გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 05.03.2026
საქმის ნომერი
ას-473-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.03.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-473-2025 5 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ნ.გ–ძე, ნ.ჩ–ი, ქ.ქ–ძე, ე.ე–ძე, ტ.ზ–ია, გ.ე–ა, კ.ფ–ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.პ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ნ.გ–ძის, ნ.ჩ–ის, ქ.ქ–ძის, ე.ე–ძის, ტ.ზ–იას, გ.ე–ას, კ.ფ–ის (შემდეგში: მოსარჩელეები ან აპელანტები ან კასატორები) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი მოპასუხისათვის 600 000 ლარის დაკისრების შესახებ, უარყოფილია.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3. გ.ე–ასა და შპს ,,ჯ.პ–ს’’ (შემდეგში - მოპასუხე) შორის 2018წ. ივნისში მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რათა მოსარჩელეს უზრუნველეყო მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გარე ფასადის სამხატვრო-სამღებრო სამუშაოების შესრულება. „ესკიზის“ საბოლოო სახე, განხორციელებული პროექტის ეტაპებთან და ხარჯთაღრიცხვასთან ერთად, გადაეგზავნა მოპასუხის წარმომადგენლს იმავე წლის ივლისში, თუმცა, მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა;

4. მოპასუხემ სხვა კომპანიის მეშვეობით უზრუნველყო თავისი შენობის გარე ფასადის სამხატვრო-სამღებრო სამუშაოების შესრულება;

5. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხისათვის კომპენსაციის სახით 600 000 ლარის დაკისრება. მოსარჩელეებმა განმარტეს, მოპასუხემ შენობის გარე ფასადის სამხატვრო-სამღებრო სამუშაოები მოსარჩელეთა მიერ დამზადებული და გადაგზავნილი „ესკიზის“ შესაბამისად შეასრულა, კერძოდ, რიგ შემთხვევებში, გამოყენებულია იდენტური ვიზუალი, რიგ შემთხვევაში - სამხატვრო-სამღებრო სამუშაოები ძალიან მიმსგავსებულია. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, 28.02.2022წ. სპეციალისტის თანდასწრებით დათვალიერდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის გარე ფასადი, შედგა დათვალიერების ოქმი, გადაღებულია ფოტოსურათები. 17.07.2022წ. სპეციალისტ გ.თ–ის მიერ გაცემულია დასკვნა/შეფასება მოპასუხის საკუთრებაში არსებული გარეფასადის იდენტურობაზე ესკიზთან მიმართებით.

6. მოპასუხემ მოთხოვნა უარყო. აღნიშნა, რომ სადავო „ესკიზი“ არ წარმოადგენს ინტელექტუალურ ნამუშევარს, რამეთუ გამოყენებული ფოტოსურათები Google-ის საძიებო სისტემიდანაა ამოღებული და მოსარჩელეები ვერ იქნებიან ხსენებული „ესკიზის“ ავტორები. სადავო „ესკიზი“ მხოლოდ ფოტომონტაჟია.

7. სააპელაციო პალატამ იმსჯელა საკითხზე მოპასუხის კუთვნილი შენობა-ნაგებობის გარე ფასადების სამხატვრო-სამღებრო სამუშაოები შესრულებულია თუ არა მოსარჩელეთა მიერ შექმნილი და წარდგენილი „ესკიზის“ საფუძველზე. ასევე, სადავო „ესკიზი“ დაცულია თუ არა მოსარჩელეთა საავტორო უფლებით.

8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიცავს მხარეთა კომუნიკაციის ამსახველ მიმოწერებს, რომლითაც ირკვევა, რომ მოსარჩელე გ.ე–ამ მოპასუხის წარმომადგენელს რამდენიმე ე.წ. „ფაილი“ გაუგზავნა „ჯინო მოხატვის გეგმის“ სახელწოდებით, თუმცა, კონკრეტულად რა შინაარსის მასალა გაიგზავნა, ამის დადგენა ფაქტობრივად შეუძლებელია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მოპასუხის მიერ კუთვნილ შენობა-ნაგებობაზე სამხატვრო-სამღებრო სამუშაოების შესრულებისას გამოყენებულია მოსარჩელე გ.ე–ას მიერ გადაგზავნილი „ესკიზი“.

9. მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილია დასკვნა, რომლის მიხედვით ირკვევა შემდეგი: ,,1. თითოეული ფასადის მოხატულობა ზუსტად შეესაბამება ესკიზის ავტორის მიერ კონკრეტული ფასადის გაფორმების მხატვრულ გადაწყვეტას’’; ,,2. თითოეული ფასადის მოხატულობაში თემატიკა და სტილისტიკა შეესაბამება ესკიზს’’; ,,3. თითოეულ ფასადზე ობიექტებისა და მათი დეტალების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ესკიზიდან არის კოპირებული’’; ,,4. თითოეულ ფასადზე კოპირებულია ობიექტების კონკრეტული მოხაზულობა, ხშირ შემთხვევაში გამოტოვებულია მათი შემავსებელი დეტალები, მცირედი შტრიხები’’; ,,5. მოხატულობის ხარისხი არის დაბალი და წარმოადგენს ესკიზში არსებული გამოსახულების გამარტივებულ ვარიანტს’’. საბოლოო დასკვნის სახით, მითითებულია, ზემოთ მოცემული შეფასებიდან გამომდინარე, შენობის ფასადზე შესრულებული ნამუშევარი წარმოადგენს ესკიზის დამახინჯებულ/გამარტივებულ ასლს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ დასკვნით შედარებულია ესკიზისა და რეალურად შესრულებული სამუშაოების მსგავსება, თუმცა ვერ დგინდება, რომ ესკიზი სამუშაოების შესრულებამდეა გადაგზავნილი მოპასუხისთვის და რომ იგი შექმნილია მოსარჩელეთა მიერ.

10. საქმეზე დაკითხული იქნა მოწმეები და მოსმენილი იქნა სპეციალისტები. სპეციალისტ გ.თ–ის განმარტებით, მისი შეფასების საგანი იყო ნამუშევრის იდენტურობა და რომ შესრულებულ ნამუშევრებს შორის არსებობს მრავალი მსგავსება. მოწმის სახით გამოიკითხა ა.დ–ი, რომელმაც ისაუბრა ესკიზის და შესრულებული მხატვრობის იდენტურობაზე. მოწმე ნ.ბ–ამ განმარტა, რომ მან ჩაატარა გარკვეული სამუშაოები, მაგალითად, აზომვითი სამუშაო, ესკიზის დამუშავება და ა.შ. ასევე განმარტა რა დრო დასჭირდა და რამდენმა პირმა შეასრულა სამუშაო და სხვ. მოწმის სახით ასევე გამოიკითხა რ.ჯ–ია, რომელმაც დაადასტურა, რომ ორგანიზაცია ეძებდა ახალგაზრდა მხატვრებს სამუშაოს შესასრულებლად. ასევე დაადასტურა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობდა გ.ე–ასთან. მან ასევე მიუთითა, რომ გ.ე–ამ წარმოადგინა ის ესკიზი, რომლითაც ახლა არის მოხატული მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების ფასადი.

11. ზემოდასახელებული მტკიცებულებების შეფასებისას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებაზე, მათ შორის, მოწმე რ.ჯ–იას ჩვენებაზე დაყრდნობით ვერ დადასტურდება რომ მოპასუხემ სამხატვრო-სამღებრო სამუშაოები შეასრულა გ.ე–ას მიერ გადაგზავნილი ესკიზის საფუძველზე. ვერც გ.თ–ის, ა.დ–ის და ნ.ბ–ას ჩვენებებით ვერ დგინდება არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მხოლოდ მოწმე რ.ჯ–იას განმარტება, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დასახელებული პირი აღარ მუშაობს მოპასუხე კომპანიაში და თავად აქვს დაძაბული ურთიერთობა ყოფილ დამსაქმებელთან, ვერ განიხილება სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის საკმარის მტკიცებულებად.

12. სააპელაციო პალატამ აგრეთვე იმსჯელა, წარმოადგენს თუ არა სადავო ექსკიზი საავტორო უფლებით დაცულ ობიექტს, აღნიშნა, სადავო ესკიზს უნდა გააჩნდეს გარკვეული შემოქმედებითი დონე, მასალის შერჩევისა და განლაგების მიხედვით ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს უნდა წარმოადგენდეს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, არ ვლინდება.

13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, მოსარჩელემ მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

14. კასატორები აღნიშნავენ, რომ მოსარჩელეთა მიერ შექმნილი ესკიზის შესაბამისად შესრულდა სამხატვრო-სამღებრო სამუშაოები მოპასუხის საკუთრებაში არსებული შენობის გარე ფასადებზე, რომელი ფაქტობრივი გარემოებაც, არასწორად არ იქნა დადგენილი გასაჩივრებული განჩინებით. ესკიზი, რომელიც გამოყენებული იქნა შენობის გარე ფასადების მოსახატად, მიუხედავად იმისა, რომ მასში მოცემულია სხვადასხვა სახის სიმბოლოები რომელიც ხელმისაწვდომია საჯარო სივრცეში, მათი განლაგების და ერთობლიობაში მოყვანილობის შესაბამისად წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს. არაერთი მტკიცებულებით დასტურდებოდა, რომ სწორედ მოსარჩელეთა მიერ მოპასუხისათვის გადაცემული ესკიზითაა მოხატული შენობის გარე ფასადები. პირმა, რომელმაც უშუალოდ მოხატა შენობის გარე ფასადი (ნ.ბ–ა) სასამართლოში დაადასტურა, რომ სწორედ სადავო ესკიზით აწარმოა მოხატვის სამუშაოები. მოპასუხე კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ყოფილი უფროსი - რ.ჯ–ია, სასამართლოში განმარტავდა, რომ სასამართლოში წარმოდგენილი ესკიზის ელექტრონული ვერსია გაუგზავნა მას მოსარჩელე გ.ე–ამ ელ.ფოსტიდან მის სამსახურებრივ ელ.ფოსტაზე და სწორედ აღნიშნული ესკიზი გადასცა ხელმძღვანელობას.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2025 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

16. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

18. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.

19. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, საავტორო უფლების დარღვევისათვის კომპენსაციის დაკისრება, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში- სპეციალური კანონის) მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის („ავტორი” – ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები), მე-5.1 (საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა), 5.2 (საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებზე, რომლიც არსებობს ობიექტური ფორმით, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოცემა ან საჯარო გაცნობა), მე-6 მუხლის „ლ“ პუნქტის (ხელოვნების ნაწარმოებია გადამუშავებული ნაწარმოები, კერძოდ, თარგმანი, მხატვრული ნაწარმოების პწკარედი, ადაპტაცია, ეკრანიზაცია, მიმოხილვა, ინსცენირება, კომპილაცია, მუსიკალური არანჟირება და მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა სხვაგვარი გადამუშავება), მე-6 მუხლის „მ“ პუნქტის (ხელოვნების ნაწარმოებია შედგენილი ნაწარმოები, კერძოდ, კრებული, ენციკლოპედია, ანთოლოგია, მონაცემთა ბაზა და სხვა ნაწარმოები, რომელიც მასალის შერჩევისა და განლაგების მიხედვით ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს), 9.1 და 9.2 პუნქტების (საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა.საავტორო უფლების წარმოშობისა და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა), 12.1 (შედგენილი ნაწარმოების ავტორს (შემდგენელს) ეკუთვნის საავტორო უფლება მასალის შერჩევასა და განლაგებაზე, რაც მისი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს), 13.1 და 13.2 მუხლის (გადამუშავებული ნაწარმოების ავტორს ეკუთვნის საავტორო უფლება მის მიერ განხორციელებულ გადამუშავებაზე. გადამუშავებული ნაწარმოების ავტორმა უნდა დაიცვას ამ ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლება), 16.1. და 16.7 (ქონებრივი უფლებები დასაქმებულის ან შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ ნაწარმოებზე, რომელიც დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებასთან (სამსახურებრივი ნაწარმოები), ეკუთვნის შესაბამისად დამსაქმებელს ან შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებულაი; სამსახურებრივი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისას საავტორო გასამრჯელოს (ჰონორარის) ოდენობა და გადახდის წესი შეიძლება განისაზღვროს ავტორსა და დამსაქმებელს შორის ხელშეკრულებით); 18.1 (ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება), მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ პუნქტის (ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების გადამუშავება (გადამუშავების უფლება), 58.1 (ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას), 58-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტის (ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება), 59-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტის (საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით), 58.8 (...უფლების მფლობელი უფლებამოსილია დაიწყოს დავა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მოითხოვოს ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა, რომელიც არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები) მუხლებიდან გამომდინარეობს.

20. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს წინამდებარე საქმეში წარმოდგენილ მხარეთა პოზიციებზე, რომელიც მითითებულია სარჩელსა და შესაგებელში, კერძოდ: მოსარჩელეებმა მოთხოვნა მოპასუხისათვის 600 000 ლარის დაკისრების შესახებ იმ ფაქტობრივ გარემოებას დააფუძნეს, რომ მხარეთა შორის წარმოებდა მოლაპარაკება მოპასუხის კუთვნილი შენობის კედლის გარე ფასადების მოხატვა/შეღებვაზე. მოსარჩელეთაგან საკონტაქტო პირს გ.ე–ა წარმოადგენდა (წინამდებარე დავაში ერთ-ერთი მოსარჩელე), მოპასუხის მხარეზე კი - რ.ჯ–ია. მათ შორის კომუნიკაცია სატელეფონო საუბრის, სოციალური ქსელსა და ელექტრონულ ფოსტაზე მიმოწერის მეშვეობით მიმდინარეობდა. მოსარჩელეებმა ორი თვე მოანდომეს ესკიზის შექმნას, ამ ხნის მანძილზე მასში არაერთი ცვლილება განხორციელდა და საბოლოოდ დამზადებული ესკიზი, პროექტის ეტაპებთან და ხარჯთაღრიცხვასთან ერთად გადაეგზავნა მოპასუხის წარმომადგენლებს: დ.ბ–ას და რ.ჯ–იას. მოსარჩელეებს დაუკავშირდა მოპასუხის წარმომადგენელი - რ. ჯიქია, რომელმაც შეატყობინა, რომ მოპასუხე კომპანიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გამო, იმ მომენტისთვის, მიზანშეწონილი არ იყო პროექტის განხორციელება და მოითხოვა სამხატვრო სამღებრო სამუშაოების დაწყების დროებით გადადება. 2019წ. მაისში მოპასუხის წარმომადგენელი დაუკავშირდა ერთ-ერთ მოსარჩელე გ.ე–ას თუმცა, მხარეთა შორის შეთანხება ვერ შედგა, თითქოს ესკიზის ნაკლოვან მხარეებზე მითითებით. მოგვიანებით, მოსარჩელეებმა თავად აღმოაჩინეს მოპასუხის კუთვნილი შენობის კედლის გარე ფასადების განახლებული იერსახე, რომელზეც სამხატვრო-სამღებრო სამუშაოები მოსარჩელეთა მიერ დამზადებული და გადაგზავნილი ესკიზის მიხედვითაა შესრულებული. მითითებულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები დავობენ მოპასუხის მხრიდან მათი საავტორო უფლების შელახვაზე.

21. მოპასუხე მოსარჩელთა მოთხოვნას საავტორო უფლების არარსებობაზე შედავებას უპირისპირებს. აღნიშნავს, რომ კუთვნილი შენობის კედლის გარე ფასადები მოიხატა-შეიღება, თუმცა, არა მოსარჩელეთა მიერ სადავოდ ქცეული ესკიზით, არამედ მოპასუხემ თავად მოიძია ინტერნეტში ფოტოსურათები და იდეაც მისია.

22. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში, საკასაციო პალატისთვის საყურადღებოა, რომ მხარეთა შორის მოლაპარაკების წარმოებას მოპასუხის კუთვნილი შენობის კედლის გარე ფასადების სამხატვრო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმებაზე მოპასუხე სადავოდ არ ხდის, თუმცა მიუთითებს, რომ კომუნიკაცია ჰქონდა გ.ე–ასთან და დანარჩენი მოსარჩელეებზე საუბარი არ ყოფილა. რაც შეეხება ფაილის გადაცემას (რომელზეც სადავო ესკიზი იყო აღბეჭდილი), მოპასუხე აღნიშნავს, რომ რ.ჯ–ია მოპასუხე კომპანიაში ამჟამად აღარაა დასაქმებული, შესაბამისად, მისთვის ჯერ ერთი, უცნობია რ–თან რაიმე ფაილის გადაგზავნის შესახებ ინფორმაცია და მეორეც, ფაილის გადაგზავნის პირობებშიც კი, აღიშნული არ ადასტურებს მოპასუხის მიერ სადავო ესკიზის მიღების ფაქტს.

23. როგორც გასაჩივრებული განჩინებით ირკვევა, სააპელაციო პალატამ მოსარჩელე - გ.ე–ას მიერ მოპასუხის წარმომადგენლისთვის გაგზავნილი ფაილი, სახელწოდებით „ჯინო მოხატვის გეგმა“, არ მიიჩნია იმ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ სწორედ მოსარჩელის მიწოდებული/შეთავაზებული ნამუშევრის მიხედვით მოიხატა/შეიღება მოპასუხის კუთვნილი შენობის ფასადები. პალატამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მიმოწერით შესაძლებელია დადგინდეს კომუნიკაციის არსებობა მხარეთა შორის, თუმცა, რა შინაარსის მასალა გაიგზავნა, ამის დადგენა შეუძლებელია.

24. სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ მსჯელობას კასატორები სადავოდ ხდიან, მიიჩნევენ რომ მათ მიერ გადაცემული ესკიზითაა მოხატული შენობის გარე ფასადები, რაც სასამართლოში წარდგენილი არაერთი მტკიცებულებით დასტურდებოდა, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით.

25. განსახილველ შემთხვევაში, კასატორებს წარმოდგენილი აქვთ დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია.

26. პირველ რიგში, პალატა აღნიშნავს, რომ სპეციალური კანონის 16.1 მუხლის მიხედვით ქონებრივი უფლებები დასაქმებულის ან შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ ნაწარმოებზე, რომელიც დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებასთან (სამსახურებრივი ნაწარმოები), ეკუთვნის შესაბამისად დამსაქმებელს ან შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

27. განსახილველ შემთხვევაში, საყურადღებოა, მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, გარემოება რომელიც შეეხება ფასადის მოხატვა-სამღებრო სამუშაოების შეკვეთის საკითხზე მოლაპარაკების წარმოებას. ზემომითითებული ნორმიდან გამომდინარე კი, თუკი დადგინდება, რომ ნაწარმოები შექმნილია შეკვეთის საფუძველზე, მასზე საავტორო ეკუთვნის შესაბამისად შემკვეთს. წინამდებარე საქმეში კი, საკითხი იმის შესახებ სადავო „ესკიზი“ შექმნილია თუ არა მოპასუხის შეკვეთის საფუძველზე, დადგენილი არ არის.

28. ამასთან, თუკი საქმის გარემოებათა ხელახალი გამოკლვეისას დადგინდება, რომ სადავო ნაწარმოები შექმნილია მოპასუხის შეკვეთის საფუძველზე, სპეციალური კანონის 16.7 მუხლის მიზნებისათვის დასადგენია მხარეთა შეთანხების მიხედვით გასამრჯელოს (ჰონორარი) ოდენობა, რომელ ფაქტობრივ გარემოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისას სარჩელის მოთხოვნის მოცულობის განსასაზღვრად.

29. ამასთან, მოსარჩელეთა მტკიცებით სადავო საკითხი სავტორო უფლების წარმოშობაზე შეეხება ესკიზს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, შესაძლოა, საკითხი შეეხებოდეს საავტორო უფლებას შედგენილ ნაწარმოებზე. ამ მსჯელობის საფუძველია სპეციალური კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით საავტორო უფლება ვრცელდება ხელოვნების ნაწარმოებებზე რომლებიც ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. ამავე კანონის მე-6 „მ“ პუნქტის მიხედვით შედგენილი ნაწარმოებია კრებული, ენციკლოპედია, ანთოლოგია, მონაცემთა ბაზა და სხვა ნაწარმოები, რომელიც მასალის შერჩევისა და განლაგების მიხედვით ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს.

30. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე უარყოფს მოსარჩელეთა საავტორო უფლების არსებობას, აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი ესკიზი არ წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ობიექტს, რამდენადაც ესკიზში გამოყენებული ფოტოსურათები ამოღებულია ინტერნეტის (GOOGL) საძიებო სისტემიდან და წარმოადგენს ფოტომონტაჟს. მოსარჩელის მტკიცებით კი, ესკიზის შექმნის პროცესში გამოყენებული აქვს სხვადასხვა სახის სიმბოლოები რაც საზოგადოებისთვის ცნობილია, მაგრამ მათი განლაგებით, ფერთა შეხამებით, ფორმისა და ზომის ცვლილებით, სხვადასხვა სახის ნახატების შექმნით და შენობის ფასადზე მორგებით, მოსარჩელემ შექმნა ინტელექტუალური დაცვის ობიექტი.

31. როგორც ზემოთ განიმარტა სპეციალური კანონის 5.1 და მე-6 „მ“ პუნქტის მიხედვით, კანონით გათვალისწინებული დაცვის მიზნებისთვის ავტორია ნაწარმოების შემდგენელიც - პირი, ვინც მასალის შერჩევისა და განლაგების მიხედვით შექმნა ნაწარმოები. შესაბამისად, მის ინდივიდუალობაში ნაწარმოების ინტელექტუალური ხასითის არარსებობის თაობაზე (რაშიც მოიაზრება გამოხატვის ფორმისა და შინაარსის ორიგინალურობა) სააპელაციო პალატის მსჯელობა არ გამორიცხავს სადავო ნაწარმოების კანონით დაცულ ობიექტად მიჩნევას, რამეთუ როგორც ეს სპეციალური კანონითაა დადგენილი, შედგენილია ნაწარმოები, რომელიც მასალის შერჩევისა და განლაგების მიხედვით ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგია.

32. ამავდროულად, საკასაციო პალატა კიდევ ერთ საკითხზე მიაქცევს ყურადღებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დადგინდება, რომ მოსარჩელის მიერ შედგენილი ნაწარმოების გადაცემის შემდეგ, მოპასუხემ ნაწილობრივ შეცვალა მასში შემავალი ფიგურების განლაგება და ფერი, ეს გარემოება არ გამორიცხავს სადავო შემთხვევის სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოწესრიგებას. საკითხის ამგვარად შეფასება სპეციალური კანონის მე-6 მუხლის „ლ“ პუნქტისა და ამავე კანონის მე-12-13 მუხლების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარეობს, კერძოდ, შედგენილ ნაწარმოებში შემავალი ფიგურებისა და ფერის ცვლილებით მისი გამოყენება წარმოადგენს ნაწარმოების გადამუშავებას, რა დროსაც გადამუშავებული ნაწარმოების ავტორმა უნდა დაიცვას ამ ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლება.

33. რაც შეეხება მოპასუხის კუთვნილი შენობის კედელზე მოხატვა/სამღებრო სამუშაოების მოსარჩელის მიერ შედგენილი ნაწარმოებით შესრულების თაობაზე საკითხს, აღნიშნული ხელახლა გამოკვლევას საჭიროებს. მისი შეფასება მნიშვნელოვანია, რამდენადაც, ერთი მხრივ, გამოკვეთილია „ესკიზისა“ და ფასადებზე შესრულებული მოხატვის მსგავსება, თუმცა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვერ დგინდება, ფასადების მოხატვამდე სადავო „ესკიზის“ მოპასუხისათვის გადაგზავნის ფაქტობრივი გარემოება. გარდა ამისა, როგორც გასაჩივრებული განჩინებითაა დადგენილი მართალია მოსარჩელე გ.ე–ამ მოპასუხის წარმომადგენელს „ფაილი“ გაუგზავნა „ჯინო მოხატვის გეგმის“ სახელწოდებით, თუმცა, კონკრეტულად რა შინაარსის მასალა გაიგზავნა, ამის დადგენა შეუძლებელია, თუმცა საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ საკვანძო საკითხის დადგენის შეუძლებლობის შესახებ საპელაციო პალატის დასკვნა სათანადოდ არაა დასაბუთებული.

34. სსკ-ს 394-ე მუხლის „ე” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება არ არის შესაძლებელი. ამასთან, საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, თვითონ მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რა დროსაც, საქმის მასალების გაანალიზების და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს დავის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ზემომითითებული გარემოებები, რის შემდგომაც, სპეციალური კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის წარმატებულობა შეაფასოს.

36. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.გ–ძის, ნ.ჩ–ის, ქ.ქ–ძის, ე.ე–ძის, ტ.ზ–იას, გ.ე–ას, კ.ფ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე