დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 25.02.2026
საქმის ნომერი
ას-1080-2025
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
25.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

25 თებერვალი, 2026 წელი,საქმე № ას-1080-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - თ.უ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ს.კ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ს.კ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა თ.უ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი), წინააღმდეგ უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ცნობილი იქნა თბილისში, .......... მდებარე, №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე კორპუსის მე-7 სართულზე არსებული შემდეგ ნივთების მესაკუთრედ: საცხოვრებელი ფართი - 131.81 კვ.მ, საზაფხულო ფართი - 13.92 კვ.მ, ბინა №30 (თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 22 დეკემბრის №5233428 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის შესაბამისად); საცხოვრებელი ფართი 59.78 კვ.მ, საზაფხულო - 6.01 კვ.მ, ბინა №32 (თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 22 დეკემბრის №5233428 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის შესაბამისად);

3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის/კერძო საჩივრის ავტორის გამოუცხადებლობის გამო.

5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით სასამართლოს მთავარი სხდომა ჩაინიშნა 2025 წლის 2 აპრილს, 12:00 საათზე, რომელიც აპელანტის განცხადების საფუძველზე 2025 წლის 21 მაისს 13:00 საათზე გადაიდო. სხდომის გამართვის თაობაზე მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.

5.2. 2025 წლის 21 მაისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც სხდომის თაობაზე ეცნობა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, სასამართლო სხდომის ჩანიშვნის შესახებ აპელანტს/კერძო საჩივრის ავტორს სატელეფონო შეტყობინების გზით 2025 წლის 25 აპრილს ეცნობა (იხ. სატელეფონო შეტყობინება, სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები).

5.3. 2025 წლის 20 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა აპელანტის/კერძო საჩივრის ავტორის განცხადება სასამართლო სხდომის კვლავ გადადების თაობაზე, სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად კი, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა მიეთითა.

5.4. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა შუამდგომლობას და იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

5.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე და 215.3 მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ იყო დასაბუთებული და არ წარმოშობდა სხდომის გადადების კანონით გათვალისწინებულ საფუძველს, შესაბამისად, შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

5.6. სსსკ-ის 387-ე მუხლის გამოყენებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მას შეუძლია, ამავე კოდექსის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

5.7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 387.1, 70-ე-78-ე, 215.3-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან არ არსებობდა სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლო, რის თაობაზეც წინასწარ აცნობა კიდეც სასამართლოს (დეტალურად იხ. კერძო საჩივრი).

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

8. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

9. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდა, მოწინააღმდეგე მხარემ კი - იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

10. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

11. სსსკ-ის 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

12. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სსსკ-ის 229-242 მუხლები). შესაბამისად, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

13. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

15. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი.

გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის.

ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

16. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად.

აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

17. ამდენად, მართალია, სსსკ-ის 215-ე მუხლით ავადმყოფობა მიჩნეულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, მაგრამ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე მხარის გამოცხადების შეუძლებლობაზე.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა აპელანტის ჯანმრთელობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV-100/ა, საიდანაც დასტურდება, რომ 2025 წლის 20 მაისს კერძო საჩივრის ავტორმა რეალურად მიმართა სამედიცინო დაწესებულებას ჩივილით - ტკივილი ლოკალიზებული მუცლის ზედა ნაწილში. ცნობაში მითითებულია, რომ პაციენტმა სტაციონარში გადამისამართებაზე უარი განაცხადა. ამავდროულად დოკუმენტი არ შეიცავს მითითებას აპელანტისთვის გადაადგილების აკრძალვის და/ან შეზღუდვის დაწესების შესახებ. ამრიგად, სამედიცინო დოკუმენტი არ ადასტურებს საქმის განხილვის დღეს - 2025 წლის 21 მაისს, აპელანტის ისეთი ხარისხის შეუძლოდ ყოფნის ფაქტს, რომელიც მხარეს თავისი საპროცესო მოვალეობის შესრულებაში შეუშლიდა ხელს.

18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლებას შეეხება, აღნიშნავს, რომ საქმისადმი დაინტერესება, უპირველესად, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაში გამოიხატება. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადებულა.

ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის შუამდგომლობით, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მითითებით სასამართლო სხდომა ერთხელ უკვე იყო გადადებული, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ დამატებით სხდომის გადადების მოთხოვნით წარდგენილი განცხადება ატარებდა სასამართლო განხილვის გაჭიანურების მცდელობის ხასიათს.

სასამართლო საქმეს საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით იხილავს, რომელთა მოქმედება ვრცელდება, როგორც სასამართლოზე, ისე - მხარეებზე. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანაბარი მოპყრობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ემყარება. განსახილველ შემთხვევაში, მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ მოპასუხემ/აპელანტმა თავად არ ისარგებლა სასამართლო განხილვის უფლებით, საქმის მასალებით კი, დასტურდება, რომ მისი ეს უფლება არ შეზღუდულა.

19. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია და ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.უ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მაისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია