გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 26.02.2026
საქმის ნომერი
ას-1160-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-1160-2025 26 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კასატორი – რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება (თავდაპირველი სარჩელით); პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ა-იმ“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შპს „ა-ის“ 2021 წლის 23 თებერვლის N06/06 ხელშეკრულების ფარგლებში 2021 წლის 22 ივნისიდან 2022 წლის 31 მარტის პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს 676 797.48 ლარის შემცირება 663 593.40 ლარით. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უკვე ჩამოჭრილი თანხიდან 573 337.07 ლარიდან 560 132. 99 ლარის დაბრუნება მოსარჩელისათვის, პირგასამტეხლოს განსაზღვრა 13 204.08 ლარით და აღნიშნული თანხის გადახდილად ჩათვლა.

1.1. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ და მოითხოვა შპს „ა-ის“ მერიის სასარგებლოდ 2021 წლის 23 თებერვლის N 06/06 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაგადაცილებთ შესრულების გამო, პირგასამტეხლოს დაკისრება 103 460.41 ლარის ოდენობით.

2.1. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით შპს „ა-იმ“ შეგებებული სარჩელი არ ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს და შპს „ა-ის“ შორის 2021 წლის 23 თებერვალს დადებული N06/06 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „არალისათვის“ დაკისრებული პირგასამტეხლო შემცირდა და განისაზღვრა 40 000 ლარით. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ა-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 533 337.07 ლარის გადახდა. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის განჩინებით რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. 2021 წლის 23 თებერვალს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს (შემსყიდველი) და შპს „ა-ის’’ (მიმწოდებელი) შორის დაიდო N06/06 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ქალაქ რუსთავში, რუსთაველის ქუჩის ფასადების (ტროტუარებით), მერიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა (ტროტუარები) და ჭავჭავაძის ქუჩის ტროტუარების მოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულების მე-2 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 2 399 999.91 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 კალენდარულ დღეში (ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით).

6.2. 2021 წლის 20 ივლისს მხარეებმა ხელშეკრულებაში შეიტანეს ცვლილება. კერძოდ N06/06 ხელშეკრულებაში ცვლილება N1-ის თანახმად, მშენებლობის ორგანიზაციის კალენდარი და გეგმა-გრაფიკი დანართი N6-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული (რუსთაველის N8) სამუშაოების ვადა გაგრძელდა 41 კალენდარული დღით (2021 წლის 30 აგვისტოს ჩათლით). 2021 წლის 21 სექტემბრის ცვლილება N2-ით, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების მე-3 მუხლში გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის გაზრდაზე, კერძოდ სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 255 კალენდარულ დღე (ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით). 2021 წლის 5 ნოემბრის ცვლილება N4-ით, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების მე-3 მუხლში გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის გაზრდაზე, კერძოდ სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 279 კალენდარული დღე (ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით). ვადის გადაწევა ვრცელდება ხელშეკრულებაზე თანდართული გეგმა-გრაფიკის შემდეგი პუნქტებით განსაზღვრული დასახელების სამუშაოებზე: 4. ........ N16, 5. ...... N6, 9. ტერიტორიის კეთილმოწყობა.

6.3. N06/06 ხელშეკრულების მე-13 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, კერძოდ ხელშეკრულების 13.2 მუხლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1 %-ის ოდენობით.

6.4. შპს „ა–ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდა ვადაგადაცილებით. შემსყიდველმა მიმწოდებელს დაარიცხა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯამში 676 797.48 ლარის ოდენობით. შემსყიდველმა მიმწოდებელს დაუქვითა პირგასამტეხლოს სახით 573 337.07 ლარი.

6.5. 2022 წლის 05 დეკემბრის ინსპექტირების ანგარიშით დასტურდება, რომ შპს „ა–ის“ მიერ 2021 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით შესრულებული იყო 878 603.86 ლარის ღირებულების სამუშაო, დარჩენილი იყო 1 224 845.65 ლარის ღირებულების სამუშაო. 2021 წლის 09 დეკემბერს შესრულებული იყო ჯამში 1 024 605.67 ლარის სამუშაო, შესასრულებელი იყო - 1078 843.84 ლარის ღირებულების სამუშაო, 2021 წლის 10 დეკებერს შესრულებული იყო 1077 569. 79 ლარის სამუშაო, შესასრულებელი იყო 1025 979.72 ლარის სამუშაო, 2021 წლის 13 დეკემბერს შესრულებული იყო ჯამში 1 184 716. 44 ლარის სამუშაო, შესასრულებელი იყო 918 733.07 ლარის სამუშაო, 2021 წლის 22 დეკემბერს შესრულებული იყო ჯამში 1 379 863.97 ლარის სამუშაო, შესასრულებელი იყო 723 585.54 ლარის სამუშაო, 2021 წლის 29 დეკემბერს შესრულებული იყო 1 515742.69 ლარის სამუშაო, დარჩენილი იყო 587 706.82 ლარის სამუშაო, 2021 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით ჯამში შესრულებული იყო 1 620 634.12 ლარის სამუშაო, დარჩენილი იყო 482 815.39 ლარის სამუშაო.

6.6. დადგენილია, რომ 2021 წლის 22 ივნისის მდგომარეობით, შპს „ა–ი“ იმყოფებოდა ვადაგადაცილებაში რუსთაველის N4-ში განსახორციელებელ სამუშაოებზე, რომლის ღირებულება იყო 97 310.45 ლარი. ვადაგადაცილება 83 დღე. საბოლოოდ შპს „ა–იმ“ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოები დაასრულა 2022 წლის 31 მარტს.

6.7. მხარეებს შორის 2022 წლის 31 მარტს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან ჩაიბარა 2 103 449.51 ლარის შესრულებული სამუშაო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

6.8. პალატის მითითებით, მოწინააღმდეგე მხარე მართალია ადასტურებდა მისი მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტს, თუმცა სსკ-ს 420-ე მუხლზე აპელირებით განმარტავდა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად განხორციელდა მისი შემცირება. მოწინააღმდეგე მხარე ასევე მიუთითებდა, რომ პირგასამტეხლოს დაანგარიშება განხორციელდა არა შეუსრულებელი სამუშაოების შესაბამისად, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან გამომდინარე და ამ მხრივაც დაუსაბუთებელი იყო მოთხოვნილი ოდენობით მოსარჩელისათვის/შეგებებული სარჩელით მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება.

6.9. პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალი იყო.

6.10. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ პირგასამტეხლო გაანგარიშებული უნდა იქნეს ვადაგადაცილებული სამუშაოს ღირებულებიდან და არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან. ამასთანავე გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ შემსყიდველს ჩაბარებული სამუშაოს შესახებ პრეტენზია არ განუცხადებია, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევას არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი ზიანი.

6.11. საპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობაა 40 000 ლარი, რაც წარმოადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის 0.03 %-ს, რომელიც შპს „ა–ს“ გადახდილად უნდა ჩაეთვალოს, ვინაიდან რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „ა–ს“ პირგასამტეხლოს სახით დაუკავა ჯამში 573 337.07 ლარი. შესაბამისად, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ა–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 45 000 ლარის ზემოთ დაკავებული თანხის - 528 337.07 ლარის გადახდა.

6.12. პალატამ მიიჩნია, რომ თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება, თავის მხრივ გამორიცხავდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას და უსაფუძვლო იყო რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი პირგასამტეხლოს 103 460.41 ლარის ოდენობით დაკისრების შესახებ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილება გამოიტანა სამართლებრივი დასაბუთების გარეშე. პალატამ სსკ-ის 420-ე მუხლი გამოიყენა არაგონივრულობის ფარგლებში, რამდენადაც, დაკისრებული პირგასამტეხლო შეამცირა ისე, რომ საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი ფაქტობრივი გარემოება ამ მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლებოდა პირგასამტეხლოს 0.03%-მდე შემცირება.

8.2. მოპასუხე მხარემ სააპელაციო საჩივრით სადავო გახადა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების დაანგარიშება და წარადგინა შეუსრულებელი ვალდებულების საკუთარი დაანგარიშება, რომელიც სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა. ხელშეკრულების თანახმად გათვალისწინებული იყო სხვადასხვა სამუშაოები და ამ სამუშაოებს ღირებულებასთან ერთად ჰქონდა შესრულების სხვადასხვა ვადა, შესაბამისად, პირგასამტეხლოც თითოეული სამუშაოს შეუსრულებელი ვალდებულებით უნდა დარიცხვოდა და არა ერთ ობიექტზე დადგენილი შესრულების ვადით.

8.3. კასატორისთვის ბუნდოვანია, სასამართლოს მიერ რა ღირებულების შეუსრულებელი ვალდებულებაა დათვლილი, რომელზეც პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა 0.03%-მდე.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გამოიკვეთა სსსკ-ის 412-ე მუხლის წინაპირობები, რის შედეგადაც მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით, იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულია გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების ჩამონათვალი და კანონმდებელი განსახილველი ნორმით ადგენს ზემდგომი სასამართლოს ვალდებულებას, გააუქმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, თუ სახეზეა მითითებულთაგან ერთ-ერთი დარღვევა. ხსენებული ნორმის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

14. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ს 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; სუსგ საქმე №ას-973-1208-04). მოსარჩელე შესაძლებელია, ცდებოდეს კიდეც სადავო ურთიერთობის სამართლებრივ შეფასებაში, რაც არამცთუ არ ზღუდავს სასამართლოს, არამედ, პირიქით, სწორედ სასამართლოა ვალდებული, სამართლებრივად სწორად შეაფასოს სადავო ურთიერთობა და მოძებნოს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

15. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

18. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

19. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

20. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან) (ას-178-167-2017, 14.07.2017წ).

21. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

23. განსახილველ საქმეში, შპს „ა–ლი“ მოითხოვდა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შპს „არალისათვის“ 2021 წლის 23 თებერვლის N06/06 ხელშეკრულების ფარგლებში 2021 წლის 22 ივნისიდან - 2022 წლის 31 მარტის პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს 676 797.48 ლარის შემცირებას 663 593.40 ლარით და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის უკვე ჩამოჭრილი თანხის 573 337.07 ლარიდან 560 132. 99 ლარის დაკისრებას (დაბრუნებას), ხოლო 13 204.08 ლარის განსაზღვრას პირგასამტეხლოს თანხად და მის გადახდილად ჩათვლას. აღნიშნულის საპირისპიროდ, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია შეგებებული სარჩელით მოითხოვდა შპს „ა–თვის“ რუსთავის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ 2021 წლის 23 თებერვლის N06/06 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულების გამო პირგასამტეხლოს დამატებით 103 460.41 ლარის დაკისრებას.

24. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი).

25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო ნაწარმოები ვალდებულებაა, შესაბამისად, მისი მოთხოვნის უფლება მხოლოდ ძირითადი ვალდებულების დარღვევის შემდეგაა შესაძლებელი. ვალდებულების დარღვევა მოიაზრებს, როგორც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, ისე შეუსრულებლობას. მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში (ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება) და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, შეამციროს იგი (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800).

26. სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) იმპერატიულია და მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო, თუნდაც დაადგინოს პირგასამტეხლოს გამოთვლის უსამართლო წესი. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა (მისი გამოანგარიშების მეთოდის მიუხედავად) და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე. ამავდროულად, პალატა მიიჩნევს, რომ როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში, უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა.

27. მნიშვნელოვანია პირგასამტეხლოს გაანგარიშების პრინციპი. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, სადაც განმარტებულია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას (იხ. სუსგ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016).

28. საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია პირგასამტეხლოს შემცირებისა და მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ შპს „ა–ის“ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ასევე მოპასუხის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართზომიერება. ამ მიმართებით, კასატორი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების თანახმად გათვალისწინებული იყო სხვადასხვა სამუშაოები და ამ სამუშაოებს ღირებულებასთან ერთად ჰქონდა შესრულების სხვადასხვა ვადა, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დარიცხვაც თითოეული სამუშაოს შეუსრულებელი ვალდებულების გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო და არა ერთ ობიექტზე დადგენილი შესრულების ვადით. კასატორისთვის ბუნდოვანია, სასამართლოს მიერ რა ღირებულების შეუსრულებელი ვალდებულებაა დათვლილი, რომელზეც პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა 0.03%-მდე. შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობაც (0.03%) რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას მიაჩნია არაგონივრულად.

29. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას, უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც, რაც დაუშვებელია. პალატამ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს თანხის დაანგარიშება, უფლების მართლზომიერად განხორციელების ფარგლებში, უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს დარიცხვის მომენტში შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების ფარგლებში. მიუთითა პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშებასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე და დასკვნის სახით აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო გაანგარიშებული უნდა იქნეს ვადაგადაცილებული სამუშაოს ღირებულებიდან და არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან. პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა იყო 40 000 ლარი, რაც წარმოადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის 0.03 %-ს, რომელიც შპს „ა–ს’’ გადახდილად უნდა ჩაეთვალოს, ვინაიდან რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „ა–ს“ პირგასამტეხლოს სახით დაუკავა ჯამში 573 337.07 ლარი. შესაბამისად, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ა–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 45 000 ლარის ზემოთ დაკავებული თანხის - 528 337.07 ლარის გადახდა.

30. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე, სადაც აპელანტი მიუთითებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ბუნდოვანებაზე და აღნიშნავდა, რომ მისთვის გაუგებარია რა ღირებულების შეუსრულებელი ვალდებულებიდან გამომდინარე დაითვალა სასამართლომ პირგასამტეხლო და შეამცირა იგი. მიუხედავად ამისა, საქმეში დადგენილი არ არის საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, შესასრულებელი ვალდებულების თუ რა ნაწილი შესრულდა ვადაში და რა ნაწილი ვადის დარღვევით, განსაზღვრული არ არის კონკრეტული სამუშოების შესრულების ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა და ამ დღეების შესაბამისი სამუშაოს ღირებულება. ყოველივე აღნიშნულით კი, დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნა, რომლითაც სასამართლოს დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებული უნდა იყოს.

31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან მიმართებით წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა მითითებების კვლევისა და მათი სათანადო შეფასების გარეშე შეუძლებელია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული საკითხის კვლევის შემდეგ უნდა შეფასდეს, თუ რამდენად კვალიფიციური შედავება (მოცემულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები) განხორციელდა პირგასამტეხლოს შემცირების თვალსაზრისით, რადგან სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალის კვალიფიციური შედავება განხორციელდა, უნდა შეფასდეს, რამდენად არსებობს მისი პოზიციის გაზიარების და ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის ოდენობის შემცირების საფუძველი, ხოლო მას შემდეგ რაც სააპელაციო სასამართლო შეაფასებს შემცირების/შემცირებაზე უარის თქმის საკითხს, უნდა შემოწმდეს დაერიცხა თუ არა პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების თითოეული შესრულების პერიოდისათვის შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობისა და მისი ღირებულების გათვალისწინებით, ანუ პირგასამტეხლოს გამოთვლის წესი შეესაბამება თუ არა სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას (ამ საკითხთან მიმართებით იხ. სუსგ.: ას-971-2019, 28.10.2019წ; ას-581-2019, 31.07.2019წ, ას-164-160-2016, 28.07.2016წ).

32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

33. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება დავაზე. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდგომ, სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის განხორციელებისათვის აუცილებელი წინაპირობების სახით სარჩელსა და შესაგებელში, ასევე შეგებებულ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს, დაადგინოს და სამართლებრივად შეაფასოს შედეგის განმაპირობებელი წანამძღვრები და ასახოს ისინი მიღებულ გადაწყვეტილებაში.

34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლევან ნემსაძე

მიხეილ ჯინჯოლია