დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 26.02.2026
საქმის ნომერი
ას-1010-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-1010-2025 26 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი

კასატორი – ა.ს–ვა

მოწინააღმდეგე მხარეები– შპს „ნ.ჯ–ი“, შპს „ს–ი“, შპს „S.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, გადაწყვეტილებისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა.ს–ვამ (შემდგომში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ნ.ჯ–ის“, შპს „ს–ისა“ და შპს „S-ის“ (შემდგომში - მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა: შპს „ნ.ჯ–ისათვის“ 1 836 936.56 ლარის დაკისრება, ასევე, ძირითადი თანხის - 1 836 936.56 ლარის, პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე 0.5%-ის (9184.68 ლარის) გადახდევინება 2020 წლის პირველი ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე; შპს „ს–ის“ 2021 წლის 14 ივნისის N1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა შპს „ნ.ჯ–ის“ კუთვნილი ქ. თბილისში, .......... მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი N..........) შპს „ს–ის“ კაპიტალში შეტანის შესახებ; შპს „ნ.ჯ–სა“ და შპს „S.“ შორის 2021 წლის 14 ივნისის ქ. თბილისში, ........... მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი N..........) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

1.2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა.ს–ვას სარჩელი შპს „ნ.ჯ–ის“, შპს „ს–ის“, შპს „S-ის“ წინააღმდეგ თანხის დაკისრების, გადაწყვეტილებისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის საოქმო განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა 2025 წლის 26 აპრილის აუდიტის დასკვნის (შპს „ს.ც.ნ–ის“ (იგივე შპს „ნ.ჯ–ის“) კაპიტალში დამფუძნებლის შენატანის შესახებ) საქმეზე დართვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინებით ა.ს–ვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. შპს „ნ.ჯ–ი“ (ს/ნ ........) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია (რეგისტრაციის თარიღი: 05.10.2001წ), რომლის თავდაპირველი სახელწოდებაც, 2018 წლის 14 სექტემბრამდე იყო - შპს „ს.ც-ნ–ა“.

6.2. საწარმოს დაფუძნებისას შპს „ს.ც.ნ–ის“ დირექტორი და 100% წილის მფლობელი იყო გ.გ–.

6.3. 2013 წლის 27 დეკემბერს შპს „ს.ც-ნ–ის“ 50% წილის მფლობელი გახდა ყაზახეთის მოქალაქე ა.ს–ვა.

6.4. 2016 წლის ამონაწერით მეწარმეთა რეესტრიდან ყაზახეთის მოქალაქე ა.ს–ვა გახდა შპს „ს.ც-ნ–ის“ 100% წილის მფლობელი პარტნიორი; 2016 წელსვე კომპანიის დირექტორად დაინიშნა ქ.ლ–ი. იმავე წელს (2016 წელს) შპს „ს.ც-ნ–ის“ 100% წილის მფლობელმა პარტნიორმა ა.ს–ვამ შეცვალა დირექტორი და კომპანიის დირექტორად დანიშნა - მოსარჩელე ა.ს–ვა.

6.5. 2018 წელს შპს „ნ.ჯ–ის“ (შპს „ს.ც-ნ–ა“ შეცვლილი სახელწოდებით) 100% წილის მფლობელი პარტნიორი ა.ს–ვა ა.ს–ვასთან ერთად რეგისტრირდება დირექტორად, რომლებიც კომპანიას ერთად

მართავენ 2020 წლამდე.

6.6. 2020 წლის 13 ივლისს შპს „ნ.ჯ–ის“ 100% წილის პარტნიორი და დირექტორი არის ა.ს–ვა.

6.7. მოსარჩელე ა.ს–ვა და ა.ს–ვა (2013-2020 წლებში შპს „ნ-ჯ–ის“ (სახელწოდების შეცვლამდე შპს „ს.ც. ნ.კლ–ა“) წილის მფლობელი) არიან დები. ორივე მათგანი არის ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე. 4.9. სს „ყ.ს.ბ–ის“ 2022 წლის 4 აპრილის ცნობით, ა.ს–ვა იყო სს „ყ.ს.ბ–ის“ ასტანის რეგიონალური ფილიალის სერვის ცენტრის კლიენტი 2018 წლის 05 მარტიდან - 2021 წლის 15 თებერვლამდე. მის სადეპოზიტო ანგარიშზე განხორციელდა შემდეგი ოპერაციები: 2016 წლის 10 თებერვალს 400 000 აშშ დოლარის შეტანა, ხოლო 2016 წლის 21 ივნისს - 400 000 აშშ დოლარის გატანა. ამასთან, ა.ს–ვამ 2016-2018 წლებში, იმავე ბანკში იჯარით აიღო სეიფის უჯრა.

6.8. 2013 წლის 06 დეკემბერს შპს „ს.ც. ნ.კ–ას“ (ამჟამინდელი

სახელწოდება შპს „ნ-ჯ–ი“) 100% წილის მფლობელ გ.გ–სა და ა.ს–ვას შორის დაიდო შპს „ს.ც. ნ.–ას“ 100%-იანი წილიდან 50%-ის გასხვისების შესახებ ხელშეკრულება. ნასყიდობის თანხად განისაზღვრა სიმბოლური თანხა - 1000 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა გადახდილიყო ხელშეკრულების დადების შემდგომ. ხელშეკრულება დარეგისტრირდა კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში, რომლის თანახმად შპს „ს.ც. ნ.კ–ის“ 50% წილის მფლობელი გახდა ა.ს–ვა.

6.9. 2013 წლის 9 დეკემბერს შედგა შპს „ს.ც. ნ–ის“ პარტნიორთა კრება, რომელსაც ესწრებოდნენ კომპანიის 50% წილის მფლობელი გ.გ– და კომპანიის 50% წილის მფლობელი ა.ს–ვა. დღის წესრიგის მთავარ საკითხად განისაზღვრა შპს „ს.ც.ნ–ის“ კაპიტალის გაზრდა. პარტნიორთა კრების თანახმად ა.ს–ვამ იკისრა ვალდებულება კომპანიის საწესდებო კაპიტალში ერთი წლის განმავლობაში, 2014 წლის 09 დეკემბრამდე, განეხორციელებინა 1 000 000 აშშ დოლარის შეტანა შემდეგი პერიოდულობით: - 350 000 აშშ დოლარი - 4 თვიან ვადაში წინამდებარე გადაწყვეტილების (09.12.2013 წ.) მიღების თარიღიდან. მიზნობრივი დანიშნულება: საზოგადოების დავალიანების ნაწილის დაფარვა სს „კ. ს. ბ–ში“; - 250 000 აშშ დოლარი - 8 თვიან ვადაში წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან (09.12.2013 წ.) მიზნობრივი დანიშნულება: საზოგადოების საგადახადო დავალიანების, ხელფასისა და საზოგადოების სხვა მიმდინარე დავალიანებების დაფარვა; - 400 000 აშშ დოლარი - 12 თვიან ვადაში წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან (09.12.2013 წ.) მიზნობრივი დანიშნულება: საზოგადოების სრული დავალიანების დაფარვა სს „კ.ს.ბ–ში“ და/ან საზოგადოების კუთვნილ მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) მიმდებარედ განლაგებული ონკოლოგიური ცენტრის მშენებლობის დაფინანსება.

6.10. 2015 წლის 04 ივლისს კვლავ გაიმართა შპს „ს.ც - ნ–ას“ დამფუძნებელთა კრება და აღნიშნული კრების ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა კომპანიის საწესდებო კაპიტალის ცვლილება. კრების ოქმის თანახმად, მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: - 2014-15 წლების მანძილზე მომხდარი ეროვნული ვალუტის 30%-იანი დევალვაციისა და საბანკო საკრედიტო ანგარიშის (ოდენობით 1 050 000 აშშ დოლარი სს „კ.ს.ბ–ში“) ლარში არშემდგარი რეფინანსირების შედეგად გაზრდილი საკრედიტო ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, გაიზარდოს საწესდებო კაპიტალი, 50% წილის მფლობელი პარტნიორის ა.ს–ვას მიერ 850 000 აშშ დოლარის ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა შეტანილი თანხის მიზნობრიობაც.

6.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ა.ს–ვს მოსარჩელე გ.გ–ს სასარგებლოდ დაეკისრა წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის გადახდევინება 200 000 აშშ დოლარის ოდენობით. ა.ს–ვს მოსარჩელე გ.გ–ს სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 208 129 აშშ დოლარის ოდენობით.

6.12. აღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე 2019 წლის 22 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო წარმოება - NA 20023926, რომლის ფარგლებშიც, მოვალეს ა.ს–ვას 2020 წლის 17 მარტს თბილისის სააღსრულებო ბიუროდან გაეგზავნა წერილი. ამ წერილით მოვალეს ვალდებულების სრულად ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში, დაევალა თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის წარედგინა ინფორმაცია თავისი ქონების შესახებ, მათ შორის ა.ს–ვას მიმართ მესამე პირების ფულადი ვალდებულებების შესახებ; ამასთან, ქონებრივი ნუსხის წარმოუდგენლობის, წერილობითი გარანტიის გაუცემლობის ან/და შეგნებულად არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, მოვალე გაფრთხილებული იქნა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ.

6.13. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა N2024 ბრძანება, რომლითაც აღსრულების ეროვნული ბიუროს თავჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმოებაში არსებულ NA 20023926 სააღსრულებო საქმის ფარგლებში მიმდინარე აუქციონის შეწყვეტის, აღნიშნული სააღსრულებო საქმის ფარგლებში გამოცხადებული პირველი აუქციონის, პირველი განმეორებითი აუქციონისა და მეორე განმეორებითი აუქციონის გამოცხადების თაობაზე აღმასრულებლის მოქმედების გაუქმებისა და საქმისმწარმოებელი აღმასრულებლისათვის სარეალიზაციო ნივთის საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებით შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების დავალების შესახებ.

6.14. საქმეში წარმოდგენილია შპს „ნ.ჯ–ის“ საკუთარი კაპიტალის 100% წილის საბაზრო ღირებულების 2020 წლის 14 ივნისის შეფასების დასკვნა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის 11 ივნისის მდგომარეობით, შპს „ნ.ჯ–ის“ კაპიტალის 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 832 000 ლარს. აღნიშნული დასკვნის 21-ე გვერდზე ასახულია ინფორმაცია კრედიტორების და დებიტორების თაობაზე შეფასების თარიღისათვის, სადაც ა.ს–ვა, როგორც კომპანიის - შპს „ნ-ჯ–ის“ კრედიტორი არ არის მითითებული.

6.15. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 11 აგვისტოს განკარგულებით, მოვალე ა.ს–ვას საკუთრებაში რიცხული

ქონების, კერძოდ, შპს „ნ.ჯ–ის“ 100%-იანი წილის - შემძენი, 2020 წლის 29 ივლისს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა - დ.კ–ძე. დ.კ–ძემ ქონება შეიძინა 566 400 ლარად. მან თანხა გადაიხადა სრულად. აღსრულება განხორციელდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორის გ.გ–ს სასარგებლოდ. აუქციონზე გაყიდული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.

6.16. დღეის მდგომარეობით, შპს „ნ.ჯ–ის“ 100% წილის მფლობელ პარტნიორს და დირექტორს წარმოადგენს დ.კ–ძე.

6.17. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 06 აგვისტოს განჩინებით, შპს „ს.ც.ნ–ას“ და შპს „კ.ს.ბ–ს“ შორის დამტკიცდა მორიგება: ბანკმა შეამცირა დავალიანების ოდენობა, ხოლო მოპასუხე დაეთანხმა შემცირებული დავალიანების გადახდას გრაფიკის შესაბამისად. მორიგების პირობების თანახმად, შპს „ს.ც.ნ–ას“ სს „კ.ს.ბ–ის“ მიმართ, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, 2015 წლის 06 აგვისტოს მდგომარეობით გააჩნია საკრედიტო დავალიანება - 1 151 031.36 აშშ დოლარის ოდენობით, რომლიდანაც ძირი თანხა შეადგენს 1 050 827.50 აშშ დოლარს, პროცენტი - 50 663.25 აშშ დოლარს, ხოლო ჯარიმა - 49 540.61 აშშ დოლარს. ბანკმა შეამცირა დავალიანებაზე დაფარული ჯარიმა სრულად და გადასახდელ თანხად განისაზღვრა - 1 101 490.75 აშშ დოლარი. იმავდროულად შეიცვალა კრედიტის ვალუტა აშშ დოლარი ეროვნული ვალუტით. მხარეთა მორიგების გამო შეწყდა სამოქალაქო საქმის წარმოება.

6.18. დ.კ–ძის მიერ კომპანიის იძულებით აუქციონზე შეძენის დროისათვის, ზემოთხსენებული სასესხო ურთიერთობა სს „ტ–თან“ (ყოფილი სს „კ-ს. ბ–ი“), მათ შორის დამტკიცებული მორიგების ფარგლებში განსაზღვრული სესხის ოდენობა ასახულ იყო ა.ს–ვას მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ აუდიოტორულ დასკვნაში. აუქციონის გზით, დ.კ–ძისათვის კომპანიის გადაცემის დროისათვის დარღვეული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 06 აგვისტოს განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობები, რის გამოც, კომპანიის დ.კ–ძის საკუთრებაში გადაცემის შემდგომ, ეს უკანასკნელი იხდიდა სს „ტ–ის“ ვადამოსულ დავალიანებას.

6.19. საქმეზე წარმოდგენილი 2018 წლის 30 აპრილის და 2018 წლის 05 ივლისის სოლიდარული თავდების განცხადებების და ხელშეკრულებების თანახმად, ა.ს–ვა შპს „ნ.ჯ–ის“ საბანკო სესხზე სს „ტ–ში“ წარმოადგენდა სოლიდალურ თავდებს.

6.20. 2018 წლის 30 აპრილის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, ა.ს–ვა, როგორც თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული (მაქსიმალური) თანხა განისაზღვრა 70 000 აშშ დოლარის ოდენობით.

6.21. 2018 წლის 05 ივლისის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების მიხედვით, ა.ს–ვას, როგორც თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული (მაქსიმალური) თანხა, რის ფარგლებშიც იგი კისრულობს სოლიდარულ პასუხისმგებლობას მსესხებლის წინაშე, არის 192 000 ლარი.

6.22. შპს „S.-ის“ დირექტორს და 97%-ის წილის მფლობელს წარმოადგენს დ.კ–ძე.

6.23. შპს „ს–ის“ დირექტორს წარმოადგენს დ.კ–ძე, ხოლო კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორია შპს „S.“.

6.24. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, სარჩელზე უარის თქმის გამო, შეწყდა სამოქალაქო საქმის წარმოება მოსარჩელე შპს „ნ-ჯ–ის“ სარჩელის გამო მოპასუხე გ.გ–ს მიმართ თანხის - 978 479.19 ლარის დაკისრების თაობაზე.

6.25. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 05 თებერვლის განჩინებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს და დ.კ–ძის მიმართ ა.ს–ვას სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში. დავის საგანს წარმოადგენს 2020 წლის 29 ივლისის სააღსრულებო საქმეზე Nა 19181939 (ლოტი N 44717, შპს „ნ.ჯ–ის“ 100% ა.ს–ვის წილის რეალიზაცია) საჯარო აუქციონის შედეგის ბათილად ცნობა.

6.26. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით (საქმე N2/18089-20), მოსარჩელე ა.ს–ვას სარჩელი მოპასუხე შპს „ნ-ჯ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით, მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო, დარჩა განუხილველი. მითითებულ სამოქალაქო საქმეზე, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა შპს „ნ-ჯ–ის“ 1 836 936.56 ლარის დაკისრება.

6.27. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ა.ს–ვას სარჩელი მოპასუხე შპს „ნ.ჯ–ის“ მიმართ, არ დაკმაყოფილდა. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხე შპს „ნ.ჯ–ის“ ა.ს–ვას სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის თანხის - 44 995 აშშ დოლარის და 53 835 ლარის გადახდა, ასევე, პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

6.28. შპს „ნ-ჯ–ის“ საკუთრებაში 2021 წლის 13 მაისის მდგომარეობით ირიცხებოდა ორი უძრავი ქონება, მდებარე მისამართებზე: თბილისი, ......... (ს/კ N..........) და თბილისი, .......... (ს/კ N..........); 2021 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით, უძრავი ქონება - ს/კ N........, საკუთრებაში გადაეცა შპს „ს–ს“.

6.29. 2021 წლის 14 ივნისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, უძრავი ქონება - ს/კ N........., საკუთრებაში გადაეცა შპს „S.”.

6.30. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ა.ს–ვას განცხადების საფუძველზე, შპს „ს.ც ნ. კ–ას“ (ამჟამინდელი სახელწოდება შპს „ნ.ჯ–ი“) ყოფილი დირექტორის გ.გ–ს მიერ დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების ფაქტზე. მოცემულ საქმეზე საბოლოო შედეგი არ დამდგარა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

6.31. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

6.32. პალატის მოსაზრებით, პირველ რიგში უნდა შეფასებულიყო სარჩელი ფულადი ვალდებულების არსებობის ნაწილში, შემდგომ კი, მოთხოვნა გარიგებათა ბათილად ცნობასთან მიმართებით.

6.33. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნას წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამდენად, სსკ-ის 624-ე მუხლის თანახმად, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სსკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს.

6.34. აპელანტი მიუთითებდა, რომ მის მიერ შპს „ნ.ჯ–ის“ ანგარიშზე განხორციელებული ჩარიცხვები წარმოადგენდა კომპანიისთვის ნასესხებ თანხას. მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებლად მიიჩნევდა მოსარჩელის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან - 2020 წლის 30 მაისამდე პერიოდში, შპს „ნ-ჯ–ში“ განხორციელებულ ჩარიცხვებს, შპს „ნ.ჯ–ის“ საბანკო ანგარიშზე განხორციელებულ ჩარიცხვებს და შპს „ნ-ჯ–ის“ საკრედიტო ანგარიშზე ჩარიცხვებს, რის თაობაზეც წარმოდგენილია შესაბამისი ჩარიცხვის დოკუმენტები.

6.35. აპელანტი ასევე მიუთითებდა, სარჩელზე თანდართულ დოკუმენტებზე, კერძოდ, სარჩელს ერთვის 2019 წლის 31 დეკემბრის შედარების აქტი, 2020 წლის 31 მაისის შედარების აქტი და 2020 წლის 16 ივნისის ვალის აღიარების შეთანხმება. წარმოდგენილი შედარების აქტით, 2019 წლის 31 დეკემბერს შპს „ნ.ჯ–ის“ იმდროინდელმა დირექტორმა - ა.ს–ვამ დაუდასტურა, რომ კომპანიის კრედიტორმა ა.ს–ვამ, შპს „ნ.ჯ–ს“ ასესხა ჯამში 1 781 660.49 ლარი. საბოლოო სახით, 2020 წლის 31 მაისის შედარების აქტში აღინიშნა, რომ ა.ს–ვას მიერ შპს „ნ.ჯ–ისათვის“ ნასესხებმა თანხამ შეადგინა 1 836 936.56 ლარი. ხოლო 2020 წლის 16 ივნისის ვალის აღიარების შეთანხმებით, შპს „ნ.ჯ–მა“ (დირექტორი ა.ს–ვა) და ა.ს–ვამ დაადასტურეს, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან - 2020 წლის 31 მაისამდე ა.ს–ვამ საერთო ჯამში შპს „ნ.ჯ–ს“ ასესხა 1 836 936.56 ლარი. ამავე შეთანხმებით, შპს „ნ.ჯ–მა“ (დირექტორი ა.ს–ვა) აიღო ვალდებულება ა.ს–ვას მიმართ არსებული დავალიანების - 1 836 936.56 ლარის სრულად დაფარვაზე 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით. ხოლო ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ 2020 წლის 01 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.5% პირგასამტეხლოს გადახდაზე შპს ,,ნ.ჯ–ის“ მიერ ა.ს–ვას თანხის სრულად დაფარვამდე.

6.36. აპელანტი შპს „ნ.ჯ–ის“ მიერ სასესხო ვალდებულების არსებობის დასტურად ასევე მიუთითებდა საქმეში წარმოდგენილ შპს „ნ.ჯ–ის“ ანგარიშზე თანხის შეტანის ამსახველ საგადასახადო დავალებებზე და თანხის ჩარიცხვის სხვა დოკუმენტებზე. პალატამ აღნიშნა, რომ აღნიშნული დოკუმენტებზე მათი მოცულობიდან და მოპასუხე მხარის შედავებიდან გამომდინარე, ყურადღება უნდა გამახვილებულიყო გადახდის დანიშნულებებზე და გადახდის პერიოდზე, კერძოდ, 2017 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 30 მაისამდე პერიოდში განხორციელებულ გადახდის დოკუმენტებში სხვადასხვა დანიშნულებით ხდებოდა მოსარჩელისგან თანხის გადარიცხვა: „contribution in the basic capital from S–va A.” („ა. ს–ას შენატანი ძირითად კაპიტალში“), „temporary financial assistance from the founder S–va A. („დროებითი ფინანსური დახმარება დამფუძნებელი ა. ს–გან“), რაც ცალსახად გულისხმობს შენატანს კომპანიის ანგარიშზე. მოპასუხე მხარე მითითებული დანიშნულებით თანხის შეტანის თაობაზე განმარტავდა, რომ აღნიშნული შეესაბამებოდა 2013 წლის 09 დეკემბრის და 2015 წლის 04 ივლისის კრების ოქმების ფარგლებში ა.ს–ვას მიერ ნაკისრ ვალდებულებას კომპანიის კაპიტალში 1 850 000 აშშ დოლარის შენატანის თაობაზე, საიდანაც მინიმუმ 250 000 აშშ დოლარის შეტანის მიზნობრივი დანიშნულება განისაზღვრა შემდეგი სახით: საზოგადოების საგადასახადო დავალიანების, ხელფასისა და საზოგადოების სხვა მიმდინარე დავალიანებების დაფარვა. ასევე, საგადახადო დავალებების დანიშნულებაში მითითებული იყო „ნათშის გადატანა“, რა დროსაც თანხა ჩაირიცხა სს „კ.ს.ბ–ში“, შპს „ნ.ჯ–ის“ ანგარიშზე, რაც მოპასუხის განმარტებით ემსახურებოდა ბანკის წინაშე დავალიანების ნაწილის დაფარვას, ხოლო დანიშნულებით - ,,ხელფასი“, ა.ს–ვა ურიცხავდა თანხებს ფიზიკურ პირებს. ასევე, ფიზიკური პირებზეა განხორციელებული გადარიცხვები დანიშნულებით -„Administrative expenses” - ადმინისტრაციული ხარჯები. გარდა ამისა, წარმოდგენილ ქვითრებში გადახდის დანიშნულებაში მითითებულია - სესხის დაფარვა, დავალიანების დაფარვა, რაც მიმართული იყო სს „კ.ს.ბ–ის“ წინაშე ფულადი ვალდებულების შესასრულებლად. ხოლო მოსარჩელის მიერ დამატებით წარმოდგენილ მემორიალურ ორდერებში ოპერაციის დანიშნულებაში მითითებული იყო ვადაგადაცილებული დარიცხული პროცენტის/ძირითადი თანხის/ჯარიმის დაფარვა შპს „ს.ც.ნ–ა“, ასევე, „PaymenT according contract for audit service for neoclinik (გადახდა „ნ–ის“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში), PaymenT according contract for legal service (გადახდა იურიდიული მომსახურებისათვის). რაც შეეხება „თიბისი ფეით“ განხორციელებული გადახდების ქვითრებს (რომლებიც რთულად იკითხება), მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ დგინდეოდა კავშირი მოსარჩელის და კომპანიიის შესაძლო სასესხო ურთიერთობასთან.

6.37. პალატამ მიიჩნია, რომ წინააღმდეგობრივი იყო მოწმეების გ.გ–ს და ა.ს–ვას ჩვენებები. გ.გ–ს ჩვენებით, ა.ს–ვას მიერ კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხები წარმოადგენდა იმ საინვესტიციო ხარჯებს, რაც დამფუძნებელმა ა.ს–ვამ (ა.ს–ვას დამ) იკისრა კომპანიის წინაშე დამფუძნებელთა კრების ოქმით. საწინააღმდეგო შინაარსის იყო მოწმე ა.ს–ვას ჩვენება, რომელიც თავის ჩვენებაში უთითებდა მოსარჩელისაგან სესხის მიღების ფაქტს. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ ა.ს–ვა და ა.ს–ვა არიან დები, სწორედ ის წარმოადგენდა კომპანიის დირექტორს იმ დროისათვის, როდესაც კომპანიამ მოსარჩელე მხარესთან აღიარა ვალის არსებობა და გააფორმა შედარების აქტები აღნიშნულ სასესხო ურთიერთობასთან დაკავშირებით. თუმცა, მითითებული დოკუმენტების ნამდვილობას და შედგენის თარიღს, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდიდა. საქმეზე წარმოდგენილია სს „ტ–დან’’ გამოთხოვნილი ინფორმაცია, კერძოდ, ა.ს–ვას მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან - 2020 წლის 30 მაისამდე პერიოდში შპს „ნ.ჯ–ის“ ანგარიშზე განხორციელებული ჩარიცხვების (მათ შორის საკრედიტო ვალდებულების შესახებ) და ასევე, ბანკიდან დამატებით იქნა წარმოდგენილი ამავე პერიოდში განხორციელებული ის საბანკო ოპერაციები, რომლებიც არ არის შესრულებული ა.ს–ვას მოთხოვნით, არამედ საბანკო ოპერაციები განხორციელდა სს „ტ–ის“ ინიციატივით ე.წ. „უაქცეპტო წესით“ შპს „ნ.ჯ–ის“ საკრედიტო ვალდებულების დასაფარად.

6.38. პალატამ განმარტა, რომ ზეპირი ფორმით დადებულ ხელშეკრულებაზე მითითებისას, მხოლოდ საბანკო ანგარიშსწორების დოკუმენტი ვერ განიხილებოდა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების დამადასტურებელ ჯეროვან მტკიცებულებად, მით უფრო მაშინ, როდესაც წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულება არ შეიცავდა მითითებას სესხის სახით კომპანიისათვის თანხის გადაცემის შესახებ და პირიქით, მოსარჩელის მიერ კომპანიის ანგარიშ(ებ)ზე თითოეულ გადარიცხვის დოკუმენტში დანიშნულების გრაფაში მითითებული იყო შესაბამისი დანიშნულება (ა.ს–ს შენატანი ძირითად კაპიტალში, დროებითი ფინანსური დახმარება დამფუძნებელი ა.ს–სგან, ნაშთის გადატანა, დამატებითი ინფორმაციით: დროებითი ფინანსური დახმარება დამფუძნებელი ა.ს–სგან, ნაშთის გადატანა - რითაც იფარება სს „კ.ს.ბ–ის“ მიმართ არსებული საკრედიტო დავალიანების ნაწილი, ხელფასი, ადმინისტრაციული ხარჯები, სესხის დაფარვა, დავალიანების დაფარვა). პალატამ მიიჩნია, რომ მსგავსი დანიშნულებით თანხის გადარიცხვის დოკუმენტების წარდგენა არ იყო საკმარისი სადავო გარემოების - კომპანიისათვის სესხის სახით თანხის გადაცემის დასადგენად. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ სს „ტ–მა“ (ყოფილი სს „კ.ს.ბ–ი“) მოსარჩელეს, როგორც შპს „ნ.ჯ–ის“ თავდებს 2018 წლის 30 აპრილიდან 2020 წლის 19 მაისამდე ჩამოაჭრა 1 051 403.84 ლარი. აღნიშნულ გარემოებასთან მიმართებით, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ სოლიდარული თავდების განცხადებასა და ხელშეკრულებებზე, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის თავდებობის მაქსიმალური ლიმიტი განსაზღვრული იყო 2018 წლის 30 აპრილის ხელშეკრულებით - 70 000 აშშ დოლარის, ხოლო 2018 წლის 05 ივლისის ხელშეკრულებით - 192 000 ლარით.

6.39. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, ა.ს–ვას და შპს „ნ.ჯ–ს“ შორის სასესხო ურთიერთობის არარსებობის თაობაზე, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის და ერთობლივი შეფასების შედეგად, უტყუარად და სარწმუნოდ არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ გადარიცხული თანხის სესხად გადაცემისა და მოპასუხე კომპანიის მიერ ამ თანხის უკან დაბრუნების ვალდებულების აღებასთან მიმართებით. რამდენადაც პალატამ არ გაიზიარა 2020 წლის 16 ივნისის ვალის აღიარების შეთანხმების საფუძველზე სესხის ხელშეკრულების არსებობა და მისგან მომდინარე ფულადი ვალდებულების არსებობა, მიიჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო მოთხოვნა პირგასამტეხლოსთან მიმართებით. ვინაიდან, პირგასამტეხლო აქცესორული ბუნებისაა, მისი ნამდვილობა დამოკიდებულია ძირითადი ვალდებულების ნამდვილობაზე და თუკი არ არსებობს ძირითადი ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფასაც პირგასამტეხლო ემსახურება, შესაბამისად, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას არ წარმოიშობა.

6.40. პალატამ მიიჩნია, რომ შესაფასებელი იყო ის გარემოება, თუ რამდენად იყო მოპასუხე შპს „ნ-ჯ–ის“ ამჟამინდელი დირექტორი დ.კ–ძე ვალდებული პირი, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებულ საჯარო აუქციონზე კომპანიის 100% წილის შეძენის შემდგომ, ეკისრა რაიმე სახის შესასრულებელი ვალდებულება მოსარჩელე ა.ს–ვას მიმართ. კერძოდ დადგენილი იყო, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოვალეს ა.ს–ვას 2020 წლის 17 მარტს თბილისის სააღსრულებო ბიუროდან გაეგზავნა წერილი. ამ წერილით მოვალეს დაევალა თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის თავისი ქონების შესახებ ინფორმაციის წარდგენა, მათ შორის ა.ს–ვას მიმართ მესამე პირების ფულადი ვალდებულებების შესახებ. ამასთან, ქონებრივი ნუსხის წარმოუდგენლობის, წერილობითი გარანტიის გაუცემლობის ან/და შეგნებულად არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, მოვალე გაფრთხილებული იქნა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. სწორედ აღნიშნულის პასუხად, კომპანიის დირექტორის მიერ წარდგენილი იქნა შპს „ნ.ჯ–ის“ საკუთარი კაპიტალის 100% წილის საბაზრო ღირებულების 2020 წლის 14 ივნისის შეფასების დასკვნა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის 11 ივნისის მდგომარეობით, შპს „ნ.ჯ–ის“ კაპიტალის 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 2 832 000 ლარს. აღნიშნული დასკვნის 21-ე გვერდზე ასახულია ინფორმაცია კრედიტორების და დებიტორების თაობაზე შეფასების თარიღისათვის, სადაც ა.ს–ვა, როგორც კომპანიის - შპს „ნ-ჯ–ის“ კრედიტორი არ არის მითითებული.

6.41. დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 11 აგვისტოს განკარგულებით, მოვალე ა.ს–ვას საკუთრებაში რიცხული ქონების, კერძოდ, შპს „ნ.ჯ–ის“ 100%-იანი წილი - შემძენი, 2020 წლის 29 ივლისს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა - დ.კ–ძე. საკუთრების გადასვლის მომენტში, ეს უკანასკნელი გახდა არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. მიმდინარე აუქციონზე, სააღსრულებო ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე, ა.ს–ვას მიერ წარმოდგენილი იქნა შპს „ნ-ჯ–ის“ შეფასების დასკვნა, დავალიანების ნუსხა. დასკვნის 21-ე გვერდზე მითითებულ კრედიტორულ დავალიანებებში არ არის ასახული კომპანიის ვალდებულება ა.ს–ვას მიმართ, რომელიც მოსარჩელის მტკიცებით წარმოიშვა სასესხო ურთიერთობიდან. საჯარო აუქციონზე, დ.კ–ძის მიერ შპს „ნ-ჯ–ის“ 100%-იანი წილის შეძენა განხორციელდა იმ სახით, რაც მისთვის ცნობილი იყო შეძენის მომენტისათვის, საწარმოს სახელზე რიცხული ქონების შეფასებისა და კრედიტორული თუ დებიტორული დავალიანებების არსებობის გათვალისწინებით. ნათელია, რომ აუქციონზე ქონების შეძენისას, დ.კ–ძემ არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა ა.ს–ვას მიმართ კომპანიის მიერ შესასრულებელი ვალდებულების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი). შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, ქონების საჯარო აუქციონზე შეძენის მომენტისათვის, შემძენი წარმოადგენდა კეთილსინდისიერ მხარეს და არ შეიძლებოდა მას დაკისრებოდა პასუხისმგებლობა იმგვარ ვალდებულებაზე, რომლის არსებობის შესახებაც, მისთვის ცნობილი არ იყო აუქციონზე საწარმოს 100% წილის შეძენის მომენტისათვის. პალატამ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ ა.ს–ვა ქონების შეფასებისა და შესაბამისი დასკვნის მომზადების მომენტისათვის, ა.ს–ვასთან ერთად წარმოადგენდა კომპანიის დირექტორს. ლოგიკურია, თავადაც იქნებოდა ქონების შემფასებელთან შესაბამის პროცედურებში ჩართული. თუმცა არც მას და არც ა.ს–ვას არ მიუწოდებიათ შემფასებლისთვის და არც ქონების შეფასების დასკვნაში ასახულა კომპანიის ვალდებულება ა.ს–ვას მიმართ, მით უფრო მაშინ, როდესაც დეტალურად იქნა აღწერილი ინფორმაცია კომპანიის აქტივების, კაპიტალის, კრედიტორებისა და დებიტორების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ.კ–ძე, როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული საჯარო აუქციონში მონაწილე კეთილსინდისიერი შემძენი, არ წარმოადგენდა ვალდებულ პირს ა.ს–ვას მიმართ, რომლის წინაშე არსებული ვალდებულების შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას იგი არ ფლობდა ქონების საჯარო აუქციონის წესით შეძენისას, ხოლო საწარმოს სხვა დოკუმენტაციის გაცნობის ვალდებულება მას, ქონების აუქციონზე შეძენისას, არ გააჩნდა.

6.42. პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „ს–ის“ 2021 წლის 14 ივნისის N1 გადაწყვეტილება და შპს „ნ.ჯ–სა“ და შპს „S.“ შორის 2021 წლის 14 ივნისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენდა თვალთმაქცურ, მოჩვენებით და ფიქტიურ გარიგებას, რაც მიზნად ისახავდა მხოლოდ კომპანიის ნაკისრი ვალდებულებებისათვის თავის არიდებას. აღნიშნა, რომ არ დასტურდებოდა, სხვა გარიგებისათვის აუცილებელი წინაპირობების არსებობა და მხარეთა მიერ ნების გამოვლენის მიმართვა იმ შედეგისაკენ, რომლის მიღწევას მათ სურდათ არა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით არამედ სხვა გარიგებით, და არც ის გარემოება მტკიცდებოდა, რომ სადავო გარიგების მხარეები მოქმედებდნენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა. უძრავი ქონების ნასყიდობას მოჰყვა თანმდევი შედეგი და უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღირიცხა შემძენზე. ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითი ხასიათის დადგენისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი შედეგები. საქმეში არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მხარეთა მიერ ამ გარიგების დადების დროს რაიმე კანონსაწინააღმდეგო მიზნის მიღწევის ნებას. ამავდროულად, იმ ვითარებაში, როდესაც არ დგინდებოდა მოპასუხე შპს „ნ.გ–ის“ მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძლის არსებობა, შესაბამისად, არამართებული იყო ამ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მიზნით, მოპასუხეთა არამართლზომიერ ქმედებაზე მითითება.

6.43. სააპელაციო საჩივრით სადავოდ იყო გამხდარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 სექტემბრისა და 30 სექტემბრის საოქმო განჩინებები მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ. კერძოდ, საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 სექტემბრის საოქმო განინებით, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლების შუამდგომლობა გამოთხოვილიყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მე-4 სამმართველოდან ა.ს–ვას, ა.ს–ვას, გ.გ–ს, დ.კ–ძის გამოკითხვის ოქმების ასლები არ დაკმაყოფილდა. ასევე, 2022 წლის 30 სექტემბრის საოქმო განჩინებით, მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა, გამოთხოვილიყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მე-4 სამმართველოდან ა.ს–ვას, ა.ს–ვას, გ.გ–ს, დ.კ–ძის გამოკითხვის ოქმების ასლები, დარჩა განუხილველად.

6.44. სააპელაციო პალატამ შეაფასა რა გასაჩივრებული საოქმო განჩინებები, დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის შედავება მათ გაუქმებასთან მიმართებით, იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ დოკუმენტებს განსახილველი საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი გავლენის მოხდენა არ შეეძლოთ.

6.45. სააპელაციო საჩივრით, ასევე მოთხოვნილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 სექტემბრის საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის მოთხოვნა მოსამართლის აცილებასთან მიმართებით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს აცილება დაუკავშირა პროცესუალური საკითხის გადაწყვეტას, შესაბამისად, მან ვერ წარმოადგინა წონადი არგუმენტი და ვერ დაადასტურა აცილების საფუძვლების არსებობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობდა დასაბუთებული ეჭვი საქმის განხილვის შედეგის მიმართ მოსამართლის დაინტერესებასთან ან/და მოსამართლის მიუკერძოებლობასთან მიმართებით, რის გამოც აღნიშნულ ნაწილშიც უარყოფილი უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის საოქმო განჩინება და ამავე სასამართლოს 2025 წლის 20 მაისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მისმა მარწმუნებელმა საპელაციო სასამართლოში ვერ ისარგებლა კვალიფიციური თარჯიმნის მომსახურების უფლებით.

8.2. სასამართლომ თანხის გადახდის ქვითრები, ვალის აღიარების შეთანხმება და შედარების აქტი უსაფუძვლოდ მიიჩნია არასარწმუნოდ, ხოლო მოწმის ჩვენება გადაწყვეტილებაში ასახა არასწორად. ასევე არასწორად მიუთითა გადაწყვეტილებაში, თითქოსდა მოსარჩელე იყო კომპანიის წილის მფლობელი, მაშინ, როდესაც, ასეთი გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. მოპასუხეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირწონე მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენია და მხოლოდ ზეპირი განმარტებით შემოიფარგლა.

8.3. სასამართლომ არასწორად და მიკერძოებულად იმსჯელა შპს „ნ.გ–ის“ დირექტორის მიერ კომპანიის უძრავი ქონების თავისივე სხვა კომპანიებზე გასხვისების გარიგებების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე და ყურადღება არ გაამახვილა უძრავი ქონებების შეუსაბამოდ დაბალ ფასად განსაზღვრულ ღირებულებაზე, გარიგების ფიქტიურობაზე, რაც მიზნად ისახავს მხოლოდ შპს „ნ.ჯ–ის“ ქონების გადამალვას და ვალდებულებების შესრულებისაგან თავის არიდებას.

8.4. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა აუდიტის დასკვნის საქმეზე დართვის შესახებ. შესაბამისად, შუამდგომლობს 2025 წლის 29 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმებასა და აღნიშნული დასკვნის საქმეზე დართვაზე.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

15. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ს 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; სუსგ საქმე №ას-973-1208-04). მოსარჩელე შესაძლებელია, ცდებოდეს კიდეც სადავო ურთიერთობის სამართლებრივ შეფასებაში, რაც არამცთუ არ ზღუდავს სასამართლოს, არამედ, პირიქით, სწორედ სასამართლოა ვალდებული, სამართლებრივად სწორად შეაფასოს სადავო ურთიერთობა და მოძებნოს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

16. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

17. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

19. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

20. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

21. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან) (ას-178-167-2017, 14.07.2017წ).

22. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

24. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა იყო მოპასუხე შპს „ნ.ჯ–ისათვის“ 1 836 936.56 ლარის, როგორც სესხის სახით მიცემული თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე 0.5%-ის (9184.68 ლარი) ოდენობით, 2020 წლის 01 ივლისიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ა.ს–ვა ასევე მოითხოვდა შპს „ს–ის“ 2021 წლის 14 ივნისის N1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას შპს „ნ.ჯ–ის“ ქ. თბილისში, .........., მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი N.........) შპს „ს–ის“ კაპიტალში შეტანის თაობაზე და შპს „ნ.ჯ–სა“ და შპს „S.“ შორის 2021 წლის 14 ივნისის ქ. თბილისი, .......... მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი N........) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.

25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნას წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამდენად, სსკ-ის 624-ე მუხლის თანახმად, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არაფორმასავალდებულო გარიგებების მიმართ განამტკიცებს ხელშეკრულების მონაწილეთა მიერ ხელშეკრულების ფორმის არჩევის თავისუფლების პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ, როდესაც კანონი გარიგებისთვის არ ითვალისწინებს წერილობით ფორმას, მხარეებს ამ გარიგებისთვის შეუძლიათ, შეათანხმონ ნებისმიერი ფორმა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე ახდენს პირდაპირ და უშუალო გავლენას.

26. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მის მიერ შპს „ნ.ჯ–ის“ ანგარიშზე განხორციელებული ჩარიცხვები წარმოადგენდა კომპანიისათვის ნასესხებ თანხას. ხოლო, მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებლად მიუთითებდა, მის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან - 2020 წლის 30 მაისამდე პერიოდში, შპს „ნ-ჯ–ში“ განხორციელებულ ჩარიცხვებზე, შპს „ნ.ჯ–ის“ საბანკო ანგარიშზე განხორციელებულ ჩარიცხვებზე და შპს „ნ-ჯ–ის“ საკრედიტო ანგარიშზე ჩარიცხვებზე.

27. საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 31 დეკემბრის შედარების აქტი, 2020 წლის 31 მაისის შედარების აქტი და 2020 წლის 16 ივნისის ვალის აღიარების შეთანხმება. წარმოდგენილი შედარების აქტით, 2019 წლის 31 დეკემბერს შპს „ნ.ჯ–ის“ იმდროინდელმა დირექტორმა - ა.ს–ვამ დაუდასტურა, რომ კომპანიის კრედიტორმა ა.ს–ვამ, შპს „ნ.ჯ–ს“ ასესხა ჯამში 1 781 660.49 ლარი. 2020 წლის 31 მაისის შედარების აქტში აღინიშნა, რომ ა.ს–ვას მიერ შპს „ნ.ჯ–ისათვის“ ნასესხებმა თანხამ შეადგინა 1 836 936.56 ლარი. ხოლო 2020 წლის 16 ივნისის ვალის აღიარების შეთანხმებით, შპს „ნ.ჯ–მა“ (დირექტორი ა.ს–ვა) და ა.ს–ვამ დაადასტურეს, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან - 2020 წლის 31 მაისამდე ა.ს–ვამ საერთო ჯამში შპს „ნ.ჯ–ს“ ასესხა 1 836 936.56 ლარი. ამავე შეთანხმებით, შპს „ნ.ჯ–მა“ (დირექტორი ა.ს–ვა) აიღო ვალდებულება ა.ს–ვას მიმართ არსებული დავალიანების - 1 836 936.56 ლარის სრულად დაფარვაზე 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით. ხოლო, ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ 2020 წლის 01 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.5% პირგასამტეხლოს გადახდაზე შპს „ნ.ჯ–ის“ მიერ ა.ს–ვას თანხის სრულად დაფარვამდე.

28. ვინაიდან, სესხის ხელშეკრულების არსებობის დასადასტურებლად მოსარჩელე შპს „ნ.ჯ–ის“ ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელ საგადახდო დავალებებსა და თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტებზე მიუთითებდა, პალატა პალატა ყურადღებას გაამახვილებს აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული გადახდის დანიშნულებასა და გადახდის პერიოდზე. კერძოდ, 2017 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 30 მაისამდე პერიოდში განხორციელებულ გადახდის დოკუმენტებში სხვადასხვა დანიშნულებით ხდებოდა მოსარჩელისგან თანხის გადარიცხვა: „contribution in the basic capital from S. A.” (,,ა.ს–ს შენატანი ძირითად კაპიტალში“), „temporary financial assistance from the founder S. A. („დროებითი ფინანსური დახმარება დამფუძნებელი ა.ს–სგან“), რაც ცალსახად გულისხმობს შენატანს კომპანიის ანგარიშზე. მოპასუხე მხარე მითითებული დანიშნულებით თანხის შეტანის თაობაზე განმარტავს, რომ აღნიშნული შეესაბამება 2013 წლის 09 დეკემბრის და 2015 წლის 04 ივლისის კრების ოქმების ფარგლებში ა.ს–ვას მიერ ნაკისრ ვალდებულებას კომპანიის კაპიტალში 1 850 000 აშშ დოლარის შენატანის თაობაზე, საიდანაც მინიმუმ 250 000 აშშ დოლარის შეტანის მიზნობრივი დანიშნულება განისაზღვრა შემდეგი სახით: საზოგადოების საგადასახადო დავალიანების, ხელფასისა და საზოგადოების სხვა მიმდინარე დავალიანებების დაფარვა. ასევე, საგადახადო დავალებების დანიშნულებაში მითითებულია „ნათშის გადატანა“, რა დროსაც თანხა ჩაირიცხა სს „კ.ს.ბ–ში“, შპს „ნ.ჯ–ის“ ანგარიშზე, რაც მოპასუხის განმარტებით ემსახურებოდა ბანკის წინაშე დავალიანების ნაწილის დაფარვას, ხოლო დანიშნულებით - „ხელფასი“, ა.ს–ვა ურიცხავდა თანხებს ფიზიკურ პირებს. ასევე, ფიზიკური პირებზეა განხორციელებული გადარიცხვები დანიშნულებით - „Administrative expenses“ - ადმინისტრაციული ხარჯები. გარდა ამისა, წარმოდგენილ ქვითრებში გადახდის დანიშნულებაში მითითებულია - სესხის დაფარვა, დავალიანების დაფარვა, რაც მიმართული იყო სს „კ.ს.ბ–ის“ წინაშე ფულადი ვალდებულების შესასრულებლად. ხოლო მოსარჩელის მიერ დამატებით წარმოდგენილ მემორიალურ ორდერებში ოპერაციის დანიშნულებაში მითითებულია ვადაგადაცილებული დარიცხული პროცენტის/ძირითადი თანხის/ჯარიმის დაფარვა

შპს „ს.ც.ნ–ა“, ასევე, „PaymenT according contract for audit service for neoclinik (გადახდა „ნ–ის“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში), PaymenT according contract for legal service (გადახდა იურიდიული მომსახურებისათვის). რაც შეეხება „თიბისი ფეით“ განხორციელებული გადახდების ქვითრებს (რომლებიც რთულად იკითხება), მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ დგინდება კავშირი მოსარჩელის და კომპანიიის შესაძლო სასესხო ურთიერთობასთან.

29. პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოწმეების გ.გ–ს და ა.ს–ვას ჩვენებებზე. გ.გ–ს ჩვენებით, ა.ს–ვას მიერ კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხები წარმოადგენდა იმ საინვესტიციო ხარჯებს, რაც დამფუძნებელმა ა.ს–ვამ (ა.ს–ვას დამ) იკისრა კომპანიის წინაშე დამფუძნებელთა კრების ოქმით. საწინააღმდეგო შინაარსის იყო მოწმე ა.ს–ვას ჩვენება, რომელიც თავის ჩვენებაში უთითებდა მოსარჩელისაგან სესხის მიღების ფაქტს. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსისაა. პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე მასზედ, რომ ა.ს–ვა და ა.ს–ვა არიან დები. ამასთან, ა.ს–ვა წარმოადგენდა კომპანიის დირექტორს იმ დროისათვის, როდესაც კომპანიამ მოსარჩელე მხარესთან აღიარა ვალის არსებობა და გააფორმა შედარების აქტები აღნიშნულ სასესხო ურთიერთობასთან დაკავშირებით. მითითებული დოკუმენტების ნამდვილობას და შედგენის თარიღს კი, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის.

30. საქმეზე წარმოდგენილია სს „ტ–იდან’’ გამოთხოვნილი ინფორმაცია, კერძოდ, ა.ს–ვას მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან - 2020 წლის 30 მაისამდე პერიოდში შპს „ნ.ჯ–ის“ ანგარიშზე განხორციელებული ჩარიცხვების (მათ შორის საკრედიტო ვალდებულების შესახებ) და ასევე, ბანკიდან დამატებით იქნა წარმოდგენილი ამავე პერიოდში განხორციელებული ის საბანკო ოპერაციები, რომლებიც არ არის შესრულებული ა.ს–ვას მოთხოვნით, არამედ საბანკო ოპერაციები განხორციელდა სს „ტ–ის“ ინიციატივით ე.წ. „უაქცეპტო წესით“ შპს „ნ.ჯ–ის“ საკრედიტო ვალდებულების დასაფარად.

31. საკასაციო პალატის მოსაზრებით, წერილობითი მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მიერ მოპასუხე შპს „ნ.ჯ–ისათვის“ (ძველი სახელწოდება შპს ,,ს.ც. ნ. კ–ას“) სესხის სახით ფულადი თანხის გადაცემის სადავო ფაქტობრივ გარემოებაზე პირდაპირ, უტყუარად და სარწმუნოდ მიუთითებდა, საქმეზე წარმოდგენილი არ არის, ხოლო, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დიდი მოცულობის გადარიცხვის ქვითრებსა და მემორიალურ ორდერებზე, არსად არ არის მითითებული, რომ გადარიცხვის დოკუმენტში მითითებული თანხა, შპს „ნ.ჯ–ს“ გადაეცა როგორც სესხის თანხა და ეს უკანასკნელი კისრულობდა, აღნიშნული თანხის დაბრუნების ვალდებულებას თანხის შემომტანისათვის კონკრეტულ ვადაში და პირობებით. მსგავსი სახის წერილობითი მტკიცებულება, განსახილველ საქმეს არ ერთვის. რაც შეეხება, მოწმე ა.ს–ვას ჩვენებას, სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ მისი, როგორც საქმის შედეგის უშუალოდ დაინტერესებული პირის, ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული, მით უფრო იმ საკანონმდებლო დანაწესის გათვალისწინებით, როდესაც სადავოა სასესხო ურთიერთობის არსებობა და მხოლოდ მოწმის ჩვენება არ არის საკმარისი ამ სადავო გარემოების დასადგენად. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელე ა.ს–ვა, რომელიც არის ა.ს–ვას და და გარკვეული პერიოდი, ასევე დანიშნული იყო შპს „ნ.ჯ–ის“ დირექტორად, სრულიად შესაძლებელია, მისი (ა.ს–ვას) სახელით, ახორციელებდეს გარკვეული თანხების შეტანას კომპანიის ანგარიშზე კონკრეტული დანიშნულებით. საქმეზე დართული მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული თანხების კომპანიის ანგარიშზე შეტანა ხორციელდებოდა არა იმ დანიშნულებით, რაც ცალსახადაა მითითებული გადარიცხვის დოკუმენტებში, არამედ წარმოადგენდა სესხის გადაცემას. ამასთან, გაურკვეველია, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს მოსარჩელე მხარის მიერ წამოდგენილი იმ გადარიცხვის ქვითრებს (რომელშიც ასახულია ფიზიკურ პირებისათვის თანხის ჩარიცხვა) კომპანიასთან არსებულ სასესხო ურთიერთობასთან.

32. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ 2019 წლის 31 დეკემბრის შედარების აქტს, 2020 წლის 31 მაისის შედარების აქტს და 2020 წლის 16 ივნისის ვალის აღიარების შეთანხმებას, პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ აღნიშნულ დოკუმენტებს ხელს აწერენ შპს „ნ.ჯ–ის“ იმდროინდელი დირექტორი ა.ს–ვა და მოსარჩელე ა.ს–ვა, რომლებიც არიან დები და გარკვეული პერიოდი ორივე მათგანი წარმოადგენდა კომპანიის დირექტორს. ამასთან, ვინაიდან წერილობითი დოკუმენტი იმ გარემოების დასტურად, რომ ა.ს–ვა კომპანიის ანგარიშზე ან ბანკის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით თანხის გადარიცხვას ახორციელებდა მის მიერ კომპანიისათვის სესხად გადაცემული თანხებით, განსახილველ საქმეში წარმოდგენილი არ არის. პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე საჯარო აუქციონზე, სადაც შპს „ნ.ჯ–ის“ იძულების წესით გასხვისებისას კრედიტორული დავალიანების ნუსხაში, ა.ს–ვას (საწარმოს დირექტორს) არ მიუთითებია ა.ს–ვას წინაშე შესასრულებელი სასესხო ვალდებულებების შესახებ, რაც საეჭვო გარემოებას ქმნის წარმოდგენილი ვალის აღიარების შეთანხმების არსებობის პირობებში.

33. პალატა განმარტავს, რომ ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულებაზე მითითებისას, მხოლოდ საბანკო ანგარიშსწორების დოკუმენტი ვერ განიხილება მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების დამადასტურებელ ჯეროვან მტკიცებულებად, მით უფრო მაშინ, როდესაც წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულება არ შეიცავს მითითებას სესხის სახით კომპანიისათვის თანხის გადაცემას და პირიქით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი თითოეული გადარიცხვის დოკუმენტში დანიშნულების გრაფაში მითითებულია შესაბამისი დანიშნულებები. ა.ს–ვას, როგორც საწარმოს დამფუძნებელს, 2013 წლის 09 დეკემბრის და 2015 წლის 04 ივლისის პარტნიორთა კრების საფუძველზე, აღებული ჰქონდა ვალდებულება განეხორციელებინა საწესდებო კაპიტალში შენატანი გარკვეული ოდენობით, რომლის მიზნობრივი დანიშნულება (საზოგადოების დავალიანების ნაწილის დაფარვა სს „კ.ს.ბ–ში“, საზოგადოების, საგადასახადო დავალიანების, ხელფასისა და საზოგადოების სხვა მიმდინარე დავალიანებების დაფარვა და სხვა) შეესაბამება მოსარჩელის მიერ გადარიცხვის დოკუმენტში მითითებულ დანიშნულებებს. სადავო პერიოდში - 2017-2020 წლებში ა.ს–ს თავად, თავისი სახელით შპს „ნ.ჯ–ის“ საწესდებო კაპიტალში შენატანის სახით არ განუხორციელებია გადარიცხვები და მის ნაცვლად, აღნიშნულ პერიოდში, თანხებს იხდიდა ა.ს–ვა და ამ თანხების გადარიცხვის დანიშნულებას წარმოადგენდა სწორედ იმ ვალდებულებების შესრულება, რაც დამფუძნებელ ა.ს–ს გააჩნდა საწარმოს მიმართ. საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

34. მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, რომ სს „ტ–მა“ (ყოფილი სს „კ.ს.ბ–ი“) მოსარჩელეს, როგორც შპს „ნ.ჯ–ის“ თავდებს 2018 წლის 30 აპრილიდან 2020 წლის 19 მაისამდე ჩამოაჭრა 1 051 403.84 ლარი. აღნიშნულ გარემოებასთან მიმართებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სოლიდარული თავდების განცხადებასა და ხელშეკრულებებზე, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის თავდებობის მაქსიმალური ლიმიტი განსაზღვრული იყო 2018 წლის 30 აპრილის ხელშეკრულებით - 70 000 აშშ დოლარის, ხოლო 2018 წლის 05 ივლისის ხელშეკრულებით - 192 000 ლარით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892.1 მუხლის მიხედით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც. თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის და ერთობლივი შეფასების შედეგად, უტყუარად და სარწმუნოდ არ დასტურდება მოსარჩელის მიერ გადარიცხული თანხის სესხად გადაცემისა და მოპასუხე კომპანიის მიერ ამ თანხის უკან დაბრუნების ვალდებულების აღება. შესაბამისად, პალატა მიინევს, რომ მოსარჩელემ თავისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ მოახდინა იმ ფაქტის დადასტურება, რომ მოპასუხეს - შპს „ნ.ჯ–ს“ მისგან თანხა მიღებული ჰქონდა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე.

36. ვინაიდან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის დაკისრების შესახებ, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად არ დაკმაყოფილდა, აღნიშული მოთხოვნიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს (როგორც აქცესორული მოთხოვნის) დაკისრების საფუძლიანობაზე მსჯელობა საფუძველს მოკლებულია და პალატა არ იმსჯელებს მასზე.

37. მოსარჩელის მოთხოვნა ასევე შეეხებოდა შპს „ს–ის“ 2021 წლის 14 ივნისის N1 გადაწყვეტილების (შპს „ნ.ჯ–ის“ ქ. თბილისში, ........., მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი N.........) შპს „ს–ის“ კაპიტალში შეტანის თაობაზე) და შპს „ნ.ჯ–სა“ და შპს „S.“ შორის 2021 წლის 14 ივნისის ქ. თბილისი, ........... მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი N..........) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას. მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგების მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმქაცური გარიგება). პალატის მოსარებით, იმის გათვალისწინებით, რომ არ დგინდება მოპასუხე შპს „ნ.ჯ–ისათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობა, სსსკ-ს 180-ე მუხლის საფუძველზე, უარყოფილ უნდა იქნეს მოსარჩელის მოთხოვნა შპს „ნ.ჯ–ის“ საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებიდან გასვლის კანონიერებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, სადავოდ გამხდარი გარიგებების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც, მოსარჩელის უფლებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, რამდენადაც არ დადგინდა მოსარჩელის წინაშე მოპასუხე შპს „ნ.ჯ–ის“ მიერ რაიმე პასუხისმგებლობის ფარგლები, შესაბამისად, არამართებულია ამ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მიზნით, მოპასუხეთა არამართლზომიერ ქმედებაზე მითითება.

38. რაც შეეხება კასატორის შედავებას 2025 წლის 29 აპრილის საოქმო განჩინების (საქმეზე მტკიცებულებათა დართვაზე უარის თქმის შესახებ) კანონიერებასთან მიმართებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აღნიშნულ საკითხზე და თავადაც მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მოსარჩელეს აღნიშნული დასკვნა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზებზე მიუთითებია, ამასთან, თავადვე დაადასტურა, რომ დასკვნა ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხა უარი აპელანტს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და არ არსებობს გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

39. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა მიღება და ფაქტების დადგენა არ ხდება. აღნიშნული განპირობებულია საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებით და ახალი მტკიცებულების საქმისათვის დართვის ამკრძალავ საკანონმდებლო დანაწესს წარმოადგენს საპროცესო ნორმა, 407-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამდენად, კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულების საქმეზე დართვის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს და კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული დოკუმენტი (დასკვნა 15 ფურცლად).

40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ, ვერ შეძლო სარჩელის საფუძვლიანობის დადასტურება. მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი გარემოების მტკიცების ტვირთი კასატორს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა, ვერ წარმოადგინა.

41. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

42. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

44 ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

45 სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ს–ვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. ა.ს–ვას (ყაზახეთი პ/ნ.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის (საგადახდო დავალება N3739, გადახდის თარიღი 26.09.2025) 70% – 4200 ლარი;

3. ა.ს–ვას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული დოკუმენტი (დასკვნა 15 ფურცლად).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი