დატოვებულია განუხილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
№ა-895-გან-5-2026 05 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
განმცხადებელი – შპს „მ–სი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა - დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „მ–სმა“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2021 წლის 25 თებერვლის შეტყობინების საფუძველზე (წერილი №5 21 00464391), შპს „მ–სათვის“ პირგასამტეხლოს სახით - 57 816 ლარის დარიცხვის არამართლზომიერად ცნობა. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2021 წლის 9 მარტის მოთხოვნის არამართლზომიერად ცნობა 2020 წლის 17 იანვარს გაცემული №1808260 საბანკო გარანტიის განაღდების შესახებ და განაღდებული თანხის - 14 100 ლარის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ–სის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; არამართლზომიერად იქნა ცნობილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვა 5280 ლარის ფარგლებში 2021 წლის 25 თებერვლის შეტყობინების საფუძველზე. შპს „მ–სის“ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 სეტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ხოლო, შპს „მ–სმა“ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის სხდომაზე შპს „მ–სის“ წარმომადგენელმა უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე იმ ნაწილში, რომლითაც ის ითხოვდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2021 წლის 9 მარტის მოთხოვნის არამართლზომიერად ცნობას 2020 წლის 17 იანვარს გაცემული №1808260 საბანკო გარანტიის განაღდების შესახებ და განაღდებული თანხის - 14 100 ლარის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრებას მოსარჩელის სასარგებლოდ. ამავე სხდომაზე, შპს „მ–სის“ წარმომადგენელმა ცნო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის მთხოვნა (პირგასამტეხლო 5280 ლარის ოდენობით).
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შპს „მ–სის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „მ–სის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. არამართლზომიერად იქნა ცნობილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოსარჩელისათვის 2021 წლის 25 თებერვლის შეტყობინების საფუძველზე (წერილი N5 21 00464391) შპს „მ–სისათვის“ პირგასამტეხლოს დარიცხვა 52536 ლარის ოდენობით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინება გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 09 თებერვლის განჩინებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2021 წლის 25 თებერვლის შეტყობინების საფუძველზე (წერილი №5 21 00464391), შპს „მ–სისათვის“ პირგასამტეხლოს სახით - 52 536 ლარის დარიცხვის არამართლზომიერად ცნობის მოთხოვნის ნაწილში;
შპს „მ–სის“ სარჩელი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2021 წლის 25 თებერვლის შეტყობინების საფუძველზე (წერილი №5 21 00464391), შპს „მ–სისათვის“ პირგასამტეხლოს სახით - 52 536 ლარის დარიცხვის არამართლზომიერად ცნობის ნაწილში, დარჩა განუხილველად;
სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (....) დაუბრუნდა საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 14 აპრილს №35846 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2626.80 ლარის 70% – 1838.76 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აეკრძალა 2021 წლის 04 მარტის MIA 52100528480 წერილობითი შეტყობინებების და 2021 წლის 16 მარტის MIA 32100631636 დაზუსტებული წერილობითი შეტყობინების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და გადაწყვეტილების მიღება შპს „მ–სის“ შავ სიაში შეყვანის შესახებ.
8. 2026 წლის 25 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მომართა შპს „მ–სის“ წარმომადგენელმა, მიუთითა, რომ 2026 წლის 09 თებერვლის განჩინებით პალატას არ გადაუწყვეტია მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1735 ლარის სახელმწიფო ხაზინიდან დაბრუნების საკითხი და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებთა გამო.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
12. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის 31 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვა.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმს, როდესაც სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამრიგად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ინიციატივა შეიძლება მომდინარეობდეს როგორც სასამართლოს, ასევე, მხარისაგან. ამასთან, კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
14. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის 7-დღიანი ვადის დენის დაწყებას კანონი უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას და არა მხარისათვის მის ჩაბარებას, რადგან სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მხარეებისათვის (სასამართლოსათვის) ცხადი ხდება, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია ერთ-ერთი იმ ხარვეზით, რასაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს. კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული დათქმა ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლომ დროულად გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი (იხ. სუსგ საქმე Nას-225-217-2012, 25 ივნისი, 2012 წელი; Nას-385-366-2015, 14 მაისი, 2015 წელი; Nას-1101-2022, 17 ნოემბერი, 2022 წელი).
15. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, თუ რა მოვლენას უკავშირებს კანონმდებელი დამატებითი გადაწყვეტილების მიღებისათვის კანონით დადგენილი 7-დღიანი საპროცესო ვადის ათვლის დაწყებას – ესაა გადაწყვეტილების ზეპირ სხდომაზე გამოცხადება. კანონის ამ დათქმას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ მხარე სასამართლო სხდომაზე მოისმენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს და მყისიერად შეიტყობს, სასამართლომ იმსჯელა და პასუხი გასცა თუ არა მის ყველა მოთხოვნას. ასეთ ვითარებაში მხარე, რომელიც აღმოაჩენს, რომ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადების წარდგენის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველ ნაწილში ასახული რომელიმე წინაპირობა, 7 დღეში მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს სასამართლოს მხრიდან გამოტოვებული საკითხის გადაწყვეტას (იხ. სუსგ საქმე Nას-123-2021, 04 ივნისი, 2021 წელი).
16. თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა ზეპირ სხდომაზე ყოველთვის არ მიმდინარეობს და მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, რიგ შემთხვევებში დავა გადაწყვიტოს მხარეთა მოწვევის გარეშე. ასეთ დროს მხარეებს დავის სამართლებრივი შედეგი ეცნობებათ მას შემდეგ, რაც გადაეცემათ სასამართლო გადაწყვეტილება/განჩინება.
17. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი განხილული იქნება ზეპირი მოსმენის გარეშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილით ზემოაღნიშნული საპროცესო ვადის ათვლა, უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების (განჩინების) მხარისათვის გადაცემის მომდევნო დღიდან (შდრ. იხ. სუსგ საქმე Nას-259-2020, 11 მარტი, 2021 წელი; Nას-1602-2018, 24 მარტი, 2021 წელი; ასევე, Nას-680-2021, 29 მარტი, 2022 წელი). ვადის ათვლა ასეთ შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს გადაწყვეტილების/განჩინების მხარისათვის ჩაბარებას, ვინაიდან იქამდე მხარე მოკლებულია ობიექტურ შესაძლებლობას, ივარაუდოს დამატებითი გადაწყვეტილების/განჩინების გამოტანის საჭიროება.
18. შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსით 261-ე მუხლით დადგენილი საპროცესო ვადა უნდა აითვალოს არა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დღიდან, არამედ მხარისათვის მისი სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების მომენტიდან, ანუ იმ დროიდან როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის საჭიროების არსებობის შესახებ.
19. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ზემოხსენებული ნორმის იმგვარად განმარტება, რომ გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ თავისი ინიციატივით, ნებისმიერ დროს, თუნდაც, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი, ორი ან რამდენიმე წლის შემდეგ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება ან მხარემ საქმის გაცნობისა თუ სხვა გარემოებიდან გამომდინარე (გარდა სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისა) 7 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თხოვნით. ასეთი განმარტება უშვებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მუდმივად ეჭვქვეშ დაყენების შესაძლებლობას, რაც საფუძველს აცლის სასამართლოსადმი სანდოობის ვარაუდს (იხ. სუსგ Nას-795-754-2013, 29 ნოემბერი, 2013 წელი; Nას-452-428-2013, 30 აპრილი, 2014 წელი).
20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე განცხადება წარმოადგინა კანონით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით. კერძოდ, წინამდებარე საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 09 თებერვლის განჩინება მიღებულ იქნა ზეპირი განხილვის გარეშე; საქმეში არსებული განცხადება/ხელწერილით ირკვევა, რომ აღნიშნული განჩინება 2026 წლის 17 თებერვალს ჩაჰბარდა შპს „მ–სის“ წარმომადგენელს - გ.თ–იძეს. დამატებითი გადაწყვეტილების მოთხოვნით 7 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2026 წლის 18 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 24 თებერვალს, რომელიც იყო სამუშაო დღე - სამშაბათი. შპს „მ–სმა“ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით საკასაციო სასამართლოს მომართა 2026 წლის 25 თებერვალს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით განსაზღვრული 7-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, რის გამოც მისი უფლება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნის შესახებ გაქარწყლებულია.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
22. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად.
23. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო პალატა განმცხადებელს დამატებით განუმარტავს, რომ სარჩელის განუხილველად დატოვებისას სასამართლო მსჯელობს მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სსსკ-ის 187.2. მუხლის მე-3 წინადადების შესაბამისად (მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება) დაბრუნების საკითხზე, რაც ასახულია 2026 წლის 09 თებერვლის განჩინებაში და შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან (სუსგ.: Nას-955-2028, 16.11.2018წ.; Nას-17-2025, 24.10.2025წ.).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 399-ე, 261-ე, 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „მ–სის“ განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი