დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 19.02.2026
საქმის ნომერი
ას-1535-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1535-2025

19 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - თ.ტ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ტ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თ.ტ–ძემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ლ.ტ–ძის მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით თ.ტ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 დეკემბრის განჩინებით თ.ტ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის 70%-ით შემცირების და სახელმწიფო ბაჟის 70%-ის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. თ.ტ–ძეს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები (დედნის სახით) ან სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის - ქვითრის დედანი.

ზემოაღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა 2025 წლის 23 დეკემბერს და ჩაბარდა მეუღლეს ზ.მ–ძეს 2025 წლის 24 დეკემბერს.

2026 წლის 08 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება ორი კვირით, იმ საფუძვლით, რომ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკმაოდ სოლიდურია და ესაჭიროება ვადა თანხის აკუმულირებისთვის.

პალატა აღნიშნავს, რომ უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 23 დეკემბრის N563 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის 2026 წლის 5-6 იანვარი განისაზღვრა უქმე დღეებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 12 იანვრის განჩინებით თ.ტ–ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თ.ტ–ძეს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები (დედნის სახით) ან სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის - ქვითრის დედანი.

ზემოაღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა 2026 წლის 15 იანვარს და ჩაბარდა მეუღლეს ზ.მ–ძეს 2026 წლის 20 იანვარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო, მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 12 იანვრის განჩინებით თ.ტ–ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თ.ტ–ძეს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები (დედნის სახით) ან სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის - ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის სრულყოფილად გამოუსწორებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

ზემოაღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა 2026 წლის 15 იანვარს და ჩაბარდა მეუღლეს - ზ.მ–ძეს 2026 წლის 20 იანვარს.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის აღმოფხვრის ვადის ათვლა დაიწყო 2026 წლის 21 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 30 იანვარს. (იხ. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლები). დადგენილია, რომ კასატორს სასამართლოსთვის განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენია არც ხარვეზის შევსებისთვის აუცილებელი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არც რაიმე სახის შუამდგომლობა.

სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-119-2022, 03.02.2022წ.; №ას-1133-2021, 29.11.2021). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ.ტ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.ტ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: მიხეილ ჯინჯოლია