საკასაციო საჩივარი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-259-2025 5 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ.გ–ი (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - მ.დ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – საავტომობილო გზის მოწყობის მიზნით ქმედების განხორციელების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.07.2024წ. განჩინებით ქ.გ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გორის რაონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის კასპის მუნიციპალიტეტში 26.06.2023წ. გადაწყვეტილება, რომლითაც მ.მ–ის სარჩელი (შემდეგში - მოსარჩელე), დაკმაყოფილდა შემდეგი სახით:
1.1. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე, მოსარჩელის კუთვნილ №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლამდე საავტომობილო გზის მოწყობის მიზნით მოპასუხეს დაევალოს, მოშალოს 24.04.2023წ. ინდ. მეწარმე ზ.პ–ძის მიერ მონიშნული: მავთულის ღობე, რომელიც სცილდება №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს; შენობა №3-ის ის ნაწილი, რომელიც სცილდება №........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს; C-დან (კოორდინატებით X-445062.64, Y-4637757.31) D წერტილამდე (კოორდინარებით X-445063.41, Y-4637754.36) არსებული ქვის ღობე; D-დან (კოორდინატებით X-445063.41 Y-4637754.36) I წერტილამდე (კოორდინარებით X-445063.20, Y-4637751.79) არსებული კარი; შენობა №2.
1.2. მოპასუხეს დაევალოს, გაათავისუფლოს №...... და №........ საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული სივრცე ამ სივრცეში განთავსებული მოძრავი ნივთებისაგან (ქვევრები).
1.3. განიმარტოს, რომ სსიპ ,,ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 07.06.2018წ. №003872718 (№5003494418) დასკვნა, ინდ. მეწარმე ზ.პ–ძის 10.11.2022წ. განმარტება და 07.05.2023წ. სიტუაციური გეგმა წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილს.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ .......... მდებარე სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 975 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები (მათ შორის, ერთი საცხოვრებელი) №......... საკადასტრო კოდით 2012წ.-დან მოსარჩელის სახელზე ირიცხება საკუთრების უფლებით;
2.2.კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ .......... მდებარე სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 376 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა №.......... საკადასტრო კოდით 2017წ.-დან მოპასუხის სახელზე ირიცხება საკუთრების უფლებით;
2.3.კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ .......... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 295 კვ.მ მიწის ნაკვეთი №.........., საკადასტრო კოდით 2017წ.-დან მოპასუხის სახელზე ირიცხება საკუთრების უფლებით;
2.4.სსიპ „ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №003872718 (№5003494418) დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთამდე (ს.კ:……..) საავტომობილო გზის მოწყობა შესაძლებელია რეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის მოქცეულ თავისუფალ სივრცეში ისე, როგორც ეს ნაჩვენებია №1 დანართზე; მოცემული გზის მოწყობისათვის საჭიროა, შედგეს პროექტი შესაბამისი სამსახურების მიერ;
2.5.ინდ. მეწარმე ზ.პ–ძის 07.05.2023წ. განმარტებით, მის მიერ განხორციელდა საკვლევი ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობისა და რეგისტრირებული მონაცემების დათვალიერება, ასევე, ადგილზე ფიქსირებული ღობეებისა და არსებული შენობა-ნაგებობების აზომვითი სამუშაოების ჩატარება, მაღალი სიზუსტის გეოდეზიური ხელსაწყოების გამოყენებით და დადგინდა, რომ სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №003872… (№500349….) დასკვნაში არსებულ №1 დანართზე ყვითელი ფერით აღნიშნული გზის კონტურის მიხედვით რეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის სამანქანო გზის №1 მიმართულების მოწყობის შესაძლებლობის სისრულეში მოყვანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე მოხდება ხის შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და №…….. საკადასატრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფიქსირებული მავთულის ღობე, რომელიც აცდენილია რეგისტრირებულ საზღვარს, დაუბრუნდება რეგისტრირებულ მონაცემებში არსებულ ადგილმდებარეობას. ასევე, დასკვნაში №1 დანართზე ყვითელი ფერით დაფიქსირებული №2 მიმართულების სამანქანო გზის კონტურის მოწყობა შესაძლებელია ხის ღობის, მავთულის ღობის, ქვის ღობის, შესასვლელი კარის, №1 და №2 შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შედეგად.
3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ტერიტორია მოიცავს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტერიტორიას, რაც საჯარო სარგებლობისაა. აპელანტის მფლობელობაშია საკუთრების მიღმა განთავსებული ხის შენობა-ნაგებობა, ხოლო მისი მიწის ნაკვეთის მავთულის ღობე აცდენილია რეგისტრირებულ საზღვარს. მოსარჩელის სახლამდე მისასვლელი სამანქანე გზის კონტურის მოწყობა შესაძლებელია ხის ღიობის, მავთულის ღობის, ქვის ღობის, შესასვლელი კარის N1 და N2 შენობა-ნაგებობის ნაწილის დემონტაჟის შედეგად. მოპასუხე საჯარო (საერთო სარგებლობის) მიწის ნაკვეთს ფლობს იმ ფარგლებში, რისი უფლებაც მას არ მოუპოვებია; სადავო არ არის სახელმწიფოს საკუთრება ამ სადავო ტერიტორიაზე. ასეთ ვითარებაში, დასტურდება მოპასუხის მხრიდან არამართლზომიერი - საჯარო გზის მოწყობისა და მისით სარგებლობით ხელშეშლა, რაც სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში – სსკ-ის) 172.2 მუხლის შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიიჩნია.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შეიტანა.
5. კასატორი აღნიშნავს, 2017წ. №........ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი შეიძინა და შენობა-ნაგებობა შეიძინა ზუსტად იმავე მდგომარეობაში შემოღობილი, როგორიც დღეს არის. რაიმე სამუშაოები არ განუხორციელებია. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით სასამართლომ სამანქანე გზა მისცა მოსარჩელეს და მიღებული იურიდიული შედეგით სამანქანე გზა წაართვა მოპასუხეს.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2025 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.
10. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სახელმწიფოს კუთვნილ არარეგისტრირებულ ფართობზე განთავსებული დამხმარე შენობა-ნაგებობის და ღობის დემონტაჟის თაობაზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების მართლზომიერება.
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, როგორც მოსარჩელე განმარტავს, მისი და მოპასუხის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საუბნო გზა გადის, რომელიც თავის მხრივ, ცენტრალურ გზას უერთდება. ცენტრალური გზიდან მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთისკენ მოასფალტებული გზა ჩადის არხამდე, რომელზეც ბეტონის ხიდია მოწყობილი და რომლის შემდგომ მოპასუხეს ჭიშკარი აქვს მოწყობილი. მოპასუხის მიერ მოწყობილი ჭიშკრის გავლის შემდგომ იწყება ზემომითითებული სახელმწოფოს საკუთრებაში არსებული გზა, რომლის სარგებლობითაც შესაძლებელია მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე მისვლა. ასეთ მისასვლელს აბრკოლებს მოპასუხის მიერ ჭიკართანვე მოწყობილი დამხმარე შენობა-ნაგებობა და ამით მოსარჩელეს შესაძლებლობა ესპობა ტრანსპორტით მივიდეს კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე. მოსარჩელის თხოვნის მიუხედავად მოპასუხე არ ათავისუფლებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობს მასზე უნებართვოდ აშენებული დამხმარე შენობა-ნაგებობისაგან, რითაც მოსარჩელეს უსპობს შესაძლებლობას საკუთარ მიწის ნაკვეთამდე და საცხოვრებელ სახლამდე საავტომობილო გზა გაიყვანოს.
13. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით ირკევევა, რომ დამხმარე შენობა-ნაგებობის და ღობის დემონტაჟის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ფაქტობრივ საფუძვლად ის გარემოება დაედო, რომ მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას მოიცავს, რაც საჯარო სარგებლობისაა. მოპასუხის მფლობელობაშია საკუთრების მიღმა განთავსებული ხის შენობა-ნაგებობა, ხოლო მისი მიწის ნაკვეთის მავთულის ღობე აცდენილია რეგისტრირებულ საზღვარს. მოსარჩელის სახლამდე მისასვლელი სამანქანე გზის კონტურის მოწყობა შესაძლებელია ხის ღიობის, მავთულის ღობის, ქვის ღობის, შესასვლელი კარის N1 და N2 შენობა-ნაგებობის ნაწილის დემონტაჟის შედეგად. მოპასუხე საჯარო (საერთო სარგებლობის) მიწის ნაკვეთს ფლობს იმ ფარგლებში, რისი უფლებაც მას არ მოუპოვებია. ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებაა. ასეთ ვითარებაში, მოსარჩელის მიმართ მოპასუხის მხრიდან საჯარო გზის მოწყობისა და მისით სარგებლობით არამართლზომიერი ხელშეშლა დასტურდება.
14. სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებულ დასკვნას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს როგორც სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის წინაპირობას.
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.2 მუხლი, რომლის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლეს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანით.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, საკუთრების უფლების დაცვის ორი საშუალება არსებობს – ვინდიკაციური და ნეგატორული სარჩელი.
17. ნეგატორულ სარჩელს მხარე აღძრავს მაშინ, როცა სხვისი უკანონო მოქმედების გამო, ხელი ეშლება საკუთრების გამოყენებაში. ამ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, მოსთხოვოს დამრღვევს ხელშეშლის აღკვეთა. თუ მის მოთხოვნას ეს უკანასკნელი არ დაეთანხმება და ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა.
18. ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას. ამ სარჩელის საფუძველია გარემოებები, რომლებიც აფუძნებენ მოსარჩელის მიერ ნივთის სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას, ასევე ამტკიცებენ, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას (სუსგ №ას-25-2021, 27.04.2021წ.).
19. ნეგატორული სარჩელის განხილვისას სასამართლო ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით.
20. სსკ-ის 170.1 მუხლიდან გამომდინარე, მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ნივთებით, არ დაუშვას მესამე პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. მესაკუთრეს შეუძლია განახორციელოს პოზიტიური უფლებამოსილებანი, ან ნეგატიური - გამორიცხოს ნებისმიერი მესამე პირის მიერ ქონებით სარგებლობა.
21. სსკ-ის 172.2 მუხლის თანახმად, ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით/თანასაკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან.
22. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნეს მტკიცებულებებით.
23. ნეგატორული სარჩელის განხილვისას სასამართლო აფასებს მოსარჩელის მხრიდან ხელყოფად მიჩნეული ქმედების მოპასუხისათვის აღკვეთით რამდენად მიიღწევა საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის მიზანი. ფუჭი, სამართლებრივი შედეგის მოტანის უნარს მოკლებული სამართალწარმოების თავიდან არიდება სასამართლოს ვალდებულებაა. კონკრეტულ დავაზე მიღწეული სამართლებრივი შედეგი, მისი რეალურად აღსრულების გარეშე, ვერ ქმნის მხარის სამართლიანი დაკმაყოფილების საფუძველს, აღნიშნული კი გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს ზრუნვის საგანია და სამართლებრივი უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი, რათა თითოეულმა მხარემ მიიღოს მართლმსაჯულების განხორციელების შედეგი არა ფორმალურად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სახით, არამედ - მისი აღსრულების გზით (იხ., სუსგ-ები №ას-964-899-2017, 23.02.2018წ.; Nას-720-2022, 26.12.2023წ.).
24. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა, შესაბამისად, სასურველი გადაწყვეტილების მიღება, თუკი ამ გადაწყვეტილების აღსრულება არ უზრუნველყოფს იმ მიზნის დაკმაყოფილებას, რომლის გამოც მხარემ გამოიჩინა სასარჩელო წარმოების ინიციატივა, ვერ ჩაითვლება სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტიანად სარგებლობით.
25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით სარჩელის წარდგენის უფლება თეორიული უფლება არ არის და მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით არ უზრუნველყოფს, არამედ სარჩელის წარდგენის უფლება შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდება (HORNSBY v. GREECE (Application no. 18357/91) 19.03.1997).
26. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საავტომობილო გზა, რომლის მოწყობის მიზნის მისაღწევად წინამდებარე სარჩელი აღიძრა, უდავოდ გაივლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე.
27. მოსარჩელის განმარტებით დადგენილია, რომ კასპის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა და მოითხოვა, დაავალოს მოპასუხეს მოშალოს №....... და №........ საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის მოქცეულ თავისუფალ სივრცეში უკანონოდ განთავსებული დამხმარე შენობა-ნაგებობები და ღობე, ხელი არ შეუშალოს მოსარჩელეს საკუთარ მიწის ნაკვეთამდე გაიყვანოს საავტომობილო გზა (იხ., სარჩელის ფაქტობრივი გარემოება). აღნიშნული წერილის პასუხად კასპის მუნიციპალიტეტმა მოსარჩელეს აცნობა, რომ სადავო ტეტრიტორია არაერთხელ არის შესწავლილი, ვერ დადგინდა შენობა-ნაგებობების სავარაუდო მფლობელები რადგან შენობა დაურეგისტრირებელია. ნაკვეთებს შორის დატოვებული ტერიტორია არის საუბნო სარწყავი არხი, რომლითაც სარწყავდება ნაკვეთები (ტ.1. ს.ფ. 83).
28. გარდა ამისა, საკასაციო პალატისათვის საყურადღებოა სსიპ „ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №003872718 (№5003494418) დასკვნის შინაარსიც, რომლის მიხედვით მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთამდე (ს.კ:……….) საავტომობილო გზის მოწყობა შესაძლებელია რეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის მოქცეულ თავისუფალ სივრცეში ისე, როგორც ეს ნაჩვენებია №1 დანართზე. მოცემული გზის მოწყობისათვის საჭიროა, შედგეს პროექტი შესაბამისი სამსახურების მიერ.
29. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში შეფასებით გამოკვეთილია იმგვარი მოცემულობა, რომ მოპასუხისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე დაურეგისტრირებელი დამხმარე შენობა-ნაგებოების მოშლის და ღობის დემონატაჟის დავალდებულების შემთხვევაშიც კი, მოსარჩელეს კუთვნილ ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო გზის მოსაწყობად სჭირდება შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული გზის მოწყობის პროექტი. ამ საჭიროებას ის გარემოებაც უსვამს ხაზს, რომ როგორც კასპის მუნიპალიტეტის 11.06.2022წ. წერილით ირკვევა ნაკვეთებს შორის დატოვებული ტერიტორია არის საუბნო სარწყავი არხი, რომლითაც სარწყავდება ნაკვეთები.
30. ამდენად, მოსარჩელის მიზანი, მოაწყოს საავტომობილო გზა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მარტოოდენ მოპასუხისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დამხმარე შენობა-ნაგებოებების მოშლისა და ღობის დემონტაჟის დავალდებულებით ვერ მიიღწევა. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია რომ რეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამანქანო გზის მოწყობის შესაძლებლობის სისრულეში მოყვანა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამის სამსახურებთან შეთანხების შემთხვევაში (როგორც ეს აღნიშნულია ამ გადაწყვეტილების პ. 28-ში) და არა მარტოოდენ ინდ. მეწარმე ზ.პ–ძის 10.11.2022წ. განმარტების და 07.05.2023წ. სიტუაციური გეგმის საფუძველზე.
31. ამდენად, მხოლოდ საკუთრების ჯეროვნად გამოყენების შეუძლებლობის ფაქტობრივ გარემოებაზე დაფუძნებით ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილება დაუშვებელია, თუკი მოსარჩელის მიერ ხელშეშლად მიჩნეული ქმედების მოპასუხისათვის აკრძალვით საკუთრებით თავისუფლად სარგებლობის მიზანი კვლავ განუხორციელებელი დარჩება და საამისოდ მოსარჩელეს სხვა სამართლებრივ საშუალებათა გამოყენება დასჭირდება.
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
33. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
35. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო სასამართლო იღებს ახალ გადაწყვეტილებას, უნდა შეიცვალოს სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილი სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი.
36. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
37. საკასაციო და სააპელაციო საჩივარზე მოპასუხის მიერ გადახდილ სახელმწფო ბაჟს რაც შეეხება, ვინაიდან, საკასაციო საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 250 ლარის გადახდა სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ.გ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივლისის განჩინება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ.მ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მ.მ–ს (პ/ნ .........) ქ.გ–ის (პ/ნ ..........) სასარგებლოდ დაეკისროს 250 ლარის გადახდა გაწეული სასამართლო ხარჯის ასანაზღაურებლად;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე