დატოვებულია უცვლელად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-17-2026 11 თებერვალი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – შპს „ე“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ჯ.დ.ჯ–ია“
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2025 წლის 26 დეკემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შპს „ა.ჯ.დ.ჯ–იის“ განცხადება დაკმაყოფილდა; შპს „ე–ის“ კუთვნილ ფულად სახსრებს დაედო ყადაღა 451 843.23 ლარის ფარგლებში, რომელიც გავრცელდა საქართველოს საბანკო საქმიანობის განხორციელებაზე ლიცენზიის მქონე ყველა საბანკო დაწესებულებაში შპს „ე–ის“ სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე, ანგარიშის ვალუტის მიუხედავად.
2. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეფუძნება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველ პუნქტს, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 191-ე და 198² მუხლებს. აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის რეალიზაცია დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე (რაც დამახასიათებელია აღიარებითი სარჩელებისთვის), არამედ მოპასუხის ნებაზე და მის მიერ შესაბამისი მოქმედების შესრულებაზე, კერძოდ – თანხის გადახდაზე. მოპასუხის ნებაყოფლობითი შესრულების არარსებობის პირობებში გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის მიღწევა დამოკიდებული ხდება იძულებითი აღსრულების მექანიზმზე, რაც განაპირობებს დავის საგნის დაცვის საჭიროებას. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოვალის მიერ ფულადი სახსრების განკარგვის შემთხვევაში შესაძლოა გართულდეს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მესაკუთრეს ნებისმიერ დროს შეუძლია თავისუფლად განკარგოს საკუთარი ფულადი რესურსები, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება შეფასდა როგორც აუცილებელი და გადაუდებელი საშუალება მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად.
3. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ განცხადებაზე თანდართული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ შპს „ე–ის“ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს - საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში გახსნილ საბანკო ანგარიშებს, აღნიშნულ ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებსა და შემნახველ სეიფებს - უკვე ადევს ყადაღა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 25 მარტის განჩინებით, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით.
4. ზემოაღნიშნული განჩინება შპს „ე–მა“ საჩივრით გაასაჩივრა.
5. საჩივრის ავტორის განმარტებით, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად კომპანიას სრულად შეეზღუდა ფინანსური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა, ხოლო საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები გახდა ფაქტობრივად არახელმისაწვდომი. მოპასუხე მხარის მითითებით, დღემდე მისთვის უცნობია მოსარჩელის მოთხოვნის კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი; მას არ ჩაბარებია საარბიტრაჟო სარჩელი და არ მიუღია მასთან დაკავშირებული რაიმე სახის ინფორმაცია. ამასთან, მოპასუხე არ ყოფილა ჩართული საარბიტრაჟო წარმოების არცერთ ეტაპზე, რითაც დარღვეულია საარბიტრაჟო პროცესის სტანდარტები.
6. საჩივრის ავტორი დამატებით აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარე თვითნებურად დაეუფლა 100 000 აშშ დოლარის ოდენობის სადეპოზიტო თანხას, აგრეთვე, სადავო ფართი წინასწარი გაფრთხილების გარეშე და მოპასუხესთან შეუთანხმებლად გააქირავა მესამე პირზე, რითაც მოპასუხეს ფაქტობრივად მოუსპო ბიზნესსაქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. მისი პოზიციით, მოპასუხე კომპანიის ანგარიშები დაყადაღებულია, შეზღუდულია როგორც ფუნქციონირება, ისე გადარიცხვა, პარალიზებულია, გაუარესებულია მისი რეპუტაცია და სამომავლო შესაძლებლობები, რაც პირდაპირი შედეგია მოწინააღმდეგე მხარის არაკეთილსინდისიერი ქმედებებისა.
7. ზემოაღნიშნულის საფუძველზე საჩივრის ავტორმა მოითხოვა: გაუქმდეს უზრუნველყოფის ღონისძიება, როგორც უფლების ბოროტად გამოყენებითა და პროცესუალური სტანდარტების დარღვევით მიღებული; აღიარებულ იქნეს, რომ მოპასუხე მხარე არ იქნა სათანადოდ ჩართული საარბიტრაჟო პროცესში; შეჩერდეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება, ვიდრე საქმეში არ იქნება უზრუნველყოფილი მხარეთა თანასწორობა და სრულყოფილი განხილვა; დაევალოს, მოწინააღმდეგე მხარეს განმარტოს სადეპოზიტო თანხის, 100 000 აშშ დოლარის, დაუფლების და მესამე პირისათვის ფართის გადაცემის სამართლებრივი საფუძველი; მოსარჩელემ წარადგინოს ყველა დოკუმენტი, რომელიც უკავშირდება მოთხოვნის ფორმირებასა და საარბიტრაჟო განხილვას. საჩივრის ავტორს შეუძლია, მოითხოვოს სახელფასო და სხვა საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში ყადაღის მოხსნა, თუმცა არ ითხოვს, რადგან, ფაქტობრივად, მოსარჩელის ქმედების შემდეგ კომპანია აღარ ფუნქციონირებს.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სსსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საარბიტრაჟო მოპასუხის კუთვნილ ფულად სახსრებზე დადებული ყადაღის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმება.
12. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეს შეუძლია, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსსკ-ის 1971 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს ადგენს სსსკ-ის 191-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება უნდა შეიცავდეს დასაბუთებასაც, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ან მისი აღსრულების გაძნელების დასაბუთებით უნდა გამოიხატებოდეს. სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიებას სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, უპირველესად, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა რეალურად იქონიებს თუ არა გავლენას გადაწყვეტილების აღსრულებაზე, ანუ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება დაკავშირებული უნდა იყოს განმცხადებლის მოთხოვნასთან და უზრუნველყოფდეს მას; ესე იგი, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების შემთხვევაში, უნდა იწვევდეს მოსარჩელის დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას.
15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. სასამართლოს განმარტებით, ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ წევრი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. მისი თქმით, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ).
16. სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა ჩამონათვალს, რომლის „ა“ პუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.
17. სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვისას იგი მსჯელობს მხოლოდ განმცხადებლის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებების საფუძველზე, ხოლო საჩივრის განხილვისას - მხოლოდ საჩივარში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით და საჩივრის ფარგლებში. სასამართლო ამოწმებს და აფასებს, რამდენად სწორად არის მიღებული გასაჩივრებული განჩინება იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც თავდაპირველ განცხადებაში იყო მითითებული.
18. მოცემულ შემთხვევაში, განცხადებისა და საქმის მასალების თანახმად, შპს „ა.ჯ.დ.ჯ–ია“ და შპს „ე–ს“ შორის 2022 წლის 16 ნოემბერს დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა 910 კვ.მ ფართი. ძირითადი კვადრატული მეტრი ქირის ფასი თვეში შეადგენდა 25 აშშ დოლარს დღგ-ს გარეშე, ხოლო დამატებითი მომსახურების გადასახადი - 5 აშშ დოლარს დღგ-ს გარეშე. საიჯარო ქირა შეადგენდა სულ 27 300 აშშ დოლარს დღგ-ს გარეშე. მოპასუხე თავდაპირველად ჯეროვნად ასრულებდა ვალდებულებებს, თუმცა 2024 წლის შემდეგ დავალიანების დაფარვა შეწყვიტა, რითაც დაარღვია ხელშეკრულების პირობები. ამჟამად მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს 451 843,23 ლარი, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 148 156,77 ლარი.
19. უდავოა, რომ შპს „ა.ჯ.დ.ჯ–იამ“ საარბიტრაჟო სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის საიჯარო ქირის თანხის და პირგასამტეხლოს დაკისრება. ზემოაღნიშნული საარბიტრაჟო სარჩელის ფარგლებში, საარბიტრაჟო მოსარჩელემ მოითხოვა შპს „ე–ის“ ფულად სახსრებზე საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშსწორების ანარიშებზე 451 843.23 ლარის ფარგლებში ყადაღის დადება, რაც დაკმაყოფილდა (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი).
20. პალატის აზრით, განსახილველ შემთხვევაში აღძრულია საარბიტრაჟო სარჩელი მიკუთვნებითი მოთხოვნით, რის შედეგადაც საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ უზრუნველყოფილია მოპასუხის საკუთრებაში არსებული საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის განკარგვის აკრძალვა. აღნიშნული აკრძალვა აუცილებელია, რათა შესაძლებელი გახდეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის საკუთრებაში სხვა ქონების არსებობს, რის გამოც საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი თანხის განკარგვის აკრძალვა წარმოადგენს ერთადერთ ეფექტურ და პროპორციულ ღონისძიებას საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველსაყოფად. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ფულადი სახსრების დაყადაღება წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას (იხ. სუსგ №ას-805-2022, 24.10.2022წ.). თუმცა, იმ პირობებში, როცა სხვა შემზღუდავი ღონისძიების გავრცელების საფუძველი არ არსებობს, მისი გამოყენება სამართლებრივად დაშვებულია და მიზნად ისახავს არა მოპასუხის დასჯას ან მისი უფლებების უსაფუძვლო შეზღუდვას, არამედ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის რეალურ განხორციელებას.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ზოგიერთი ღონისძიების გამოყენება მართლაც უკავშირდება მოპასუხის მნიშვნელოვან კონსტიტუციურ უფლებას, კერძოდ, საკუთრების უფლებას. ანგარიშებზე ყადაღის დაწესება წარმოადგენს კანონმდებლის ჩარევას ადამიანის ძირითადი უფლების კონსტიტუციით დაცულ სფეროში, ხოლო ამგვარი ჩარევა (შეზღუდვის) უნდა გამართლდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესის ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ყადაღის დაწესებით, კანონმდებელმა აუცილებელ საჭიროებად მიიჩნია მოსარჩელის მატერიალურ უფლებათა რეალური განხორციელების უზრუნველყოფა სასამართლო პროცესის დასრულებამდე, რაც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სასამართლო გადაწყვეტილებათა ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების საჯარო ინტერესის დაცვის მიზანს ემსახურება. ეს კი, უდავოდ მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის და დემოკრატიული ინსტიტუტების ქმედითობას უწყობს ხელს, შესაბამისად, ანგარიშებზე ყადაღის დადება ამგვარი მიზნის ლეგიტიმურია (იხ. სუსგ №ას-1415-2019, 2612.2019წ.).
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ მეწარმე სუბიექტის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეს სასამართლო, რამდენადაც პრეზუმირებულია, რომ ეკონომიკურ მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირი, სამეწარმეო თავისუფლების ფარგლებში, მისი საბანკო ანგარიშების დაყადაღებისას იზღუდება ისეთ ქმედებებში, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი ფუნქციონირებისათვის (მაგალითად, საკუთარ თანამშრომლებთან, სხვა კონტრაჰენტებთან არსებული ვალდებულებები და ა.შ.). საბანკო ანგარიშების დაყადაღებით, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება ფულადი სახსრების განკარგვა, რაც მეწარმეობის ხელისშემშლელი გარემოებაა (იხ. სუსგ №ას-956-921-2016, 02.11.2016წ.). საბანკო ანგარიშების დაყადაღება წარმოადგენს უზრუნველყოფის უკიდურეს სახეს, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ, როდესაც მოპასუხის სახელზე რაიმე ქონების მოძიება ვერ ხერხდება. მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებების თანაზომიერად დაცვის მიზნით, მოსარჩელემ ყველა ზომა უნდა მიიღოს მოპასუხის ქონების მოსაძიებლად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მოძიებული ვერ იქნება, სწორედ ასეთ ვითარებაში შეიძლება დადგეს მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე არსებულ თანხაზე ყადაღის სახით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა (იხ. 2013 წლის 18 ივლისის სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრის შემაჯამებელი ოქმი http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/shexvedrisshejameba.pdf).
23. მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს არ გააჩნია სხვა ქონება, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა იძულებითი აღსრულების განხორციელება, თუ ის ვალდებულებას არ შეასრულებს, შესაბამისად, მის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება გამართლებელია.
24. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგება საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები საარბიტრაჟო სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, მით უფრო იმ პირობებში, როცა საარბიტრაჟო სარჩელი დათარიღებულია 2025 წლის 24 სექტემბრით, ხოლო საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება სასამართლოში წარდგენილია 2025 წლის 22 ოქტომბერს. ამდენად, სპეციალური კანონით გათვალისწინებული საარბიტრაჟო განხილვის თავისებურება და დადგენილი პროცედურა - ვადების გათვალისწინებით, სარჩელის უზრუნველსაყოფად წარდგენილი საჩივრის ფარგლებში არ ქმნის საჩივრის ავტორის პრეტენზიის გაზიარების საფუძველს.
25. პალატა განმარტავს, რომ სპეციალური კანონის 23.1 მუხლით გათვალისწინებული მხარის უფლება, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მიმართოს სასამართლოს, არ არის შეზღუდული საარბიტრაჟო მოპასუხის ინფორმირებულობით და მისი გამოყენება შესაძლებელია საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, რადგან ეფუძნება მიზანშეწონილობასა და მყისიერი დაცვის პრინციპს და მნიშვნელოვანია საარბიტრაჟო დავების ეფექტური მართვისთვის.
26. საჩივარში მითითებული არარსებითი პრეტენზიები არ ეხება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების კანონიერებას და, შესაბამისად, სასამართლო მათზე აღარ იმსჯელებს.
27. პალატა იზიარებს საარბიტრაჟო მოპასუხის პოზიციას, რომ სასამართლოს პრაქტიკაში არსებობს შემთხვევები, როცა ფულად სახსრებზე დადებული ყადაღა ან აკრძალვა ზოგადად არ ვრცელდება საბიუჯეტო (საგადასახადო), სახელფასო და სოციალური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ გასაცემებსა და სახელმწიფოს მიერ მიზნობრივი დახმარების სახით საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხულ თანხებზე. თუმცა, პალატა აღნიშნულ საკითხზე არ იმსჯელებს, რადგან საჩივრის ავტორის განცხადებით, აღნიშნული შეზღუდვები მას არ სჭირდება. თან გასათვალისწინებელია, რომ შპს „ე–ის“ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს - საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში გახსნილ საბანკო ანგარიშებს, აღნიშნულ ანგარიშებზე არსებულ ფულადი სახსრებსა და შემნახველ სეიფებს - უზრუნველყოფის ღონისძიების სახით უკვე დაედო ყადაღა, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 25 მარტის განჩინებით.
28. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის განჩინება და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნის შესახებ ამავე სასამართლოს 2025 წლის 26 დეკემბრის განჩინება დასაბუთებულია, კანონიერია, ხოლო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის მათი გაუქმების პროცესუალურ სამართლებრივ წინაპირობას. შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინებების გაუქმებისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 197-1971-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ე–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2025 წლის 26 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
ბადრი შონია