დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 12.02.2026
საქმის ნომერი
ას-1439-2025
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1439-2025

12 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე.ქ–ნი

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ქ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

მოთხოვნა - აღსრულების წესის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განჩინებით დამტკიცდა მორიგება ე.ქ–ნსა (შემდგომში - „მოპასუხე“, კერძო საჩივრის ავტორი“, „განმცხადებელი“) და ი.ქ–ძეს (შემდგომში - „მოსარჩელე“) შორის შემდეგი პირობებით:

1.1. მოპასუხე - ე.ქ–ნი - უარს ამბობს სააპელაციო საჩივარზე, აღიარებს სარჩელს და კისრულობს ვალდებულებას, მოსარჩელე ი.ქ–ძეს გადასცეს ქალაქ თბილისში, ვერაზე 150 კვ/მ კომერციული ფართი ქალაქ თბილისში, ....... ქუჩის #22-ის და ......... ქუჩის კუთხეში 2020 წლის 15 ივნისამდე. ამასთან, ე.ქ–ნი უფლებამოსილია განსაზღვრული ფართის გადაუცემლობის შემთხვევაში გადაიხადოს 2020 წლის 15 ივნისამდე ხსენებული ფართის საბაზრო ფასი. გადასაცემი უძრავი ქონების ფასის განსაზღვრა მოხდება გადაცემის დროისათვის საბაზრო ფასით. გადასაცემი ფართების შეფასება მოხდება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ;

1.2. 2020 წლის 15 ივნისამდე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკუთრება, რომელიც ირიცხება ე.ქ–ნის სახელზე, საკუთრების უფლებით აღირიცხოს ი.ქ–ძის სახელზე. უძრავი ნივთის მახასიათებლებია: ქალაქი თბილისი, ........., საკადასტრო კოდი #.........;

1.3. 2020 წლის 15 ივნისამდე ე.ქ–ნის მიერ მორიგების აქტის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ე.ქ–ნი დებს პირობას, მასთან დაკავშირებულ პირებთან ერთად დათმოს მფლობელობა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადასცეს ი.ქ–ძეს უძრავი ნივთი მდებარე: ქალაქ თბილისში, ........, საკადასტრო კოდი:#.........., წინააღმდეგ შემთხვევაში უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე ამოიწერება სააღსრულებო ფურცელი და მიექცევა იძულებით აღსასრულებლად;

1.4. მორიგების აქტის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებამდე ე.ქ–ნის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქ თბილისში, .......... ქუჩა#27-ში (საკადასტრო კოდი ........) გათავისუფლდეს იპოთეკისაგან და დაედოს ყადაღა;

1.5. ე.ქ–ნის მიერ მორიგების აქტის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისთანავე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქ თბილისში, .........., საკადასტრო კოდი: #........., გათავისუფლდეს ყადაღისაგან;

1.6. მხარეები ადასტურებენ, რომ ვალდებულება მოპასუხე ე.ქ–ნს წარმოეშვა ფ.გ–სა და ი.ქ–ძეს შორის არსებულ საბინაო-სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე;

1.7. ე.ქ–ნის მიერ მორიგების აქტის 1.1. და 1.2. პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებით ი.ქ–ძე კარგავს მოთხოვნის უფლებას ე.ქ–ნის მიმართ.

2. 2023 წლის 24 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

3. 2025 წლის 17 ივნისს მოსარჩელემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა 2018 წლის 4 ივლისის განჩინების აღსრულების მიზნით, დადგინდეს უძრავი ნივთის ს/კ .......... მის სახელზე აღრიცხვა, რამდენადაც განჩინების აღსრულების მიზნით, შუამდგომლობის ავტორმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც 2025 წლის 6 ივნისს წერილობით აცნობა, რომ ვინაიდან მხარეებს შორის ვერ დადგინდა შესრულდა თუ არა სასამართლო განჩინების 1.1. და 1.3 პუნქტში მითითებული ვალდებულება, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 აგვისტოს განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ქ. თბილისში, ....... ქუჩა N27-ში (........ ქუჩა #27) მდებარე უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდი: N........ საკუთრების უფლებით აღრიცხა მოსარჩელის სახელზე.

5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 6 ივნისის N882025595490-05 გადაწყვეტილებით (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) ქ. თბილისში, ......... (....... ქუჩა #27) ....... საკადასტრო კოდზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. დაინტერესებულ პირს დაევალა წარედგინა მეორე მხარის თანხმობა/შეთანხმება უძრავი ნივთის გადაცემაზე ან შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელიც დაინტერესებულ პირზე უძრავი ნივთის რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი იქნებოდა. მარეგისტრირებელი ორგანოს განმარტებით, საქმეში არსებული ყველა დოკუმენტაციის/ ინფორმაციის შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინდა, რომ ვერ დგინდებოდა მხარეებს შორის შესრულდა თუ არა სასამართლო განჩინების 1.1 და 1.3 პუნქტში მითითებული ვალდებულება.

6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლით და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრის საკითხზე სასამართლო არ არის შეზღუდული იმსჯელოს გადაწყვეტილების მიღების შემდგომაც, თუ ეს საკითხი არ იქნა წამოჭრილი გადაწყვეტილების მიღებისას. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს (დაადგინოს) გადაწყვეტილების აღსრულების წესი.

7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების 1.1. პუნქტით განისაზღვრა მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელისათვის ან გადაეცა 150 კვ.მ ფართის კომერციული ფართი (....... ქუჩის #22-ის და ....... ქუჩის კუთხეში) ან გადაეხადა ამ ფართის საბაზრო ღირებულების თანხა. ამასთან, პირობის შესასრულებლად დადგინდა კონკრეტული პერიოდი - 2020 წლის 15 ივნისამდე. საგულისხმოა, რომ მორიგების 1.2. და 1.3 პუნქტის ამოქმედება დამოკიდებული იყო 1.1 პუნქტის შესრულებაზე.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ საქმეში წარდგენილია მოპასუხისათვის გაგზავნილი არაერთი წერილი, რომლითაც განმცხადებელი ითხოვს მოპასუხემ შეასრულოს 2018 წლის მორიგების პირობები და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადასცეს საცხოვრებელი სახლი მდებარე ქალაქი თბილისი, ........ ქუჩა N27, საკადასტრო კოდი N.......... ამასთან, წერილები ჩაბარებულია ადრესატზე (ს.ფ. 104-116).

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 აგვისტოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ არსებობს დოკუმენტი ვალდებულების შესრულების შესახებ, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში არსებულ საქმეზე მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების, დების - ლია და ეკა ქათამაძეების, გვიდიანთან გაფორმებული ხელშეკრულებების ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. ამასთან, აღნიშნა, რომ მის მარწმუნებელს ამ მოცემულობაში არ ევალებოდა მორიგების პირობებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება;

10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2025 წლის 12 აგვისტოს სხდომაზე საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 განყოფილებიდან ს/ს N007250513003 საქმიდან მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების - ლ. და ე.ქ–ეების - დაზარალებულად ცნობის დადგენილებების გამოთხოვის თაობაზე. პალატა მიუთითებს, რომ დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება გავლენას ვერ მოახდენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებაზე და ამ კონკრეტულ ვითარებაში, არ წარმოადგენს ისეთ მტკიცებულებას, რაც მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე მიუთითებდა.

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვიდრე მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინება კანონიერ ძალაშია და ამასთან, საქმის განხილვის დროისათვის არ არსებობს მისი გადასინჯვის კანონიერი საფუძველი, ის ექვემდებარება აღსრულებას.

12. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვერ დასძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი და ვერ წარადგინა ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება.

13. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არსებობს მოსარჩელის 2025 წლის 17 ივნისის განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობები, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, იკვეთება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის ეფექტური აღსრულების განხორციელების აუცილებლობა.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

15. კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:

15.1. მოსარჩელემ სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენისას არაფერი თქვა იმის შესახებ, რომ მხარეებმა სასამართლოს წინაშე თავის დროზე დაადასტურეს, რომ ე.ქ–ნის, რომელიც არის ფ.გ–ის და, ვალდებულება წარმოშობილი იყო ფ.გ–ისა და ი.ქ–ძის ოჯახის წევრების, დების, ლ. და ე. ქ–ძეებს შორის არსებული საბინაო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე და ე.ქ–ნს არავითარი სასესხო ან სხვა სახის ვალდებულება ი.ქ–ძის მიმართ არასდროს ჰქონია. ი.ქ–ძის მიმართ აღებული ვალდებულება ემსახურებოდა ფ. გ–ის შესასრულებელ საბინაო ვალდებულებებს, რაც გვიდიანს წარმოშობილი ჰქონდა ი.ქ–ძის დების - ლ. და ე. ქ–ძეების მიმართ. ყველაზე მნიშვნელოვანია ის გარემოებაა, რომ ი.ქ–ძეს და ფ.გ–ს შორის არ არსებობს ბუნებაში არანაირი საბინაო სახელშეკრულებო ვალდებულებები და თავისთავად ცხადია არც საქმეში არანაირი დოკუმენტი არ არის წარდგენილი, თუმცა, მათ შორის, მორიგების შესახებ განჩინებაში ცალსახად მითითებულია, რომ აღებული ვალდებულება წარმოშობილია ი.ქ–ძესა და ფ. გ–ს შორის საბინაო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, რაც არის უსაფუძვლო და უკანონო;

15.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2025 წლის 12 აგვისტოს ჩანიშნულ სხდომაზე მოპასუხე არ დაეთანხმა ი.ქ–ძის მოთხოვნას და სასამართლოს განუმარტა, რომ არსებობს შესაბამისი დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს ვალდებულების შესრულებას, რაც გულისხმობს ფ.გ–ის მიერ საამშენებლო საქმიანობიდან გამომდინარე, დაზარალებულთა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას. ზემოთ აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად პროცესზე წარდგენილ იქნა შუამდგომლობა ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 განყოფილებიდან ს/ს #007250513003 საქმიდან სასამართლოს გამოეთხოვა შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის, ი., ე. და ლ. ქ–ძეების დაზარალებულად ცნობის დადგენილებებისა და საცხოვრებელი ბინის 170 კვ.მ ფართობზე ე. და ლ. ქ–ძეების დაზარალებულად ცნობის თაობაზე, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ხოლო დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქმეზე შესაძლოა სხვაგვარი გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული.

16. კერძო საჩივრის ფარგლებში, მხარე ასევე შუამდგომლობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასთან ერთად დაევალოს სააპელაციო სასამართლოს დააკმაყოფილოს შუამდგომლობა ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებიდან გამოკითხვისა და დაზარალებულად ცნობის დადგენილებების გამოთხოვის თაობაზე.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

20. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისში, ........ (........ ქუჩა #27) მდებარე უძრავი ნივთის, საკადასტრო კოდი: N......... მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის მართლზომიერება წარმოადგენს.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში.

22. ზემოაღნიშნული ნორმა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დაადგინოს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრული წესი და ვადა ან მიიღოს ზომები გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. მაგალითად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში შეიძლება, საჭირო გახდეს იმის მითითება, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს, შეასრულოს მოქმედება მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით (სსსკ-ის 254-ე მუხლი), ან კიდევ, ბანკში მოპასუხის რომელი ანგარიშიდან ჩამოიწეროს დაკისრებული თანხა (სსსკ-ის 252-ე მუხლი), ან უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება იქნეს გამოყენებული ამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად (სსსკ-ის 271-ე მუხლი) და ა.შ (იხ. სუსგ საქმე Nას-180-2021, 25 მაისი, 2021 წელი). ზემოხსენებული საპროცესო ღონისძიებები, როგორც წესი, დგინდება გადაწყვეტილების გამოტანისას და აისახება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. ამასთან, შესაძლებელია, ასეთი საპროცესო მოქმედებების განხორციელების საჭიროება წარმოიშვას გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ. ცხადია, ასეთ დროსაც დასაშვებია, მსგავსი საკითხების მოწესრიგება, სსსკ-ის 251-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინების მიღების გზით (სუსგ №ას-582-582-2018, 28 დეკემბერი, 2018, პ.23.).

23. გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და ვადის დადგენის მიზანია, უზრუნველყოს გადაწყვეტილების დაუბრკოლებლად აღსრულება. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება მართლმსაჯულების შემადგენელი ნაწილია და მისი შესრულება უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა გარანტირებულია კანონის სხვადასხვა ნორმებით, რომლებიც ავალდებულებს სასამართლოს, გამოიტანოს აღსრულებადი გადაწყვეტილება. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, რადგან კონკრეტულ დავაზე მიღწეული სამართლებრივი შედეგი, მისი რეალურად აღსრულების გარეშე, ვერ ქმნის მხარის სამართლიანი დაკმაყოფილების საფუძველს, აღნიშნული კი გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს ზრუნვის საგანია და სამართლებრივი უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი, რათა თითოეულმა მხარემ მიიღოს მართლმსაჯულების განხორციელების შედეგი არა ფორმალურად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სახით, არამედ - მისი აღსრულების გზით (სუსგ Nას-964-899-2017, 23 თებერვალი 2018 წელი). სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/განჩინების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.) (შდრ. სუსგ Nას-138-2022, 4 მარტი 2022 წელი, სუსგ Nას-842-1056-08 , 16 ივნისის 2020 წელი).

24. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგების აქტის პირობებზე, რომლის შესაბამისად:

24.1. მოპასუხე - ე.ქ–ნი - უარს ამბობს სააპელაციო საჩივარზე, აღიარებს სარჩელს და კისრულობს ვალდებულებას, მოსარჩელე ი.ქ–ძეს გადასცეს ქალაქ თბილისში, ვერაზე 150 კვ/მ კომერციული ფართი ქალაქ თბილისში, ........ ქუჩის #22-ის და ...... ქუჩის კუთხეში 2020 წლის 15 ივნისამდე. ამასთან, ე.ქ–ნი უფლებამოსილია განსაზღვრული ფართის გადაუცემლობის შემთხვევაში გადაიხადოს 2020 წლის 15 ივნისამდე ხსენებული ფართის საბაზრო ფასი. გადასაცემი უძრავი ქონების ფასის განსაზღვრა მოხდება გადაცემის დროისათვის საბაზრო ფასით. გადასაცემი ფართების შეფასება მოხდება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ;

24.2. 2020 წლის 15 ივნისამდე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკუთრება, რომელიც ირიცხება ე.ქ–ნის სახელზე, საკუთრების უფლებით აღირიცხოს ი.ქ–ძის სახელზე. უძრავი ნივთის მახასიათებლებია: ქალაქი თბილისი, ........., საკადასტრო კოდი #.........;

24.3. 2020 წლის 15 ივნისამდე ე.ქ–ნის მიერ მორიგების აქტის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ე.ქ–ნი დებს პირობას, მასთან დაკავშირებულ პირებთან ერთად დათმოს მფლობელობა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადასცეს ი.ქ–ძეს უძრავი ნივთი მდებარე: ქალაქ თბილისში, .........., საკადასტრო კოდი:#........., წინააღმდეგ შემთხვევაში უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე ამოიწერება სააღსრულებო ფურცელი და მიექცევა იძულებით აღსასრულებლად.

25. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების ფარგლებში იკვლია შეასრულა თუ არა მოპასუხემ დამტკიცებული მორიგების აქტის 1.1 და 1.3 პუნქტებში მითითებული ვალდებულება და რამდენადაც მოპასუხე მხარემ სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლოს ვერ წარუდგინა ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, ასეთ პირობებში, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სსსკ-ის 251-ე მუხლით და მართებულად დააკმაყოფილა მოთხოვნა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენის შესახებ.

26. საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე სსსკ-ის 2671 მუხლზე, რომელიც ადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის წესს. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს ჰქონდა გადაწყვეტილების/ დამტკიცებული მორიგების აქტის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვის უფლება და სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განჩინების 1.1 და 1.3 პუნქტების შეუსრულებლობის გამო (მოპასუხის მიერ არ წარდგენილა ვალდებულების შესრულების მტკიცებულება) მართლზომიერად დაადგინა უძრავი ქონების მოსარჩელის სახელზე აღრიცხვა.

27. საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივრის საფუძვლებზე, რომლებიც არა უშუალოდ სსსკ-ის 251-ე, 2671 მუხლების გამოყენების მართლზომიერებას ეხება, არამედ ძირითადი სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით შედავებას, შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებში, ასევე, საქმეზე არსებული მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგების პირობებში, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მსგავს საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობას. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორს არც საკასაციო სასამართლოში წარმოუდგენია მის მიერ მოსარჩელის წინაშე მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტიცებულება, რაც შეეხება მოთხოვნას მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ, სააპელაციო სასამართლომ მართლზომიერად უთხრა მხარეს უარი, რამდენადაც დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება გავლენას ვერ მოახდენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებაზე და ამ კონკრეტულ ვითარებაში, არ წარმოადგენს ისეთ მტკიცებულებას, რაც მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე მიუთითებდა.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ე.ქ–ნის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

ლევან ნემსაძე