დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 20.02.2026
საქმის ნომერი
ა-753-ა-7-2026
კატეგორია
დავის ტიპი
ახალად აღმოჩენილი გარემოებები
თარიღი
20.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-753-ა-7-2026

20 თებერვალი, 2026 წელი ქ . თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ტ.რ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ა–ა

განმცხადებლის მოთხოვნა - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თბილისის სააღსრულებო ბიუროში არსებული სააღსრულებო საქმის N A25116552 წარმოების შეჩერება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

უკრაინის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, კიროვოგრადის ოლქში, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა.ა–ას სარჩელი ტ.რ–ის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, 2016 წლის 1 თებერვალს დაბადებული, მ.რ–ის რჩენისათვის ყოველთვიური ალიმენტის გადახდა მოპასუხის მთლიანი შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით, 2022 წლის 21 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, 2034 წლის 1 თებერვლამდე, ალიმენტის ოდენობა არ უნდა იყოს არასრულწლოვანი ბავშვისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის 50 %-ზე ნაკლები.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2024 წლის 21 ნოემბერს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით და უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 აპრილის განჩინებით ა.ა–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და აღსრულდა უკრაინის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, კიროვოგრადის ოლქში, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ა–ას სარჩელი ტ.რ–ის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა; ტ.რ–ის ა.ა–ას სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, 2016 წლის 1 თებერვალს დაბადებული, მ.რ–ის რჩენისათვის ყოველთვიური ალიმენტის გადახდა ტ.რ–ის მთლიანი შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით, 2022 წლის 21 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, 2034 წლის 1 თებერვლამდე, ალიმენტის ოდენობა არ უნდა იყოს არასრულწლოვანი ბავშვისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის 50 %-ზე ნაკლები.

განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო საქმის წარმოება მიმდინარეობს თბილისის სააღსრულებო ბიუროში საქმე N A25116552, კრედიტორი ა.ა–ა, მოვალე ტ.რ–ი. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2026 წლის 16 თებერვლის წერილის თანახმად მიმდინარე სააღსრულებო წარმოების პროცესში მოვალისაგან ამოსაღები თანხა შეადგენს 19824.44 ლარს, საიდანაც კრედიტორის მისაღები თანხა არის 18527.51 ლარი, ხოლო აღსრულების საფასური 1296.93 ლარი.

2025 წლის 19 ივნისს მოპასუხის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, კიროვოგრადის ოლქში, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვა.

სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს დადგენილებით დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა კიროვოგრადის ოლქის სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ ალიმენტის დაკისრების თაობაზე. გაუქმდა კიროვოგრადის ოლქის სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე N401/1668/22 ა.ა–ას სარჩელი, ტ.რ–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

განმცხადებლის განმარტებით, ტ.რ–ისთვის უკრაინიდან (ჩეხეთის რესპუბლიკის გავლით) სასამართლო გზავნილის ჩაბარება განხორციელდა ,,საქართველოს ფოსტის'' მეშვეობით 2026 წლის 03 თებერვალს.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2026 წლის 18 თებერვალს განცხადებით მომართა ტ.რ–ის წარმომადგენელმა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, ასევე მოითხოვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს თბილისის სააღსრულებო ბიუროში არსებული სააღსრულებო საქმის N A25116552 წარმოება.

განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 აპრილის განჩინების გაუქმების საფუძველი ისაა, რომ უკრაინის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, კიროვოგრადის ოლქში, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს ტ.რ–ის მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, 2016 წლის 1 თებერვალს დაბადებული,მ.რ–ის რჩენისათვის ყოველთვიური ალიმენტის გადახდა და რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 03 აპრილის განჩინებით აღიარებულ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე, გაუქმებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ განიხილა ტ.რ–ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ და მიაჩნია, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ის 265-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. ამავე კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით - სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (იხ.: სუსგ №ას-1455-2019, 15.11.2019წ.). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილებით ხაზგასმულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუქცევადობის მნიშვნელობა და განმარტებულია, რომ დაუსრულებელი დავის შესაძლებლობა დააფრთხობს პირებს, გაართულებს სამართლებრივი უსაფრთხოების დამყარებას - უფლების მუდმივი საეჭვოობის დაშვება მოსპობს თავად უფლების სიცოცხლისუნარიანობას, რადგან ის ვერ იქნება გამოყენებული მომავალი ურთიერთობების დასამყარებლად, უფლებების შესაძენად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-27).

სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი. იმავე კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 აპრილის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წინამდებარე საქმის წამოების განახლების შესახებ განცხადებისა და აღნიშნული განჩინების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 აპრილის განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას. საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითებს სსსკ-ის 423.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე (სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმებულია), თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხზე სასამართლო აღარ იმსჯელებს, რადგან განცხადების განსახილველად დაშვების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს განმცხადებლის მიერ ამ განცხადების სასამართლოში წარდგენის ვადის დაცვა. კერძოდ, სსსკ-ის 426-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. ამასთან, იმავე კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე.

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევამდე სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს მისი დასაშვებობა. განცხადების წარმოებაში მიღების ერთ-ერთი წინაპირობა კი, მისი ვადის დაცვით წარდგენაა.

მოცემულ შემთხევვაში უკრაინის, კიროვოგრადის ოლქის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს დადგენილებით (დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადახედვისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის გამარტივებული სასარჩელო წარმოების წესებით განსახილველად გადაცემის შესახებ) დასტურდება, რომ 2025 წლის 04 აგვისტოს სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლო სხდომას, რომელზედაც გამოცხადებული იქნა კიროვოგრადის ოლქის სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სარეზოლუციო ნაწილი, სამოქალაქო საქმეზე N401/1668/22 ა.ა–ას სარჩელი, ტ.რ–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე, ესწრებოდა ტ. რ–ის წარმომადგენელი. ამდენად, მითითებული დღიდან - 2025 წლის 04 აგვისტოდან მისთვის ცნობილი გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის არსებობის თაობაზე. შესაბამისად, განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის ათვლაც ამ მომენტიდან უნდა დაიწყოს. მხარემ კი სადავო განჩინების ბათილობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოში განცხადება წარადგინა 2026 წლის 18 თებერვალს (ვადისდარღვევით).

რადგან დარღვეულია განცხადების დაშვების ისეთი პირობა, როგორიცაა მისი წარდგენის ვადა, სასამართლო აღარ ამოწმებს დასაშვებობის სხვა წინაპირობების არსებობა/არარსებობის საკითხს; აღარ აფასებს, მითითებული საფუძველი რამდენად შეესაბამება კანონით განსაზღვრულ საქმის წარმოების განახლების რომელიმე წინაპირობას; აღარ ადგენს ვადას განცხადების სსსკ-ის 427-ე მუხლთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წარმოდგენილი განცხადება ფორმალური თვალსაზრისით არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, არ დასტურდება განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადის დაცულობა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მისი განსახილველად დაშვების წინაპირობები, რაც განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს (სსსკ-ის 429-ე მუხლიდან გამომდინარე).

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ფუნქციური დატვირთვით ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად არსებობაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სსსკ მე-10 მუხლი, XXVIII თავი), ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმის წარმოება შესაძლოა განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-11 კარით და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, საპროცესო წესების დაცვით მოითხოვოს საქმის წარმოების განახლება, რომელთა დაუცველობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის მომტანია.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტით, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX) (იხ. სუსგ № ას-342-2019, 25.04.2019წ.; №ა-3666-ბ-9-2021, 15.09.2021წ.).

ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოებასთან ერთად მხარე ითხოვს-საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თბილისის სააღსრულებო ბიუროში არსებული სააღსრულებო საქმის N A25116552 წარმოების შეჩერებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის წინაპირობები, ასევე, არ არსებობს თბილისის სააღსრულებო ბიუროში არსებული სააღსრულებო საქმის N A25116552 წარმოების შეჩერების თაობაზე განმცხადებლის მოთხოვნის (სსსკ-ის 432-ე მუხლი) განხილვის საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 426-ე, 429-ე, 284-ე, 285-ე, 399-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ტ.რ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად;

2. ტ.რ–ის შუამდგომლობა-შეჩერდეს თბილისის სააღსრულებო ბიუროში არსებული სააღსრულებო საქმე NA25116552, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დარჩეს განუხილველად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია