დატოვებულია განუხილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-468-ა-11-2025
06 თებერვალი, 2026 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი – გ.ბ–ძე (მოსარჩელე, განმცხადებელი)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, მოსამართლის აცილება, გასაჩივრებულ განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ.ბ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში, შპს „ს.კ.ს–ოს“ მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 5 ივნისის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელისა და სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით გ.ბ–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 სექტემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.
2025 წლის 18 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებებით (განცხ. Nზ-468-25, Nზ-471-25, განცხადებები განაწილდა საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით 24.12.2025 წელს) მომართა გ.ბ–ძემ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. ამავე განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. ასევე იშუამდგომლა აღნიშნული საქმიდან მომხსენებლი მოსამართლის აცილების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 იანვრის განჩინებით გ.ბ–ძის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე და გ.ბ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით გ.ბ–ძეს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაზუსტებული განცხადება (დედნის სახით) სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ პუნქტის მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვს საქმის წარმოების განახლებას; ბ) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის ქვითრის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება მხარეს გაეგზავნა 2026 წლის 09 იანვარს და ჩაბარდა პირადად 2026 წლის 15 იანვარს.
გ.ბ–ძემ 2026 წლის 16 იანვარს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა ა-190-26 განცხადება, სადაც მითითებულია, რომ არ გადაიხდის სახელმწიფო ბაჟს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
განსახილველი შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 იანვრის განჩინებით, გ.ბ–ძეს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაზუსტებული განცხადება (დედნის სახით) სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ პუნქტის მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვს საქმის წარმოების განახლებას; ბ) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში მისი განცხადება დარჩებოდა განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 იანვრის განჩინება განმცხადებელს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ჩაბარდა გ.ბ–ძეს, პირადად 2026 წლის 15 იანვარს.
სსსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, გ.ბ–ძისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2026 წლის 16 იანვარს და ამოიწურა 2026 წლის 20 იანვარს. ამდენად, გ.ბ–ძე ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2026 წლის 20 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში გ.ბ–ძეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და ამ ვადაში არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის. გ.ბ–ძემ 2026 წლის 16 იანვარს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა ა-190-26 განცხადება, სადაც მითითებულია, რომ იგი არ გადაიხდის სახელმწიფო ბაჟს.
სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან, განმცხადებელმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო მისთვის დადგენილი ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 427–ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია