დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 23.02.2026
საქმის ნომერი
ა-157-ა-1-2026
კატეგორია
დავის ტიპი
განცხადება
თარიღი
23.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-157-ა-1-2026 23 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – გ.ბ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.მ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – დაცვის ჯიხურისა და სათვალთვალო კამერების დემონტაჟი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ.ბ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ჯ.მ–ის“ მიმართ დაცვის ჯიხურისა და სათვალთვალო კამერების დემონტაჟის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 სექტემბრის განჩინებით გ.ბ–ძეს უარი ეთქვას სარჩელის მიღებაზე.

აღნიშნულ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ.ბ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის განჩინებით გ.ბ–ძის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.

2024 წლის 7 ივლისს გ.ბ–ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 სექტემბრის განჩინებით გ.ბ–ძის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ.ბ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის განჩინებით გ.ბ–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 სექტემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.

2025 წლის 7 მაისს გ.ბ–ძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისის განჩინებით გ.ბ–ძის განცხადება დარჩა განუხილველად.

2026 წლის 15 იანვარს გ.ბ–ძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 იანვრის განჩინებით განმცხადებელს მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაზუსტებული განცხადების წარმოსადგენად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ გარემოებების მითითებით, რომლების საფუძველზეც მოითხოვს საქმის წარმოების განახლებას.

აღნიშნული განჩინება კასატორს, მის მიერ მითითებულ მისამართზე, გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და პირადად ჩაბარდა 2026 წლის 29 იანვარს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2026 წლის 23 იანვრის განჩინების ასლი კასატორს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და პირადად ჩაბარდა 2026 წლის 29 იანვარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2026 წლის 30 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 3 თებერვალს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი