დაკმაყოფილდა ნაწილობრივ

სამოქალაქო 06.03.2026
საქმის ნომერი
ას-41-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.03.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-41-2025 6 მარტი, 2026 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

პირველი კასატორი – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მეორე კასატორი – ი.დ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის/გირავნობის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

1.1.ი.დ–ის (შემდეგში - მსესხებელი ან მოპასუხე ან მეორე კასატორი) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

1.2.ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.1, 2.3 და 2.5 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

1.3.მოპასუხეს სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში - ბანკი ან მოსარჩელე ან პირველი კასატორი) სასარგებლოდ დაეკისრა:

1.3.1. N7946777 სესხთან დაკავშირებით გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 765 204.61 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირია - 745778.24 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 15082.34 აშშ დოლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 3431.92 აშშ დოლარი, ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიო – 912.1 აშშ დოლარი;

1.3.2. N7629521 სესხთან დაკავშირებით გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 256 509.22 ევრო, საიდანაც სესხის ძირია - 251712.72 ევრო, საპროცენტო სარგებელი - 2141.29 ევრო, შემცირებული პირგასამტეხლო - 2 012.85 ევრო, ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიო - 642.36 ევრო;

1.3.3. N7824181 სესხთან დაკავშირებით გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 117 754.94 ევრო, საიდანაც სესხის ძირია -115568.75 ევრო, საპროცენტო სარგებელი - 983.13 ევრო, შემცირებული პირგასამტეხლო - 908.05 ევრო, ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიო - 295.01 ევრო;

1.3.4. სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1.24.09.2021წ. მხარეთა შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება N12160211-ა, რომლითაც განისაზღვრა სამომავლოდ გასაფორმებელი საკრედიტო ხელშეკრულებების ძირითადი პირობები, მათ შორის, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 300 თვე; მოცულობა და ვალუტა -500 000 აშშ დოლარი ან ეკვივალენტი სხვა ვალუტაში, საპროცენტო სარგებელი - კრედიტით, საკრედიტო ხაზით და ოვერდრაფტით სარგებლობაზე: წლიური 0%-დან 48%-მდე და სხვ. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები დადგენილია გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი №1-ით, რომელიც განთავსებულია ბანკის შემდეგ ვებ.მისამართზე http://b.g.ge ან/და თან ერთვის ხელშეკრულებას და რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ (განუყოფელი) ნაწილს და განიხილება მასთან ერთად. 15.11.2021წ. ცვლილება განხორციელდა ხელშეკრულების პირობებში, მათ შორის, შეიცვალა კრედიტის მოცულობა და განისაზღვრა 5 000 000 აშშ დოლარით ან ეკვივალენტით სხვა ვალუტაში.

2.2.24.09.2021წ. მხარეთა შორის გაფორმდა N12160211- ა-12160211 შემდეგი პირობების საკრედიტო ხელშეკრულება: კრედიტის მოქმედების ვადა - 120 თვე; მოცულობა და ვალუტა - 300 000 ევრო; თანხის დაფარვის თარიღი - თანდართული გრაფიკის შესაბამისად; კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი: პირველი 24 თვის განმავლობაში წლიური 4.5%, დარჩენილ ვადაზე - 6 თვიან EURIBOR განაკვეთს დამატებული 6.4%, მაგრამ არანაკლებ 5.9%; პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხების და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის: ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

2.3.25.11.2021წ. მხარეთა შორის გაფორმდა N12160211-ა-13018985 შემდეგი პირობების საკრედიტო ხელშეკრულება: კრედიტის მოქმედების ვადა - 120 თვე; მოცულობა და ვალუტა - 128 000 ევრო; თანხის დაფარვის ათვისებულ კრედიტის საპროცენტო სარგებლის გადახდის თარიღი - გრაფიკის შესაბამისად; ათვისებულ თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი: პირველი 22 თვის განმავლობაში წლიური 4.5% დარჩენილ ვადაზე - 6 თვიან EURIBOR განაკვეთს დამატებული 7.7%, მაგრამ არანაკლებ 7.2%-ისა; პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხების და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის: ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; საკრედიტო ხელშეკრულების დანართი N1-ის სახით შეთანხმდა სესხის და საპროცენტო სარგებლის დაბრუნების გრაფიკი;

2.4.30.12.2021წ. მხარეთა შორის გაფორმდა N12160211-ა-129498889 შემდეგი პირობების საკრედიტო ხელშეკრულება: კრედიტის მოქმედების ვადა - 180 თვე; კრედიტის მოცულობა და ვალუტა - 790400 აშშ დოლარი; საპროცენტო სარგებლის გადახდის თარიღი - გრაფიკის შესაბამისად; ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი - პირველი 24 თვის განმავლობაში წლიური 4.5% დარჩენილ ვადაზე - 6 თვიან LIBOR განაკვეთს დამატებული 6.5%, მაგრამ არანაკლებ 6.8%-ისა; პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხების და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის: ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე; საკრედიტო ხელშეკრულების დანართი N1-ის სახით შეთანხმდა სესხის და საპროცენტო სარგებლის დაბრუნების გრაფიკი;

2.5.ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 24.09.2021წ. იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის უძრავი ქონება;

2.6.2023 წლის მარტის თვიდან, მსესხებლის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულებულა. შესაბამისად, 2023წ. მდგომარეობით შესასრულებელი ვალდებულება შეადგენს: №7946777 სესხზე - 768636.53 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირია: 745778.24 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი: 15082.34 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო: 6863.85 აშშ დოლარი, ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისო: 912.1 აშშ დოლარი; №7629521 სესხზე - 258522.06 ევროს, საიდანაც სესხის ძირია: 251712.72 ევრო, საპროცენტო სარგებელი: 2141.29 ევრო, პირგასამტეხლო: 4025.69 ევრო, ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიო: 642.36 ევრო; №7824181 სესხზე - 118662.99 ევროს, საიდანაც სესხის ძირია: 115568.75 ევრო, საპროცენტო სარგებელი: 983.13 ევრო, პირგასამტეხლო: 1816.1 ევრო, ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიო: 295.01 ევრო. ვალდებულების შესრულებისთვის მსესხებლისათვის განსაზღვრული ორ კვირიანი ვადის უშდეგოდ გასვლის შემდეგ ბანკმა შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულებები.

3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ხელშეკრულების დარღვევის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე მსესხებლის მითითებები, რამეთუ წარმოდგენილი მტკიცებულებებით აპელანტი ვერ ადასტურებდა იმგვარ მდგომარეობას, რაც ვალდებულების შესრულებას შეუძლებელს გახდიდა.

4. არც მსესხებლის მითითებები ქართული ენის და შესაბამისად ხელშეკრულების პირობების არცოდნაზე იქნა გაზიარებული, რადგან მოპასუხის მიერ ხელმოწერილი საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებებით პრეზუმირდებოდა ნების გამოვლენის ნამდვილობა. არ დასტურდეოდა რომ ხელშეკრულებებზე ხელმოწერისას მსესხებელმა განაცხადა პრეტენზია ქართული ენის არცოდნასთან დაკავშირებით. მეტიც, საქმის მასალებში დაცული სხვა ხელშეკრულებებით ირკვევა, რომ მოპასუხემ იმავე დღეს გამოხატა სხვა ხელშეკრულებების დადების ნება ქართულ ენაზე.

5. არ იქნა გაზიარებული არც მსესხებლის ის პრეტენზია, რომ დანართი N1, რომლითაც განისაზღვრა ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები, არ შეიძლება გამოყენებული იქნეს მის მიმართ, მასზე ხელმოწერისა და შესაბამისად, ნების გამოვლენის არარსებობის გამო, რადგანაც 24.09.2021წ. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ N12160211-ა ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით, გენერალური საკრედიტო ხაზის სპეციფიკური პირობები დადგენილია დანართი N1-ით, რომელიც განთავსებულია ბანკის შემდეგ ვებ. მისამართზე http://b.g..ge ან/და თან ერთვის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებას და რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ შემადგენელ (განუყოფელ) ნაწილს და განიხილება მასთან ერთად. ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ხელმოწერით თითოეული მხარე ადასტურებს, რომ იგი გაეცნო დანართი N1-ით დადგენილი სპეციფიკური პირობების შინაარსს და მიიღო ეს პირობები. მისი შინაარსი არ არის ბუნდოვანი ან/და იმდენად უჩვეულო, რომ არ შეეძლოს მათი გათვალისწინება და რომ მისი შინაარსი არ ეწინააღმდეგება ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს და შესაბამისად არ არის საზიანო მისთვის. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ მსესხებელმა გენერალურ საკრედიტო ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურა, რომ გაეცნო როგორც ხელშეკრულებას, ისე მისი დანართებით დადგენილ პირობებს.

6. ვალდებულების დარღვევისთვის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან დაკისრების ნაწილში სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 417-ე და 420-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო თითოეულ შემთხვევაში უნდა განახევრდეს და შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს: N7946777 სესხთან დაკავშირებით გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული პირგასამტეხლო 3 431.92 აშშ დოლარი; N7629521 სესხთან დაკავშირებით გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული პირგასამტეხლო 2 012.85 ევრო; N7824181 სესხთან დაკავშირებით გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული პირგასამტეხლო 908.05 ევრო.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა.

8. მეორე კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის უარყოფას. იგი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების დადებისას ბანკის წარმომადგენელს მისთვის არ განუმარტავს ხელშეკრულების ყველა პირობა, მით უფრო, რომ მსესხებელი 1988 წლიდან ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ და უჭირს ქართულ ენაზე გარიგების შინაარსის გაგება. ბანკის მიერ წარმოდგენილი საკრედიტო ხელშეკრულებების დანართი 1, რომელიც შეიცავს დამატებით პირობებს, არ ადასტურებს ამ პირობების მსესხებლის მიერ გაცნობას და მასზე შეთანხმებას. მსესხებელი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა 2023წ.მდე. ვალდებულების დარღვევა უკავშირდება მსესხებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, რაც დაუძლეველი ძალაა.

9. პირველი კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში და მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული იურიდიული შედეგის დადგომას. იგი აღნიშნავს, მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია პირგასამტეხლოს გონივრულობა. მსესხებელი მხოლოდ პირგასამტეხლოს დარიცხვის იმ წესზე დავობდა, რომელიც მხართა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებით შეთანხმდა. არც სააპელაციო სასამართლოს დაუსაბუთებია რომელი გარემოებების საფუძველზე შეამცირა პირგასამტეხლო, ისეთ მოცემულობაში როდესაც ბანკს კრედიტის დაუბრუნებლობით ზიანი ადგება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2025 წლის 03 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობა და დაასკვნა, რომ მოსარჩელე ბანკის საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხე მსესხებლის საკასაციო საჩივარს ეთქვას უარი დაკმაყოფილებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. რამდენადაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოპასუხე მსესხებელი სადავოდ ხდის სარჩელის დაკმაყოფილებას იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულებების დანართი 1-ით განსაზღვრული დამატებითი პირობები მსესხებლის მიმართ არ უნდა გავრცელდეს, იგი ვერ გაერკვა ხელშეკრულების შინაარსში ქართული ენის არცოდნის გამო, და ამასთან ვალდებულება მისი მხრიდან დაუძლეველი ძალის - ჯანმრთელობის გაუარესებითაა გამოიწვეული, საკასაციო სასამართლო, იმსჯელებს ვალდებულებისა და მისი დარღვევისათვის პასუხისმგებლობის წარმოშობაზე. ხოლო შემდგომ პირველი საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმებს ხელშეკრულებით განსაზღვრული და სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერებაზე.

14. ის სამართლებრივი შედეგი რისი მიღწევა ბანკს წარმოდგენილი სარჩელით სურს, კერძოდ, ფულადი ვალდებულების შესრულება, სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 868.1 (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 286.1 (უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა), 301.1 და 301.11 (თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი) მუხლებიდან გამომდინარეობს.

15. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

16. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ამ განჩინების პ-2 ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის წინააღმდეგ მეორე კასატორის მიერ წარმოდგენილ პრეტენზიებს საკასაციო პალატა დასაბუთებულ საკასაციო შედავებად არ მიიჩნევს.

17. ქართული ენის არცოდნისა და ამ საფუძვლით ხელშეკრულების პირობების გაურკვევლობაზე მითითებით საკრედიტო ხელშეკრულებებში გამოვლენილი ნების ნამდვილობის წინააღმდეგ მსესხებლის პრეტენზია გაზიარებული ვერ იქნება.

18. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 102.1. მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მეორე კასატორის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითება, რომ რადგანაც 1988 წლიდან ცხოვრობს საზღვარგარეთ უჭირს ქართულ ენაზე გარიგების შინაარსის გარკვევა და ამის გამო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შინაარსსა და მისგან გამომდინარე რისკებში ვერ გაერკვა, არ წარმოადგენს იმგვარ მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს ბანკის მიერ ხელშეკრულების გაფორმებისას მსესხებლის მოტყუების, შეცდომაში შეყვანის ფაქტს (შდრ: სუსგ №ას-1471-2020 8 აპრილი, 2022 წელი, პ.29).

19. ამასთან, როგორც ეს წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტითაა დადგენილი, არ დასტურდება, რომ ხელშეკრულებებზე ხელმოწერისას ქართული ენის არცოდნასთან დაკავშირებით მსესხებელმა პრეტენზია განაცხადა. მეტიც, საქმის მასალებში დაცულ სხვა ხელშეკრულებებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ გაარკვია, რომ იმავე დღეს მოპასუხემ სხვა ხელშეკრულებების ქართულ ენაზე დადების ნება გამოხატა. ამ გარემოების საწინააღმდეგოდ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია მეორე კასატორს არ წარმოუდგენია.

20. მეორე კასატორის არც იმ პრეტენზიის გაზიარების საფუძველი არაა გამოკვეთილი, რომლის მიხედვით ხელშეკრულებების პირობები მის მიმართ არ უნდა გავრცელდეს. პალატა აღნიშნავს, 24.09.2021წ. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ N12160211-ა ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით, გენერალური საკრედიტო ხაზის სპეციფიკური პირობები დადგენილია დანართი N1-ით, რომელიც განთავსებულია ბანკის ვებ.მისამართზე http://b.g..ge ან/და თან ერთვის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებას და რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ (განუყოფელ) ნაწილს და განიხილება მასთან ერთად. ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ხელმოწერით თითოეული მხარე ადასტურებს, რომ გაეცნო დანართი N1-ით დადგენილი სპეციფიკური პირობების შინაარსს და მიიღო ეს პირობები. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ მსესხებელმა გენერალურ საკრედიტო ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურა, რომ გაეცნო როგორც ხელშეკრულებას, ისე მისი დანართებით დადგენილ პირობებს.

21. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს მეორე კასატორის მითითებას ვალდებულების შესრულებას შეუძლებლობაზე მითითებით, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უკავშირდება.

22. რაც შეეხება მოსარჩელე ბანკის საკასაციო საჩივარს, აღნიშნულს საკასაციო პალატა იზიარებს და მიაჩნია, რომ პირველმა კასატორმა პირგასამტეხლოს არაკანონიერი შემცირების საკითხზე დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო შეადვება წარმოადგინა.

23. პირველ რიგში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სსკ-ის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. “pacta sunt servanda“- ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო.

24. სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული ხელშეკრულების სახეები არ არის ამომწურავი. ხელშეკრულების მხარეებს, როგორც წესი უფლება აქვთ, დამოუკიდებლად აირჩიონ ხელშეკრულების ტიპიც და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი (იხ., ჯორბენაძე ს., ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო სამართალში, თბილისი, 2017წ., 103).

25. ხელშეკრულება მიიჩნევა მხარეთა ნების დეკლარაციად და ასახავს ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ პირობებს. მხარეთა შეთანხმების შედეგად მიღებულ დოკუმენტში პირობების/დათქმების დაზუსტება შესაძლებელია ამავე მხარეების შეთანხმების გზით. ხელშეკრულების ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, კონტრაჰენტები ვალდებულნი არიან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები განუხრელად დაიცვან და მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად იმოქმედონ.

26. ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებში, მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში. შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ, სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე (შდრ: სუსგ №ას-279-2023, 18 მაისი, 2023 წელი; დამატებით იხ., ჩიტაშვილი ნ., პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17 <http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf>

27. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება, ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ., ჯორბენაძე ს., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019წ., 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

28. კანონმდებელმა დააწესა სამართლებრივი მოწესრიგება, რომელიც სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება.

29. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.

30. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება.

31. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა. გამომდინარე იქედან, რომ თეორიასა და სასამართლო პრაქტიკაში, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან, უშუალოდ ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა (შდრ.: გაგუა ი., ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გამომცემლობა, თბილისი, 2017წ. 47).

32. პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს). ამ მხრივ, დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონეა მოვალის (მოპასუხე) შესაგებელი.

33. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი.

34. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.

35. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.

36. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIძ), 2013წ., 19.)

37. პირველი კასატორი აცხადებს, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია პირგასამტეხლოს გონივრულობა. მსესხებელი მხოლოდ პირგასამტეხლოს დარიცხვის იმ წესზე დავობდა, რომელიც მხართა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებით შეთანხმდა.

38. პირველი კასატორის პრეტენზია გასაზიარებელია, კერძოდ, არ დასტურდება, რომ მოპასუხემ შესაგებლით სადავო გახადა პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა, როგორც შეუსაბამოდ მაღალი ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. შესაგებლით მხოლოდ ის ირკვევა, რომ მოპასუხე დავობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველზე.

39. ვინაიდან, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში, იურიდიულად დაუსაბუთებელია.

40. საკასაციო პალატა აღნიშნავს, თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, სასამართლო მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე შეზღუდულია შესაძლებლობით იკვლიოს პირგსამტეხლო რამდენად არის შეუსაბამოდ მაღალი რამდენადაც სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.

41. ზემომითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე ბანკის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

42. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

43. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სრულად დაკმაყოფილდეს. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა შემდეგი ოდენობით: N7946777 სესხთან დაკავშირებით გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო - 6863.85 (ექვსი ათას რვაას სამოცდასამი და ოთხმოცდახუთი) აშშ დოლარი; N7629521 სესხთან დაკავშირებით გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო - 4025.69 (ოთხი ათას ოცდახუთი და სამოცდაცხრა) ევრო; N7824181 სესხთან დაკავშირებით გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო - 1816.1 (ათას რვაას თექვსმეტი და ათი) ევრო.

44. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებულია მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლო ანაზღაურების სახით 915 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გადაწყვიტა:

1. ი.დ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. ი.დ–ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს:

4.1.N7946777 სესხთან დაკავშირებით გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 768 636.53 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირია - 745778.24 (შვიდას ორმოცდახუთი ათას შვიდას სამოცდათვრამეტი და ოცდაოთხი) აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 15082.34 (თხუთმეტი ათას ოთხმოცდაორი და ოცდათოთხმეტი) აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 6863.85 (ექვსი ათას რვაასსამოცდასამი და ოთხმოცდახუთი) აშშ დოლარი, ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიო – 912.10 (ცხრაას თორმეტი და ათი) აშშ დოლარი;

4.2.N7629521 სესხთან დაკავშირებით გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 258 522.06 ევროს ოდენობით, საიდანაც სესხის ძირია - 251712.72 (ორას ორმოცდათერთმეტი ათას შვიდასთორმეტი და სამოცდათორმეტი) ევრო, საპროცენტო სარგებელი - 2141.29 (ორი ათას ას ორმოცდა ერთი) ევრო, პირგასამტეხლო - 4025.69 (ოთხი ათას ოცდახუთი და სამოცდაცხრა) ევრო, ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიო - 642.36 (ექვსას ორმოცდაორი და ოცდათექვსმეტი) ევრო;

4.3.N7824181 სესხთან დაკავშირებით გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 118 662.99 ევროს ოდენობით, საიდანაც სესხის ძირია - 115568.75 (ას თხუთმეტი ათას ხუთასსამოცდარვა და სამოცდათხუთმეტი) ევრო, საპროცენტო სარგებელი - 983.13 (ცხრაას ოთხმოცდასამი და ცამეტი) ევრო, პირგასამტეხლო - 1816.1 (ათას რვაასთექვსმეტი და ათი) ევრო, ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიო - 295.01 (ორას ოთხმოცდათხუთმეტი და ერთი) ევრო;

5. სხვა ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში;

6. ი.დ–ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 915 ლარის გადახდა;

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე