დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 06.02.2026
საქმის ნომერი
ას-1560-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1560-2025

06 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.ბ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ლ.ბ–ი'' (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სს ,,ლ.ბ–ის'' წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში დ.ბ–ის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განჩინებით დ.ბ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2024 წლის 27 მარტის საოქმო განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 დეკემბრის განჩინებით დ.ბ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. დ.ბ–ს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის - 662.35 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს თ.კ–ს გაეგზავნა 2025 წლის 29 დეკემბერს და ჩაბარდა პირადად 2026 წლის 05 იანვარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო, მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 დეკემბრის განჩინებით დ.ბ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. დ.ბ–ს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის - 662.35 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს თ.კ–ს გაეგზავნა 2025 წლის 29 დეკემბერს და ჩაბარდა პირადად 2026 წლის 05 იანვარს.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის აღმოფხვრის ვადის ათვლა დაიწყო 2026 წლის 06 იანვარს და ამოიწურა 2026 წლის 15 იანვარს (იხ. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლები). დადგენილია, რომ კასატორს და არც მის წარმომადგენელს სასამართლოსთვის განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენიათ არც ხარვეზის შევსებისთვის აუცილებელი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არც რაიმე სახის შუამდგომლობა.

სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-119-2022, 03.02.2022წ.; №ას-1133-2021, 29.11.2021). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ.ბ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ.ბ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: მიხეილ ჯინჯოლია