დაუშვებლად იქნა ცნობილი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-148-2024 5 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ა.დ–ი A-D“ (მოპასუხე)
II საკასაციო საჩივრის ავტორები – შპს „დ.ა–ა“, სს „ბ.პ.ს.ე.ს–ი“ (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – ლ.ა–ი, ი.გ–ი, ვ.პ–ია (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შპს „ა.დ–ი A-D“-ის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „პირველი მოპასუხე კომპანია“), შპს „დ.ა–ასა“ (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) და სს „ბ.პ.ს.ე.ს–ის“ (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“ ან „კასატორები“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.ა–ის (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“), ი.გ–ის (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“) და ვ.პ–იას (შემდგომში - „მესამე მოსარჩელე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოსარჩელეები“) სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ აეკრძალოს პირველ მოპასუხეს ქ. თბილისში, ........... მდებარე (საკადასტრო კოდი №.........) ნაკვეთზე სატვირთო მანქანების სასწავლო მოედნის ფუნქციონირება; მოტოციკლების სასწავლო მოედნის ფუნქციონირება; დადგინდა ასევე, რომ აეკრძალოთ მეორე და მესამე მოპასუხეებს ქ. თბილისში, ........... მდებარე (საკადასტრო კოდი №.........) ნაკვეთის მესამე პირებისათვის სარგებლობაში გადაცემა სატვირთო მანქანების სასწავლო მოედნის მოწყობის მიზნით; მოტოციკლების სასწავლო მოედნის მოწყობის მიზნით.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ქ. თბილისში, ........... (ნაკვ. 19/21)-ში მდებარე №13 ბინის (ს.კ. №...........) (ამჟამად ........... ქუჩა №1) მესაკუთრეა მეორე მოსარჩელე (მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 26); მხარეთა ახსნა-განმარტება);
2.2. ქ. თბილისში, ........... (ნაკვ. 19/21)-ში მდებარე №20 ბინის (ს.კ. №...........) (ამჟამად .............. ქუჩა №1) მესაკუთრეა პირველი მოსარჩელე (მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 27); მხარეთა ახსნა-განმარტება);
2.3. ქ. თბილისში, ........... ქუჩა №1-ში მდებარე №7 ბინის (ს.კ.№..........) მესაკუთრეა ნ.ა–ია (მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 28));
2.4. მესამე მოსარჩელე არის ნ.ა–იას შვილი და ქ. თბილისში, .......... ქუჩა №1-ში მდებარე №7 ბინის (ს.კ. №..........) მართლზომიერი მფლობელი (მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 28); დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 193); ნ.ა–იას განცხადება (ს.ფ. 66); მხარის ახსნა-განმარტება);
2.5. ქ. თბილისი, ....... №2ა-ში მდებარე უძრავი ნივთის თანამესაკუთრეები არიან მეორე და მესამე მოპასუხეები (მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 19-25));
2.6. პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ქ. თბილისში, ........... (ს.კ. №..........) არსებული ავტოსადგომი დროებით სარგებლობისათვის გადაცემული აქვს პირველ მოპასუხეს (მტკიცებულება: 2021 წლის 1-ლი აპრილის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 120-122));
2.7. პირველ მოპასუხეს ქ. თბილისში, ......... (ს.კ. №..........) მდებარე ავტოსადგომზე მოწყობილი აქვს სატვირთო მანქანების, მოტოციკლების და მსუბუქი ავტომობილების სასწავლო მოედანი - ავტოსკოლა (მტკიცებულება: შპს „ე-ს–ის“ 2021 წლის მაისის ხმაურის გაზომვის ანგარიში (ს.ფ. 32-59); შპს „ე-ს–ის“ 2021 წლის დეკემბრის ხმაურის გაზომვის ანგარიში (ს.ფ. 169-182); 2022 წლის 16 თებერვლის №000932722 ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 162-168); მხარეთა ახსნა-განმარტებები);
2.8. ქ. თბილისში, .......... გამზირ №2-ში მდებარე (ს.კ. №.........) ნაკვეთზე განთავსებული ავტოსკოლიდან მომდინარე ზემოქმედება ხელყოფს მოსარჩელეთა უფლებას;
2.9. შპს „ე-ს–ის“ 2021 წლის მაისის თვის ხმაურის გაზომვის ანგარიშის თანახმად, ხმაურის საბაზისო გაზომვა ჩატარდა ქ. თბილისში, .......... ქ. №1-ში არსებული კორპუსის მე-4 სართულზე, ბინის აივანზე. გაზომვა წარმოებდა 14.05.2021-15.05.2021 თარიღებში. ხმაურის გაზომვა ჩატარდა ერთი დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად. გაზომვა ჩატარდა სასწავლო მოედნის მიმდებარედ არსებულ უახლოეს საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც სატვირთო ავტომობილების სწავლების ზონიდან დაახლოებით 15 მეტრის დაშორებით მდებარეობს. გაზომვის შერჩეული წერტილი არის ავტოპარკის უახლოესი საცხოვრებელი ზონა. გაზომვისას ინტენსიურად მიმდინარეობდა როგორც ავტოსკოლის მუშაობა, ასევე მაიაკოვსკის ქუჩაზე არსებული საავტომობილო მოძრაობა. საბაზისო გაზომვა ჩატარდა ხმაურის ზეგავლენის დონის დასადგენად. ჯამში აღებული იქნა ხმაურის დონის 51000 ნიმუში. მიღებული მონაცემების შედეგად საკვლევ წერტილში ხმაურის დონე დღის განმავლობაში 58,4 dBA-ს, ხოლო ღამის განმავლობაში 46,1 dBA-ს შეადგენს. 1 საათის მაქსიმალური ხმაურის დონე დაფიქსირდა 15.05.2021-ში, 12:00-13:00 პერიოდში და შეადგინა 61,9 dB. ხმაურის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 12:04:23 სთ-ზე და შეადგინა 87,9 dBA. დილის 9-დან საღამოს 19 საათამდე პერიოდში ხმაურის საშუალო დონემ შეადგინა 60,9 dBA, რაც აღემატება საქართველოს კანონმდებლობით დასაშვებ ნორმას. ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით დგინდება, რომ ხმაურის დონე დღის პერიოდისათვის შეადგენს 58,4 dBA-ს. არსებული ხმაურის დონე დღის მონაკვეთისათვის აჭარბებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ხმაურის დასაშვებ ნორმებს;
2.10. შპს „ე-ს–ის“ 2021 წლის დეკემბრის თვის ხმაურის გაზომვის ანგარიშის თანახმად, ხმაურის საბაზისო გაზომვა ჩატარდა ქ. თბილისში, ........... არსებული კორპუსის მე-4 სართულზე, ბინის აივანზე. გაზომვა წარმოებდა 11 დეკემბერს. ხმაურის გაზომვა ჩატარდა ერთი საათის განმავლობაში უწყვეტად. გაზომვა ჩატარდა სასწავლო მოედნის მიმდებარედ არსებულ უახლოეს საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც სატვირთო ავტომობილების სწავლების ზონიდან დაახლოებით 15 მეტრის დაშორებით მდებარეობს. გაზომვის შერჩეული წერტილი ავტოპარკის უახლოესი საცხოვრებელი ზონაა. გაზომვისას ინტენსიურად მიმდინარეობდა როგორც ავტოსკოლის მუშაობა, ასევე .......... ქუჩაზე არსებული საავტომობილო მოძრაობა. საბაზისო გაზომვა ჩატარდა ავტოპარკის მუშაობის შედეგად გენერირებული ხმაურის ზეგავლენის დონის დასადგენად. ხმაურმზომი დანადგარის დამონტაჟება მოხდა ავტოპარკის მუშაობის დაწყებამდე 5 წუთით ადრე, რათა განსაზღვრულიყო ხმაურის დონის ცვლილება ავტოპარკის ფუნქციონირებამდე და მუშაობის პერიოდებს შორის. ავტოპარკი 09:00 სთ-მდე მუშაობდა ნახევარი დატვირთვით (სატვირთო ავტომობილები არ მიდიოდნენ საკვლევი შენობის კედელთან ახლოს), ხოლო 09:00 საათიდან ავტოპარკმა დაიწყო სრული დატვირთვით მუშაობა (სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებოდნენ საკვლევი შენობის კედელთან, დაახლოებით 15 მეტრის მანძილზე). ჯამში აღებული იქნა ხმაურის დონის 1400 ნიმუში. მიღებული მონაცემების თანახმად, საკვლევ წერტილში ხმაურის დონე ავტოპარკის მუშაობის დაწყებამდე შეადგენდა 56,3 dBA-ს, ხოლო ავტოპარკის მუშაობის დროს - ნახევარი დატვირთვის შემთხვევაში 59 dBA-ს, სრული დატვირთვის შემთხვევაში - 60,6 dBA-ს. სამივე შემთხვევაში ხმაურის დონეები სცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დღის ნორმას. ხმაურმზომი, ავტოპარკის მუშაობის დაწყებამდე, მონაცემებს იღებდა 5 წუთის განმავლობაში. გაზომვის დროს დაფიქსირებული განსხვავება, ავტოპარკის მუშაობის დაწყებამდე და მუშაობის დროს (მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში), შეადგენს 4,3 dB-ს, რაც ხმაურის ენერგეტიკული კორელაციით შეადგენს ხმაურის დონის ორნახევარჯერ მომატებას. აღნიშნულ მატებაში მაიაკოვსკის ქუჩაზე არსებულ საავტომობილო მოძრაობას არ შეიძლება მიენიჭოს მნიშვნელოვანი წილი, რადგან 30-წუთიან ინტერვალში ავტომობილების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, ვიზუალური დაკვირვების შედეგად, არ იყო შესამჩნევი;
2.11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 16 თებერვლის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ........ ქუჩაზე მდებარე ავტოსკოლის ტერიტორიაზე, სატვირთო მისაბმელიანი ავტომობილის კორპუსთან უახლოეს ადგილთან გადაადგილების პერიოდში, ქ. თბილისში, .......... ქუჩა №1-ელში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინა №20-ის აივანთან მიმართებაში ხმაურის დონე იცვლებოდა 61 დბ-დან 64 დბ-მდე, ხოლო აღნიშნული სატვირთო მისაბმელიანი ავტომობილის გაჩერებისას, ........... ქუჩაზე მოძრავი ავტომობილების ხმაურის დონე აღნიშნულ აივანთან მიმართებაში იცვლებოდა 54 დეციბელიდან 58 დეციბელამდე. დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ ხმაურის დონე შემოწმებული იქნა 2022 წლის 14 თებერვალს 11:10 სთ-დან 11:30 სთ-მდე პერიოდში. გაზომვების პერიოდში .......... ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ სხვადასხვა სახის ავტომობილები. შესაბამისად, გაზომვა ჩატარდა აღნიშნული ავტომობილების გადაადგილების პერიოდში.
3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი და მეორე მოსარჩელეები არიან ქ. თბილისში, ........... მდებარე მრავალბინიან სახლში განთავსებული ბინების მესაკუთრეები, ხოლო მესამე მოსარჩელე იმავე სახლში არსებული ბინის მართლზომიერი მფლობელია. მხარეთა საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთები ერთმანეთის მეზობლად მდებარეობს. მოსარჩელეები ითხოვენ მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედების აღკვეთას.
4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 170.1, 172.2, 174-ე, 175-ე, 176-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 28 ივნისის დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ........ ქუჩაზე, დ.ა–ას მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული პირველი მოპასუხის ავტოსკოლაში ავტომობილების და მოტოციკლეტების გადაადგილებით გამოწვეული ხმაურის დონე .......... ქუჩა №1-ელში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიასთან მიმართებაში მოქცეულია ვ.მაიაკოვსკის ქუჩაზე მოძრავი ავტომობილების მიერ წარმოქმნილი ხმაურის (52 დბ-63 დბ) ფარგლებში, ვინაიდან მითითებული დასკვნის საპირწონედ წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 16 თებერვლის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ........ ქუჩაზე მდებარე ავტოსკოლის ტერიტორიაზე, სატვირთო მისაბმელიანი ავტომობილის კორპუსთან უახლოეს ადგილთან გადაადგილების პერიოდში, ქ. თბილისში, .......... ქუჩა №1-ელში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინა №20-ის აივანთან მიმართებაში ხმაურის დონე იცვლებოდა 61 დბ-დან 64 დბ-მდე, ხოლო აღნიშნული სატვირთო მისაბმელიანი ავტომობილის გაჩერებისას, ვ. მაიაკოვსკის ქუჩაზე მოძრავი ავტომობილების ხმაურის დონე აღნიშნულ აივანთან მიმართებაში იცვლებოდა 54 დეციბელიდან 58 დეციბელამდე. ასევე შპს „ეკო-ს–ის“ დასკვნის თანახმად, ხმაურის დონეებს შორის განსხვავება, ავტოპარკის მუშაობის დაწყებამდე და მუშაობის დროს (მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში), შეადგენს 4,3 dB-ს, რაც ხმაურის ენერგეტიკული კორელაციით შეადგენს ხმაურის დონის ორნახევარჯერ მომატებას. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა განმარტა, რომ განსხვავება 2021 წლის 28 ივნისის დასკვნასა და 2022 წლის 16 თებერვლის დასკვნას შორის განპირობებულია იმ გარემოებით, რომ გაზომვები ჩატარდა სხვადასხვა ადგილას. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზომვის ჩატარებისას, საკვლევ ადგილს ავტოსკოლასთან ჰყოფდა ბეტონის კედელი. 2021 წლის ივნისში ჩატარებული გაზომვისას სასწავლო ავტომობილის გადაადგილების დროს ექსპერტები იმყოფებოდნენ ქუჩაში მოძრავ ავტომანქანებთან უფრო ახლოს, ბეტონის კედლის უკან, რომელიც გარკვეულწილად ახშობს ავტოსკოლიდან მომდინარე ხმაურს, ვერ მოხდა სასწავლო ავტომანქანის ხმაურის აღქმა (იხ. 29.04.2022 წ. სხდომის ოქმი 13:24:36-13:50:11).
5. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა მოწმეთა ჩვენებაზე, კერძოდ, მოწმე ნ.ქ–ამ განმარტა, რომ არის მოსარჩელეების მეზობელი. ავტოსკოლის გამო არის მუდმივი ხმაური, გამონაბოლქვი. საერთოდ ვერ იყენებენ აივნებს. მაგალითად, იმ კონკრეტულ დღეს (29.04.2022) დილის ცხრის ნახევარზე უკვე მიმდინარეობდა სკოლის სამუშაო პროცესი. უშუალოდ მოწმის აივანს ემიჯნება ის ტერიტორია, სადაც ხდება სატვირთო ავტომანქანების მართვის შესწავლა. გარდა ამისა, სასწავლო პროცესში არის ადამიანების გადაძახილებიც. ხმაური აღწევს ბინებშიც. თითქმის შეუძლებელი ხდება ფანჯრების გაღება. მოწმეს ჰყავს პატარა შვილი, რომელსაც თავისი ფიზიოლოგიური დრო ფაქტობრივად აწყობილი აქვს ავტოსკოლის მუშაობაზე. მუდმივად დგას გამონაბოლქვის სუნი. ხმაური თითქმის სულ ისმის, მთელი დღის განმავლობაში. მსგავსი შინაარსის გარემოებებზე მიუთითა ასევე მოწმე გვანცა ხიდეშელმა.
6. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის არგუმენტი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს №398 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი - საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ (შემდგომში - „ტექნიკური რეგლამენტი“) და განმარტა, რომ აღნიშნული რეგლამენტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საზოგადოდ, საჯარო მიზნებისათვის, არამედ მეზობელთა ურთიერთპატივისცემისა და დასაშვებ ფარგლებში სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების შესასრულებლად, რაც კერძოსამართლებრივი მოწესრიგების საგანია. აღნიშნული რეგლამენტის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, აკუსტიკური ხმაური არის ყველა სახის განგრძობადი ხასიათის არასასიამოვნო, ხელისშემშლელი ბგერები, დრეკადი რხევები და ტალღები საჰაერო გარემოში, რომლებიც მიმდინარეობენ ფიზიკური და იურიდიული პირის ქმედების შედეგად და ქმნიან დისკომფორტს, შესაძლებელია ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს პირის ჯანმრთელობაზე ან მის სოციალურ მდგომარეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება საავტომობილო ინფრასტრუქტურაზე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტის მიზანი საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიაზე ხმაურის არახელსაყრელი ზემოქმედებისაგან ადამიანების დაცვის უზრუნველყოფაა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხმაური, რომელიც აღემატება რეგლამენტში მითითებულ დასაშვებ ნორმას, შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო არსებით ზემოქმედებად.
7. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების (ხმაურის გაზომვის ანგარიშები, ექსპერტიზის დასკვნა, მოწმის ჩვენება, მხარეთა ახსნა-განმარტება) ერთობლიობაში შეფასების შედეგად, ავტოსკოლის ფუნქციონირებიდან გამომდინარე ზემოქმედება იყო არსებითი; მოსარჩელეთა აივნები მათი საცხოვრებელი ფართის ნაწილია და მოპასუხეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედება არსებითად ხელყოფდა მოსარჩელეების უფლებას; ავტოსადგომის ნაცვლად სატვირთო ავტომანქანების და მოტოციკლების ავტოსკოლის ფუნქციონირებისგან მომდინარე ზემოქმედება არ იყო გამოწვეული უძრავი ქონების ჩვეულებრივი სარგებლობით.
8. სააპელაციო პალატამ ასევე მიაჩნია, რომ სახეზე იყო მოპასუხეების მხრიდან ხელშეშლა, რაც სსკ-ის 172.2 მუხლის თანახმად, მოქმედების აღკვეთის სამართლებრივი საფუძველია. მოსარჩელეებს ხელი ეშლებოდათ მოპასუხეების საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთიდან გამომავალი ხმაურით, რაც სცილდებოდა სსკ-ის 175-ე მუხლით გათვალისწინებულ სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო, რომ მოსარჩელეთა უფლება დაცული ყოფილიყო სამომავლო ხელყოფისგანაც.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივრები და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
10. კასატორებმა მიუთითეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
10.1. ყველა მტკიცებულება, რომელსაც ეფუძნება გასაჩივრებული განჩინება, არ არის შედგენილი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;
10.2. ვინაიდან დავა შეეხება თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე ობიექტიდან არსებულ ზემოქმედებას, სასამართლოს უნდა გამოეკვლია, რა წვლილი მიუძღვის პირველი მოპასუხე კომპანიის ფუნქციონირებას ტერიტორიაზე ხმაურის დონის ცვლილებაში და მისი ზემოქმედებით გამოწვეული ხმაურის დონე სცილდება თუ არა კანონმდებლობით განსაზღვრულ დასაშვებ დონეს, ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად ხელყოფს თუ არა მოსარჩელეთა უფლებას;
10.3. სასამართლოს მიერ გამოყენებული დასკვნებით არ შეიძლება დადგინდეს ფაქტი იმის შესახებ, პირველი მოპასუხე კომპანიის ფუნქციონირება იწვევს თუ არა მოსარჩელეთა უფლებების მნიშვნელოვან დარღვევას. სამივე კვლევა ჩატარდა კანონის დარღვევით, კერძოდ, საცხოვრებელი ბინების აივნებზე. ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, აკუსტიკური ხმაურის ზემოაღნიშნული დასაშვები ნორმები დადგენილია სათავსის ნორმალური ფუნქციონირების პირობებისთვის, ანუ, როცა სათავსში დახურულია კარები და ფანჯრები (გამონაკლისია ჩაშენებული სავენტილაციო არხები), ჩართულია ვენტილაციის, კონდიცირების, ასევე განათების მოწყობილობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ამასთან, ფუნქციური (ფონური) ხმაური (მაგ., ჩართული მუსიკა, მომუშავეთა და ვიზიტორთა საუბარი) გათვალისწინებული არ არის. ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში ხმაურის გაზომვა უნდა ჩატარდეს სათავსში თანაბრად განლაგებულ არანაკლებ 3 წერტილში, კედლიდან მინიმუმ 1 მ-ისა და ფანჯრიდან მინიმუმ 1,5 მ-ის დაცილებით, იატაკიდან 1,2-1,5 მ-ის სიმაღლეზე. გაზომვისას ეს წესიც დარღვეული იქნა, ვინაიდან მოსარჩელეთა დაკვეთით გაზომვები ჩატარდა საცხოვრებელი სახლის აივანზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმაც დაადასტურა, რომ გაზომვა უნდა მომხდარიყო ბინაში, დახურული ფანჯრების მდგომარეობაში, მაგრამ მათ მიერ კვლევა ჩატარდა აივანზე იმის გამო, რომ ეს იყო დამკვეთის მითითება;
10.4. ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ხმაურის ცალკეული წყაროს გავლენის ხვედრითი წილის შეფასების მიზნით, ხმაურის დონის გაზომვა ხდება ცალკეული წყაროს თანმიმდევრული გამორთვისა და ჩართვის გზით. ამდენად, პირველი მოპასუხე კომპანიის საქმიანობით გამოწვეული ხმაურის ხვედრითი წილის განსაზღვრა უნდა მომხდარიყო ისე, რომ გაზომვის პერიოდში ჯერ გაჩერებულიყო სრულად კომპანიის საქმიანობა, ხოლო საქმიანობის დაწყების შემდეგ კიდევ გაზომილიყო ხმაურის დონე და ამით გამოთვლილიყო კომპანიის საქმიანობის ხვედრითი წილი, მით უმეტეს, როდესაც სასამართლომ დაადგინა, რომ აკრძალვას ექვემდებარება მხოლოდ სატვირთო ავტომობილების და მოტოციკლების მართვის სწავლება. ასევე უნდა დადგენილიყო, პირველი მოპასუხე კომპანიის რომელი კონკრეტული საქმიანობა იწვევს ხმაურის დონის ისეთ ცვლილებას, რომლის თმენაც მეზობლებს არ შეიძლება დაევალოთ, ეს არის სატვირთო ავტომობილების მუშაობა, მოტოციკლების თუ ორივესი ერთად. არც ერთ ექსპერტიზის დასკვნაში და არც ერთ კვლევაში არ არის გაზომილი, პირველი მოპასუხე კომპანიის კუთვნილი სატვირთო მანქანების მუშაობას რა გავლენა აქვს ხმაურზე, ასევე არ არის გამოკვლეული მოტოციკლების მუშაობისას ხმაურის დონის ცვლილება. სასამართლოს ასევე არ გამოუკვლევია, მოსარჩელეების უფლებების ხელყოფა მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ტერიტორიაზე ერთდროულად ხდება სატვირთო ავტომობილების და მოტოციკლების მართვის სწავლება თუ მათი ცალ-ცალკე არსებობაც საკმარისია ამისათვის. არსებობს იმის ალბათობა, რომ, მაგალითად, მოტოციკლების მუშაობისას წარმოშობილ ხმაურს დიდი ხვედრითი წილი არ გააჩნია ხმაურის წარმოქმნაში და ხმაურის დონის ეს ცვლილება არ შეიძლება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდეს მოსარჩელეთა უფლებებზე, მაშინ რატომ უნდა მოხდეს კომპანიისათვის ამ საქმიანობის აკრძალვა ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, იგივე შეიძლება ითქვას ცალკე სატვირთო ავტომანქანებზე;
10.5. სასამართლომ არ გაიზიარა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 28 ივნისის დასკვნა იმ საფუძვლით, რომ ექსპერტიზის ჩატარების ადგილს და ავტოსკოლას ჰყოფდა ბეტონის კედელი, რომელიც გარკვეულწილად ახშობს ავტოსკოლიდან მომდინარე ხმაურს, მაშინ როდესაც, ხმაურის გაზომვა სწორედ ისეთ ვითარებაში უნდა მოხდეს, როდესაც შენობაში დახურულია კარები და ფანჯრები;
10.6. კასატორებს აეკრძალათ სატვირთო ავტომობილებისა და მოტოციკლების მართვის სწავლების საქმიანობის განხორციელება 41962.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე. ამდენად, 41962 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის ნებისმიერ ნაწილზე განხორციელებული იგივე საქმიანობა იმდენად ზემოქმედებს მოსარჩელეების უფლებებზე, რომ მნიშვნელობა არ აქვს ეს საქმიანობა განხორციელებული იქნება მათ საცხოვრებელ კორპუსთან 15 მეტრის თუ 500 მეტრის დაშორებით. პირველი მოპასუხე კომპანია, წლებია, დინამო სტადიონის ტერიტორიაზე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, დამკვიდრებულია ამ ადგილზე და მოპოვებული აქვს პოპულარობა, რაშიც დიდი შრომა და ძალისხმევა იქნა ჩადებული. სასამართლომ კი საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, დაუსაბუთებლად აუკრძალა კომპანიას სამეწარმეო საქმიანობა 41962.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე იმ შემთხვევაშიც, თუ ის დაშორებული იქნება მოსარჩელეებს საკმაოდ დიდი მანძილითაც კი. მეორე და მესამე მოპასუხეებს კი აუკრძალა კუთვნილი ტერიტორიის, რომელიც საკმაოდ დიდი ფართობია, კონკრეტული საქმიანობისთვის გაქირავება, მაშინ, როდესაც ორივე კომპანიის შემოსავლის ძირითადი წყარო არის საკუთრების იჯარით გაცემა, ვინაიდან კულტურული და სპორტული ღონისძიებები იშვიათად იმართება, ხოლო კომპანიას გააჩნია დიდი ხარჯები თუნდაც მხოლოდ სტადიონის მოვლა-პატრონობისათვის;
10.7. სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რა ზემოქმედება ექნება მოპასუხეთა საქმიანობას მოსარჩელეების უფლებებზე, თუ ისინი გადაინაცვლებენ მოსარჩელეთა საცხოვრებელი ტერიტორიისაგან მოშორებით.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინებებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
15. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია – ქ. თბილისში, .......... №2-ში მდებარე (საკადასტრო კოდი №.........) ნაკვეთზე განთავსებული ავტოსკოლიდან მომდინარე ზემოქმედება ხელყოფს თუ არა მოსარჩელეთა უფლებას.
16. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია [19.1 მუხლი]. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლება უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლებაა. დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ერთი მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ხოლო, მეორე მხრივ – მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური და შეუზღუდავი უფლება. საკუთრებას დიდი სოციალური დატვირთვა აქვს. მესაკუთრე საზოგადოების ნაწილია და არა მხოლოდ უფლებამოსილია მიიღოს გარკვეული სიკეთეები საზოგადოებისაგან, არამედ ვალდებულიცაა, რომ თავისი საკუთრება საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიზნებისათვის გამოიყენოს. მესაკუთრემ უნდა გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ ის იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა. ამ ფონზე კანონმდებელი უფლებამოსილია, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების დაცვით, დაადგინოს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების შინაარსსა და ფარგლებს. საკუთრება არის კანონმდებლის მიერ დეფინირებადი უფლება. ამას მით უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, რაც უფრო დიდია საკუთრების ობიექტის სოციალური დატვირთვა, მისი ბუნებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის N2/1/370, 382, 390, 402, 405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6,8).
17. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 170.1 მუხლზე [მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას], რომლითაც განმტკიცებულია საკუთრების უფლების არსი და ნორმაში გადმოცემულია ის ელემენტები, რომელთა ერთობლიობაც ქმნის საკუთრების სოციალური უფლების შინაარსს. საკუთრების აბსოლუტური უფლების არსის გამოხატულებაა მესამე პირისათვის საკუთრების ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარდგენა, სწორედ ამგვარ ვითარებაში შეძლებს მესაკუთრე ნივთზე იმგვარი ბატონობის განხორციელებას, როგორც ეს ზემოაღნიშნულ ნორმაშია გადმოცემული. საკუთრების ინსტიტუტის არსის გარკვევას მეტი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს სამეზობლო სამართლებრივ ურთიერთობაში, როდესაც შეიძლება სახეზე გვქონდეს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეთა უფლებების კონკურენცია (იხ. სუსგ საქმე №ას-122-116-2014, 25 მაისი, 2015 წელი).
18. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით [სსკ-ის 172.2. მუხლი]. სსკ-ის 172.2 მუხლის საფუძველზე აღძრული ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით (იხ. სუსგ საქმე №ას-1250-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი; საქმე №ას-826-2021, 17 ნოემბერი, 2021 წელი). ამდენად, საკუთრების უფლების შინაარსი განისაზღვრება პოზიტიური და ნეგატიური უფლებამოსილებებით. 172.2 მუხლი განსაზღვრავს იმას, რაც საკუთრების უფლებიდან ისედაც გამომდინარეობს. ნორმა იცავს მესაკუთრის უფლებას, გამორიცხოს მესამე პირების მიერ ნივთზე ზემოქმედება. ხელშემშლელი არის პირი, რომელიც პირდაპირი ან არაპირდაპირი მოქმედებით, ან უკანონო უმოქმედობით გამოიწვევს საკუთრების ხელშეშლას ან ხელყოფას. ასევე, ხელშემშლელია იმ ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი პირი, რომლისგანაც მომდინარეობს საკუთრების ხელშეშლა. წინაპირობა ისაა, რომ პირს საკუთრების ხელშეშლა შეერაცხება. იგი პასუხისმგებელია, რადგან მას, როგორც მესაკუთრეს (ან მფლობელს), შეეძლო ხელშეშლის აღკვეთა. ხელშეშლაა, მაგალითად, იმ ქმედებების განხორციელებაც, რომელთა თმენის ვალდებულებაც მესაკუთრეს არა აქვს 175-ე მუხლის მიხედვით (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, მუხ. 147-315, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2018, გვ. 75, 84, 85).
19. მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება [სსკ-ის 174-ე მუხლი]. აღნიშნული ნორმა, რომელიც სამეზობლო თანაცხოვრებისას მესაკუთრეთა ინტერესების დაბალანსებას ეხება, კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გარდა, მეზობლებს ავალდებულებს, პატივი სცენ ერთმანეთს. ურთიერთპატივისცემა, უწინარესად, თითოეული მესაკუთრის მიერ ქონებით სარგებლობისას, საკუთარ ვალდებულებას ეხება, პატივი სცეს მეზობლის უფლებას, რაც შესაძლოა საკუთარი ქონებით სარგებლობის გარკვეულ შეზღუდვაშიც გამოიხატოს. საკუთრება, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, სოციალური მოვლენაა, რომელსაც დაცვა და მეზობელთა შორის ურთიერთობისას მოფრთხილება სჭირდება (იხ. სუსგ საქმე №ას-1046-1007-2016, 3 თებერვალი, 2017 წელი). ნორმის აღწერილობითი ნაწილი სამეზობლო ურთიერთპატივისცემის შემდეგი ელემენტების კლასიფიკაციას იძლევა: მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეები ვალდებული არიან: ა) დაიცვან კანონით დადგენილი წესი და აკრძალვები; ბ) პატივი სცენ ერთმანეთს. ჩამოთვლილთაგან პირველი ობიექტურ ფაქტორს წარმოადგენს და მის დარღვევად შეიძლება ყოველთვის მივიჩნიოთ მატერიალური კანონმდებლობით დადგენილი კონკრეტული აკრძალვები, რაც შეეხება მეორე ელემენტს, ის შეფასების საგანს წარმოადგენს და საქმის გარემოებების გათვალისწინებით იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება მსჯელობის საგნად იქცეს (იხ. სუსგ საქმე №ას-122-116-2014, 25 მაისი, 2015 წელი). სამეზობლო სამართლის ნორმები საკუთრების უფლების შემზღუდავი ნორმებია. ფართო გაგებით, სამეზობლო სამართლის ნორმები მოიცავს როგორც კერძოსამართლებრივ, ასევე საჯაროსამართლებრივ ნორმებს, მაგალითად, სამშენებლო და გარემოსდაცვით ნორმატიულ აქტებს (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, მუხ. 147-315, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2018, გვ. 92).
20. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია სამეზობლო ურთიერთობიდან გამომდინარე მეზობელი უძრავი ქონებიდან მომდინარე ზემოქმედების თმენის ვალდებულება. სსკ-ის 175-ე მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას [პირველი ნაწილი]. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა [მეორე ნაწილი]. თუ მესაკუთრე მოვალეა ითმინოს ასეთი ზემოქმედება, მას შეუძლია ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს [მესამე ნაწილი]. სსკ-ის 175-ე მუხლის თითოეული ნაწილი ადგენს საერთო სამეზობლო სივრცის გამო ბუნებრივი ემისიების თმენის ვალდებულებას, მათი ხასიათის, შეიძლება ითქვას, მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ხელყოფილი უფლების ხარისხის მიხედვით და მე-3 ნაწილი ფულად კომპენსაციასაც ითვალისწინებს თმენის ისეთი ვალდებულებისათვის, როდესაც ზემოქმედება აღემატება კონკრეტულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობასა და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს (იხ. სუსგ საქმე №ას-368-352-2016, 21 ოქტომბერი, 2016 წელი).
21. თმენის ვალდებულება არსებობს მაშინ, თუ მეზობელი ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედება ხელს არ უშლის მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში ან უმნიშვნელოდ ხელყოფს მის უფლებას (იხ. სუსგ საქმე №ას-1034-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი). მეზობელ ნაკვეთზე „ზემოქმედება“ ნიშნავს პოზიტიურად ზემოქმედებას, რომლის მგრძნობელობითი აღქმა და ფიზიკურად დადგენა შესაძლებელია. ნორმით განსაზღვრული ზემოქმედების სახეობების გარდა, აუცილებელი წინაპირობაა, რომ ისინი ხელს არ უშლიდნენ მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფდნენ მის უფლებას. თუ რამდენად არის ზემოქმედება მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო და სახეზეა თუ არა მესაკუთრის მიწის ნაკვეთით სარგებლობის ხელყოფა, განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად მისაღებია საშუალო ადამიანისათვის ფაქტობრივი ზემოქმედების სიძლიერე და ხანგრძლივობა, ასევე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ცხოვრებისეული ჩვეულებები (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, მუხ. 147-315, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2018, გვ. 94). ზოგადი წესით, ზემოქმედებანი ითვლება არაარსებითად, თუკი დაწესებული ფარგლები არ არის გადალახული ზემოქმედების შედეგად. ეს ფარგლები შესაძლოა იყოს ეკოლოგიური ან სხვა სახის სტანდარტები და დადგენილი იყოს ნორმატიულად. არსებითი დარღვევის დადგენისას შეფასება ხდება შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების ჩვეულებრივი მოსარგებლის - საშუალო გონიერი ადამიანის მასშტაბით (იხ. თ.ზარანდია, „სანივთო სამართალი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019, გვ. 269,270).
22. დადგენილია, რომ მხარეთა საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთები ერთმანეთის მეზობლად მდებარეობს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პირველ მოპასუხეს აეკრძალა ქ. თბილისში, .......... №2-ში მდებარე (საკადასტრო კოდი №.........) ნაკვეთზე სატვირთო მანქანების სასწავლო მოედნისა და მოტოციკლების სასწავლო მოედნის ფუნქციონირება, ხოლო მეორე და მესამე მოპასუხეებს აეკრძალათ ამავე ნაკვეთის მესამე პირებისათვის სარგებლობაში გადაცემა სატვირთო მანქანების სასწავლო მოედნისა და მოტოციკლების სასწავლო მოედნის მოწყობის მიზნით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს ხელი ეშლებოდათ მოპასუხეების საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთიდან გამომავალი ხმაურით, რაც სცილდებოდა სსკ-ის 175-ე მუხლით გათვალისწინებულ სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებას.
23. სარჩელის თანახმად, მეორე მოპასუხემ ეროვნული სტადიონის ავტოსადგომი სარგებლობაში გადასცა პირველ მოპასუხეს, რომელმაც ამ ტერიტორიაზე მოაწყო სატვირთო მანქანების, მოტოციკლებისა და მსუბუქი ავტომობილების სასწავლო მოედანი. ავტოსკოლა ფუნქციონირებს ყოველდღე, დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე, შაბათ-კვირის ჩათვლით. ტერიტორია უშუალოდ ემიჯნება მოსარჩელეთა კორპუსს. მოსარჩელეთა საცხოვრებელი ბინების ფანჯრებიდან სატვირთო მანქანების სასწავლო ზონა 15 მეტრით არის დაშორებული. მოსარჩელეებს აწუხებთ მათ ფანჯრებთან ჩართული ძრავით მიმდგარი სატვირთო მანქანებისა და მოტოციკლების გამონაბოლქვი და ხმაური. გამონაბოლქვისა და ხმაურის გამო დღის საათებში მოსარჩელეები ვერ აღებენ ფანჯრებს და ვერ სარგებლობენ აივნებით. მოსარჩელეები, რომლებსაც ჩვილი ბავშვები ჰყავთ, ვერ ახერხებენ მათ დაძინებას (იხ. ტ. 1. ს.ფ. 5). ამდენად, მოსარჩელეები უთითებენ, რომ ავტოსადგომზე განთავსებული სატვირთო მანქანებისა და მოტოციკლების სასწავლო მოედნების ფუნქციონირება არსებით ზემოქმედებას ახდენს მოსარჩელეების მიერ საკუთარი საცხოვრებელი ბინებით, მათ შორის, აივნებით სარგებლობაზე.
24. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით [საქართველოს კონსტიტუციის 29.1 მუხლი]. ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოს მოვალეობაა [„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 70.1 მუხლი]. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუცია ესწრაფვის ჯანსაღ გარემოზე უფლების მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბებას და მას ადამიანის ძირითად უფლებად განიხილავს. ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების დადგენით, საქართველოს კონსტიტუცია ადასტურებს და განამტკიცებს კონსტიტუციურ ღირებულებათა წესრიგში მდგრადი ეკოლოგიური განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს მიმართ ადგენს ორი სახის ვალდებულებას: 1) სახელმწიფო ვალდებულია, მისი აქტიური ქმედების ფარგლებში, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პროექტებისა თუ სხვა ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას, გაითვალისწინოს და მაქსიმალურად შეამციროს საქმიანობის შედეგად გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება (ნეგატიური ვალდებულება); 2) სახელმწიფომ გარემო უნდა დაიცვას კერძო პირების მიერ დაზიანებისაგან (პოზიტიური ვალდებულება) (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება №2/1 /524 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2,6).
25. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს №398 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ დადგენილია აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიაზე, ხმაურის არახელსაყრელი ზემოქმედებისაგან ადამიანების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
26. ტექნიკური რეგლამენტის 3.2 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები (ბგერის დონეები) განსაზღვრულია №1 დანართით. აღნიშნული დანართის თანახმად, ტერიტორიებზე, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს (სართულების რაოდენობა >6), კულტურულ, საგანმანათლებლო, ადმინისტრაციულ და სამეცნიერო დაწესებულებებს, ხმაურის დასაშვები ნორმები განსაზღვრულია შემდეგი სახით: 55 დეციბელი (დღე); 50 დეციბელი (საღამო); 45 დეციბელი (ღამე) (შპს „ე-ს–ის“ ხმაურის გაზომვის ანგარიშის თანახმად, საცხოვრებელი კორპუსი 7-სართულიანია, ტ. 1. ს.ფ. 36).
27. მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, საკვლევ წერტილში ხმაურის დონე დღის განმავლობაში 58,4 dBA-ს, ხოლო ღამის განმავლობაში 46,1 dBA-ს შეადგენს. 1 საათის მაქსიმალური ხმაურის დონე დაფიქსირდა 15.05.2021-ში, 12:00-13:00 პერიოდში და შეადგინა 61,9 dB. ხმაურის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 12:04:23 სთ-ზე და შეადგინა 87,9 dBA. დილის 9-დან საღამოს 19 საათამდე პერიოდში ხმაურის საშუალო დონემ შეადგინა 60,9 dBA, რაც აღემატება საქართველოს კანონმდებლობით დასაშვებ ნორმას. ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით დგინდება, რომ ხმაურის დონე დღის პერიოდისათვის შეადგენს 58,4 dBA-ს. არსებული ხმაურის დონე დღის მონაკვეთისათვის აჭარბებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ხმაურის დასაშვებ ნორმებს (იხ. შპს „ე-ს–ის“ 2021 წლის მაისის თვის ხმაურის გაზომვის ანგარიში, წინამდებარე განჩინების 2.9 ქვეპუნქტი). საკვლევ წერტილში ხმაურის დონე ავტოპარკის მუშაობის დაწყებამდე შეადგენდა 56,3 dBA-ს, ხოლო ავტოპარკის მუშაობის დროს - ნახევარი დატვირთვის შემთხვევაში 59 dBA-ს, სრული დატვირთვის შემთხვევაში - 60,6 dBA-ს. სამივე შემთხვევაში ხმაურის დონეები სცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დღის ნორმას. ხმაურმზომი, ავტოპარკის მუშაობის დაწყებამდე, მონაცემებს იღებდა 5 წუთის განმავლობაში. გაზომვის დროს დაფიქსირებული განსხვავება, ავტოპარკის მუშაობის დაწყებამდე და მუშაობის დროს (მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში), შეადგენს 4,3 dB-ს, რაც ხმაურის ენერგეტიკული კორელაციით შეადგენს ხმაურის დონის ორნახევარჯერ მომატებას. აღნიშნულ მატებაში მაიაკოვსკის ქუჩაზე არსებულ საავტომობილო მოძრაობას არ შეიძლება მიენიჭოს მნიშვნელოვანი წილი, რადგან 30-წუთიან ინტერვალში ავტომობილების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, ვიზუალური დაკვირვების შედეგად, არ იყო შესამჩნევი (იხ. შპს „ე-ს–ის“ 2021 წლის დეკემბრის თვის ხმაურის გაზომვის ანგარიში, წინამდებარე განჩინების 2.10 ქვეპუნქტი). ქ. თბილისში, ......... ქუჩაზე მდებარე ავტოსკოლის ტერიტორიაზე, სატვირთო მისაბმელიანი ავტომობილის კორპუსთან უახლოეს ადგილთან გადაადგილების პერიოდში, ქ. თბილისში, .......... ქუჩა №1-ელში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინა №20-ის აივანთან მიმართებაში ხმაურის დონე იცვლებოდა 61 დბ-დან 64 დბ-მდე, ხოლო აღნიშნული სატვირთო მისაბმელიანი ავტომობილის გაჩერებისას, .......... ქუჩაზე მოძრავი ავტომობილების ხმაურის დონე აღნიშნულ აივანთან მიმართებაში იცვლებოდა 54 დეციბელიდან 58 დეციბელამდე. დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ ხმაურის დონე შემოწმებული იქნა 2022 წლის 14 თებერვალს 11:10 სთ-დან 11:30 სთ-მდე პერიოდში. გაზომვების პერიოდში ......... ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ სხვადასხვა სახის ავტომობილები. შესაბამისად, გაზომვა ჩატარდა აღნიშნული ავტომობილების გადაადგილების პერიოდში (იხ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 16 თებერვლის დასკვნა, წინამდებარე განჩინების 2.11 ქვეპუნქტი).
28. ამდენად, მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან ნათელია, რომ ავტოსკოლის ფუნქციონირებიდან (მათ შორის, მოტოციკლების სასწავლო მოედნის ფუნქციონირებიდან) მომდინარე ხმაურის დონე აჭარბებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ხმაურის დასაშვებ ნორმებს. გამომდინარე აქედან, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ თბილისში, ........ №2-ში მდებარე (საკადასტრო კოდი №.........) ნაკვეთზე განთავსებული ავტოსკოლის ფუნქციონირებიდან გამომდინარე ზემოქმედება არსებითია და, ამავდროულად, ასეთი ზემოქმედება არ არის გამოწვეული უძრავი ქონების ჩვეულებრივი სარგებლობით. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ს/კ №............ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ავტოსადგომის ნაცვლად სატვირთო მანქანებისა და მოტოციკლების სასწავლო მოედნების ფუნქციონირება ვერ ჩაითვლება ამ ნაკვეთით ჩვეულებრივ სარგებლობად.
29. კასატორები პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ ზემოაღნიშნული სამივე კვლევა ჩატარდა კანონის დარღვევით, კერძოდ, საცხოვრებელი ბინების აივნებზე. კასატორები უთითებენ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართის შენიშვნაზე (2), რომლის თანახმად, აკუსტიკური ხმაურის ზემოაღნიშნული დასაშვები ნორმები დადგენილია სათავსის ნორმალური ფუნქციონირების პირობებისთვის, ანუ, როცა სათავსში დახურულია კარები და ფანჯრები (გამონაკლისია ჩაშენებული სავენტილაციო არხები), ჩართულია ვენტილაციის, კონდიცირების, ასევე განათების მოწყობილობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ამასთან, ფუნქციური (ფონური) ხმაური (მაგ., ჩართული მუსიკა, მომუშავეთა და ვიზიტორთა საუბარი) გათვალისწინებული არ არის.
30. ზემოაღნიშნულის პასუხად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებითი ზემოქმედების განსასაზღვრად გათვალისწინებული იქნა აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები, რომლებიც დადგენილია ტერიტორიებისთვის, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს (სართულების რაოდენობა >6), კულტურულ, საგანმანათლებლო, ადმინისტრაციულ და სამეცნიერო დაწესებულებებს (55-50-45 დეციბელი) და არა ხმაურის დასაშვები ნორმები, რომლებიც განსაზღვრულია საცხოვრებელი და საძილე სათავსებისთვის (35-30 დეციბელი) და, რომლის დადგენა ხორციელდება სწორედ სათავში დახურული კარებისა და ფანჯრების პირობებში. გამომდინარე აქედან, კასატორთა პრეტენზია უსაფუძვლოა.
31. საკასაციო საჩივრების ფარგლებში, კასატორები ასევე უთითებენ, რომ მათ აეკრძალათ სატვირთო ავტომობილებისა და მოტოციკლების მართვის სწავლების საქმიანობის განხორციელება 41962.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე. კერძოდ, სასამართლომ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, დაუსაბუთებლად აუკრძალა პირველ მოპასუხე კომპანიას სამეწარმეო საქმიანობა 41962.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე იმ შემთხვევაშიც, თუ ის დაშორებული იქნება მოსარჩელეებს საკმაოდ დიდი მანძილითაც კი. მეორე და მესამე მოპასუხეებს კი აუკრძალა კუთვნილი ტერიტორიის, რომელიც საკმაოდ დიდი ფართობია, კონკრეტული საქმიანობისთვის გაქირავება, მაშინ, როდესაც ორივე კომპანიის შემოსავლის ძირითადი წყარო არის საკუთრების იჯარით გაცემა, ვინაიდან კულტურული და სპორტული ღონისძიებები იშვიათად იმართება, ხოლო კომპანიას გააჩნია დიდი ხარჯები თუნდაც მხოლოდ სტადიონის მოვლა-პატრონობისათვის. სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რა ზემოქმედება ექნება მოპასუხეთა საქმიანობას მოსარჩელეების უფლებებზე, თუ ისინი გადაინაცვლებენ მოსარჩელეთა საცხოვრებელი ტერიტორიისაგან მოშორებით.
32. ზემოაღნიშნულ პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო პალატა უპირველესად ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ მეორე და მესამე მოპასუხეებს ანუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას წარმოდგენილი აქვთ არაკვალიფიციური, ფორმალური შესაგებელი. პირველ მოპასუხე კომპანიას კი მსგავსი სახის შედავება არ დაუფიქსირებია მის მიერ წარდგენილ შესაგებელში.
33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიც არის შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი, ასევე, დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპის ერთგვარი გამოხატულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე არის დამოკიდებული, რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-108-2021, 22 აპრილი, 2021 წელი). შესაგებელი მოპასუხის უფლების დაცვის უმთავრესი ინსტრუმენტია, რომლის ჯეროვნად გამოყენება განაპირობებს საქმის საბოლოო შედეგს. უმრავლეს შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია საქმეში გამართული, არგუმენტირებული შესაგებლის არსებობა და საამისოდ შეგებებული სარჩელის აღძვრა არც არის საჭირო. შესაგებლის წარდგენის ვალდებულება მხარის მიერ დაძლეულად ვერ განიხილება, თუ იგი კვალიფიციურად, ამომწურავად და დასაბუთებულად არ ედავება მოსარჩელე მხარეს მის მიერ მოთხოვნის დასაფუძნებლად სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, აბსტრაქტული შესაგებელი, ფორმალური თვალსაზრისით, შესაძლოა, იყოს კიდეც წარდგენილი სასამართლოსათვის სწორ საპროცესო დროს, მაგრამ თუ მას არ შესწევს უნარი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც აფუძნებს სარჩელს, ამგვარი შესაგებლის პროცესუალური მნიშვნელობა უკიდურესად დაბალია და შემოიფარგლება უფლების დაცვის მხოლოდ იმ მასშტაბით, რომ აკავებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. არასათანადო შესაგებელი აფერხებს მოპასუხის უფლებას სასარჩელო ფაქტებზე მოგვიანებით შედავებისა და მტკიცებულებების მოგვიანებით წარდგენის შესაძლებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ საქმე №ას-64-2022, 24 თებერვალი, 2023 წელი). სასამართლო არ გაითვალისწინებს ახალ გარემოებებს, არ მიიღებს არავითარ მტკიცებულებებს, ანგარიშს არ გაუწევს ახალ მოსაზრებებს, თუ საპატიო მიზეზის გარეშე არ იყო წარდგენილი თავის დროზე, ესე იგი განსახილველი საქმის მომზადების სტადიაზე. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპატიო მიზეზით მხარემ ვერ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას (იხ. სუსგ საქმე №ას-1034-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი) [სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები [სსსკ-ის 4.1. მუხლი]. სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს [სსსკ-ის 178.1. მუხლის „ე“ ქვეპუნქტი]. მოპასუხის წერილობით პასუხში მითითებული უნდა იყოს, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ [სსსკ-ის 201.2. მუხლის „დ“ ქვეპუნქტი]. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს [სსსკ-ის 201.4 მუხლი]. მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული [სსსკ-ის 219.1. მუხლი]]. საკასაციო პალატის განმარტებით, საკასაციო სასამართლო მსჯელობს საპროცესო წესების დაცვით მოპოვებული მტკიცებულებებისა და მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების შეფასების კანონიერებაზე იმგვარად, რომ თავად ვერც ახალ ფაქტებს დაადგენს და ვერც ახალ განმარტებებს მიიღებს მხარეებისგან [სსსკ-ის 407.1. მუხლი: საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-640-2020, 28 დეკემბერი, 2020 წელი).
34. ზემოაღნიშნულ პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო ასევე დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის ზეპირ სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენლების განმარტებაზე, რომ ავტოსადგომის გარდა, ს/კ №........... მიწის ნაკვეთზე არსებულ სხვა ტერიტორიაზე სატვირთო მანქანების სასწავლო მოედნის გადატანა ფიზიკურად შეუძლებელია, რაც გარკვეულწილად საფუძველს აცლის 41962 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვის შესახებ მოპასუხეთა შედავებას და მას არარელევანტურს ხდის.
35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია [26.4 მუხლი]. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მეწარმეობის თავისუფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლინებას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველს. აღნიშნული ვალდებულებებით სახელმწიფო მხარს უჭერს თავისუფალი ეკონომიკის პრინციპს, რომელშიც არა მარტო მეწარმეობის ასპარეზია თავისუფალი ნებისმიერი ქმედუნარიანი სუბიექტისათვის, არამედ თავად მეწარმეობაა თავისუფალი. მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის დროსაა შესაძლებელი, მეწარმე სუბიექტი გახდეს კომერციული ურთიერთობის სრულფასოვანი თანამონაწილე და შეძლოს თავისი საქმიანი უნარ-ჩვევების სრულყოფილი გამოვლინება. კონსტიტუციის დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ყველას აქვს უფლება, თავისუფლად შეარჩიოს სამეწარმეო საქმიანობის ესა თუ ის სახე და თავისუფლად და დაუბრკოლებლად განახორციელოს იგი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს "რუსენერგოსერვისი", შპს "პატარა კახი", სს "გორგოტა", გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო "ფერმერი" და შპს "ენერგია" საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-2). ამასთან, სახელმწიფოს განვითარება, ეკონომიკური და ტექნოლოგიური პროგრესი, ხშირ შემთხვევაში, თავისთავად იწვევს გარემოზე მავნე ზემოქმედების ზრდას. ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფო ხელისუფლების უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, შესაბამისად, სახელმწიფოს ხშირად უწევს ეკონომიკური და ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინება და დაბალანსება. ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ეკოლოგიის დაცვა შესაძლებელია ხშირად მოვიდეს კოლიზიაში სამეწარმეო თავისუფლების რეგულირების სფეროსთან. იმის გარკვევა, სახელმწიფოს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიზნით, რა მოცულობით შეუძლია დაუშვას გარემოზე ზემოქმედება, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების ძირითადი უფლების პრაქტიკული რეალიზების ერთ-ერთ ურთულეს სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს, რომელზეც ზოგადი და უნივერსალური მიდგომის ჩამოყალიბება შეუძლებელია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინტერესთა ურთიერთშეპირისპირების გზით უნდა გაირკვეს, ამა თუ იმ ფორმით გარემოზე ზემოქმედება წარმოადგენს თუ არა ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების დარღვევას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება №2/1 /524 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, კონვენციის მე-8 მუხლი არ ირღვევა გარემოს დაბინძურების ნებისმიერი შემთხვევის დადგომისას. კონვენციით არ არის განსაზღვრული უფლება სუფთა და მშვიდ გარემოზე, თუმცა, როდესაც პირს პირდაპირ და მნიშვნელოვნად ზიანი ადგება ხმაურით ან სხვა დაბინძურებით, საკითხი განიხილება კონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში (იხ. Hatton and Others v. the United Kingdom [GC], no. 36022/97, § 96, ECHR 2003-VIII;Kyrtatos v. Greece, no. 41666/98, § 52, ECHR 2003-VI; და Fadeyeva v. Russia, no. 55723/00, § 68, ECHR 2005-IV). თუმცა, იმისთვის, რომ საკითხი მოექცეს კონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში, გარემოს დაბინძურების უარყოფითმა ზემოქმედებამ უნდა მიაღწიოს გარკვეულ მინიმალურ ზღვარს (იხ. სხვა წყაროებს შორის López Ostra v. Spain, 1994 წლის 9 დეკემბერი, § 51, Series A no. 303-C). ამ მინიმალური ზღვრის შეფასება შედარებითია და დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, როგორიცაა უსიამოვნო ფაქტორების ინტენსივობა და ხანგრძლივობა და მისი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეგავლენა. თუ მიყენებული ზიანი ყველა თანამედროვე ქალაქში ცხოვრებასთან დაკავშირებულ გარემოს საფრთხესთან მიმართებით უმნიშვნელოა, მაშინ საჩივარი არ განიხილება მე-8 მუხლის ფარგლებში (იხ. Dzemyuk v. Ukraine , no. 42488/02, § 78, 2014 წლის 4 სექტემბერი). აღნიშნულისგან განსხვავებით, გარემოს სერიოზულმა დაბინძურებამ შესაძლოა ავნოს ადამიანების კეთილდღეობას და არ მისცეს მათ საშუალება ისარგებლონ საკუთარი საცხოვრებლით იმდენად, რომ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს მათ პირად და ოჯახურ ცხოვრებაზე - მათი ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენების გარეშე (იხ. ზემოთ მითითებული López Ostra, § 51, და Tătar v. Romania, no. 67021/01, § 85, 2009 წლის 27 იანვარი) (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი № 38342/05), §62).
36. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეთა საკუთრების უფლებასა და სამეწარმეო საქმიანობაში ჩარევა განხორციელდა იმ ფარგლებში და იმდენად, რაც აუცილებელი იყო მოპასუხეთა უძრავი ქონებიდან გამომდინარე არსებითი ზემოქმედების აღსაკვეთად. ამასთან, სატვირთო მანქანებისა და მოტოციკლების სასწავლო მოედნების ფუნქციონირების აკრძალვა ხელს არ უშლის მოპასუხეებს განახორციელონ მსუბუქი ავტომანქანების მართვის პრაქტიკული სწავლება ავტოსადგომზე. შესაბამისად, წარმოდგენილი ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილებით დაცულია გონივრული ბალანსი მხარეთა შეპირისპირებულ უფლებებსა და ინტერესებს შორის.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
38. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ა.დ–ი A-D“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „დ.ა–ასა“ და სს „ბ.პ.ს.ე.ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
3. კასატორს შპს „ა.დ–ი A-D“-ს (ს/კ: ..........) დაუბრუნდეს თ.ხ–ძის მიერ (პ/ნ: .........) 2024 წლის 28 თებერვალს №8238 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. კასატორებს შპს „დ.ა–ასა“ (ს/კ: .........) და სს „ბ. პ. ს. ე.ს–ს“ (ს/კ: .........) დაუბრუნდეთ ნ. გ–ძის მიერ (პ/ნ: ..........) 2024 წლის 28 თებერვალს №20758829088 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე