გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 12.02.2026
საქმის ნომერი
ას-1331-2025
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1331-2025

12 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი.ხ–ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.შ–ვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ლ.შ–ვმა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ხ–ვას (შემდგომში - „მოპასუხე“, „კერძო საჩივრის ავტორი“, „განმცხადებელი“) მიმართ საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის თაობაზე.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 372-ე, 374.1, 2591, 369.1, მე-60 და 61-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტმა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩაიბარა 2025 წლის 21 ივლისს, განცხადებით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე სასამართლოსთვის არ მიუმართავს, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2025 წლის 11 აგვისტოს. გადაწყვეტილების ჩაბარებისთვის განსაზღვრული 30-დღიანი ვადა ამოიწურა 24 ივლისს, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა ამოიწურა 2025 წლის 7 აგვისტოს, სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილია 2025 წლის 22 აგვისტოს.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

9. კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:

9.1. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი განცხადების საფუძველზე წარმომადგენელმა ჩაიბარა 2025 წლის 21 ივლისს, რაც სრულად ჯდებოდა კანონით დადგენილ 20-დან-30-დღიან ვადაში. სასამართლოს კანცელარიის მოხელემ გადასცა წარმომადგენელს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რადგან საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემაში ატვირთული იყო მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც თარიღდება 01.07.2025 წლით;

9.2. მხარე სისტემატურად ამოწმებდა სასამართლოს საქმისწარმოების სისტემაში დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, თუმცა სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარებისას პროგრამულად არ ჩანდა, რომ მზად იყო დასაბუთებული გადაწყვეტილება. პარალელურად მოპასუხე უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს ტელეფონით;

9.3. 2025 წლის 11 აგვისტოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით, სასამართლოს კანცელარიას განცხადებით მიმართა წარმომადგენელმა მაია სირაძემ, მაგრამ დასაბუთებული გადაწყვეტილება კვლავ არ იყო ატვირთული, თუმცა თანაშემწემ განმარტა, რომ მზად იყო დასაბუთებული გადაწყვეტილება და შესაძლებელი იყო სასამართლოს კანცელარიიდან მისი გამოთხოვა. თანაშემწის დასტურის შემდეგაც, სასამართლოს მოხელე ეტაპობრივად ამოწმებდა და ელოდებოდა თუ როდის აიტვირთებოდა დასაბუთებული გადაწყვეტილება. 2025 წლის 11 აგვისტოს ორსაათიანი ლოდინის შემდეგ წარმომადგენელმა ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2025 წლის 22 აგვისტოს, ანუ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მე-11 დღეს, რაც სრულად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა იმ საფუძვლით, რომ მან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარადგინა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიუთითებს სსსკ-ის 369.1 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (იხ. სუსგ საქმე №ას-873-2018, 31 იანვარი, 2019 წელი). გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე, ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი) (იხ. სუს-ს დიდი პალატის განჩინება საქმე №ას-1161-1106-2014, 30 დეკემბერი, 2014 წელი).

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება. (იხ. სუსგ საქმე №ას-1495-2018, 01 ივლისი, 2019 წელი; №ას-1289-2019, 24 ოქტომბერი, 2019 წელი; №ას-749-2023, 05 ივლისი, 2023 წელი).

17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადასტურებს, რომ სასამართლოს მიერ პროცედურული წესის, განსაკუთრებით კი გასაჩივრების უფლების გამოყენების ვადების განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ შესაძლოა ხელყოს სასამართლოსადმი წვდომის უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება გულისხმობს, სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეების შესაძლებლობას გამოიყენონ გასაჩივრების უფლება იმ მომენტიდან, როცა მათ შეუძლიათ ეფექტურად შეაფასონ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე დაადგინა: „ეროვნულმა სასამართლომ ვადის შემზღუდველი პროცედურული ნორმა ისეთნაირად განმარტა, რომ ხელი შეუშალა მომჩივნის საჩივრის გამოკვლევას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის სასამართლოს ეფექტური დაცვის უფლება დაირღვა“ (Georgiy Nikolayevich Mikhayliv v. Russia, 4543/04, §57, 2010, ECHR). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ როდესაც საკითხი ეხება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (Legal certainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ ადგილი ჰქონდა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრულ კონსტრუქციას, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, §33, 2000, ECHR) (იხ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება საქმე №ას-1161-1106-2014).

18. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2025 წლის 24 ივნისს. გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი, ხოლო აპელანტისათვის /ასევე მისი წარმომადგენლისათვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის შესახებ ცნობილი იყო. შესაბამისად, სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოპასუხე (მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 2591 მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების კანონით განსაზღვრული 21-ე დღე 2025 წლის 15 ივლისი, ხოლო 30-ე დღე ამავე წლის 24 ივლისია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის წარმომადგენელმა 2025 წლის 21 ივლისს, ანუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 27-ე დღეს, ხელწერილის საფუძველზე ჩაიბარა მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. ამასთან, დასაბუთებული გადაწყვეტილება აპელანტის წარმომადგენელს, კვლავ ხელწერილის საფუძველზე, მხოლოდ 2025 წლის 11 აგვისტოს გადაეცა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივრის თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილება დაგვიანებით მომზადდა. საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, გადაწყვეტილების დაგვიანებით მომზადებასთან დაკავშირებით, ამ პრეზუმფციის დაშვების საფუძვლად კი, ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებაზე: კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მხარეს ჰქონდა მოსამართლის თანაშემწესთან კომუნიკაცია, ამასთან, ამოწმებდა საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემას დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით, მხარე გამოცხადდა სასამართლოში 20-იდან 30 დღის ვადაში (27-ე დღეს) და ხელწერილის საფუძველზე მარტოოდენ სარეზოლუციო ნაწილი ჩაიბარა. საყურადღებოა, 2025 წლის 21 ივლისს, სსსკ-ის 2591 მუხლით გათვალისწინებული ვადის მიწურულს, მარტოოდენ სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარება, ხოლო მოგვიანებით კვლავ ხელწერილის საფუძველზე და დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ განცხადების არარსებობის პირობებში, 2025 წლის 11 აგვისტოს, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში მოუმზადებლობის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის გაზიარების საფუძველს ქმნის (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1845-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი; საქმე №ას-749-2023 , 05 ივლისი, 2023 წელი; საქმე №ას-1633-2023 , 06 თებერვალი, 2024 წელი).

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო/საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადით შეზღუდვა სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპს ემყარება, თუმცა ეს ვადა სასამართლოს მხრიდან ყოველთვის ზედმიწევნით უნდა იქნეს შესწავლილი, რათა დაუსაბუთებლად არ შეიზღუდოს ამავე კოდექსის მე-2 მუხლით, ასევე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, ამასთანავე, სასამართლოს მხრიდან საკითხის ზედმიწევნითი ანალიზი უზრუნველყოფს მოგებული მხარის ინტერესების დაცვასაც, რაც გონივრული პროპორციაა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე (სსსკ-ის მე-4 მუხლი).

21. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის პოზიცია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაგვიანებით მომზადებასთან დაკავშირებით, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა არა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, არამედ დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების თარიღიდან, 2025 წლის 11 აგვისტოდან უნდა დაიწყოს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაცული აქვს მისი გასაჩივრების 14-დღიანი ვადა (საჩივარი რეგისტრირებულია სასამართლოში 2025 წლის 22 აგვისტოს). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს სსსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადა არ დაურღვევია. შესაბამისად, კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე,285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი.ხ–ვას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 სექტემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

ლევან ნემსაძე