დაუშვებლად იქნა ცნობილი
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1199-2025 26 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე
კასატორი – გ.მ–ი (მოსარჩელე, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ა–ძე (მოპასუხე, მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პირველი სარჩელის მოთხოვნა
1.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ა.ა–ძემ, გ.მ–ის წინააღმდეგ და მოითხოვა, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ და გ.მ–ის სახელზე რეგისტრირებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა ½ ნაწილში: 1) საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ. თბილისი .......... (ს/კ: ..........), ფართობი - 77.79 კვ.მ.; 2) საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ.ბათუმში, .......... (ს/კ: ......., ფართობი - 33.30 კვ.მ.); 3) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ზუგდიდის რაიონი სოფელი ......... (ს/კ: ......., ფართობი 119 კვ.მ.); 4) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: წყალტუბოს რაიონი სოფელი ........ (ს/კ: ........, ფართობი 433 კვ.მ.).
2. მეორე სარჩელის მოთხოვნა
2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა აგრეთვე გ.მ–მა, ა.ა–ძის წინააღმდეგ, მოითხოვა შემდეგ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა: 1) თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი და ა.ა–ძის სახელზე რიცხული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე: სამტრედიის რაიონის სოფელი ........ (ს.კ. .........); 2) მსუბუქ სატრანპორტო საშუალებაზე „FORD FUSION TITANIUM HYBRID“ (VIN: 3FA6PO..........), სახელმწიფო სანომრე ნიშნით .......; 3) სატრანსპორტო საშუალებაზე „FORD RANGER“ (VIN: MNCBS3286........), სახელმწიფო სანომრე ნიშნით ........ (პიკაპი).
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ა.ა–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა: ა.ა–ძე ცნობილ იქნა თანამესაკუთრედ, ½ წილის უფლებით, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ და გ.მ–ის სახელზე რეგისტრირებულ შემდეგ უძრავ ქონებებზე: საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი .........., (საკადასტრო კოდი ..........), ფართობი - 77.79 კვ.მ; საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმში, ........... (საკადასტრო კოდი ........, ფართობი - 33.30 კვ.მ); სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ზუგდიდის რაიონი სოფელი ....... (საკადასტრო კოდი .......... ფართობი 119 კვ.მ); არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე წყალტუბოს რაიონი სოფელი .......... (საკადასტრო კოდი .......... ფართობი 433 კვ.მ);
3.2. გ.მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა: გ.მ–ი ცნობილ იქნა თანამესაკუთრედ, ½ წილის უფლებით, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ და ა.ა–ძის სახელზე რეგისტრირებულ შემდეგ ქონებაზე: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე სამტრედიის რაიონი, სოფელი ......... (ს.კ. ..........), სატრანპორტო საშუალება „FORD FUSION TITANIUM HYBRID“ (VIN:3FA6POR........), სახელმწიფო სანომრე ნიშნით ........; სატრანსპორტო საშუალება „FORD RANGER“ (VIN:MNCBS3286..........), სახელმწიფო სანომრე ნიშნით ..........
4. გ.მ–ის სააპელაციო საჩივარი
4.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.მ–მა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოწინააღმდეგე მხარის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
5.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მთავარ სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე, მხარე, თუმცა, აპელანტის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
5.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას.
5.4. სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლისა და 230-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, შეაფასა აპელანტის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების იურიდიული მართებულობა და მიიჩნევს, რომ მის მიერ მითითებული ფაქტები წინააღმდეგობაშია სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 312.1-ე და 1158-ე მუხლებით დადგენილ დანაწესთან. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება გამოიწვევს, არა დარღვეული უფლების აღდგენას, არამედ საჯარო წესრიგს საწინააღმდეგო შედეგს და საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული თანასაკუთრების უფლებების ხელყოფას - რაც დაუშვებელია.
5.5. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, აპელანტის მოთხოვნა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, ს.კ. ........, ს.კ. ........., ს.კ. ......... და ს/კ: ........ უძრავი ქონებების გ.მ–ის საკუთრებაში რეგისტრაციის მიუხედავად, ამ ქონებებზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლების არარსებობის დადგენა - იურიდიულად გაუმართლებელია, რაც გამორიცხავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით, გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ა.ა–ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
6. აპელანტის საკასაციო საჩივარი
6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოწინააღმდეგე მხარის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სრული იურიდიული და ფაქტობრივი წინაპირობები არსებობდა სააპელაციო საჩივრის დასაკმაყოფილებლად.
6.3. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სადავო ქონებები მისი საკუთრება იყო, რეალურად სადავო ქონება მესამე პირების კუთვნილებაა.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო.
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს შეფასების საკითხია, სააპელაციო სასამართლოში, მხარის გამოუცხადებლობის პირობებში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ნაცვლად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერება.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
14. მსგავსი პრინციპით სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება, დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილ და გაზიარებულ იქნეს სააპელაციო საჩივარში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებანი. თუ ისინი იურიდიულად ამართლებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება; 2. მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა; 3. სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით.
15. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია.
16. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები 2011 წლის 12 თებერვლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2013 წლის 30 ოქტომბერს მათ შეეძინათ შვილი დ.მ–ი. 2021 წლის 13 დეკემბერს ა.ა–ძემ აღძრა სარჩელი გ.მ–ის მიმართ, ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით.
17. იპოთეკის და ნასყიდობის შესახებ 2020 წლის 23 ივნისის ხელშეკრულებით, გ.მ–ი გახდა საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. თბილისი ........, კორპუსი 5, ბინა 62. (ს/კ: .........), ფართობი - 77.79 კვ.მ, მესაკუთე, რაც აისახა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში 2020 წლის 26 ივნისს.
18. წლის 7 აპრილს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმში, ............. (ს/კ: ........, ფართობი - 33.30 კვ.მ), 2016 წლის 13 აპრილს აღირიცხა გ.მ–ის საკუთრებაში. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფელი .......... (ს/კ: .......... ფართობი 119 კვ.მ), 2013 წლის 22 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2013 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა გ.მ–ის საკუთრებად. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე წყალტუბოს რაიონი სოფელი .......... (ს/კ: ......... ფართობი 433 კვ.მ), 2013 წლის 22 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2013 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა გ.მ–ის საკუთრებად.
19. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე სამტრედიის რაიონის სოფელი .......... (ს/კ: ........... ფართობი 251 კვ.მ), 2013 წლის 20 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2013 წლის 26 თებერვალს დარეგისტრირდა ა.ა–ძის საკუთრებად.
20. სსიპ საქათველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის თანახმად, ა.ა–ძის სახელზე 2021 წლის 8 ნოემბრიდან ცნობის გაცემის თარიღამდე (2024 წლის 04 აპრილი) რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „FORD FUSION TITANIUM HYBRID“, (VIN:3FA6PORU.........) სახელმწიფო ნომრით .......; 2019 წლის 1 ივნისიდან კი ირიცხება სატრანსპორტო საშუალება „FORD RANGER“ (VIN:MNCBS32865W.....), სახელმწიფო სანომრე ნიშნით ..........
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებმა ვერ დაადასტურეს რომ დასახელებული, სადავო ქონებები არ წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას.
22. სსკ-ის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.
23. საკასაციო პალატის განმარტებით, მოქმედი სსკ-ის 1151-ე მუხლი მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობას და მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის მომენტთან მიმართებაში, მითითებული ნორმის სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება მის ნორმატიულ შინაარსს (იხ. სუსგ საქმე №ას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი; საქმე №ას-1760-2018, 14 თებერვალი, 2022 წელი; საქმე №ას-968-1269-07, 15 მაისი, 2008 წ).
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ქონება ერთმნიშვნელოვნად ექცევა მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმში და მიიჩნევს, რომ სსკ-ის 1158-ე (მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი), 1159-ე (თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით), 1164-ე (მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება დაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ) და 1168.1 (იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, კასატორის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 1/2 ნაწილი მის მეუღლეს ეკუთვნის.
25. ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი მხარის გამოუცხადებლობის მოტივით, იმ გარემოების გათვალისწინებით რომ საქმეში არსებული და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ამართლებდა მოთხოვნას.
26. საკასაციო სასამართლო, საკასაციო მოთხოვნის პასუხად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორის მოთხოვნა ა.ა–ძის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე იურიდიულად გაუმართლებელია, მართებულად ეთქვა უარი სააპელაციო სასამართლოს მიერ დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირთა ჩართვაზე უარის თქმის, მტკიცებულებების გამოთხოვაზე უარის თქმისა და მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის თაობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 26 მარტის, 15 მაისისა და 18 ივნისის საოქმო განჩინებების გაუქმებაზე.
27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილება, ასევე სახელმწიფოსათვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურება წარმოებს სასამართლოს ინიციატივით, ხოლო, ყველა სხვა შემთხვევაში, პროცესის ხარჯები მხარეთა შორის გადანაწილდება დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე. მხარეს აქვს სრული შესაძლებლობა, ისარგებლოს ზემოხსენებული საპროცესო მექანიზმებით და მოითხოვოს საქმის განხილვასთან დაკავშირებით მის მიერ გაწეული პროცესის ხარჯების ანაზღაურება. განსახილველ შემთხვევაში, წინამდებარე განჩინებით კასატორის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. შესაბამისად საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ ნაწილში შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, სახელმწიფო ბაჟის გადანაწილების საკითხი კი, გადაწყდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად.
28. სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
30. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. გ.მ–ს (..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №5307, გადახდის თარიღი 22/12/2025 და საგადახდო დავალება №8587, გადახდის თარიღი 26/01/26) 3 525 (352+3 173) ლარის 70% - 2 467.5 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე