვეტინა მისი ადვოკატად აყვანა.
8. კასატორი სასამართლოს მიკერძოებაზეც მიუთითებს და განმარტავს, რომ სასამართლო ადვოკატის მიმართ იყო მიკერძოებული. ამასთან, 21 მარტის სასამართლო სხდომის შესახებ მხოლოდ წინა დღეს ეცნობათ, რის გამოც მას და მის წარმომადგენელს მოუმზადებლად მოუწიათ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ:
13.1 მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2021 წლის 28 დეკემბერს დაიდო იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ №07/21 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ იურიდიული მომსახურების გაწევასა და კლიენტის ინტერესებისა და უფლებების დაცვაზე 2020 წლის 3 იანვარს დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში, ისე სახელმწიფო საჯარო ადმინისტრაციულ ორგანოებში, კომერციულ სტრუქტურებსა და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობის პროცესში.
13.2 ხელშეკრულების 3.1.3. ქვეპუნქტის თანახმად, ადვოკატი უფლებამოსილია, კლიენტისაგან მოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული მასალების (დოკუმენტაციის) მისთვის დროული გადაცემა, ასევე, ჰონორარის დროული გადახდა.
13.3 ხელშეკრულების მე-4 პუნქტის 4.1. ქვეპუნქტის თანახმად, კლიენტი ვალდებულია ადვოკატს გადაუხადოს იურიდიული მომსახურებისათვის 5 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში და გაჩუქებული ქონების დაბრუნების შემდგომ, სადავო ქონების საბაზრო ღირებულების 20%-ის შესაბამისი თანხა აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში ჰონორარის სახით. 4.2. ქვეპუნქტის მიხედვით, 28.12.2021 წლის ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმების საფუძველზე, კლიენტი თავისუფლდება კონტრაქტის 4.1. ნაწილში მითითებული იურიდიული მომსახურეობისა და ადვოკატის ჰონორარის საფასურის გადახდისაგან. 4.3 ქვეპუნქტის მიხედვით, კლიენტი კონტრაქტის მე-4 ნაწილის (ანაზღაურების წესი და პირობების) 4.2-ე ნაწილის საფუძველზე, 4.1. ნაწილში მითითებული თანხის სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცემს უძრავ ნივთს, მდებარე: ქ. თბილისი, ............, V სადარბაზო, V სართული, „სხვენი“ ს.კ. .........., ფართობი 61.58 კვ.მ, როგორც იურიდიული მომსახურებისა და ჰონორარის ანაზღაურების საფასურს.
13.4 2021 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელემ №211449266 რწმუნებულებით მოპასუხეს მიანიჭა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რომლის ფარგლებშიც, მარწმუნებელმა რწმუნებულს გადასცა ქონებრივი და/ან არაქონებრივი ინტერესების დაცვის, მათ შორის, საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება.
13.5 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის განჩინებით, ამ საქმის მოპასუხის სარჩელის გამო (მოპასუხეები ს. რ., ბ. ო., ო. ალი გ–ნი), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს დაევალა სარჩელისა და თანდართული მასალების ე. რ–ის, ბ. ო–ის და ო. ალი გ–თვის ან მათი ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის ჩაბარება.
13.6 მოპასუხემ, 2022 წლის 23 ივნისს, მიმართა ნოტარიუსს მოსარჩელის სახელზე გაცემული №211457308 მინდობილობის გაუქმების მოთხოვნით. 2022 წლის 23 ივნისის №220774434 სანოტარო აქტით, გაუქმდა მოპასუხის მიერ 30.12.2021 წელს დადასტურებული, მოსარჩელის სახელზე გაცემული რწმუნებულება.
13.7 მოპასუხემ, 2022 წლის 27 ივნისს, განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომლის თანახმად, მან გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 109-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება და გააუქმა სამოქალაქო საქმეზე №2/2388-22 წარმოდგენილი, მოსარჩელის სახელზე გაცემული მინდობილობა №220774434 (23.06.2022 წელი).
13.8 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ სამოქალაქო საქმეზე №2/2388-22, 2022 წლის 20 ივლისს, მიღებული იქნა განჩინება, სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. განჩინების თანახმად, დაკმაყოფილდა მოსარჩელის (ამ საქმის მოპასუხის) წარმომადგენლის შუამდგომლობა მოპასუხეების ე. რ–თვის, ბ.ო–თვის, ო.ალი გ–თვის სარჩელისა და თანდართული მასალების შესახებ სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების თაობაზე, ხოლო, მოპასუხეებს მოსარჩელის სარჩელისა და თანდართული მასალების, ასევე სარჩელზე შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის იურიდიული შედეგის თაობაზე ეცნობათ სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების წესით, სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მეშვეობით.
13.9 ზემოაღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე, 2022 წლის 23 სექტემბერს, მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა 2020 წლის 3 იანვრის ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე: ქალაქი თბილისი, ..........., სხვენი, ს.კ. .........., ფართობი 61,58 კვ.მ. ასევე, გაუქმდა 2020 წლის 3 იანვრის ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე: ქალაქი თბილისი, .............., ს.კ. .......... ფართობი 72.38. კვ.მ.
13.10 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოსათვის სასამართლოს გზავნილის მხარისათვის გადაცემის დავალების შესახებ, №2/2388-22 სამოქალაქო საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დაევალა სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბერის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ესმაელ რაჰიმისთვის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის ჩაბარება, მისამართზე: ქ. თბილისი, ........... საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დაევალა სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბერის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბ. ო–ის და ო. ალი გ–თვის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის ჩაბარება, მისამართზე: ქ. თბილისი, .........., ბინა 46.
13.11 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ №2/2388-22 სამოქალაქო საქმეზე 2023 წლის 7 მარტს მიღებული იქნა განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. განჩინების თანახმად, მოპასუხეებს ესმაელ რაჰიმის, ბაჰრამ ონიკზის და ომიდ ალი გუგუნანის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობათ გადაწყვეტილების საჯაროდ გავრცელების წესით სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მეშვეობით.
14. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების გზით ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმება პირდაპირ დაუკავშირა მოსარჩელე ადვოკატის მიერ განხორციელებულ საპროცესო მოქმედებებს და მიუთითა, რომ არაკანონიერი და უსამართლო იქნებოდა ადვოკატისათვის, რომლის საპროცესო ქმედებებმაც საქმის შედეგი განაპირობა, გაწეული შრომის შესაბამისი ანაზღაურების მიუღებლობა. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესუალურად ადრეული ეტაპი და საქმის წარმოების შესაძლო გაგრძელებასთან დაკავშირებული თეორიულად დასაშვები ვარაუდი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მართებულად მიიჩნია შეპირებული ჰონორარის - 5 000 აშშ დოლარის 50%-ის, ანუ 2 500 აშშ დოლარის - ადვოკატის სასარგებლოდ დაკისრება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.
15. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანია საადვოკატო მომსახურების 2 500 აშშ დოლარის კასატორისათვის დაკისრების მართებულობა.
16. პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 709-ე (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე) და 710.1 (მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში) მუხლებიდან გამომდინარეობს, რაც დავალების ხელშეკრულების საფუძველზე რწმუნებულსა და მარწმუნებელს შორის ურთიერთობებს განსაზღვრავს.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი წარმოდგენილი პირი ხდება (იხ.: სუსგ №ას-29-2021, 28.05.2021წ.; №ას-1035-2024, 18.12.2024წ.).
18. ადვოკატი, როგორც პროფესიონალი, კლიენტთან გაფორმებული იურიდიული (საადვოკატო) მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ცხადია, კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში სამართლებრივად იბოჭება იმ შეთანხმებით, რომლის ძირითადი პირობების შემთავაზებელი თვითონვეა (იხ.: სუსგ №ას-1161-1116-2016, 12.10.2017წ.; №ას-1035-2024, 18.12.2024წ.).
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საადვოკატო მომსახურება არ არის უსასყიდლო ე.წ. „pro bono“, ანუ უსასყიდლო მომსახურება (რაც ასევე განსხვავდება, სახელმწიფოს ხარჯზე ცალკეული სეგმენტის პირთათვის გაწეული უფასო იურიდიული დახმარებისაგან) იმ პროფესიული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, რომელიც მიღებული და დამკვიდრებულია, როგორც ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების საადვოკატო ბიუროების, ისე - აშშ-ის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელთა კერძო საადვოკატო პრაქტიკაში და არა მხოლოდ სოციალურად დაუცველ პირთა იურიდიულ მომსახურებას მოიცავს, არამედ იდეალური მიზნების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივ მხარდაჭერასაც (იხ.: სუსგ №ას-1161-1116-2016, 12.10.2017წ.; №ას-1448-2020, 5.02.2021წ.; №ას-703-2023 30.10.2023წ.; №ას-1035-2024, 18.12.2024წ.).
20. დავალების ხელშეკრულების ფარგლებში მარწმუნებელი ვალდებულია რწმუნებულს გასამრჯელო გადაუხადოს მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
21. საადვოკატო მომსახურების ჰონორარის (გასამრჯელოს) ოდენობის შესახებ რაიმე მოწესრიგებას „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი ან ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი არ შეიცავს. მაგალითად, ევროგაერთიანების ადვოკატთა (CCBE) ქცევის მოდელური კოდექსი, რომელიც სახელმძღვანელოა ევროგაერთიანებისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის ადვოკატთათვის, აწესრიგებს ჰონორარის საკითხს, კერძოდ, 3.4 პუნქტით დადგენილია, რომ 3.4.1. ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი სრულად უნდა გაუმჟღავნდეს კლიენტს და უნდა იყოს სამართლიანი და ზომიერი. 3.4.2. ადვოკატსა და კლიენტს შორის სხვაგვარი შეთანხმების არსებობის გარდა, ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი ექვემდებარება რეგულირებას იმ ადვოკატურისა თუ იურიდიული საზოგადოების წესების შესაბამისად, რომელსაც ადვოკატი მიეკუთვნება. საკასაციო სასამართლო ასევე ევროგაერთიანების ადვოკატთა ქცევის კოდექსის 3.3 მუხლს მოიხმობს, რომელიც უკრძალავს ადვოკატს აწარმოოს ე.წ. Pactum Quota de Litis (3.3.1 ქვეპუნქტი), რაც ნიშნავს 3.3.2. შეთანხმებას ადვოკატსა და კლიენტს შორის, რომელიც დადებულია იმ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, რომელშიც კლიენტი ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს და რომლის საფუძველზე კლიენტი იღებს ვალდებულებას ადვოკატს გადასცეს წილი საქმის შედეგიდან, მიუხედავად იმისა, თუ წილი თანხას ან სხვა სარგებელს წარმოადგენს, რომელსაც კლიენტი საქმის გადაწყვეტისას მიიღებს. Pactum Quota de Litis არ მოიცავს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ჰონორარი გამოიანგარიშება ადვოკატის მიერ აღებული საქმის ღირებულების საფუძველზე, ოფიციალურად დამტკიცებული ჰონორარების სისტემის ან ადვოკატზე იურისდიქციის მქონე კომპეტენტური ორგანოს კონტროლის ქვეშ (http://www.ccbe.eu/NTCdocument/EN_CCBE_CoCpdf1_1382973057.pdf/ იხ.: სუსგ №ას-1161-1116-2016, 12.10.2017წ.; №ას-1117-2020, 25.03.2021წ.; №ას-29-2021, 28.05.2021წ.).
22. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არის საკანონმდებლო წესით მოწესრიგებული ადვოკატის მიერ ჰონორარის გამოანგარიშების საკითხი, სასამართლომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების, ანუ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების გონივრულობისა და გასამრჯელოს სამართლიანობის შეფასების გზით უნდა იმსჯელოს. საადვოკატო მომსახურების გაწევისას მოქმედებს მყარი პრეზუმფცია, რომ ადვოკატი უსასყიდლოდ არ გასწევს მომსახურებას და მას ეკუთვნის ის გასამრჯელო (ჰონორარი), რაც მხარეთა შორისაა შეთანხემბული (იხ.: სუსგ №ას-1035-2024, 18.12.2024წ.).
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს (ადვოკატს, რწმუნებულს) მოპასუხის (კლიენტის, მარწმუნებლის) მიმართ წარმოეშვა დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული წარმომადგენლობის განხორციელების ვალდებულება, რის სანაცვლოდაც უნდა მიეღო საზღაური (მათ შორის ჰონორარის სახითაც), კერძოდ, მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით, მკაფიოდ არის გათვალისწინებული ადვოკატის სასყიდლიანი მომსახურების შესახებ (საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, სადაც ადვოკატის მომსახურების ღირებულებად მითითებულია 5 000 აშშ დოლარი, ხოლო წარმატების საფასურად - ქონების ღირებულების 20%. ამასთან, მითითებული ღირებულების ანაზღაურებას ადვოკატი, ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, ქონების გადაცემის გზით დათანხმდა, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ გადასაცემი ქონების ღირებულება მოიცავდა როგორც ადვოკატის ჰონორარს, ასევე წარმატების ჰონორარსაც, იხ. წინამდებარე განჩინების 13.3 ქვეპუნქტი), რასაც არც კასატორი უარყოფს. მისი საკასაციო პრეტენზიით 5 000 აშშ დოლარი იყო სამივე ინსტანციაში წარმომადგენლის მონაწილეობის შრომის ანაზღაურება. რწმუნებულმა კი მხოლოდ სარჩელი დაწერა, რისი გათვალისწინებითაც, თანხის მისთვის დაკისრების საფუძველი არ არსებობდა.
24. პალატა ზემოაღნიშნული პრეტენზიის გათვალისწინებით ყურადღებას ამახვილებს ადვოკატის მიერ განხორციელებულ საპროცესო სამართლებრივ ქმედებებზე, რამაც კასატორის სასარგებლოდ იურიდიული შედეგის დადგომა განაპირობა, კერძოდ, პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, ადვოკატმა კასატორის წერილობითი მოთხოვნით დაიწყო მის საქმეზე მუშაობა (კლიენტის წერილობით მოთხოვნაში მითითებული იყო, რომ მას შემოსავალი არ აქვს, არ აქვს ადვოკატისათვის გადასახდელი თანხა, აქვს მხოლოდ პენსია, არ არის სოციალურად დაუცველი, ამიტომ იურიდიული დახმარების სამსახურმა უფასო მომსახურებაზე უარი უთხრა). კლიენტსა და ადვოკატს შორის 2021 წლის 28 დეკემბრს დაიდო საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ადვოკატმა მოამზადა სარჩელი, რომელიც თავდაპირველად აღძრა 2022 წლის 14 იანვარს. იმის გამო, რომ სახელმწიფო ბაჟის გადავადების შუამდგომლობა არ იქნა მხედველობაში მიღებული, სარჩელი სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. ადვოკატმა, 2022 წლის 31 იანვარს, კვლავ მიმართა სასამართლოს, იგივე სარჩელი წარადგინა და ბაჟის ნაწილი - 1000 ლარი თავად გადაიხადა; ამ უკანასკნელის შუამდგომლობით, ბაჟის გადაუხდელი ნაწილი სასამართლომ საქმის განხილვის დასრულებამდე გადაავადა. ამის შემდგომ რწმუნებულმა სარჩელის წარმოებაში მიღებიდან კანონით გათვალისწინებულ ორთვიან ვადაში, სასამართლოს მოპასუხეებისათვის გზავნილების გაგზავნის, ასევე უკუშეტყობინებების თაობაზე აცნობა, მან ამავე 2022 წლის 28 თებერვლის განცხადებით მოპასუხეებისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარება მოითხოვა. ადვოკატმა სასამართლოს საქმის დაჩქარებისა და საჯარო შეტყობინების გამოყენების გზით მოპასუხეთა ინფორმირების მოთხოვნით განმეორებით 2022 წლის 28 მარტს მიმართა. ამ უკანასკნელმა, 2022 წლის 16 მაისს, კვლავ მიმართა სასამართლოს და საქმის წარმოების დაჩქარება და კანონით გათვალისწინებულ ვადებში საქმის განხილვა მოითხოვა. ადვოკატის 2022 წლის 28 თებერვლის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც საჯარო შეტყობინების გავრცელებას ეხებოდა, სასამართლო შინაგან საქმეთა სამინისტროს მეშვეობით შეეცადა გზავნილის მოპასუხეებისათვის ჩაბარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 15 აპრილისა და 13 მაისის შეტყობინებების საფუძველზე მოპასუხე ვერ იქნა მისამართებზე მოძიებული, შესაბამისად, 2020 წლის 20 ივლისს სასამართლომ საჯარო შეტყობინება გაავრცელა.
25. უდავოა, რომ მარწმუნებელმა რწმუნებულის სასარგებლოდ გაცემული მინდობილობა 2022 წლის 23 ივნისს გააუქმა. 2022 წლის პირველ ივლისს ამ უკანასკნელმა სასამართლოს მიმართა და სარჩელის გამოხმობის თაობაზე იშუამდგომლა, ამასთან, ბაჟის მისთვის დაბრუნებაც მოითხოვა. მოსარჩელემ მხარი დაუჭირა კლიენტის მოთხოვნას, ხოლო ბაჟის კლიენტისათვის დაბრუნებაზე უარი განაცხადა, რადგან ბაჟი მისი გადახდილი იყო. ამასთან, გაწეული მომსახურების ანაზღაურება მოითხოვა. საქმეში ახალი ადვოკატი ჩაერთო, რომლის განმარტებითაც, კლიენტის შუამდგომლობა, სარჩელის გამოხმობის თაობაზე, გაუქმდა. ახალი ადვოკატის განმარტებით, „საქმე მომზადებული იყო სრულყოფილად და გადაწყდა, რომ სარჩელის გამოხმობაზე უარი ეთქვათ“. საქმეში ჩართულ ახალ ადვოკატს დამატებითი ღონისძიებები ან საპროცესო მოქმედებები საქმეში არ განუხორციელებია. 2022 წლის 20 ივლისს სასამართლომ საჯარო შეტყობინება გაავრცელა. ნიშანდობლივია, რომ საჯარო შეტყობინებების შუამდგომლობა სწორედ მოსარჩელეს ეკუთვნოდა. 2022 წლის 23 სექტემბერს სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ საქმის მოპასუხის სარჩელი დააკმაყოფილა, მოპასუხეს ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის საფუძველზე, უკან დაუბრუნდა ორი ერთეული უძრავი ქონება. ამის შემდგომ, 23.09.2022 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლომ გააგზავნა მოპასუხეთა მისამართებზე, სადაც ვერ ჩაბარდათ, შემდეგ პოლიციას დაევალა ჩაბარება, პოლიციამაც ვერ შეძლო ჩაბარება. ამის შემდეგ, სასამართლომ საჯარო შეტყობინება გაავრცელა. 7 აპრილს უკვე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ჩაბარდა მოსარჩელეს.
26. საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ სამართლებრივი დახმარება მრავალმხრივი პროცესია, რომელიც მოიცავს არაერთ მნიშვნელოვან ასპექტს და განსაზღვრავს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას. ადვოკატის მოვალეობები არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლო სხდომებზე დასწრებით, არამედ მოიცავს სამართლებრივი კონსულტაციების გაწევას, მტკიცებულებების შეგროვებას, სტრატეგიის დაგეგმვას, კლიენტის წარმომადგენლობას სხვადასხვა სამართლებრივ პროცესებში და მოლაპარაკებების წარმოებას. თითოეული ეს კომპონენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს და, კონკრეტულ შემთხვევებში, გადამწყვეტი შეიძლება გახდეს საქმის წარმატებული წარმართვისთვის (იხ.: სუსგ №ას-1035-2024, 18.12.2024წ.). შესაბამისად, ადვოკატის პროფესიული საქმიანობის შეფასება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილებით, არამედ უნდა ითვალისწინებდეს გაწეული შრომის ყველა ეტაპს, რაც პროპორციულად ქმნის საფუძველს იურიდიული მომსახურების ანაზღაურებისათვის.
27. სსკ-ის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის მიერ, მაშინ ის მოვალეა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესრულებისას გაწეული ყველა აუცილებელი ხარჯი, ხოლო, თუ ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო – გადაუხადოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს კვალობაზე.
28. სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა უზრუნველყოფს ადვოკატის პროფესიული შრომის სამართლებრივ აღიარებასა და დაცვას, რაც გამორიცხავს გასამრჯელოს ანაზღაურებაზე უარს მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძვლით, ვინაიდან გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ადვოკატის მიერ რეალურად გაწეული პროფესიული საქმიანობის შინაარსი, მოცულობა და მისი გავლენა კონკრეტული სამართლებრივი შედეგის დადგომაზე.
29. საკასაციო პალატა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განმარტავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ადვოკატის მიერ საადვოკატო მომსახურების შესახებ გარიგებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება მარწმუნებლის ინტერესების დაცვის მიზნით. პირიქით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს, რომ მოსარჩელემ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად გაუწია კასატორს კვალიფიციური, პროფესიული და სრულყოფილი იურიდიული მომსახურება.
30. ამასთან, საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც ადვოკატის მხრიდან კასატორზე უკანონო ზემოქმედებას, მისი ნების ფორმირებაზე უკანონო გავლენას, კლიენტისათვის არასწორი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდებას, ან კლიენტის საზიანოდ მისი ნების ფორმირების პროცესში უკანონო ჩარევას ადასტურებს.
31. სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ იურიდიული მომსახურების გაწევის ხელშეკრულება შეწყდა პროცესუალურად ადრეულ ეტაპზე, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, აღნიშნული გარემოება ვერ გამორიცხავს უკვე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულებას. სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპების, მათ შორის სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის შესაბამისად, დაუშვებელია პირის მიერ მიღებული სასარგებლო შედეგის გამოყენება ანაზღაურების გარეშე, როდესაც ეს შედეგი სხვა პირის პროფესიული საქმიანობის შედეგად დადგა.
32. ამდენად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მოხმობილი სამართლებრივი ნორმებისა და განმარტებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორი ვალდებულია რწმუნებულს შესრულებული სამუშაოს კვალობაზე გადაუხადოს გასამრჯელო, რომელიც ადვოკატის სამართლებრივი ქმედებებიდან გამომდინარე შეესატყვისება სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ოდენობას.
33. კასატორის პრეტენზიას ანაზღაურების ოდენობის მცდარად გამოთვლასთან დაკავშირებით, პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ შეასრულა თავისი მტკიცების ტვირთი და წარადგინა მისი სამართლებრივი მოქმედებების ანაზღაურების საკმარისი საფუძვლი თუნდაც შემდგომ გაუქმებული მინდობილობის პირობებში, რომელსაც კასატორი შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ აბათილებს.
34. რაც შეეხება სასამართლოს მიკერძოებულობას, კასატორს არ წარუდგენია დასაბუთებული პრეტენზია სასამართლოს მიკერძოებასთან დაკავშირებით. კასატორის მიერ მოხმობილი კრეტენზიები მხოლოდ სუბიექტური შეფასებაა, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს.
35. საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობებთან დაკავშირებით კი პალატა მიუთითებს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია - საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს (იხ.: სუსგ№ას-27-2019, 15.11.2019წ.; №ას-48-2020, 17.09.2020წ.). შესაბამისად, არ არსებობს შუამდგომლობის საკასაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების საფუძველი და მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს.
36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
37. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
38. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
40. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ №ას-966-2018, 09.07.2021წ.; №ას-413-2021, 12.11.2021წ.; №ას-1198-2024, 15.10.2024წ.).
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
42. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ.ყ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. კ.ყ–ს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 340 ლარის (საგადახდო დავალება №27298494631 /გადახდის თარიღი 14.05.2025), 70% - 238 ლარი;
3. კ.ყ–ს დაუბრუნდეს 2025 წლის 9 ივნისის, 13 ივნისის, 2025 წლის 10 ივლისის, 18 ივლისის, 22 ივლისის და 24 ივლისის განცხადებზე თანდართული დოკუმენტები, ასევე, 2025 წლის 4 აგვისტოს და 30 სექტემბრის განცხადებებზე თანდართული დოკუმენტები.
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
ბადრი შონია