დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 30.01.2026
საქმის ნომერი
ას-67-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.01.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-67-2026

30 იანვარი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ა–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – დ.დ–ია

დავის საგანი – სპეციალური აუდიტორის დანიშვნა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 დეკემბრის განჩინება უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

სენაკის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 14 აპრილის განჩინებით, შპს „ა–ის“ (ს/ნ ......) 33% წილის მქონე პარტნიორის დ.დ–იას (პ/ნ .......) წარმომადგენლის განცხადება, შპს „ა–ის“ სამეურნეო მოქმედებებისა და წლიური ფინანსური ანგარიშგების სპეციალური შემოწმების დადგენისა და სპეციალურ აუდიტორად შპს „კ.ა–ის“ დანიშვნის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ა–მა“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, სენაკის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 14 აპრილის განჩინების გაუქმების და განცხადების დაკმაყოფილების მოთხოვნით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინებით, შპს „ა–ის“ (ს.ნ. .........) 33%-იანი წილის მესაკუთრის დ.დ–იას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 14 აპრილის განჩინება და შპს „ა–ის“ 33%-იანი წილის მესაკუთრის დ.დ–იას განცხადება, სპეციალური აუდიტორის დანიშვნის თაობაზე დაკმაყოფილდა; მოხდა კომპანია შპს „ა–ის“ (ს.ნ. ......) სამეურნეო მოქმედებების და წლიური ფინანსური ანგარიშგების სპეციალური შემოწმების დადგენა (2024 წლის სექტემბრიდან); შემოწმების ჩატარებისთვის სპეციალურ აუდიტორად დაინიშნა შპს ,,კ.ა–ი“ (ს.ნ.....); შპს ,,კ.ა–ის" (ს/ნ ......) მიერ შემოწმება დაიწყო არაუგვიანეს განჩინების გამოტანიდან 10 დღეში და დასრულდა დაწყებიდან 3 თვეში; დაევალა კომპანიის დირექტორს ითანამშრომლოს დანიშნულ აუდიტორთან, მათ შორის და არამხოლოდ, მისცეს მას საზოგადოების დოკუმენტაციის, ფულადი სახსრებისა და სასაქონლო მარაგების შემოწმების შესაძლებლობა და მიაწოდოს ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია; შპს „კ.ა–ისთვის“ გადასახდელ მომსახურების თანახმად, მისი მოთხოვნის საფუძველზე განისაზღვრა 25 000 ლარი; შპს „კ.ა–ისთვის“ მომსახურების თანხის გადახდა დაეკისრა კომპანია შპს „ა–ს“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2025 წლის 10 სექტემბერს, განცხადებით მიმართა შპს „ა–ის“ წარმომადგენელმა და ამავე სასამართლოს 2025 წლის 10 ივლისის განჩინების განმარტება მოითხოვა. ხოლო, 2025 წლის 18 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა დ.დ–იას წარმომადგენელმა იმავე განჩინების განმარტების მოთხოვნით.

2025 წლის 19 სექტემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა დ.დ–იას წარმომადგენელმა და ამავე სასამართლოს 2025 წლის 10 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა.

2025 წლის 07 ოქტომბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა შპს „ა–ის“ წარმომადგენელმა, საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, შპს „ა–ის“ წარმომადგენლების შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; შპს „ა–ის“ წარმომადგენლების შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; დ.დ–იას (შპს ,,ა–ის’’ 33%-იანი წილის მესაკუთრე) წარმომადგენლის შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; დ.დ–იას (შპს ,,ა–ის’’ 33%-იანი წილის მესაკუთრე) წარმომადგენლის ს.მ–ის შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინების 2.3 პუნქტის განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინების 2.3 პუნქტი განიმარტა იმდაგვარად, რომ შპს „კ.ა–ის“ (ს/ნ .......) მიერ, შემოწმების დაწყების ვადა აითვლება წინამდებარე განჩინების მხარისათვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში და დასრულდება დაწყებიდან 3 თვის ვადაში. განიმარტა, რომ განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

2025 წლის 11 დეკემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა შპს „ა–ის“ წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2025 წლის 28 ნოემბერს დააკმაყოფილა დ.დ–იას წარმომადგენლის შუამდგომლობა განჩინების განმარტების შესახებ და განმარტა, რომ 2025 წლის 10 ივლისის განჩინებაში სიტყვა „გამოტანის“ ნაცვლად უნდა იყოს მითითებული სიტყვა „ჩაბარებიდან“. აღნიშნული განმარტების შემდეგ კი გაიცა სააღსრულებო ფურცელი. განჩინებაში მითითებულია, რომ განმარტების შესახებ განჩინება არის საბოლოო და არ საჩივრდება, რაც შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებით წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას, ვინაიდან განმარტების შესახებ განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262.3 მუხლის თანახმად. ვინაიდან არასწორად არის განჩინებაში მითითებული გასაჩივრების წესთან დაკავშირებით, აღნიშნულმა არასწორმა მითითებამ გამოიწვია სააღსრულებო ფურცლის გაცემა. აღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა დაშვებული უსწორობის გასწორება იმგვარად, რომ განჩინებაში მიეთითოს, რომ განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, შპს „ა–ის“ წარმომადგენლის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ა–ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმება და განჩინებაში გასაჩივრების ნაწილში აღნიშვნა, რომ გასაჩივრება შეიძლება 12 დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა–ის“ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი/კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს წყვეტს ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე.

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინებით, შპს „ა–ის“ (ს.ნ. ......) 33%-იანი წილის მესაკუთრის დ.დ–იას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 14 აპრილის განჩინება და შპს „ა–ის“ 33%-იანი წილის მესაკუთრის დ.დ–იას განცხადება, სპეციალური აუდიტორის დანიშვნის თაობაზე დაკმაყოფილდა; მოხდა კომპანია შპს ,,ა–ის" (ს.ნ......) სამეურნეო მოქმედებების და წლიური ფინანსური ანგარიშგების სპეციალური შემოწმების დადგენა (2024 წლის სექტემბრიდან); შემოწმების ჩატარებისთვის სპეციალურ აუდიტორად დაინიშნა შპს ,,კ.ა–ი“ (ს.ნ. .......); შპს ,,კ.ა–ის" (ს/ნ .........) მიერ შემოწმება დაიწყო არაუგვიანეს განჩინების გამოტანიდან 10 დღეში და დასრულდა დაწყებიდან 3 თვეში; დაევალა კომპანიის დირექტორს ითანამშრომლოს დანიშნულ აუდიტორთან, მათ შორის და არამხოლოდ, მისცეს მას საზოგადოების დოკუმენტაციის, ფულადი სახსრებისა და სასაქონლო მარაგების შემოწმების შესაძლებლობა და მიაწოდოს ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია; შპს „კ.ა–ისთვის“ გადასახდელ მომსახურების თანახმად, მისი მოთხოვნის საფუძველზე განისაზღვრა 25 000 ლარი; შპს „კ.ა–ისთვის“ მომსახურების თანხის გადახდა დაეკისრა კომპანია შპს „ა–ს“(იხ. ტ-1; ს.ფ. 320-328).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოებრის განჩინებით, შპს „ა–ის“ წარმომადგენლების შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; შპს „ა–ის“ წარმომადგენლების შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; დ.დ–იას (შპს ,,ა–ის’’ 33%-იანი წილის მესაკუთრე) წარმომადგენლის ს.მ–ის შუამდგომლობა - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე - არ დაკმაყოფილდა; დ.დ–იას (შპს ,,ა–ის’’ 33%-იანი წილის მესაკუთრე) წარმომადგენლის ს.მ–ის შუამდგომლობა - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინების 2.3 პუნქტის განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინების 2.3 პუნქტი განიმარტა იმდაგვარად, რომ შპს „კ.ა–ის“ (ს/ნ .......) მიერ, შემოწმების დაწყების ვადა აითვლება წინამდებარე განჩინების მხარისათვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში და დასრულდება დაწყებიდან 3 თვის ვადაში. განიმარტა, რომ განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. (იხ. ტ-2 ს.ფ. 326-327);

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, შპს „ა–ის“ წარმომადგენლის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა განჩინების საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრის შეტანის გზით გასაჩივრების უფლება (იხ. ტ-2; ს.ფ.351-356).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 დეკემბრის განჩინებაზე შპს „ა–მა“ წარადგინა კერძო საჩივარი (იხ. ტ-2; ს.ფ.361-362).

საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

სსსკ-ის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია. კერძოდ, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. კანონი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რომ კერძო საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს განჩინებით წარმოება სრულდება (იხ. სუსგ №ას-21-2019, 21.01.2019წ; №ას-1587-2019, 04.11.2019წ; №ას-478-2020, 03.07.2020წ; №ას-303-2023, 24.03.2023წ; იხ. ასევე სუსგ №ას-1007-2018, 23.07.2018წ; № ას-134-2021, 22.02.2021წ; №ას-12-2022, 17.01.2022წ.).

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივარი შეეხება იმ განჩინების კანონიერებას, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებში, განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე შუამდგომლობა. შესაბამისად, აღნიშნული განჩინების კანონიერების შემოწმება საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდება, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე ყოველგვარი წარმოება სრულდება სააპელაციო ინსტანციაში და კერძო საჩივარზე წარმოების ფარგლებში მიღებული მეორე ინსტანციის განჩინებები, მაგალითად, იქნება ეს განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე განჩინება, თუ განჩინების განმარტების თაობაზე განჩინება, დამატებით კერძო საჩივრით საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ საჩივრდება. დაუშვებელია ამ გზით რაიმე ცვლილება/დამატება იქნეს შეტანილი პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს (ანუ ზემდგომი სასამართლოს) განჩინებაში (იხ. სუსგ №ას-13-2024 , 22.01.24წ).

პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე ყოველგვარი წარმოება სრულდება სააპელაციო ინსტანციაში და კანონმდებლობა ითვალისწინებს ორი ინსტანციის წესით საქმის განხილვის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. მის კანონიერებას დამატებით მესამე ინსტანციის სასამართლო ვეღარ შეამოწმებს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება წარმოადგენს სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია, რომ რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო (სუსგ. №ას-134-2021, 22.02.2021წ., №ას-1007-2018, 23.07.2018წ., სუსგ. №ას-734-734-2018, 05.06.2018წ.).

შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.12.2025წ. განჩინების კანონიერება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება.

ზემოაღნიშნულ მსჯელობას ვერ შეცვლის გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მისი გასაჩივრების შესაძლებლობაზე მითითება (იხ. სუსგ №ას-21-2019, 21.01.2019წ.).

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება წარმოადგენს სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია, რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ემსახურება საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი კერძო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვას. მხარის მატერიალური უფლების რეალიზაციისათვის საპროცესო ნორმები ადგენს თითოეული მხარის მიერ პოზიციის, განმარტების სასამართლოსათვის წარდგენის პროცესუალურ წესებს, რაც მოიცავს გასაჩივრების პროცედურას, ასევე, საქმის მოსმენის როგორც ზეპირ (მხარეთა მონაწილეობით), ისე - ზეპირი მოსმენის გარეშე ფორმებს. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში თუ განჩინებაში უთითებს: საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: № ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ; №ას-303-2023, 24.03.2023წ.).

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ა–ის“ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა–ის“ კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი