გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 13.02.2026
საქმის ნომერი
ას-15-2026
კატეგორია
დავის ტიპი
უზრუნველყოფა
თარიღი
13.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-15-2026 13 თებერვალი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – თ.ქ–ი (მ.კ–ის უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ე.ხ–ია (თ.ს–ის უფლებამონაცლე), ნ.ჯ–ი

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ა.ნ–ი

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.კ–მა (შემდგომში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ს–ის (შემდგომში - პირველი მოპასუხე), ზ.ჯ–ის (შემდგომში - მეორე მოპასუხე) და ნ.ჯ–ის (შემდგომში - მესამე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა 17 394 ლარის, 154 140 აშშ დოლარის, აგრეთვე სარჩელის აღძვრიდან (28.03.2016წ.) ყოველთვიურად 2 260 აშშ დოლარის დაკისრება. შეგებებული სარჩელი აღძრა ზ.ჯ–მაც, რომელმაც მ.კ–ის მიმართ 117 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

2. 2020 წლის 31 აგვისტოს სასამართლოს განცხადებით მიმართა მ.კ–მა და ზემოაღნიშნული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა ყადაღის დადება შემდეგ ქონებაზე: 1) თ.ს–ის სახელზე რიცხულ სამ უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდებით: ........; ........; ........; 2) ნ.ჯ–ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: .........; 3) ზ.ჯ–ის კუთვნილ წილზე (არამატერიალური ქონებრივი სიკეთე), ქ. თბილისში, ......... (საკადასტრო კოდით: ......) მდებარე ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „მ....“-ში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, მელქა კონტუაშვილის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თ.ს–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული სამი უძრავი ქონების (მდებარე: ქალაქი თბილისი, ........, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: .........; ქალაქი თბილისი, ქუჩა .......... №10, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..........; ქალაქი თბილისი, ........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ........) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. ნ.ჯ–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: რაიონი აბაშა, სოფელი ........, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..........) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. ზ.ჯ–ს აეკრძალა ქ. თბილისში, .......... (საკადასტრო კოდი .........) მდებარე ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „მ....“-ში მისი კუთვნილი წილის გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნ.ჯ–ს, ზ.ჯ–სა და თ.ს–ის უფლებამონაცვლე ე.ხ–იას მოსარჩელე მ.კ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 17 394 ლარისა და 148 498.76 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდა. ასევე, 2016 წლის მარტიდან, ქ. თბილისში, ........ ქუჩა №2-ში, ცოლოკის სართულზე (ნიშნული - 0) მდებარე №1 კომერციული ფართის (ფართი - 138.01 კვ.მ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობამდე (კონდიციამდე) მისაყვანად საჭირო თანხის გადახდამდე, მოპასუხეებს ყოველთვიურად დაეკისრათ 2 208.16 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდა. ამასთან, ნ.ჯ–ს, ზ.ჯ–სა და თ.ს–ის უფლებამონაცვლე ე.ხ–იას მოსარჩელე მ.კ–ის სასარგებლოდ დაეკისრათ 2 907.30 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად და 50 ლარის გადახდა უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად. ზ.ჯ–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, თ.ს–ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ე.ხ–ია.

6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. თუმცა, 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, ზ.ჯ–ისა და ნ.ჯ–ის სააპელაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად. აღნიშნული განჩინება ძალაში დარჩა საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის განჩინებით.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, თ.ქ–ი ცნობილ იქნა 2024 წლის 17 აპრილს გარდაცვლილი მ.კ–ის უფლებამონაცვლედ.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2025 წლის 24 ნოემბერს შუამდგომლობით მიმართა მოსარჩელის უფლებამონაცვლემ და მოითხოვა: 1) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 აგვისტოს განჩინებით თ.ს–ის კუთვნილ უძრავ ნივთებზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება; 2) თ.ს–ის უფლებამონაცვლე ე.ხ–იასთვის და მოპასუხე ნ.ჯ–ისთვის ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „მ....“-ში კუთვნილი წილის გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა.

9. შუამდგომლობის თანახმად, თ.ს–ის მიმართ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გავრცელდა იმავე სახელისა და გვარის მქონე სხვა პირებზე, რაც თ.ს–ის პირადი ნომრითაც დასტურდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სხვა პირთა მიმართ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს. ამასთან, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენს დიდი ოდენობის ფულადი თანხა, აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება აუცილებელია.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, თ.ქ–ს განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა წარედგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან განახლებული მდგომარეობით.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 ნოემბრის განჩინებით თ.ქ–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი უძრავი ქონების ამონაწერი არ შეიცავდა ინფორმაციას ე.ხ–იასა და ნ.ჯ–ის საკუთრების შესახებ, რომელთა ქონებაზეც იყო მოთხოვნილი აკრძალვის დაწესება. ამასთან, არც სხვა მტკიცებულება იქნა წარდგენილი, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, არსებითად ემსჯელა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობაზე.

12. ზემოაღნიშნული განჩინება თ.ქ–მა საჩივრით გაასაჩივრა.

13. წარდგენილი საჩივრის თანახმად, ე.ხ–იასა და ნ.ჯ–ის კუთვნილი ქონება წარმოადგენს არა უძრავ ნივთს, არამედ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 152-ე მუხლის შესაბამისად გამიზნულია იმისათვის, რომ მის მფლობელს შეუქმნას მატერიალური სარგებელი ან მიანიჭოს უფლება, მოსთხოვოს სხვა პირს რაიმეს შესრულება. ე.ხ–იასა და ნ.ჯ–ის კუთვნილი ქონება წარმოდგენილია ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „მ....“-ში წილის სახით, ხოლო წარდგენილი განახლებული ამონაწერი ასახავს ამავე ამხანაგობის საკუთრების უფლებას უძრავ ნივთზე. აღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება, რომ ამხანაგობა არ არის ლიკვიდირებული და მისი მიზნები შესრულებული არ არის; შესაბამისად, მასში მონაწილეთა წილები კვლავ აქტიურია და არსებობას განაგრძობს, რაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს წარმოადგენს.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

16.საკასაციო პალატა, პირველ რიგში, განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავი, რომელიც არეგულირებს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტს, წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს, რომლის მიზანია მართლმსაჯულების ეფექტიანობის, სამართლებრივი დაცვის რეალურობისა და საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებადობის უზრუნველყოფა. აღნიშნული თავი ემსახურება არა მხოლოდ მოსარჩელის კერძო ინტერესის დაცვას, არამედ მართლმსაჯულების სისტემური ფუნქციის განხორციელებასაც, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ იძენს რეალურ ღირებულებას, როდესაც იგი პრაქტიკულად აღსრულებადია და არ რჩება ფორმალურ საპროცესო აქტად. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი, თავისი პრევენციული ბუნებით, ქმნის მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების პროცესუალურ გარანტიას და განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების არა მხოლოდ ფორმალურ არსებობას, არამედ მის რეალურ აღსრულებადობასა და პრაქტიკულ მნიშვნელობას.

17.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 191-ე მუხლი განსაზღვრავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსსა და შინაარსს, რითაც იქმნება ნორმატიული ჩარჩო სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილებისთვის, გამოიყენოს ღონისძიება, რომელიც იქნება პროპორციული, მიზანშეწონილი და აუცილებელი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე.

18. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის XXIII თავი არ არის ცალმხრივად ორიენტირებული მხოლოდ მოსარჩელის ინტერესზე. პირიქით, მისი სტრუქტურა და შინაარსი ეფუძნება საპროცესო თანასწორობისა და ინტერესთა ბალანსის პრინციპს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მიუხედავად მისი დროებითი ხასიათისა, მაინც ზღუდავს მოპასუხის საკუთრების ან სხვა ქონებრივ უფლებებს, რაც მოითხოვს მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოსა და პროპორციულობის დაცვას. სწორედ ამ მიზნით კანონმდებელი აწესებს როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლებსა და პირობებს, ასევე მისი შეცვლის, გაუქმების ან მოდიფიცირების შესაძლებლობას, როდესაც იცვლება ფაქტობრივი გარემოებები ან იკვეთება მხარეთა ინტერესთა სხვაგვარი თანაფარდობა.

19. ამ პროცესუალურ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სსსკ-ის 196-ე და 196¹ მუხლებს, რომლებიც არეგულირებენ სარჩელის უზრუნველყოფის სახის შეცვლას, ასევე უზრუნველყოფის საგნის ჩანაცვლებასა და ყადაღადადებული ქონების გამიჯვნის საკითხებს. აღნიშნული ნორმები ასახავს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის დინამიკურ ხასიათს: იგი არ არის სტატიკური და უცვლელი. პირიქით, მისი მიზანია კონკრეტულ პროცესუალურ ეტაპზე არსებული რისკების ნეიტრალიზება. თუ ეს რისკები მცირდება, იცვლება ან სხვა ფორმას იღებს, მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოითხოვონ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ტრანსფორმაცია ისე, რომ დაცული იყოს როგორც მოსარჩელის ინტერესები (სამომავლოდ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა), ისე მოპასუხის უფლებები (გაუმართლებელი და არაპროპორციული შეზღუდვების თავიდან აცილება).

20. პალატა ყურადღებას ამახვილებს თ.ქ–ის 28.10.2025 წლის შუამდგომლობაზე და განმარტავს, რომ შუამდგომლობა თავისი შინაარსის გათვალისწინებით არ წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლას (სსსკ-ის 196-ე მუხლი), როგორც ამას შუამდგომლობის ავტორი თავის განცხადებაში მიუთითებს, არამედ მიზნად ისახავს 31.08.2020 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმებას (თ.ს–ის კუთვნილ უძრავ ნივთებზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში) და სსსკ-ის 191-ე და 198-ე მუხლების საფუძველზე ახალი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას (გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა), კერძოდ, თ.ს–ის უფლებამონაცვლე ე.ხ–იასთვის და მოპასუხე ნ.ჯ–ისთვის ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „მ....“-ში კუთვნილი წილის გასხვისებისა და სამართლებრივად დატვირთვის აკრძალვას, რასაც ადასტურებს ის გარემოებაც, რომ თ.ქ–ის განცხადებას თან ახლავს სახელმწიფო ბაჟის ქვითარი (დანიშნულებაში მითითებულია სახელმწიფო ბაჟი უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის).

21. 2020 წლის 31 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის ნაწილობრივ გაუქმებასაც შუამდგომლობის ავტორი ითხოვს, ეფუძნება იმ გარემოებას, რომ აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება რეალურად გამოყენებულია არა მოპასუხის, არამედ შეცდომით სხვა პირთა მიმართ. თავად განმცხადებელი მიუთითებს, რომ უძრავი ნივთები, რომლებზეც გავრცელდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, არ ეკუთვნის მოპასუხედ დასახელებულ პირს. მისი განმარტებით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია იმავე სახელისა და გვარის მქონე სხვა პირების სახელზე, რაც დასტურდება საჯარო რეესტრიდან წარმოდგენილი ამონაწერით.

22. სააპელაციო სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საკითხზე ჯერ არ უმსჯელია. მან განიხილა ახალი მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ, რომელიც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლად მიიჩნია, და ამ მოთხოვნაზე განმცხადებელს დაუდგინა ხარვეზი, რომლის სათანადოდ შეუვსებლობის გამო განცხადება დატოვა განუხილველად.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 196-ე მუხლის მიზანი, მოპასუხის ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით, მოსარჩელის სასარგებლოდ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნება და მისი უსაფრთხოების დაცვაა (იხ. სუსგ №ას-685-656-2016, 19.09.2016წ.). თუმცა, თ.ს–ის მიმართ 2020 წლის 31 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება აღნიშნულ მიზანს ვერ ემსახურება, ვინაიდან, მხარის მითითებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია არა უშუალოდ იმ მოპასუხის მიმართ, რომლის ინტერესებსაც უნდა შეხებოდა, არამედ სხვა პირთა მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული მოთხოვნა ვერ შეფასდება ვერც სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლად (სსსკ-ის 196¹ მუხლი) და ვერც უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების სხვა სახის უზრუნველყოფით ჩანაცვლებად. აღსანიშნავია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ცვლილება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი გამოყენებულია სათანადო მოპასუხის მიმართ, ანუ იმ პირის მიმართ, რომლის პასუხისმგებლობა შეიძლება განისაზღვროს სასამართლოს გადაწყვეტილებით. თუ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია არასწორი სუბიექტის მიმართ, ასეთ შემთხვევაში საუბარი აღარ არის ცვლილებაზე, რადგან ცვლილება გულისხმობს კანონიერად გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების მოდიფიცირებას. იმ პირის მიმართ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის პასუხისმგებლობის საკითხი მოცემულ დავაში არ განიხილება, თავიდანვე მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც საქმე გვაქვს მისი გაუქმების და არა შეცვლის საფუძველთან. შესაბამისად, მოსარჩელის უფლებამონაცვლის შუამდგომლობა ვერ განიხილება სსსკ-ის 196-ე მუხლით გათვალისწინებულ უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლად.

24. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარემ საკუთარი უფლებების დასაცავად შუამდგომლობის ინსტრუმენტის გამოყენებისას უნდა დაიცვას შესაბამისი პროცედურული წესები და სასამართლოს წინაშე მკაფიოდ წარმოადგინოს როგორც მოთხოვნა, ისე მისი ფაქტობრივი საფუძვლები, რომელთა დასაბუთებულობას სასამართლო მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების შეფასების საფუძველზე ადგენს. საგულისხმოა, რომ განმცხადებელმა თავდაპირველად არ წარადგინა განცხადება სრულყოფილი ფაქტობრივი გარემოებების ახსნით. გარემოებები, რომლებიც უშუალო კავშირში იყო შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, განმცხადებელმა გარკვეუწილად საჩივრის ფორმატში დააზუსტა, რამაც პროცესში საკითხის გარკვევა გაართულა.

25. თ.ს–ის უფლებამონაცვლის ე.ხ–იასა და ნ.ჯ–ის მიმართ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „მ....“-ში მათი კუთვნილი წილების გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის აკრძალვის მოთხოვნა წარმოადგენს ახალ განცხადებას უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნულ მოთხოვნაზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უნდა იმსჯელოს, როგორც გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხზე (სსსკ-ის 271-ე მუხლი). ამასთან, სსსკ-ის 191.3 მუხლის საფუძველზე შეამოწმოს ის დოკუმენტები, რაც გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას შესახებ განცხადებას უნდა ახლდეს თან, უკვე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გათვალისწინებით.

26. პალატა ყურადღებას ამახვილებს განცხადებაში დაფიქსირებული ხარვეზის დადგენის გარემოებაზეც, რამაც გამოიწვია შუამდგომლობის განუხილველად დატოვება, და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სსკ-ის 930-ე და შემდგომი მუხლებით, გაითვალისწინოს საქმეში არსებული ამხანაგობის დებულება და საჯარო რეესტრის მონაცემები, რომლის მიხედვით თ.ს–ი და ნ.ჯ–ი წარმოადგენენ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს, ხოლო ამხანაგობას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება.

27. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

28. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მოსარჩელის განცხადება დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 191-ე, 196-ე, 197-1971-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.თ.ქ–ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

ბადრი შონია