დატოვებულია უცვლელად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1593-2025
12 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,,ე-დ. რ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის
დავის საგანი – პირგასამტეხლოს გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს ,,ე-დ.რ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კერძო საჩივრის ავტორი“, „განმცხადებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, პირგასამტეხლოს გაუქმების მოთხოვნით.
2. თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინებით სააპელაციო საჩივარი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში ასევე - „სსსკ“) 372-ე, 387-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, 2025 წლის 13 ნოემბერს, 13:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, ხოლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2025 წლის 13 ნოემბერს, 13:00 საათზე დანიშნული მთავარი სხდომის შესახებ აპელანტის წარმომადგენელ - რ.ც–ძეს, 2025 წლის 10 ოქტომბრის სატელეფონო აქტით ეცნობა სხდომის დანიშვნის თაობაზე. აპელანტს სასამართლო სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობით არ მიუმართავს და სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი.
7. კერძო საჩივრის თანახმად, მოსარჩელის წარმომადგენელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდა სხდომაზე გამოცხადებას, რის შესახებაც სხდომის დაწყებამდე 12:30 საათზე, სასამართლოს მიმართა განცხადებით, გამოხატა სხდომაზე დისტანციურად ჩართვის ნება ან აღნიშნულის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა. განცხადება სასამართლომდე ვერ მივიდა, რამდენადაც სასამართლოს ელექტრონული ფოსტა იყო გათიშული, რის შესახებაც მხარემ შეტყობინება მხოლოდ მეორე დღეს მიიღო. რამდენადაც მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით, სასამართლომდე არ მისულა განცხადება გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია აპელანტის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესი, თუმცა კანონის ამ სპეციალური დათქმის პარალელურად, საკითხის რეგულირებისათვის განსაზღვრულია პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომწესრიგებელი ნორმების გამოყენება.
13. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. მოსარჩელის განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ხოლო 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია ასევე სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობა, თუ საქმის განხილვაზე მოსარჩელე არ გამოცხადდება, ხოლო მოპასუხე თანახმაა, რომ სარჩელი დარჩეს განუხილველი.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი კი, განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნას სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
16. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოში მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ერთი მხრივ მიუთითებს წარმომადგენელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ხოლო მეორე მხრივ ამ ინფორმაციის სასამართლოსათვის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუტყობინებლობაზე, კერძოდ, მხარის მითითებით გათიშული იყო სასამართლოს ელ.ფოსტა.
17. მხარის ამ პრეტენზიის შესწავლის მიზნით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებზე, რომლებითაც განსაზღვრულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების (მხარის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების) გაუქმების საფუძვლები. კერძოდ, დაუსწრებელი გადაწყვეტილება (განჩინება) უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
18. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის რომ მოსარჩელის/აპელანტის წარმომადგენელი (იხ. მინდობილობა ტ. 2, ს.ფ 22) სათანადოდ იყო ინფორმირებული სააპელაციო სასამართლოში მთავარი სხდომის გამართვის თარიღისა და დროის შესახებ. სსსკ-ის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.
19. მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი არის იურიდიული პირი - შპს „ე-დ. რ–ი“, რომლის ინტერესებს სასამართლოში იცავს უფლებამოსილი წარმომადგენელი. შესაბამისად, იმისათვის, რომ აღნიშნული წარმომადგენლის ავადმყოფობის გამო პროცესზე შპს „ე-დ. რ–ის“ გამოუცხადებლობა სასამართლომ საპატიოდ მიიჩნიოს, კომპანიამ უნდა დაადასტუროს, რომ წარმომადგენელის ავადმყოფობა (განსაკუთრებული ობიექტური გარემოება) კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, შეუძლებელს ხდიდა შპს „ე-დ. რ–ის“ პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას (იხ.: სუსგ №ას-1249-1189-2014, 21.01.2014 წ; ას-808-2025 30 ივნისი, 2025 წელი).
20. მოცემულ შემთხვევაში, საყურადღებოა შემდეგი გარემოებები, კერძოდ, არც სასამართლოში გაგზავნილ განცხადებას (რომელიც ელ. ფოსტის გათიშვის გამო არ მივიდა სასამართლოში) და არც კერძო საჩივარს ერთვის წარმომადგენლის ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულება. ასეც რომ არ იყოს, თუ წარმომადგენლის ავადმყოფობას სასამართლო დადასტურებულ ობიექტურ გარემოებად მიიჩნევს და ჩათვლის, რომ ეს ავადმყოფობა შეუძლებელს ხდიდა წარმომადგენლის პროცესზე გამოცხადებას, აღნიშნული თავისთავად შეუძლებელს არ ხდის პროცესზე კომპანიის გამოცხადებას. დასადგენია, ჰქონდა თუ არა კომპანიას შესაძლებლობა უზრუნველეყო გამოცხადება სასამართლო სხდომაზე სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. კერძო საჩივრის ავტორს ამ საკითხზე შედავება არ წარმოუდგენია. მხარე არ უთითებს და არც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება როდის შეიტყო კომპანიამ წარმომადგენლის ავადმყოფობის შესახებ და რა კონკრეტული გარემოებების გამო გახდა მისთვის შეუძლებელი არსებულ დროში სასამართლო სხდომაზე სხვა წარმომადგენლის მივლინება.
21. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ იურიდიული პირის (მით უფრო სამეწარმეო საზოგადოების) წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ყველა შემთხვევაში გაუქმება დაუშვებელია, რადგანაც კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ისე უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობა, რომ ამა თუ იმ თანამშრომლის მივლინებაში ან შვებულებაში ყოფნამ/ავადმყოფობამ და სხვა გარემოებების არსებობამ არ შეაფერხოს იურიდიული პირის ნორმალური ფუნქციონირება. სათანადო მენეჯმენტის არქონა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად ვერ მიიჩნევა და, ცხადია, არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისგან (იხ.: სუსგ საქმე №ას-152-148-2016, 03.06.2016წ.; №ას-345-330-2016, 06.06.2016წ.; №ას-191-2023; 16.11.2023წ.; №ას-355-2024, 05.07.2024წ.).
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებს. კერძო საჩივრის ავტორი კი ვერ ადასტურებს, რომ მისი წარმომადგენლის ავადმყოფობამ კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელი გახადა კომპანიის პროცესზე გამოცხადება ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოს ინფორმირება.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსათვის ინფორმაციის მიუწოდებლობის მიზეზად მარტოოდენ ელ. ფოსტის გაუმართაობაზე მითითება, ვერ იქნება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საკმარისი საფუძველი, რამდენადაც გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს სათანადო ინფორმირების ტვირთი თავად მხარეს აწევს.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად, აპელანტ შპს „ე-დ.რ–ის“ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე,285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,ე-დ. რ–ის'' კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან ნემსაძე