დატოვებულია უცვლელად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № ას-1511-2025 12 თებერვალი, 2026 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ბ.ს...“
მოწინააღმდეგე მხარე - მ.რ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მ.რ–ის სარჩელი მოპასუხე შპს „ბ.ს...“-ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ბ.ს...“-ს მოსარჩელე მ.რ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000.00 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხე შპს „ბ.ს...“-ს მოსარჩელე მ.რ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 95 000.00 ლარის გადახდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის წარმომადგენელმა (დირექტორი).
3. აპელანტის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, ვინაიდან კომპანიას არ გააჩნია მატერიალური შესაძლებლობა და აქვს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 თებერვლის განჩინებით, შპს „ბ.ს...“-ის წარმომადგენლის, შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. შპს „ბ.ს...“-ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა წარმოედგინა 400 აშშ დოლარის (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) და 3 800 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. წარმოედგინა სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია. აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა - 10 დღე, განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 თებერვლის განჩინება გაეგზავნა აპელანტს. გზავნილი ადრესატს (დამფუძნებელი ვ.გ–ი) ჩაბარდა 2025 წლის 11 აპრილს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განჩინებით ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო პალატის მითითებით, ხარვეზის შესავსებად, განჩინებით დადგენილი 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 12 აპრილს და ამოიწურა 2025 წლის 21 აპრილს. აპელანტს აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ აღმოუფხვრია, ასევე არ მოუმართავს სასამართლოსათვის რაიმე სახის განცხადებით, ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე.
7. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს „ბ.ს...“-მა, რომელმაც განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო ეტაპზე განსახილველად დაბრუნება მოითხოვა. საჩივრის თანახმად, აპელანტმა, მართალია, გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ რადგან არ ჰქონდა საკმარისი ფინანსური რესურსი სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, სააპელაციო სასამართლოში წარადგინა ბაჟის გადავადების შუამდგომლობა. ფინანსური სირთულის დასასაბუთებლად მითითებული იყო ფაქტი, რომ კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დადებული იყო ინკასო, რის გამოც, ხარვეზის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ვერ მოხერხდებოდა ბაჟის გადახდა. 2025 წლის 11 აპრილს საქართველოს ფოსტამ მართალია, მოიტანა კორესპოდენცია, თუმცა შეტყობინების სტიკერი დატოვა კორპუსის შესასვლელ გისოსზე ისე, რომ მისი სიშორის გამო, შეუძლებელი იყო სტიკერის დროული შემოწმება. ის შემთხვევით შენიშნა კომპანიის დირექტორის დედამ, რომელიც კომპანიის მისამართზე ცხოვრობს.
8. შეტყობინების ნახვისთანავე, კომპანიის დირექტორი ფოსტაში მივიდა კორესპოდენციის ჩასაბარებლად, თუმცა კონვერტში მოთავსებული იყო მხოლოდ ერთი ფურცელი - მხოლოდ გზავნილის მიმართვა, ხოლო განჩინება არ იყო კონვერტში მოთავსებული. ამავდროულად, კონვერტი იყო დაზიანებული და ნაწილობრივ გახსნილი. ფოსტის თანამშრომლებმა კი ვერ განმარტეს რა იყო ამის მიზეზი. გზავნილის ტექსტში არ იყო მითითებული არც განჩინების შინაარსი, არც მხარეთა ვინაობა, შესაბამისად, შეუძლებელი იყო მისი შინაარსის განსაზღვრა. ამავდროულად, სხვადასხვა მიმდინარე სასამართლო დავის გამო, დირექტორს არ შეეძლო ევარაუდა თუ რა შინაარსის განჩინება უნდა ყოფილიყო გამოგზავნილი.
9. ასევე ხაზგასასმელია, რომ მიმღებმა ვერ შეძლო განესხვავებინა ფორმალური, რუტინული შეტყობინება გადამწყვეტი დოკუმენტისგან. დოკუმენტი კი ვიზუალურად არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ კონვერტის შიგთავსი იყო ნაკლული. ამ შემთხე
10. კომპანიის მოლოდინი იყო ის, რომ სასამართლოს ყველა მნიშვნელოვანი აქტი გაეგზავნებოდა უშუალოდ ადვოკატს სამართლებრივი პრაქტიკიდან გამომდინარე. შესაბამისად, კომპანიას ჰქონდა ვარაუდი, რომ სასამართლო არასრულ ან შეცდომით გაგზავნილ დოკუმენტს არასდროს დაუტოვებდა შეუმჩნეველს და ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ადვოკატს გაუგზავნიდა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
15. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამდენად, სასამართლო გზავნილის წარმომადგენლისთვის ჩაბარება თავად აპელანტებისათვის მის გადაცემას უთანაბრდება და შესაბამისი საპროცესო ვადის ათვლის საფუძველს ქმნის.
16. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
17. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
18. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამდენად, სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.
21. მოცემული დავის ფარგლებში დადგენილია, რომ პელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 თებერვლის განჩინება გაეგზავნა აპელანტს სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე. გზავნილი ჩაბარდა ადრესატს (დამფუძნებელი ვ.გ–ი) 2025 წლის 11 აპრილს (იხ. სათანადო საფოსტო უკუგზავნილი). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად, განჩინებით დადგენილი 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 12 აპრილს და ამოიწურა 2025 წლის 21 აპრილს.
22. აპელანტს აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ აღმოუფხვრია, ასევე არ მოუმართავს სასამართლოსათვის რაიმე სახის განცხადებით, ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე.
23. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის შედავების არგუმენტებზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ საჩივრის ავტორს განჩინების ჩაბარებიდან ჰქონდა 10 დღიანი ვადა ხარვეზის შევსებისთვის. მისი პრეტენზია, რომ სასამართლოდან გაგზავნილ კონვერტში არ იდო განჩინება და ხარვეზის შინაარსს ვერ მიხვდებოდა, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან არასწორად ან არასრულად გაგზავნის ფაქტი ვერ დასტურდება. ასევე, თუნდაც დგინდებოდეს, რომ განჩინება არ ახლდა თან გაგზავნილ კონვერტს, თავად მხარის ინტერესს წარმოადგენს დაიზღვიოს პროცესუალურად თავი და დააზუსტოს სასამართლოსთან გზავნილის შინაარსი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მხარე იურიდიული პირია და მეტი შესაძლებლობა აქვს პროცესის გამართული უზრუნველყოფის. თუ კი საჩივრის ავტორი ადასტურებს, რომ ჩაიბარა გზავნილი და მას აქვს ეჭვის ან ვარაუდის საფუძველი იმაში, რომ ვერ ერკვევა ან მიაჩნია, რომ ხარვეზიანია პროცესუალური დოკუმენტი, მისი ინტერესი და ვალდებულებაა თავადვე განახორციელოს ისეთი მოქმედებები, რომლითაც შეძლებს გაუგებრობის თავიდან აცილებას. აღნიშნული ვალდებულება განსაკუთრებით ინტენსიურია ამ შემთხვევაში, რადგან მხარემ იცის პროცესუალური რისკები და ის სამართლებრივი შედეგები, რაც სავარაუდოა ასეთ მოცემულობაში. თუმცა, ფაქტია, რომ საჩივრის ავტორმა ვარაუდის არსებობის მიუხედავად, თვითიმედოვნებით, პასიურად, უმოქმედობით მიიჩნია, რომ არ იყო ვალდებული შეესრულებინა რაიმე სახის საპროცესო ქმედება. მართლზომიერი, კეთილსინდისიერი პროცესუალური მხარე, ასეთ შემთხვევაში, სულ მცირე შეეცდებოდა წერილისა და განჩინების შინაარსების სხვა წყაროებით გარკვევას, რაც სახეზე არ არის.
24. ასევე, საჩივრის ავტორის შედავება მისამართთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია, რადგან სააპელაციო საჩივრის ფორმაში დირექტორისა და შპს-ის მისამართებად ერთი იგივე ადგილია მითითებული, ხოლო შეტყობინების გაგზავნის რიგითობის წესი სასამართლოს არ დაურღვევია. სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს მხარის მიერ მითითებული მისამართები და თავად განსაზღვროს თუ რა მისამართზე გააგზავნოს წერილი. ამავდროულად, რადგან მხარე თავად უთითებს მისამართს, ივარაუდება, რომ ის ამავე მისამართზეა აქტიური და შეძლებს გზავნილის ჩაბარებას. ასევე, სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც კერძო საჩივარშია მითითებული, იურიდიული პირის მისამართზე ცხოვრობს დირექტორის დედა, შესაბამისად, ჩაუბარებლობის მიმართ არსებული სავარაუდო რისკები წინასწარ უნდა ყოფილიყო დირექტორისთვის ცნობილი და განჭვრეტადი.
25. რაც შეეხება ფოსტის სტიკერს, საჩივრის ავტორის შეფასებით, ფოსტის თანამშრომელმა ისეთ ადგილას მიაკრა, რომ თითქმის შეუძლებელი იყო ადრესატის მიერ აღმოჩენა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ფაქტიც ვერ დადასტურდა საჩივრის ავტორის მიერ, მარტოოდენი სიტყვიერი მითითება კი ვერ იქნება საკმარისი მკიცების დაკმაყოფილებისთვის.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი. ამგვარად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ.ს...“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი