დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1243-2025 26 თებერვალი, 2026
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
კასატორი – ა.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „C. T.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, კომპენსაციის გადახდა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, წინასწარი შეტყობინების გარეშე გათავისუფლების სანაცვლოდ კომპენსაციის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა.მ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „C. T.s-ის“ (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა: შპს „C. T.s-ის“ მიერ ა.მ–თან, 2023 წლის 14 სექტემბრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; შპს „C. T.s-ისათვის“ ა.მ–ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 30 000 ლარის დაკისრება; შპს „C. T.s-ისათვის“ ა.მ–ის სასარგებლოდ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე წინასწარი შეტყობინების გაგზავნის წესის დარღვევის გამო კომპენსაციის 5000 ლარის დაკისრება; ასევე იძულებითი განაცდურის დაკისრება 2023 წლის 14 სექტემბრიდან, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად ხელზე ასაღები - 2500 ლარის ოდენობით.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.მ–ის სარჩელი შპს „C. T.s-ის“ მიმართ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, კომპენსაციების და იძულებითი განაცდურის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს „C. T.s-ის“ მიერ 2023 წლის 14 სექტემბერს, ა.მ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, გაბათილდა; შპს „C. T.s-ს“ ა.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; ასევე დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2023 წლის 14 სექტემბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად ხელზე ასაღები 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით; ა.მ–ს წინასწარ გაფრთხილების სანაცვლოდ კომპენსაციის 5000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნაზე, ეთქვა უარი.
4. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. ა.მ–ი დასაქმდა შპს „C. T.s-ში“ მხარეთა შორის 2023 წლის 12 მარტს გაფორმებული დასაქმების კონტრაქტის საფუძველზე თარჯიმნის/რედაქტორის პოზიციაზე. კონტრაქტი გაფორმდა შეუზღუდავი ვადით. ამასთან, განისაზღვრა გამოსაცდელი ვადა ორი თვით, დაწყებული 06/03/2023 წლიდან. გამოსაცდელი ვადის პერიოდში ა.მ–ის შრომის ანაზღაურება შეადგენდა ხელზე მისაღებ 2000 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე), ხოლო გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 06/05/2023 წლიდან 2500 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).
4.2. 2023 წლის 12 მარტის დასაქმების კონტრაქტის 3.2.3. პუნქტის თანახმად, დასაქმებული ასევე ვალდებულია დაიცვას დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაოსა და ინფორმაციის გაცვლის წესები. ამავე ხელშეკრულების 3.2.5. პუნქტის შესაბამისად, ყოველთვის გაუფრთხილდეს დამსაქმებლის საზოგადოებრივ იმიჯს და თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება შელახოს დამსაქმებლის საქმიანი რეპუტაცია და საზოგადოებრივი იმიჯი.
4.3. ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, დასაქმებული პასუხს აგებს მიღებული კომერციული ან კონფიდენციალური ინფორმაციის საიდუმლოდ დაცვაზე. კონფიდენციალური ინფორმაცია განისაზღვრება როგორც ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ბიზნეს პროცესებთან, დამსაქმებლის კომერციულ საქმიანობასთან, დამსაქმებლის კლიენტებთან ურთიერთობასთან, დამსაქმებლის სამუშაო დავალებებთან, მითითებებთან და სხვა ინფორმაციასთან, რომელიც შეეხება დამსაქმებელს და რომელიც დასაქმებულმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ დამსაქმებელთან მუშაობის შედეგად. წინამდებარე კონტრაქტის დებულებები და შინაარსიც კონფიდენციალურია. დასაქმებულს შეუძლია გააცნოს ისინი, დამსაქმებლის თანხმობის გარეშე, მხოლოდ დიპლომირებულ იურისტს, მისი მომსახურებით სარგებლობისას ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში (მაგალითად, გამომძიებელს ან სასამართლოს), ინფორმაცია არ ჩაითვლება კონფიდენციალურად მხოლოდ დამსაქმებლის მიერ წერილობითი ბრძანების გამოცემის შემდეგ.
4.4. ხელშეკრულების 8.2. დასაქმებული ვალდებულია მაქსიმალურად მკაცრად დაიცვას კონფიდენციალობა იმ საკითხების თაობაზე, რომლებიც შეეხება დამსაქმებლის ბიზნესს, გარიგებებს, რომლებიც არაა საჯაროდ ცნობილი და მან არ უნდა გამოიყენოს საიდუმლო ინფორმაცია, პირდაპირ ან არაპირდაპირ (კომერციული საიდუმლოებების ჩათვლით), საკუთარი ან სხვათა ინტერესებისთვის. დასაქმებულის ეს ვალდებულება მოქმედებს დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობების დამთავრების შემდეგაც. დასაქმებული უფლებამოსილია გადასცეს ეს ინფორმაცია მხოლოდ იმ სუბიექტებს, რომლებსაც ვალდებულია გადასცეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4.5. კონფიდენციალური ინფორმაციის გაუთქმელობის შესახებ შეთანხმების თანახმად, წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, ტერმინი „კონფიდენციალური ინფორმაცია“ ნიშნავს ყველა ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია კვლევასთან, შემუშავებასთან, პროდუქტებთან, წარმოების მეთოდებთან, კომერციულ საიდუმლოებებთან, ბიზნეს გეგმებთან, კლიენტებთან, ფინანსებთან და პერსონალის ბიზნესსა თუ საქმეებთან დაკავშირებულ მონაცემებთან. კონფიდენციალური ინფორმაცია მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: (A) კლიენტების სია, კლიენტების საკონტაქტო პირების სახელი და გვარები, ბიზნეს გეგმები, ტექნიკური მონაცემები, პროდუქტის იდეები, პერსონალი, ხელშეკრულებები და ფინანსური სახის ინფორმაცია; (B) სქემები, ტექნიკები, შემუშავების ინსტრუმენტები და პროცესები, კომპიუტერიდან ამობეჭდილი მასალა, კომპიუტერული პროგრამები, პროექტის მონახაზები და სახელმძღვანელოები, გაუმჯობესებები; (C) ინფორმაცია ხარჯების, ფასების, მოგების, ბაზრების და გაყიდვების შესახებ; (D) ნებისმიერი ბიზნეს ან სტრატეგიული გეგმა; (E) თარგმანების მეხსიერება, ტერმინოლოგიური ლექსიკონები და სტილის სახელმძღვანელოები; (F) ყველა დოკუმენტი, წიგნი, ნაშრომი, ნახაზი, მოდელი, მონახაზი და სხვა ნებისმიერი სახის და შინაარსის მონაცემები, მათ შორის ნებისმიერი საშუალებით ჩაწერილი და მიღებული ელექტრონული მონაცემები, რომელიც დამკვეთმა გადასცა ან გადასცემს მიმღებს ან მიმღებმა თავად შეიტყო (ან მასთან აფილირებულმა ნებისმიერმა პირმა), ასევე წერილობითი ან ზეპირი მითითებები თუ კომენტარები; და (G) ნებისმიერი კონტენტი, რომელიც, მიუხედავად მისი ფორმისა, ითვლება კონფიდენციალურ ინფორმაციად მისი გამჟღავნების ან შეტყობის მომენტში. მიუხედავად ზემოთქმულისა, ინფორმაცია და იდეები არ ითვლება კონფიდენციალურად შემდეგ შემთხვევებში: (i) ინფორმაცია არის ან ხდება საჯაროდ ხელმისაწვდომი კანონიერი საშუალებებით მიმღების ბრალეულობის გარეშე; (ii) ინფორმაციას მიმღები კანონიერად ფლობდა ან იცოდა მის შესახებ საქმიანობის გაერთიანების შესაძლებლობის შესახებ შეტყობამდე; (iii) ინფორმაცია მიმღებს კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების გარეშე გაუმჟღავნა მესამე მხარემ, რომელიც კანონიერად ფლობს ინფორმაციას (კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების გარეშე) და არ მიუღია ის პირდაპირ თუ არაპირდაპირ გამამჟღავნებლისგან; (iv) მიმღებმა თავად, დამოუკიდებლად შეიმუშავა ინფორმაცია; (v) კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება მოთხოვნილია კანონით ან სასამართლო ორგანოს მიერ ან (vi) ინფორმაციის მიმღებისთვის გამჟღავნება ხდება დამკვეთის წერილობითი თანხმობით.
4.6. აღნიშნული შეთანხმება 2023 წლის 06 მარტის თარიღით ხელმოწერილია ა.მ–ის მიერ და აღნიშნულია, რომ მას გაცნობიერებული აქვს დამკვეთისთვის სამუშაოს შესრულების პროცესში გარკვეული კონფიდენციალური ინფორმაციის შესაძლო შეტყობის თაობაზე. ასევე, თანხმობა აქვს გაცხადებული, რომ არ გაამჟღავნებს რაიმე სახის კონფიდენციალურ ინფორმაციას და იძლევა პირობას, რომ მიიღებს სიფრთხილის ყველა გონივრულ ზომას აღნიშნული ინფორმაციის არაავტორიზებული გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ამ სამუშაოს მასშტაბის შეზღუდვის გარეშე, თანახმაა, რომ შეზღუდოს კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელება. გარდა ამისა, არ გაუმჟღავნებს კონფიდენციალურ ინფორმაციას რომელიმე პირს, რომლისთვის გამჟღავნების უფლებაც დამკვეთს წერილობით არ მოუცია. ამასთან, თანახმაა, არ გამოიყენოს რაიმე სახის კონფიდენციალური ინფორმაცია მისი ან სხვა პირის სასარგებლოდ, გარდა დამკვეთისა და დაუბრუნოს ყველა კონფიდენციალური ინფორმაცია დამკვეთს მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე და ნებისმიერ შემთხვევაში ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ. გაცნობიერებული აქვს, რომ ყველაკონფიდენციალური ინფორმაცია ეკუთვნის დამკვეთს და წინამდებარით არ გაიცემა რაიმე ლიცენზია ან სხვა უფლება მასზე.
4.7. მოსარჩელე ა.მ–ის მიმართ მოპასუხე კომპანიაში მუშაობის პერიოდში დისციპლინური ხასიათის ღონისძიება სამსახურში კონფიდენცილურობის დარღვევისათვის ან/და მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის გამოყენებული არ ყოფილა.
4.8. მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს დასაქმებულის კვალიფიკაციის მოთხოვნებს, არ არის დადგენილი კონკრეტული ხარისხობრივი მაჩვენებლის სტანდარტი. აღნიშნულის შესახებ მხარეთა შორის სხვა რაიმე შეთანხმებაც არ დადებულა. შპს „C. T.s-ის“ მიერ, თარჯიმნის/რედაქტორის პოზიციისთვის, წერილობითი ინსტრუქცია დოკუმენტაციასთან მუშაობის, თარგმანის ადამიანის მიერ, გრამატიკულ-ლიტერატურულ ხარისხში შესრულების თაობაზე, ასევე დოკუმენტაციის ტექსტის კოპირების, ინფორმაციის შემცველი მონაკვეთების სათარგმნ აპლიკაციაში გადატანის დაუშვებლობის შესახებ, განსაზღვრული არ ყოფილა.
4.9. 2023 წლის 14 სექტემბერს ა.მ–ს დამსაქმებელმა ზეპირი ფორმით მიაწოდა ინფორმაცია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის მითითების გარეშე, რომელიც დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში.
4.10. 2023 წლის 18 სექტემბერს მოსარჩელემ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისწერა მოპასუხეს და მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალური წერილის, ცალკე დოკუმენტის სახით გადაგზავნა, ასევე, გადაწყვეტილების მიზეზის ახსნა, კონკრეტულად რაში მდგომარეობდა პრობლემა მის თარგმანებში. აღნიშნული წერილის პასუხად 2023 წლის 19 სექტემბერს მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა შემდეგი: „მსურს მოგიწვიო ჩვენს ოფისში და გაჩვენო შენი სამუშაო კომპიუტერი ოფისში, ისტორია, სადაც, როგორც ვხედავთ, ყოველდღიურად იყენებდი მუშაობის პროცესში Google Transtale-ს (მანქანურ თარგმანს.) მინდა გაჩვენო შენ მიერ მანქანური თარგმანის გამოყენებით ნათარგმნი დოკუმენტები და დარედაქტირებული ტექსტი შესწორებებით - ანუ როგორი უნდა იყოს ადამიანის მიერ შესრულებული, ხარისხიანი თარგმანი.“ ა.მ–ი აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდეგ მოპასუხე კომპანიაში არ გამოცხადებულა.
4.11. ა.მ–ის განსახილველი სარჩელი მოპასუხის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2023 წლის 17 ნოემბერს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 ნოემბრის აქტის საფუძველზე მოსარჩელეს ეცნობა სარჩელის განსახილველად მიღების თაობაზე და განემარტა, რომ იგი ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტის ან სასამართლო კურიერის მეშვეობით ჩაბარება გზავნილის გადაცემიდან 2 (ორი) თვის ვადაში. 2024 წლის 08 იანვარს მოსარჩელემ სასამართლოში წარადგინა განცხადება საქმეზე საფოსტო გზავნილების დართვის თაობაზე, რომლითაც სასამართლოს ეცნობა, რომ მოპასუხესთან სარჩელი თანდართული მასალებით გაგზავნილ იქნა ორჯერ, თუმცა გზავნილები მოპასუხეს არ ჩაბარდა. საფოსტო ქვითრების თანახმად, გზავნილი გაგზავნილ იქნა მისამართზე - თბილისი, .........., G&O BUSINESS CENTRE მე-6 სართული, გზავნილები მობრუნებულ იქნა შენახვის ვადის გასვლისა და მოუკითხაობის გამო.
4.11.1. 2024 წლის 24 იანვრის განცხადებით მოსარჩელემ სასამართლოში წარადგინა შუამდგომლობა მოპასუხისათვის სარჩელის სასამართლოს დახმარებით ჩაბარების თაობაზე და მოპასუხისათვის იურიდიულ მისამართზე - თბილისი ........., დოკუმენტების გაგზავნისა და მისი ჩაუბარებლობის მიზეზებზე მითითების დამადასტურებელი დოკუმენტი. საფოსტო გზავნილის თანახმად, 11.01.24წ. დაუკავშირდნენ ადრესატს, რომელმაც განაცხადა, რომ არ იმყოფება ადგილზე, უშუალოდ მისამართზე არ დაიტოვეს, 22.01.24წ. კვლავ დაუკავშირდნენ და ადრესატმა განაცხადა, რომ შვებულებაშია, ხოლო მისამართზე არის იტალიური ეზო და შეტყობინება ვერ დატოვეს.
4.11.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს/ შსს ვაკე-საბურთალოს და ძველი თბილისის რაიონის სამმართველოს/საუბნო სამსახურს დაევალა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის I სამმართველოს 2024 წლის 13 თებერვლის და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის VII სამმართველოს 2024 წლის 14 თებერვლის მომართვებით სასამართლო გზავნილი ადრესატს ვერ ჩაჰბარდა.
4.11.3. სასამართლოს მიერ 2024 წლის 01 მარტს კვლავ იქნა გაგზავნილი სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხესთან მისამართზე - თბილისი, ........ G&O BUSINESS CENTRE მე-6 სართული, ოფისი 14. გზავნილი 2024 წლის 05 მარტს ჩაჰბარდა კომპანიის დირექტორს.
4.12. სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „C. T.s-ის“ 2023 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება ა.მ–თან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ არამართლზომიერია.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „C. T.s-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა.მ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეთა შორის ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, დასაბუთების სახით წარმოებულ წერილობით კომუნიკაციაში, მოპასუხე სადავოდ ხდიდა ნამუშევრის ხარისხს კონკრეტული პროგრამის გამოყენების მიზეზით. კონფიდენციალურობის დარღვევა ან მისი დარღვევის რისკი, რაიმე ფაქტი ან გარემოება, როგორც დარღვევა, მიმოწერაში ნახსენები არ იყო. შესაგებელში წარმოდგენილი განმარტებით, მოპასუხე ვალდებულების უხეშ დარღვევად, სამუშაოს უხარისხოდ შესრულებასთან ერთად კონფიდენციალურობის შეთანხმების დაუცველობასაც ასახელებს. ამგვარი გარემოება კი, 19 სექტემბერს მოპასუხის მიერ გაცემულ განმარტებაში, არ მითითებულა.
7.2. პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლოს ვალდებულება დამსაქმებლის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად არსებული გარემოებების შეფასებას მიემართება, დასაქმებულის მუშაობის განმავლობაში მომხდარი სხვა გარემოებები, რომლებიც, შესაძლოა, ყოფილიყო სამუშაოდან გათავისუფლების მიზეზი, მაგრამ საფუძვლად არ დადებია გათავისუფლების გადაწყვეტილებას, კვლევის საგანი ვერ გახდება. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ კონფიდენციალურობის ნაწილში შეთანხმების დარღვევის კვლევის საგნად მიჩნევის შემთხვევაშიც, იგი არ დასტურდებოდა შესაბამისი მტკიცებულებებით. მხარეთა შორის დადებული კონფიდენციალური ინფორმაციის გაუთქმელობის შესახებ შეთანხმების თანახმად, ტერმინი „კონფიდენციალური ინფორმაცია“ ნიშნავს ყველა ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია კვლევასთან, შემუშავებასთან, პროდუქტებთან, წარმოების მეთოდებთან, კომერციულ საიდუმლოებებთან, ბიზნეს გეგმებთან, კლიენტებთან, ფინანსებთან და პერსონალის ბიზნესსა თუ საქმეებთან დაკავშირებულ მონაცემებთან. ამასთან, იქვეა განსაზღვრული კონკრეტული კრიტერიუმებიც, რომლითაც შესაძლოა იდენტიფიცირდეს ინფორმაციის კონფიდენციალური ხასიათი და ბუნება. შესაბამისად, სათარგმნ მასალაში ყველა წინადადება, თავისთავად უპირობოდ ვერ მიიჩნევა კონფიდენციალურად. აღნიშნული დაადასტურეს საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმაც.
7.3. მოპასუხე მიუთითებდა, რომ მოსარჩელე დამხმარე პროგრამა „Google Translate-ის“ მეშვეობით თარგმნის გამო, არღვევდა კონფიდენციალურობის ვალდებულებას, თუმცა, კონკრეტული მტკიცებულება თუ რომელი მაიდენტიფიცირებელი ტექსტის შესაბამის ველში განთავსებით ხდებოდა დამკვეთთა მიმართ კონფიდენციალურობის მოვალეობის დარღვევა ან რისკის შექმნა, შესაბამისი მტკიცებულებით წარმოდგენილი არ არის. შესაგებელს დართული წერილობითი დოკუმენტი ა.მ–ის მხრიდან პროგრამის გამოყენების თაობაზე ზოგადია. სიტყვა ან სიტყვათწყობა კი, თუ იგი ზოგადია, არ იძლევა ადრესატის, სუბიექტის თუ შინაარსობრივად სხვა სახის იდენტიფიცირების შესაძლებლობას, მისი დამხმარე პროგრამის საშუალებით თარგმნის და ამ გზით საჯარო სივრცეში მოხვედრის დაშვების შემთხვევაშიც კი, რა რისკის შემცველი შეიძლება ყოფილიყო, მოპასუხის მხრიდან ვერ იქნა დასაბუთებული. ამასთან, საქმეში არ წარმოდგენილა მტკიცებულება, მხარეთა შორის შეთანხმებული აკრძალვა, სამუშაო აღწერილობა, სადაც განსაზღვრული იქნებოდა დასაშვები თარგმნის მეთოდი, ან კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით არსებული დამკვეთის შეზღუდვა. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე.ფ–მა, მიუთითა, რომ შესაძლებელი იყო დამხმარე საშუალებების გამოყენება თარგმნის პროცესში. კონფიდენციალურობის დარღვევის საფრთხე იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მთლიანი კონტექსტის გადატანა მოხდებოდა პროგრამაში, სადაც იდენტიფიცირდებოდა შინაარსი. განსახილველ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ მთლიანი ტექსტის თარგმნა განახორციელა, რაც იძლეოდა მისი იდენტიფიცირების საშუალებას, არ დასტურდებოდა. ამასთან, შესაგებელს ერთვოდა მოპასუხე კომპანიის დირექტორსა და კოლეგას შორის არსებული მიმოწერის ტექსტი, კონკრეტული თარიღის გარეშე, სადაც დირექტორი აღნიშნავდა, რომ იცის ა.მ–ის მხრიდან ხსენებული პროგრამის გამოყენებით თარგმნის შესახებ, თუმცა რაიმე შენიშვნა და მითითება უშუალოდ მუშაკისათვის, რომ აღნიშნული წარმოადგენდა აკრძალულ ქმედებას, გათავისუფლებამდე არ დასტურდება. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში, მოპასუხის მითითება მოსარჩელის მიმართ შრომითი ვალდებულების არსებობისა და მის უხეშ დარღვევაზე, დაუსაბუთებელი იყო.
7.4. რაც შეეხება დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სამუშაოს უხარისხოდ შესრულებას, მოპასუხეს აქცენტი ქონდა თარგმანის ხარისხზე. კერძოდ, მოპასუხე აღნიშნავდა, რომ მიუხედავად არაერთგზის მითითებისა, მოსარჩელე ახდენდა „მაშინალურად“ თარგმნას, „გუგლის“ პროგრამის მეშვეობით, როდესაც იგი ვალდებული იყო თავად ეთარგმნა შესაბამისი დოკუმენტები, თუმცა, საქმეში არ წარმოდგენილა რაიმე დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნებოდა ის, თუ რა მეთოდითა და მექანიზმით უნდა განეხორციელებინა თარგმნა მოსარჩელეს. ამასთან, უდავო იყო, რომ მოსარჩელის მიმართ, შესასრულებელი სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით, დისციპლინური პასუხისმგებლობა არ გამოყენებულა.
7.5. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ა.მ–ის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების შინაარსობრივი მხარე იყო უკანონო, თუმცა, მიუთითა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებისა და ბრძანების ბათილად ცნობისთვის სარჩელი აღძრული უნდა ყოფილიყო კანონით დადგენილ ვადაში. სააპელაციო სასამართლომ არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის მითითებას მასზედ, რომ მოპასუხემ სარჩელის ხანდაზმულობაზე მიუთითა მთავარ სხდომაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ასეთი მითითება მოპასუხეს წარმოდგენილი ქონდა შესაგებელშიც, სადაც მოპასუხე უთითებდა: „ა.მ–ი სამსახურიდან გათავისუფლდა 2023 წლის სექტემბერში, რატომღაც მხოლოდ 2024 წლის მარტის თვეში მოხერხდა ჩვენთვის სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩაბარება“. პალატა დაეთანხმა აპელანტის მსჯელობას და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმული იყო, რადგან მოპასუხეს შეპასუხება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით გაკეთებული ქონდა არა მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, არამედ მოსამზადებელ ეტაპზეც.
7.6. სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი განჩინება, სადაც საკასაციო სასამართლომ განიხილა საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის შინაარსი და აღნიშნა, რომ დასაქმებულს უფლება აქვს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე; დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი; დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ხოლო, თუ დასაქმებული მისთვის მინიჭებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის უფლებას არ გამოიყენებს, გასაჩივრების 30-დღიანი ვადის ათვლა დაიწყება მის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან ანუ იმ დღიდან, როდესაც მას სშკ-ის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე წარმოეშვა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის უფლება.
7.7. პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში საქმის გარემოებებით დასტურდებოდა, რომ 2023 წლის 14 სექტემბერს ა.მ–ს დამსაქმებელმა ზეპირი ფორმით მიაწოდა ინფორმაცია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში. 2023 წლის 18 სექტემბერს მოსარჩელემ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისწერა მოპასუხეს და მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალური წერილის, ცალკე დოკუმენტის სახით გადაგზავნა, ასევე, გადაწყვეტილების მიზეზის ახსნა, კონკრეტულად რაში მდგომარეობდა პრობლემა მის თარგმანებში. აღნიშნული წერილის პასუხად 2023 წლის 19 სექტემბერს მოპასუხემ მოსარჩელეს მისწერა შემდეგი: „მსურს მოგიწვიო ჩვენს ოფისში და გაჩვენო შენი სამუშაო კომპიუტერი ოფისში, ისტორია, სადაც, როგორც ვხედავთ, ყოველდღიურად იყენებდი მუშაობის პროცესში Google Transtale-ს (მანქანურ თარგმანს.) მინდა გაჩვენო შენ მიერ მანქანური თარგმანის გამოყენებით ნათარგმნი დოკუმენტები და დარედაქტირებული ტექსტი შესწორებებით - ანუ როგორი უნდა იყოს ადამიანის მიერ შესრულებული, ხარისხიანი თარგმანი,“ რაც წარმოადგენდა წერილობით პასუხს/დასაბუთებას მის მოთხოვნაზე. ა.მ–ი აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდეგ მოპასუხე კომპანიაში არ გამოცხადებულა.
7.8. პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრების 30 დღიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო არაუგვიანეს 2023 წლის 19 სექტემბრიდან, რა დროსაც მოსარჩელეს ჩაჰბარდა წერილობითი პასუხი/დასაბუთება მის მოთხოვნაზე. უფრო მეტიც, აღნიშნული დროიდან მას ჰქონდა საშუალება, გამოცხადებულიყო ოფისში და მიეღო დამატებითი ინფორმაცია მისი გათავისუფლების საფუძვლების შესახებ, თუმცა ა.მ–ი კომპანიაში არ გამოცხადებულა.
7.9. განსახილველი სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2023 წლის 17 ნოემბერს, გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
7.10. პალატის მითითებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენისას მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მას სარჩელი თავდაპირველად აღძრული ჰქონდა 2023 წლის 26 ოქტომბერს და სარჩელის მიღებაზე ეთქვა უარი. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს აღნიშნული განჩინება ან სარჩელის აღძვრის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ აქვს და აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. თუმცა ასეთი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაშიც, ვინაიდან სადავო ბრძანების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2023 წლის 19 სექტემბრიდან, ამიტომ ხანდაზმული იქნებოდა ასევე 2023 წლის 26 ოქტომბერს აღძრული სარჩელიც.
7.11. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დაეთანხმა აპელანტის პოზიციას და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმული იყო, რის გამოც არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა.მ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგის გათვალისწინებით.
9. ა.მ–ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლის ფარგლებში მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი არ განუხილავს. აღნიშნული საკითხი მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ასევე საქმის მოსამზადებელ სხდომაზე. პირველი ფაქტი, როდესაც მოპასუხემ ახსენა მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, დაფიქსირდა არსებით სხდომაზე.
9.2. მოპასუხის მითითება შესაგებელში, მიემართებოდა სასამართლოში წარდგენილი სარჩელის მისთვის ჩაბარებას და აღნიშნული ვადის ხანდაზმულობაზე შედავებასთან გაიგივება, კასატორის მოსაზრებით, დაუშვებელია.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. ა.მ–ი სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, კომპენსაციის გადახდას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და წინასწარი შეტყობინების გარეშე გათავისუფლების სანაცვლოდ კომპენსაციის დაკისრებას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია არსებობდა მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, თუმცა, იმის გამო, რომ მოპასუხის მხრიდან ამ მოთხოვნებზე წარმოდგენილი იყო მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი ხანდაზმულობაზე მითითებით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
15. კასატორის პრეტენზია მიემართება სწორედ ხანდაზმულობის საკითხს. კერძოდ, ა.მ–ი მიიჩნევს, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლის ფარგლებში მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი არ განუხილავს. აღნიშნული საკითხი მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ასევე საქმის მოსამზადებელ სხდომაზე და მასზე მითითება განხორციელდა მხოლოდ მთავარ სხდომაზე.
16. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, საკასაციო პრეტენზიის გათვალისწინებით, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე იმსჯელებს. სსსკ-ის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადასტუროს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადასტურების მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
18. სსსკ-ის 201-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.
19. საკასაციო სასამართლო მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში უფლებამოსილია, საქმეზე დადგენილ გარემოებებს მისცეს სამართლებრივი შეფასება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ, მასზე ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ანდა შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების იმგვარი ხარისხით დარღვევის ფაქტი, რაც გახდებოდა ა.მ–ის მიმართ, მისი ქმედების საპირისპიროდ უკიდურესი ღონისძიების - გათავისუფლების, გამოყენების საფუძველი (საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი), ასევე დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობის (საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი) დამადასტურებელი გარემოებები და სათანადო მტკიცებულებები მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა, რაც მოპასუხის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა. აღნიშნული საკითხის კვლევას მოსარჩელის საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა არ ახორციელებს. შესაბამისად, იმსჯელებს მხოლოდ ხანდაზმულობის საკითხზე. კერძოდ, შესაფასებელია, რამდენად არის გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნა, რომ მოპასუხე მარის მიერ სასარჩელო მოთხოვნებზე საქმის მოსამზადებელ ეტაპზე იყო წარმოდგენილი მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი ხანდაზმულობაზე მითითებით.
20. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ხანდაზმულობაზე მოპასუხე მიუთითებდა შესაგებელშიც, სადაც მოპასუხე აღნიშნავდა: „ა.მ–ი სამსახურიდან გათავისუფლდა 2023 წლის სექტემბერში, რატომღაც მხოლოდ 2024 წლის მარტის თვეში მოხერხდა ჩვენთვის სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩაბარება“. საქმის მასალების მიხედვით, თავდაპირველად წარდგენილ შესაგებელში მოპასუხეს სარჩელის ხანდაზმულობაზე არ მიუთითებია. აღნიშნული გარემოება დამსაქმებელმა (რომელიც კერძო სამართლის იურიდიული პირია) სადავოდ საქმის მთავარ სხდომაზე გახადა. სააპელაციო პალატის მიერ მითითებული მსჯელობა კი, ხანდაზმულობაზე შედავებას არ წარმოადგენს და არც შესაგებლის შინაარსის მთლიანი კონტექსტიდან გამომდინარე შეიძლება იქნეს აღქმული ასეთად.
21. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმის არსებითად განხილვისას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ მოპასუხის მიერ გამოთქმულ პრეტენზიაზე სასამართლო ვეღარ იმსჯელებს, რადგან მითითებული მოსაზრება საქმის წარმოების სათანადო ეტაპზე მხარეს არ დაუსახელებია და შესაბამისად, დაკარგა მასზე დაყრდნობით სარჩელისაგან თავდაცვის საპროცესო უფლება.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. მოპასუხის მიერ შეუდავებლად იქნა დატოვებული სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი, ხოლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობები, რაც საკასაციო სასამართლოს კვლევის საგანს არ წარმოადგენს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ა.მ–ის სარჩელი შპს „C. T.s-ის“ მიმართ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, კომპენსაციების და იძულებითი განაცდურის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: შპს „C. T.s-ის“ მიერ 2023 წლის 14 სექტემბერს, ა.მ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ბათილად იქნეს ცნობილი; შპს „C. T.s-ს“ ა.მ–ის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის ანაზღაურება - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; ასევე დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2023 წლის 14 სექტემბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად ხელზე ასაღები 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
24. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მოსარჩელე განაცდურისა და კომპენსაციის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ მოთხოვნებზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ამასთან, მისი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 400 (100+300) ლარის გადახდა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის ოდენობის გათვალისწინებით 3025 (200+2825) ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა.მ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა.მ–ის სარჩელი შპს „C. T.s-ის“ მიმართ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, კომპენსაციის და იძულებითი განაცდურის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
3.1. შპს „C. T.s-ის“ მიერ 2023 წლის 14 სექტემბერს, ა.მ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ბათილად იქნეს ცნობილი;
3.2. შპს „C. T.s-ს“ ა.მ–ის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის ანაზღაურება - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
3.3. შპს „C. T.s-ს“ ა.მ–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2023 წლის 14 სექტემბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად ხელზე ასაღები 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
4. შპს „C. T.s-ს“ (........) ა.მ–ის (........) სასარგებლოდ დაეკისროს პირველი ინსტანციისა და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 400 ლარის გადახდა;
5. შპს „C. T.s-ს“ (.........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს პირველი და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 3025 ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლევან ნემსაძე
მიხეილ ჯინჯოლია