დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 12.02.2026
საქმის ნომერი
ას-1422-2025
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1422-2025

12 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.კ–ძე (მოპასუხე) (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ქ–ძე (მოსარჩელე) (შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

თავდაპირველი მოპასუხე – თ.მ–ძე (მოპასუხე)

თავდაპირველი მოპასუხეები შეგებებული სარჩელით – გ.ბ–ძე, დ.თ–ძე, ნ.ლ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (სარჩელით), გარიგების ბათილად ცნობა, სესხის ხელშეკრულების დადგენა, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღრიცხვა (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ს.ქ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ჯ–ძისა (კონცელიძე) (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „კერძო საჩივრის ავტორი“, „განმცხადებელი“) და თ.მ–ძის (შემდგომში - „მოპასუხეები“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

2. მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და წარადგინეს შეგებებული სარჩელი ს.ქ–ძის, გ.ბ–ძის, დ.თ–ძისა და ნ.ლ–ძის მიმართ გარიგების ბათილად ცნობის, სესხის ხელშეკრულების დადგენისა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღრიცხვის მოთხოვნით.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ:

6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი. ხარვეზის შესავსებად მხარეს 14 დღე განესაზღვრა;

6.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინება რამდენჯერმე გაეგზავნა აპელანტს, გ.ჯ–ძეს (პ.ნ .......) სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, ......, ბინა N27;

6.3. საფოსტო უკუგზავნილით დგინდება, რომ 2025 წლის 24 ივლისს, სასამართლო გზავნილი პირადად ჩაბარდა გ.ჯ–ძეს (პ.ნ .......), თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი აპელანტის მიერ არ აღმოფხვრილა, მხარეს არც ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის გაგრძელება მოუთხოვია;

6.4. იმის გათვალისწინებით, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა აპელანტს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით პირადად ჩაბარდა მას, ხოლო აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო, არსებობს მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

8. კერძო საჩივრის თანახმად, განმცხადებელი არ არის პროფესიით იურისტი, შესაბამისად, უფლებების დასაცავად მიმართა ადვოკატს - ა.ც–ძეს, რასაც ადასტურებს ნოტარიულად გაცემული მინდობილობები (პირველი მინდობილობა გაცემულია ჯ–ძის გვარით, ხოლო მოგვიანებით კონცელიძის გვარით). საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მხარის ინტერესებს იცავდა ადვოკატი - ა.მ–ძე და მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლომ მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანა, მოპასუხემ გადაწყვიტა ადვოკატის შეცვლა. ხარვეზის განჩინების ჩაბარებამდე კერძო საჩივრის ავტორს დაუკავშირდა ა.მ–ძე, რომელმაც განუმარტა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან უკავშირდებოდნენ და აუხსნა აპელანტს, რომ საჭირო იყო მოსამართლის თანაშემწესთან დაკავშირება. შესაბამისად, მოპასუხე დაუკავშირდა ახალ ადვოკატს, რომელმაც მას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი განჩინება ჩაებარებინა და გადაეცა მისთვის. მხარემ ჩაიბარა განჩინება და გადასცა ადვოკატს, რაც დასტურდება სატელეფონო მიმოწერით. ადვოკატმა აღნიშნა, რომ თავად უზრუნველყოფდა შემდგომში საქმის მოგვარებას. ადვოკატი მხარეს აწვდიდა ინფორმაციას, რომ ყველაფერი წესრიგში იყო და უნდა დალოდებოდა სასამართლო სხდომის დანიშვნას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სააპელაციო საჩივარიც კი არ ყოფილა წარმოებაში მიღებული, რაც განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ადვოკატი ა.ც–ძის პასუხიმგებლობაში მიცემის საკითხზე შეიტყო ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ ადვოკატს არ შეუვსია ხარვეზი და არ წარუდგენია ის დოკუმენტაცია, რომელსაც სასამართლო ითხოვდა განჩინებით. კერძო საჩივრის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების განჩინება ერთგვარ სასჯელს წარმოადგენს უპასუხისმგებლო მხარისათვის, მაგრამ საქმის მასალებით დასტურდება მოპასუხის ინტერესი საქმის მიმართ. ამდენად, იმის გამო რომ უპასუხისმგებლო ადვოკატი შეხვდა მხარეს, არ უნდა წაერთვას საქმის განხილვის უფლება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

13. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით რეგლამენტირებულია სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესი. აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. იმავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

15. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მხარეს ჩაბარდა, თუმცა კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ადვოკატთან კომუნიკაციის მიუხედავად, მისმა რწმუნებულმა დაკისრებული პასუხისმგებლობა პირნათლად არ შეასრულა და არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 65-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად მიიჩნევა ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც პირველ რიგში უნდა იშუამდგომლოს გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე და ამასთან, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა (შდრ. სუსგ. №ას-1023-2019, 25.09.2019წ.; №ას-1402-2023 19.12.2023წ.).

18. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია კანონის ზემოაღნიშნული დანაწესის შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ არსებობდა სსსკ-ის 215.3-ე მუხლით გათვალისწინებული ობიექტური გარემოება, რომელმაც ხელი შეუშალა თავად მხარეს ან მის ადვოკატს ხარვეზის გამოსწორებაში. აპელანტი ხარვეზის შეუვსებლობის მოტივად მარტოოდენ ადვოკატის არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს, რომელიც საკმარისი არგუმენტი ვერ იქნება იმისთვის, რომ საპატიოდ ჩაითვალოს სასამართლოს მიერ დადგენილი ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

20. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, ისეთი საპატიო მიზეზი, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა საპროცესო ვადის აღდგენა, დასახელებული ვერ იქნა.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კლიენტსა და ადვოკატს შორის ურთიერთობა რეგულირდება დავალების ხელშეკრულების ნორმებით, რომლებსაც ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. აღნიშნული კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე, ხოლო ამავე კოდექსის 711-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რწმუნებულმა დავალება პირადად უნდა შეასრულოს. სამოქალაქო კოდექსის 713-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რწმუნებული მოვალეა მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია დავალების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს მას ანგარიში. ადვოკატის საქმიანობა და კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობა რეგულირდება, აგრეთვე, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ადვოკატის საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას სამოქალაქო სამართლის საქმეზე სასამართლოში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას. იმავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ადვოკატი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები, რაც საკასაციო სასამართლოს განმარტებით, უპირველეს ყოველისა, გულისხმობს ადვოკატის ვალდებულებას კლიენტის წინაშე მის მიერ ნაკისრ მოვალეობებს მოეკიდოს სათანადო გულისხმიერებით, კერძოდ, კლიენტის უფლებების დაცვისა და რეალიზებისათვის იზრუნოს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ პირობებში მყოფი მისი პროფესიის მქონე ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და იმოქმედოს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია კლიენტისათვის. კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობა ეფუძნება ნდობას; ხოლო ადვოკატისადმი კლიენტის ნდობა ეფუძნება ადვოკატის პირად ღირსებას, პატიოსნებას, შეუვალობას, კომპენტენტურობას და დამოუკიდებლობას. ადვოკატმა არ უნდა იმოქმედოს ისე, რომ ეჭვქვეშ დააყენოს მისდამი კლიენტის ნდობა. აღნიშნული თვისებები ადვოკატის პროფესიული ვალდებულებაა (იხ. ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, მუხლი 3, დამტკიცებულია ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ 2006 წლის 15 აპრილს, 2012 წლის 8 დეკემბრის ცვლილებებითა და დამატებებით) (იხ. სუსგ საქმე Nას-835-801-2016, 30 ნოემბერი 2016 წელი).

22. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის ფარგლებში, ადვოკატის არაკეთილსინდისიერებისა და გულგრილობის საფუძვლით, ფაქტობრივი გარემოება, რომ ადვოკატმა არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. იმ პირობებში, როდესაც უწყება უშუალოდ აპელანტს ჩაბარდა, ხოლო შესაბამისი მტკიცებულებით არ დასტურდება ადვოკატის არაკეთილსინდისიერება, წარმომადგენლის მიერ მისი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკი თავად მხარეს ეკისრებოდა (მსგავს საკითხზე იხ. სუსგ საქმე Nას-1043-983-2015, 18 ნოემბერი 2015 წელი).

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, № 8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს; კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-ე-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).

25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ამგვარად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე 396-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

ლევან ნემსაძე