დატოვებულია განუხილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1344-2025 12 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ…..,“ ი.ნ–ი, შპს „ჯ...,“ კ.ზ–ძე, მ.რ–ძე, ე.გ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – უ.ს–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის (შეცდომით მითითებული 07.10.2025) განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
უ.ს–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების - ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ....-ის“ დამფუძნებელი წევრების - გ.მ–ძის, ე.გ–ძის, ზ.თ–ის, დ.გ–ძის, ზ.გ–ძის, ნ.კ–ძე ლ–ძის, თ.ქ–ას მიმართ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით უ.ს–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. აღიარებული იქნა უ.ს–ძის (სახელის შეცვლამდე რ.) საკუთრების უფლება (საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის შესაბამისად) ქ.თბილისში, …….. (ამაჟამად ………) მდებარე უძრავ ქონებაზე, მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით N………., საცხოვრებელ ფართი შენობა N1-ში, 6-ე სართულზე, საცხოვრებელი ფართი 90.71კვ.მ, საზაფხულო ფართი 4.1. კვმ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ.....-ის“ დამფუძნებელმა წევრებმა, ზ.თ–მა, ე.გ–ძემ, ზ.გ–ძემ, ნ.კ–ძე ლ–ძემ, თ.ქ–ამ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ.....-ის“ დამფუძნებელი წევრების - ზ.თ–ის, ე.გ–ძის, ზ.გ–ძის, ნ.კ–ძე ლ–ძისა და თ.ქ–ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ....-ის“ დამფუძნებელმა წევრებმა, ზ.თ–მა, ზ.გ–ძემ, ნ.კ–ძე ლ–ძემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ...-ის“ დამფუძნებელი წევრების - ზ.თ–ის, ზ.გ–ძისა და ნ.კ–ძე ლ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნეს წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
2026 წლის 2 თებერვალს ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ....-ის,“ ი.ნ–ის, შპს „ჯ...-ის,“ ზ.თ–ის, კ.ზ–ძის, მ.რ–ძის, ნ.კ–ძე ლ–ძის, ზ.გ–ძისა და ე.გ–ძის სახელით საკასაციო საჩივარი შემოიტანა კასატორების წარმომადგენელმა ზაზა ბუაჩიძემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის (შეცდომით მითითებული 07.10.2025) განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ....-ის,“ ი.ნ–ის, შპს „ჯ...-ის,“ კ.ზ–ძის, მ.რ–ძისა და ე.გ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის სხდომის თაობაზე ცნობილი იყო (განჩინების გამოტანის თარიღი) ე.გ–ძის წარმომადგენელ ზ.ბ–თვის. (ტ.4, ს.ფ.456). ასეთ შემთხვევაში კასატორი ან მისი წარმომადგენელი ვალდებული იყვნენ გასაჩივრებული განჩინების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიემართათ არა უგვიანეს 2025 წლის 28 ივლისისა, ვინაიდან 27 ივლისი იყო დასვენების დღე. საქმის მასალებით ირკვევა, რომ არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს განჩინების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ.
2014 წლის 30 დეკემბერს დიდი პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა (ე.გ–ძის საკსაციო საჩივარი) დაიწყო 2025 წლის 29 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 28 აგვისტოს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2025 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი კასატორის წარმომადგენელმა ფოსტას ჩააბარა 2026 წლის 8 იანვარს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ.....-ის“ დამფუძნებელი წევრების - ზ.თ–ის, ზ.გ–ძისა და ნ.კ–ძე ლ–ძის საკასაციო საჩივარი კასატორების წარმომადგენელმა ზ.ბ–ძემ შეიტანა ვადაში 2025 წლის 18 აგვისტოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. მითითებული ნორმა განსაზღვრავს საკასაციო გასაჩივრების ობიექტს, კერძოდ, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები). ამავე ნორმით განსაზღვრულია ასევე საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები (მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო გასაჩივრების სუბიექტი უფლებამოსილია გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც მის წინააღმდეგაა გამოტანილი და უშუალოდ ეხება მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო გასაჩივრების ობიექტი შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც კასატორის წინააღმდეგაა გამოტანილი.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ...-ის“ დამფუძნებელი წევრების - ზ.თ–ის, ე.გ–ძის, ზ.გ–ძის, ნ.კ–ძე ლ–ძისა და თ.ქ–ას სააპელაციო საჩივარი, ხოლო კასატორები არიან ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ.....,“ ი.ნ–ი, შპს „ჯ...,“ კ.ზ–ძე და მ.რ–ძე. ამდენად, ცალსახაა, რომ კასატორთა წინააღმდეგ არ არის მიღებული გასაჩივრებული განჩინება. შესაბამისად, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინება კასატორთა წინააღმდეგ არ არის გამოტანილი, ისინი ვერ იქნებიან გასაჩივრებული განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სუბიექტები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ..-ის,“ ი.ნ–ის, შპს „ჯ...-ის,“ კ.ზ–ძის, მ.რ–ძისა და ე.გ–ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 391-ე, 284 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ....-ის,“ ი.ნ–ის, შპს „ჯ...-ის,“ კ.ზ–ძის, მ.რ–ძისა და ე.გ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი