დატოვებულია განუხილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1612-2025
10 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ჩ. ს. შპს ,,ს.ს.კ–ია'' საქართველოს ფილიალი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – რ.ტ–ძე, ე.ხ–ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება–თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – წერილობითი საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
რ.ტ–ძემ და ე.ხ–მა სარჩელი აღძრეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში, ჩ. ს. შპს ,,ს.ს.კ–ია'' საქართველოს ფილიალის მიმართ, წერილობითი საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის, პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნით.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ს.ს.კ–ია'' საქართველოს ფილიალის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ჩინეთის სახელმწიფო შპს ,,ს.ს.კ–ია'' საქართველოს ფილიალის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ჩინეთის სახელმწიფო შპს ,,ს.ს.კ–ია'' საქართველოს ფილიალს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: სახელმწიფო ბაჟის – 1786.75 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის - ქვითრის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს შ.ჩ–ს 2026 წლის 08 იანვარს და ჩაბარდა თათია არაბულს (იურისტი) 2026 წლის 12 იანვარს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო, მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ჩინეთის სახელმწიფო შპს ,,ს.ს.კ–ია'' საქართველოს ფილიალის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ჩინეთის სახელმწიფო შპს ,,ს.ს.კ–ია'' საქართველოს ფილიალს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: სახელმწიფო ბაჟის – 1786.75 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის - ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ თუ მითითებულ ვადაში ხარვეზი სრულყოფილად არ გამოსწორდება, საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
ზემოაღნიშნული განჩინება გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს შ.ჩ–ს 2026 წლის 08 იანვარს და ჩაბარდა თათია არაბულს (იურისტი) 2026 წლის 12 იანვარს.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის აღმოფხვრის ვადის ათვლა დაიწყო 2026 წლის 13 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 22 იანვარს. (იხ. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლები). დადგენილია, რომ კასატორს ან მის წარმომადგენელს სასამართლოსთვის განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენია არც ხარვეზის შევსებისთვის აუცილებელი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არც რაიმე სახის შუამდგომლობა.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-119-2022, 03.02.2022წ.; №ას-1133-2021, 29.11.2021). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩინეთის სახელმწიფო შპს ,,ს.ს.კ–ია'' საქართველოს ფილიალის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ჩინეთის სახელმწიფო შპს ,,ს.ს.კ–ია'' საქართველოს ფილიალის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: მიხეილ ჯინჯოლია