გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 12.02.2026
საქმის ნომერი
ას-1081-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-1081-2025 12 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კასატორი – თ.წ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ც.ბ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა, საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა (შეგებებული სარჩელზე)

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარადგინა ც.ბ–ძემ თ.წ–ის წინააღმდეგ, მოსარჩელის მიერ დაკავებული უძრავი ქონების ღირებულების 25% გადახდის სანაცვლოდ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. ამავე საქმეზე მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სარჩელი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელისგან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

2.1.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ც.ბ–ძის სარჩელი - საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის თაობაზე, დაკმაყოფილდა:

1. ც.ბ–ძეს (პ/ნ .........) საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ........ (ყოფილი ........) ქ. N25-ში (საკადასტრო კოდი N........) უძრავი ქონებიდან თ.წ–ის (პ/ნ ........) სახელზე საკუთრებით რიცხული 38.49 კვ.მ. საცხოვრებელი ფართიდან (ნაგებობა N1-ში ლიტ „ა“) 21.58 კვ.მ. ფართი თ.წ–ისთვის (პ/ნ ........) ფართის საბაზრო ღირებულების - 8776 ლარის 25%-ის - 2194 ლარის გადახდის სანაცვლოდ;

2. თ.წ–ს გადაეცა ც.ბ–ძის მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით შესასრულებელი ფულადი ვალდებულების დეპონირების მიზნით 13/09/2021 წელს სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით #210913154143516 სალაროს შემოსავლის ორდერით სსიპ. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე განთავსებული (დეპონირებული) 2 194 ლარი;

3. თ.წ–ის შეგებებული სარჩელი - საცხოვრებელი სადგომზე მფლობელობის შეწყვეტის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

3. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.

4.2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის განჩინებით ასევე არ დაკმყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

4.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ 2023 წლის 20 დეკემბერს, 13:15 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე და გამოუცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით აპელანტი სათანადო წესით იყო გაფრთხილებული, კერძოდ, სასამართლო უწყება 2023 წლის 13 დეკემბერს ჩაბარდა თავად აპელანტს, რომელმაც ჩაბარება ხელმოწერით დაადასტურა. სხდომასთან დაკავშირებით, რომ ინფორმირებული იყო აპელანტი მხარე, ასევე დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი 2023 წლის 20 დეკემბრის განცხადებით, სადაც უთითებდა, რომ მისთვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის თარიღისა და დროის შესახებ (იხ. განცხადება), რომლის გადადებასაც ითხოვდა.

4.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2023 წლის 20 დეკემბერს, 13:15 საათზე, დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი. საქმეში წარმოდგენილი იყო ვინმე ს.ნ–ძის განცხადება, რომელშიც იგი განმარტავდა, რომ აპელანტს დაუდგინდა ინფექციური ვირუსი, ჰქონდა სხვადასხვა მძიმე სიმპტომი, რის გამოც მხარე ვერ მოახერხებდა სხდომაზე გამოცხადებას და ითხოვდა სხდომის გადადებას. ამასთანავე, ინფორმაციასა და დასტურს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარმოადგენდა შემდეგ სასამართლო სხდომაზე. აღნიშნული შუამდგომლობის გაცნობის შემდეგ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი ი.მ–ძე არ დაეთანხმა შუამდგომლობას პროცესის გადადების თაობაზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. შუამდგომლობის საფუძვლად კი აპელანტმა მიუთითა, რომ განცხადებიდან არ ირკვეოდა აპელანტის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობას წარმოადგენდა (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის სხდომის ოქმი).

4.5. სააპელაციო სასამართლომ საჩივარზე დართული სამედიცინო ბარათის თაობაზე განმარტა, რომ აღნიშნული დოკუმენტი შედგენილია 2023 წლის 20 დეკემბერს 08:55-08:57 საათზე და აღნიშნულია, რომ ავადმყოფი „უჩივის ტკივილს მუცლის არეში, ნაღვლის ბუშტი საპროექციო მიდამოშია. პერიოდულად აღნიშნავს დიფუზური... ტკივილს მუცლის არეში, გახშირებული კუჭის მოქმედებას (3-4 ჯერ), გულისრევის შეგრძნება, ცხელება. ჩივილები აწუხებს რამდენიმე საათია. პალპაციით მგრძნობიარეა ნაღვლის ბუშტის საპროექციო მიდამოში... დიაგნოზი: ინფექციური წარმოშობის დიარეა და გასტროენტერიტი, მუცლისა და მენჯის ტკივილი, ცხელება. ავადმყოფს მიღებული აქვს ნოშპა, ... დოროფინი (?), ინექციებზე უარს აცხადებს, ვინაიდან ალერგიულია თითქმის ყველა მედიკამენტის მიმართ. ავადმყოფს მიეცა რეკომენდაცია.“ ავადმყოფმა უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით ფორმა 100/ა, ექიმთან მიმართვის თარიღისთვის 29/12/2023წ. 09:57 სთ, დგინდება, რომ თ.წ–ის ძირითადი დაავადებაა: ნაწლავის ფუნქციური მოშლილობანი, დაუზუსტებელი, არაინფექციური გასტროენტერიტი და კოლიტი, დაუზუსტებელი, თავბრუსხვევა და მდგრადობის დარღვევა, საერთო სისუსტე და დაღლა დიზურია გულისრევა და პირღებინება დაენიშნა ლაბორატორიული კვლევები და მედიკამენტები, სითხეების მიღება, დიეტა, განმეორებითი ვიზიტი კვლევების ჩატარების შემდეგ.

4.6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დგინდებოდა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 08:57 სთ დაფიქსირდა შეტყობინება, ხოლო ბრიგადა ადგილზე იმყოფებოდა 09:11-09:40 სთ შუალედში. ჩანაწერის მიხედვით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ ავადმყოფს არ ჩაუტარდა რაიმე სახის სამედიცინო დახმარება, რადგან თავად ავადმყოფმა განაცხადა უარი ინექციის გაკეთებაზე, ასევე უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე. შესაბამისად, მართალია აპელანტის მიერ გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ბინაზე, თუმცა ფაქტობრივად მათი მომსახურებით, რომ შემსუბუქებოდა არსებული მდგომარეობა, არ უსარგებლია. ამასთან, წარმოდგენილი სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ ადგილზე მისული სამედიცინო ბრიგადის მიერ არ გაკეთებულა რაიმე ჩანაწერი, რომ ავადმყოფს არ შეეძლო გადაადგილება ან თუნდაც, სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. პალატა აქვე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ თავად მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გაცხადებული პოზიცია არ იყო დამაჯერებლი, რადგან იგი მითითებას აკეთებდა, რომ წინა დღეს გრძნობა თავს შეუძლოდ, თუმცა, მან მხოლოდ მომდევნო დილას გამოუძახა სამედიცინო დახმარების ბრიგადას, ვერ ახსნა, თუ რატომ მოხდა ასე გვიან გამოძახება, თუკი მანამდე აწუხებდა ტკივილი და სიმპოტემები. კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანებაა იმ საკითხზე, რომ 2023 წლის 20 დეკემბერს თ.წ–ი უკვე იყო ჩაწერილი ექიმთან ვიზიტზე ანუ წინასწარ იყო ცნობილი გეგმიურ ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც უნდა ყოფილიყო 2023 წლის 20 დეკემბრის 10:40 საათზე, თუმცა ვერ შეძლო გამოცხადება. მართალია მხარემ აღნიშნულზე მიუთითა, რომ გამოცხადება ვერ შეძლო ავად ყოფნის გამო, თუმცა აქვე ჩნდება მეორე საკითხიც, თუ რატომ განაცხადა მხარემ უარი ჰოსპიტალიზაციაზე, თუკი მას არ შეეძლო გადაადგილება, ავადმყოფობა იყო იმდენად მწვავე ფაზაში, რომ გადაადგილება უჭირდა მათ შორის ექიმთან გეგმიურ ვიზიტზე თუ სასამართლო სხდომაზე მისასვლელად. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, თუკი აპელანტი იმდენად ცუდად გრძნობდა თავს, რომ არ შეეძლო გადაადგილება და შესაბამისად, სასამართლოში გამოცხადება, მას უნდა ესარგებლა ჰოსპიტალიზაციით ან უკვე დაჯავშნულ ვიზიტზე გამოცხადებულიყო. მხარემ არცერთი მათგანით არ ისარგებლა, თუმცა მხოლოდ ახსნა-განმარტება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ იგი იმდენად იყო შეუძლოდ, რომ ვერც ექიმთან გამოცხადდა და ვერც სასამართლოში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. მხოლოდ მხარის განმარტება კი მითითებული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა. პირიქით, არსებული სამედიცინო შეთავაზებებით არც კი უსარგებლია, მათ შორის უარი განაცხადა პირველად მომსახურებაზე, რომ მისთვის ინექციები გაეკეთებინათ ბინაზე, რამაც შესაძლოა მისი მდგომარეობა იმდენად გაეუმჯობესებინა, რომ მხარე გამოცხადებულიყო კიდეც სასამართლო სხდომაზე.

4.7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემდეგ პერიოდში არ ქმნიდა იმ ვარაუდის საფუძველზე რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება არ შეეძლო.

5. აპელანტის საკასაციო საჩივარი

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.წ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, ხოლო 2026 წლის 12 თებერვლის განჩინებით დასაშვებადაა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

8. საკასაციო პალატის განხილვის საგანია, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

9. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს სსსკ-ის 387-ე მუხლი განსაზღვრავს. აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამავდროულად, ზემოაღნიშნული საპროცესო ღონისძიება ერთგვარი სანქციაა ისეთი მხარისათვის, რომელიც არასაპატიოდ არ ცხადდება საქმის განხილვაზე. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) აპელანტის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

10. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა საპატიო გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

11. კასატორის განმარტებით, სხდომაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ გამოცხადდა. სააპელაციო სასამართლოში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ საჩივარს ერთვის ფორმა N100, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ მის მიერ 2023 წლის 20 დეკემბერს 08:57 საათზე გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება 112 და მას აღენიშნებოდა მწვავე დიარეა, ტემპერატურის მატება, მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, შებერილობა. აღნიშნულის გამო გადაადგილება არ შეეძლო და ვერ მივიდა ამბოლატორიულ ვიზიტზე, სადაც ჩაწერილი იყო იმავე დღეს - 20 დეკემბერს, 10:50 საათზე.

12. ფორმა N100-ის მიხედვით, ექიმთან ვიზიტი მან განახორციელა 2023 წლის 29 დეკემბერს და ამ დროისათვის ისევ უგრძელდებოდა სისუსტე, თავბრუსხვევა, გახშირებული კუჭის მოქმედება, ჩივილებს დაემატა თავის ტკივილები, ცხვირიდან გამონადენი. კოვიდი გადატანილი აქვს 2-ჯერ. დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა, გაიცა რეკომენდაციები. ფორმა N100 უტყუარად ადასტურებდა, რომ კასატორს, არათუ არ შეეძლო სხდომაზე გამოცხადება, არამედ, განცხადების დაწერა, გაგზავნაც კი არ შეეძლო თავად.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება გარკვეულწილად წარმოადგენს მხარისათვის სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მექანიზმს, რასაც უკავშირდება ზემოთ განმარტებული, იმ მხარისათვის არასასურველი სამართლებრივი შედეგები, რომლის მიმართაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სწორედ აღნიშნულითაა განპირობებული კანონმდებლის მიერ იმ მკაცრად გაწერილი, სავალდებულო წინაპირობების დაწესება, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღვის. ერთ-ერთ ასეთ წინაპირობას წარმოადგენს იმ ფაქტის დადგენა, რომ მხარის მიერ საპროცესო ვალდებულების შესრულება, ამ შემთხვევაში პროცესზე გამოუცხადებლობა, გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით.

14. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

15. კანონის აღნიშნული დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

16. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და შეფასებებს და განმარტავს, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტებით ნათლად ჩანს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომლის გამოც შეუძლებელი იყო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.

17. ცხადია, დაუსწრებელი გადწყვეტილების ინსტიტუტის თავისებურებათა გათვალისწინებით, ზოგადად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ მიიჩნევა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად, თუმცა ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა სამართლიანი პროცედურების დაცვით უნდა განხორციელდეს. სასამართლოს ვალდებულება, შეჯიბრებითობის საფუძველზე განახორციელოს საქმისწარმოება, რათა უსაფუძვლოდ და უკანონოდ არ შეილახოს რომელიმე მხარის უფლება, გულისხმობს თითოეული მხარის უფლებისა და ინტერესისადმი გულისხმიერ დამოკიდებულებასაც. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ აპელანტმა, მესამე პირის დახმარებით განცხადებით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა საქმის განხილვის გადადება ავადმყოფობის საფუძვლით. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტებით დგინდება, რომ მხარეს აღენიშნებოდა მწვავე დიარეა, ტემპერატურის მატება, მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, შებერილობა. აღნიშნულის გამო გადაადგილება არ შეეძლო და ვერ მივიდა ამბოლატორიულ ვიზიტზე, სადაც ჩაწერილი იყო იმავე დღეს - 20 დეკემბერს, 10:50 საათზე. ამდენად, უდავოა რომ მხარის ჯანმრთელობის მდგომარეობა გადაადგილების, მით უფროს სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შესაძლებლობას არ იძლეოდა. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტს, რომ ავადმყოფის მიერ ჰოსპიტალიზაციაზე უარი მის საწინააღმდეგო გარემოებად უნდა შეფასდეს, საპირისპიროდ საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ექიმის მიერ აპელანტისთვის ჰოსპიტალიზაციის შეთავაზება, სწორედ მისი ჯანმრთელობის იმგვარ მდგომარეობაზე მიუთითებს, რომელიც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას შეუძლებელს ხდიდა.

18. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მტკიცებულებებისგან არაფრით განსხვავდება და მათ წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ აღნიშნული დოკუმენტებიც, მტკიცებულებათა კვლევისათვის დადგენილი სტანდარტით უნდა შემოწმდეს. მოცემულ შემთხვევაში კი საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც უდავოა რომ მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობა შესაბამისი მიზეზით იყო განპირობებული. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილ გარემოებათა ერთობლიობით დგინდება, რომ სასამართლოსთვის საქმის განხილვის დღეს ცნობილი გახდა იმ გარემოების შესახებ, რომ მხარისთვის შეუძლებელი გახდა სხდომაზე გამოცხადება, რის გამოც დაუშვებელი იყო მსგავს შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

19. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობდა აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის წინაპირობები, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, ხოლო საქმე ხელახლა განსახილველად, უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

20. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.წ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლ. ნემსაძე

მ. ჯინჯოლია