დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 12.02.2026
საქმის ნომერი
ას-138-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-138-2026

12 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ი.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ყ–ი (მოპასუხე)

დავის საგანი - უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 05 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბოლნისის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 30 მაისს სარჩელით მიმართა შპს „ი–მ“ მოპასუხე ნ.ყ–ის მიმართ და მოითხოვა უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 23 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

ბოლნისის რაიონულ სასამართლოს 2022 წლის 13 მაისს სარჩელით მიმართა ნ.ყ–მა მოპასუხე შპს „ი–ს“ მიმართ და მოითხოვა 2016 წლის 23 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული №2/422-22 და №2/258-21 სამოქალაქო საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა ბოლნისის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო სააღრიცხვო-სტატისტიკური ნომერი №2/422-22.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, ნ.ყ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შპს „ი–ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც მოპასუხე ნ.ყ–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე მარნეულის რაიონი, სოფელი ….. ს.კ. ……, 1000000 კვ.მ. გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; მოპასუხე ნ.ყ–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე მარნეულის რაიონი, სოფელი …… ს.კ. …….., 100 000 კვ.მ. გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ი–მ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შპს „ი–ს“ სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 05 ნოემბრის განჩინებით, შპს „ი–ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 05 ნოემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შპს „ი–მ“, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმეში არსებულ მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის, მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 05 ნოემბრის დასაბუთებული განჩინება შპს „ი–ს“ წარმომადგენელმა მ.ა–ძემ ჩაიბარა 2025 წლის 05 დეკემბერს (იხ. ხელწერილი, ტ-2; ს.ფ.276). საქმეშია ასევე მინდობილობა (იხ. ტ-2; ს.ფ. 193-195), რომლის შესაბამისად, შპს „ი–ს“ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მ.ა–ძისათვის 2029 წლის 15 მარტამდე. მინდობილობა ითვალისწინებს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებას, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებების და განჩინებების გასაჩივრების უფლებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21 დღიანი ვადის ათვლა 2025 წლის 06 დეკემბერს დაიწყო და 2025 წლის 26 დეკემბერს ამოიწურა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საფოსტო განყოფილებას საკასაციო საჩივარი წარედგინა 2025 წლის 30 დეკემბერს, ანუ სსსკ-ის 397-ე მუხლით საკასაციო საჩივრის წარდგენისთვის დადგენილი 21 დღიანი ვადის დარღვევით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21 დღიანი ვადის ათვლა საკასაციო საჩივრის ავტორისათვის დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს 2025 წლის 06 დეკემბერს და ამოიწურა 2025 წლის 26 დეკემბერს, საკასაციო საჩივარი კი საფოსტო განყოფილებაში წარდგენილია 2025 წლის 30 დეკემბერს (იხ. ტ-2; ს.ფ.290).

სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

ზემოთ მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-119-2022, 03.02.2022წ.; №ას-1133-2021, 29.11.2021).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი) (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-924-2022, 22.07.2022წ.).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვას. მხარის მატერიალური უფლების რეალიზაციისათვის საპროცესო ნორმები ადგენს თითოეული მხარის მიერ პოზიციის, განმარტების სასამართლოსათვის წარდგენის პროცესუალურ წესებს, რაც მოიცავს გასაჩივრების პროცედურას, ასევე, საქმის მოსმენის როგორც ზეპირ (მხარეთა მონაწილეობით), ისე - ზეპირი მოსმენის გარეშე ფორმებს. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში თუ განჩინებაში უთითებს: საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ.სუსგ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.).

რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ საკასაციო საჩივრის წარდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე მოხდა 2026 წლის 26 დეკემბერს, პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება: ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით ან/და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით. ასეთ დადასტურებას კი განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის გაშვების გამო, შპს „ი–ს“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 285-ე ,372-ე, 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ი–ს“ საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 05 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი