გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.02.2026
საქმის ნომერი
ას-1011-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-1011-2025 12 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კასატორი – შპს „ვ.ჯ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „R. L.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ვ.ჯ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „R. L.-ის“ (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 3700 ევროსა და 500 აშშ დოლარის დაკისრება.

2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 ლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ვ.ჯ–ის“ სარჩელი შპს „R. L.-ს“ მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 700 ევროსა და 500 აშშ დოლარის გადახდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. შპს „ვ.ჯ–სა“ და შპს „R. L.-ს“ შორის არსებული საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში შპს „R. L.-სათვის“ შპს „ვ.ჯ–ს“ საფრანგეთიდან თბილისში უნდა ჩამოეტანა ტვირთი - მეორადი ბანკომატები. გადაზიდვის ღირებულება შეადგენდა 7700 ევროს. მიწოდების ვადა შეადგენდა 10-14 დღეს. ამასთან, შესაძლო დატვირთვის თარიღი იყო 2022 წლის 23 დეკემბერი. შეთანხმების თანახმად, არასწორად გაფორმებული საბუთების, ან ჩატვირთვა/ჩამოტვირთვის და საბაჟო გაფორმებისას სატრანსპორტო საშუალების ზენორმატიული დროით დაყოვნების შემთხვევაში დამკვეთი იხდის დგომის ყოველ დღე-ღამეში 100 ევროს (თავისუფალი დროის რაოდენობა სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 48 საათი). ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო არაუგვიანეს 2023 წლის 6 იანვრისა. ინვოისის თანახმად, ინვოისზე ხელმოწერით მიმღები ადასტურებს რომ ჩაიბარა ტვირთი და მომსახურებასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.

4.2. NRQ000637 დანართის თანახმად, შპს „ვ.ჯ–ს“ უნდა განეხორციელებინა ტვირთის (10 ცალი პალეტი) გადაზიდვა შპს „R. L.-სათვის“ რუსეთის ფედერაციიდან, ტულას ოლქიდან თბილისის მიმართულებით; მიწოდების ვადა შეადგენდა 5-7 დღეს ტვირთის აღებიდან, ხოლო დატვირთვის თარიღად კი განისაზღვრა 2022 წლის 21 იანვარი. ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენდა დაზღვევის ჩათვლით 1600 აშშ დოლარს. შეთანხმების თანახმად, არასწორად გაფორმებული საბუთების, ან ჩატვირთვა/ჩამოტვირთვის და საბაჟო გაფორმებისას სატრანსპორტო საშუალების ზენორმატიული დროით დაყოვნების შემთხვევაში დამკვეთი იხდის დგომის ყოველ დღე-ღამეში 100 ევროს (თავისუფალი დროის რაოდენობა სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 24 საათი). ანგარიშსწორების ბოლო ვადად განისაზღვრა 2022 წლის 2 თებერვალი. გადაზიდვა ხორციელდებოდა ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით „.....“.

4.3. შპს „ჯ.ბ.ლ–ის“ 2022 წლის 4 თებერვლის N22-029 ინვოისის თანახმად, შპს „ვ.ჯ–ს“ დაერიცხა ჯარიმა ავტომანქანის სახელმწიფო ნომრით „......“ მოცდენისთვის 200 აშშ დოლარის ოდენობით. ჯამში შპს „ვ.ჯ–მა“ , როგორც დამკვეთმა, რუსეთის ფედერაციიდან, ტულას ოლქიდან თბილისის მიმართულებით ტვირთის გადაზიდვაში გადაიხადა 1550 აშშ დოლარი, საიდანაც 200 აშშ დოლარი შეადგენდა ჯარიმას ავტომანქანის მოცდენა/დატვირთვაზე. ინვოისის თანახმად, ინვოისზე ხელმოწერით მიმღები ადასტურებს რომ ჩაიბარა ტვირთი და მომსახურებასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. ინვოისი ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ.

4.4. შპს „ვ.ჯ–ს“ შპს „R. L.-თან“ დადებული NRQ0002711 შეთანხმების საფუძველზე შპს „R. L.-სათვის“ უნდა განეხორციელებინა თურქეთის რესპუბლიკიდან ქ. თბილისში ტვირთის (ავტონაწილები) გადაზიდვა ტვირთის აღებიდან 5-7 დღის ვადაში. გადაზიდვის ღირებულება შეადგენდა 2500 აშშ დოლარს. ამავე შეთანხმებით, არასწორად გაფორმებული საბუთების, ან ჩატვირთვა/ჩამოტვირთვის და საბაჟო გაფორმებისას სატრანსპორტო საშუალების ზენორმატიული დროით დაყოვნების შემთხვევაში დამკვეთი იხდის დგომის ყოველ დღე-ღამეში 100 ევროს (თავისუფალი დროის რაოდენობა სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 48 საათი). აღნიშნული გადაზიდვისას მანქანის მოცდენის ჯარიმამ შეადგინა 300 აშშ დოლარი. ჯამში შპს „ვ.ჯ–ის“ მიერ გადახდილმა თანხამ შეადგინა 2800 აშშ დოლარი (8269 ლარი), რაც შპს „ვ.ჯ–მა“ გადაუხადა ი/მ ა.შ–იას 2022 წლის 23 ივნისს. ინვოისის თანახმად, ინვოისზე ხელმოწერით მიმღები ადასტურებს, რომ ჩაიბარა ტვირთი და მომსახურებასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. ინვოისი ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ.

4.5. მოპასუხე „R. L.-ს“ შპს „ვ.ჯ–ისათვის“ არ გადაუხდია გადაზიდვის საფასური 3700 ევროს ოდენობით ბანკომატების გადაზიდვის ეპიზოდთან დაკავშირებით; ასევე ავტომანქანების მოცდენისათვის შპს „ვ.ჯ–ის“ მიერ გადახდილი ჯარიმები - ჯამში 500 დოლარის ოდენობით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით შპს „R. L.-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება ზიანის 500.00 აშშ დოლარის და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 352.72 ლარის დაკისრების ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. შპს „ვ.ჯ–ის“ სარჩელი შპს „R. L.-სათვის“ ზიანის - 500.00 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

7.1. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად იქნა დადგენილი, რომ მოპასუხეს, გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის წინაშე აკისრია მომსახურების საფასურის 3700 ლარის გადახდის ვალდებულება სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.

7.2. პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების (ხელშეკრულების დანართის, ინვოისების, საგადახდო დავალებების და მხარეთა ახსნა-განმარტების) საფუძველზე დადგენილი იყო და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ იყო გამხდარი გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულება შეადგენდა 7700 ევროს, საიდანაც მოპასუხეს გადახდილი ჰქონდა 4000 ევრო. 3700 ევროს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის მოთხოვნას მოპასუხემ დაუპირისპირა მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი და მიუთითა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის წინაპირობების არსებობაზე.

7.3. პალატა განმარტა, რომ სსკ-ის 442-ე მუხლის საფუძველზე ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რა დროსაც, სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის სავალდებულოა ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა, ხოლო მეორე პირის მიერ მისი მიღება... მისი ქმედითობა დამოკიდებულია მეორე პირის მიერ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ნების მიღებასა და გასაქვითი ვალდებულების არასადავოობაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ გაქვითვა შესაძლებელია მაშინ, როდესაც მხარეების მიერ აღიარებულია და სადავოდ არ არის გამხდარი ვალდებულება და მისი მოცულობა. მოცემულ შემთხვევაში კი, პალატის მოსაზრებით, საქმეზე არ დასტურდებოდა სკ-ის 442-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის წინაპირობების არსებობა.

7.4. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა, ავტომანქანების მოცდენისათვის შპს „ვ.ჯ–ის“ მიერ გადახდილი ჯარიმების - ჯამში, 500 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო შემდეგ გარემოებათა გამო:

7.4.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვით, სასამართლო მტკიცებით პროცესში, საპროცესო უფლების ჯეროვნად რეალიზების მიზნით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, 219-ე მუხლის პირველი ნაწილი). გარემოება დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ერთი მხარე მიუთითებს მასზე და მეორე მხარე არ ეწინააღმდეგება ამ მითითებას. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებითი პრინციპის საფუძველზე, მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ (დასაბუთებულ) მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წააგებს სამართლებრივ დავას (იხ. სუსგ ას-590-2023, 20.07.2023წ.).

7.4.2 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიუთითა, რომ სწორედ, მოსარჩელის სტადიაზე არსებულ მტკიცების ვალდებულებას წარმოადგენდა სახელშეკრულებო ზიანის არსებობის განმსაზღვრელ გარემოებებზე მითითება. აღნიშნულის საპირისპიროდ კი, სარჩელის მე-2 ფაქტობრივ გარემოების გრაფაში მითითებული ფაქტები იმდენად არასრულია, რომ მათ საფუძველზე სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების დაკისრების ყველა წანამძღვრის (მოვალის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, რაც კრედიტორისთვის ზიანის მიყენების პირდაპირი და უშუალო მიზეზი გახდა. ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობა) დადასტურებულად მიჩნევა შუძლებელი იყო. უფრო მეტიც, აღნიშნულის გამო მოპასუხემ მითითებულ ნაწილში ვერ შეძლო დასაბუთებული შესაგებლის წარდგენა. მოპასუხე შესაგებელში უთითებდა, რომ მისთვის გაუგებარია 500 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის მოთხოვნის საფუძველი.

7.4.3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში ფაქტობრივი გარემოებები გამოარკვია სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის ახსნა-განმარტების საფუძველზე.

7.4.4. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

7.4.5. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ მიუთითებია ზემოაღნიშნული სადავო გარემოებების სარჩელში ან საქმის მომზადების სტადიაზე წარუდგენლობის საპატიო გარემოებაზე. შესაბამისად, პალტამ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ 500 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მიერ მითითებული ახალი ფაქტობრივი გარემოებები მიიღო სასამართლოს მთავარ სხდომაზე სსსკ-ის 219-ე მუხლის დარღვევით და ისინი კანონსაწინააღმდეგოდ დაუდო საფუძვლად სასარჩელო მოთხოვნის ამ კომპონენტის დაკმაყოფილებას, რაც, სსსკ-ის 390.3-ე მუხლის თანახმად (საპროცესო ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი), ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით მხარეებმა. შპს „ვ.ჯ–მა“ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. შპს „R. L.-მა“ კი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, შპს „R. L.-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

10. შპს „ვ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

10.1. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის მე-2 ფაქტობრივ გარემოებაში პირდაპირ არის მითითებული, მანქანის მოცდენის ჯარიმების, მათი წარმოშობის წყაროსა და შესაბამისად, დამდგარი ზიანის შესახებ. ამასთან, სარჩელზე დართულია შესაბამისი მტკიცებულებები აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურების მიზნით.

10.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მხარე მხოლოდ მიუთითებდა, რომ მისთვის გაუგებარი იყო რას ითხოვდა მოსარჩელე. თუმცა, წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, მოპასუხეს არაფერი წარმოუდგენია.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 აგვისტოს განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 09 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-664-635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.

16. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

17. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

18. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64 - შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1677-2018, 5.07.2022წ; N ას-309-2022. 7.07.2022წ; N ას- 471-2022, - 8.07.2022წ; N ას-582-2022, 16.09.2022წ.).

19. საკასაციო სასამართლო მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში უფლებამოსილია, საქმეზე დადგენილ გარემოებებს მისცეს სამართლებრივი შეფასება. მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, შესაფასებელია, რამდენად არის გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნა, რომ მოპასუხე ვერ შეედავებოდა დაუსაბუთებელ სასარჩელო მოთხოვნას და პირველი ინსტანციის სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები გამოარკვია მთავარ სხდომაზე.

20. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას 500 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძვლის არსებობის შესახებ. კერძოდ, არ იზიარებს პალატის მითითებას, რომ სარჩელის მე-2 ფაქტობრივი გარემოების გრაფაში მითითებული ფაქტები იმდენად არასრულია, რომ მათ საფუძველზე სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების ყველა წანამძღვრის დადასტურებულად მიჩნევა შეუძლებელი იყო. ხოლო, აღნიშნულის გამო მოპასუხემ მითითებული მოთხოვნის ნაწილში ვერ შეძლო დასაბუთებული შესაგებლის წარდგენა. საკასაციო პალატა, ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სადავო მოთხოვნის ნაწილში ფაქტობრივი გარემოებების სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამორკვევის შესახებ.

20. საქმეზე დართული სარჩელის მე-2 ფაქტობრივი გარემოების თანახმად: „პირველ ფაქტობრივ გარემოებაში აღნიშნული გადაზიდვისა და დაზღევის ღირებულებას დაემატა მხარეთა მიერ გაფორმებული ხელშეკრულების დანართი NRQ000637-ით გათვალისწინებული მოცდენის ჯარიმა 200 აშშ დოლარის ოდენობით (ინვოისი NFTL50821/22, თარიღი: 03.02.2022), რომლის ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო არა უგვიანეს 06.02.2022 წლისა და მხარეთა მიერ გაფორმებული ხელშეკრულების დანართი NRQ002711-ით გათვალისწინებული მანქანის მოცდების ჯარიმა 300 აშშ დოლარის ოდენობით (ინვოისი NFTL51540/22, თარიღ: 05.05.2022), რომლის ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო არა უგვიანეს 13.05.2022 წლისა. ჯარიმების ჯამმა შეადგინა 500 აშშ დოლარი. ამ ჯარიმების მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს ასევე ის ფაქტიც, რომ მოსარჩელეს მიადგა ზიანი, მოპასუხის მიერ მანქანების მოცდენის გამო, რასაც ადასტურებს სარჩელზე მტკიცებულების სახით დართული პარტნიორების მიერ გამოწერილი ინვოისები შპს „ვ.ჯ–ისათვის“ ჯარიმის დაკისრებით. კერძოდ, შპს „ჯ.ბ.ლ–სის“ 2022 წლის 04 თებერვლის ინვოისი N22-029 და ი/მ „ა.შ–იას“ 2022 წლის 02 მაისის ინვოისი, ასევე შპს „ვ.ჯ–ის“ მიერ აღნიშნული ჯარიმების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები: სს „თ.ბ–ის“ საგადახდო დავალება N16449393525 და N1655993207“.

21. სადავო სასარჩელო მოთხოვნის საფუძლიანობის დასადასტურებლად სარჩელს ერთვის:

21.1. ხელშეკრულების დანართი NRQ000637, რომლის თანახმად, შპს „ვ.ჯ–ს“ უნდა განეხორციელებინა ტვირთის (10 ცალი პალეტი) გადაზიდვა შპს „R. L.-სათვის“ რუსეთის ფედერაციიდან, ტულას ოლქიდან თბილისის მიმართულებით; მიწოდების ვადა შეადგენდა 5-7 დღეს ტვირთის აღებიდან, ხოლო დატვირთვის თარიღად კი განისაზღვრა 2022 წლის 21 იანვარი. ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენდა დაზღვევის ჩათვლით 1600 აშშ დოლარს. შეთანხმების თანახმად, არასწორად გაფორმებული საბუთების, ან ჩატვირთვა/ჩამოტვირთვის და საბაჟო გაფორმებისას სატრანსპორტო საშუალების ზენორმატიული დროით დაყოვნების შემთხვევაში დამკვეთი იხდიდა დგომის ყოველ დღე-ღამეში 100 ევროს (თავისუფალი დროის რაოდენობა სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 24 საათი).

21.2. ინვოისი NLTL50735/22, რომლის თანახმად, მიმღებმა შპს „R. L.-მა“ ხემოწერილით დაადასტურა, რომ ჩაიბარა ტვირთი და მომსახურებასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. ინვოისი ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. ანგარიშსწორების ბოლო ვადად განისაზღვრა 2022 წლის 2 თებერვალი. გადაზიდვა ხორციელდებოდა ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით “.....“.

21.3. შპს „ჯ.ბ.ლ–ის“ 2022 წლის 4 თებერვლის #22-029 ინვოისი, რომლის თანახმად, შპს „ვ.ჯ–ს“ დაერიცხა ჯარიმა ავტომანქანის სახელმწიფო ნომრით „........“ მოცდენისთვის 200 აშშ დოლარის ოდენობით. სულ გადასახდელმა თანხამ შეადგინა 1550 აშშ დოლარი (ტრანსპორტირების ღირებულება 1350 აშშ დოლარი და ა/მ მოცდენა დატვირთვაზე - 200 აშშ დოლარი).

21.4. სარჩელზე დართულია საგადახდო დავალება რითათ დასტურდება, რომ შპს „ვ.ჯ–მა“, როგორც დამკვეთმა, რუსეთის ფედერაციიდან, ტულას ოლქიდან თბილისის მიმართულებით ტვირთის გადაზიდვაში გადაიხადა 1550 აშშ დოლარი, საიდანაც 200 აშშ დოლარი შეადგენდა ჯარიმას ავტომანქანის მოცდენა/დატვირთვაზე.

21.5. შპს „ვ.ჯ–ს“ შპს „R. L.-თან“ დადებული #RQ0002711 შეთანხმების საფუძველზე შპს „R. L.-სათვის“ უნდა განეხორციელებინა თურქეთის რესპუბლიკიდან ქ. თბილისში ტვირთის (ავტონაწილები) გადაზიდვა ტვირთის აღებიდან 5-7 დღის ვადაში. გადაზიდვის ღირებულება შეადგენდა 2500 აშშ დოლარს. ამავე შეთანხმებით, არასწორად გაფორმებული საბუთების, ან ჩატვირთვა/ჩამოტვირთვის და საბაჟო გაფორმებისას სატრანსპორტო საშუალების ზენორმატიული დროით დაყოვნების შემთხვევაში დამკვეთი იხდის დგომის ყოველ დღე-ღამეში 100 ევროს (თავისუფალი დროის რაოდენობა სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 48 საათი). აღნიშნული გადაზიდვისას მანქანის მოცდენის ჯარიმამ შეადგინა 300 აშშ დოლარი. ჯამში შპს „ვ.ჯ–ის“ მიერ გადახდილმა თანხამ შეადგინა 2800 აშშ დოლარი (8269 ლარი), რაც შპს „ვ.ჯ–მა“ გადაუხადა ი/მ ა.შ–იას 2022 წლის 23 ივნისს. ინვოისის თანახმად, ინვოისზე ხელმოწერით მიმღები ადასტურებს რომ ჩაიბარა ტვირთი და მომსახურებასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. ინვოისი ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ.

22. საკასციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მე-2 ფაქტობრივი გარემოების სახით ნათლად არის ასახული სახელშეკრულებო ზიანის არსებობის განმსაზღვრელი გარემოებები, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანობას. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთი შებრუნდა და საწინააღმდეგო მტკიცების საპროცესო საშუალების წარმოდგენის ვალდებულებამ მოპასუხის მხარეს გადაინაცვლა. მოპასუხეს, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, თავად უნდა წარმოედგინა საპირისპირო მტკიცებულება. თუმცა, კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება დამაჯერებელი/სარწმუნო არგუმენტებითა და მტკიცებულებებით, მოპასუხემ ვერ შეძლო. სასამართლოში წარდგენილი შესაგებელი სადავო მოთხოვნასთან მიმართებით, მხოლოდ მასზე მითითებას შეიცავდა, რომ მოპასუხისათვის გაუგებარია 500 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის მოთხოვნის საფუძველი. პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები გამყარებულია სათანადო მტკიცებულებებით, რომლებიც ხელმოწერილია ასევე მოპასუხე მხარის მიერ და დამოწმებულია ბეჭდით, მოპასუხე თავად უნდა დაინტერესებულიყო და გამოეკვლია მის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტები რომელი ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა და მის მიერ შესასრულებელი ვალდებულების არარსებობის შემთხვევაში, სათანადოდ შედავებოდა მოსარჩელეს.

23. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზეა დაფუძნებული და წარმოადგენს ნორმა პრინციპს, რომელიც არაერთ ნორმატიულ რეგულირებას უდებს სათავეს (შდრ: სუსგ №ას-15-15-2016, 01 მარტი, 2016 წელი, პ-19). სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, მიუკერძოებლობას, ობიექტურობას, სამართლიანობასა და სხვ. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს.

24. განსახილველ შემთხვევაში, შეუდავებლად დატოვებული სასარჩელო გარემოებებითა და სარჩელზე თანდართული მტკიცებულებებით დადასტურებულია როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ისე მისი ოდენობა. კერძოდ, შპს „ვ.ჯ–სა“ და შპს შპს „R. L.-ს“ შორის არსებული შეთანხმებებით დეტალურად იყო გაწერილი გადაზიდვაში მონაწილე ავტომანქანების მოცდენის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა. სარჩელში მითითებული ორივე ეპიზოდის შემთხვევაში (გადაზიდვა რუსეთის ფედერაციის ტულას ოლქიდან და თურქეთის რესპუბლიკიდან) დადგენილია გადაზიდვაში მონაწილე მანქანების მოცდენის როგორც დრო, ასევე საფასური. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გადაუხდია მოსარჩელის მიერ მითითებული თანხის - ჯამში 500 აშშ დოლარის გადახდა, რაც თავისთავად ადასტურებს ზიანის ოდენობას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზეა ზიანის ანაზღაურებისათვის საჭირო საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ყველა კომპონენტი, მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი 500 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა (ასევე სახელმწიფო ბაჟის შესაბამისად განაწილების ნაწილში) და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ზიანია ანაზღაურების სახით 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

27. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მოსარჩელის საკასაციო საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, შპს „ვ.ჯ–ის“ სახელმწიფო უნდა დაეკისროს სადავო მოთხოვნის ოდენობით გათვალისწინებით, პირველი ინსტანციისა და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 340.20 (40.20+300) ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს „ვ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება შპს „R. L.-ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „ვ.ჯ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. შპს „R. L.-ს“ შპს „ვ.ჯ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;

5. შპს „R. L.-ს“ (......) შპს „ვ.ჯ–ის“ (.......) სასარგებლოდ დაეკისროს პირველი ინსტანციისა და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 340.20 (40.20+300) ლარის გადახდა;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლევა ნემსაძე

მიხეილ ჯინჯოლია