დატოვებულია უცვლელად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-85-2026 27 თებერვალი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ.ა–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ.ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სს „თ.ბ–ის“ (შემდგომში - მოსარჩელე) სარჩელი ნ.ა–ის (შემდგომში - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა №2280154-12156094 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 13 531.77 ლარის გადახდა, საიდანაც: კრედიტის ძირითადი თანხა – 9 250 ლარი, პროცენტი – 4 171 ლარი, პირგასამტეხლო – 92 ლარი და დაზღვევის თანხა – 18.77 ლარია. ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის გადახდაც სესხის ძირითადი თანხის, 9 250 ლარის, წლიური 19.9%-ის ოდენობით, 13.01.2025 წლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 840.75 ლარისა; მოპასუხეს ასევე დაეკისრა №2280154-12072763 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 56 283.95 ლარის გადახდა, საიდანაც: კრედიტის ძირითადი თანხა – 39 000 ლარი, პროცენტი – 16 990.08 ლარი, პირგასამტეხლო – 200 ლარი და დაზღვევის თანხა – 93.87 ლარია. ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის გადახდა სესხის ძირითადი თანხის, 39 000 ლარის, წლიური 18.9%-ის ოდენობით, 13.01.2025 წლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 7 371 ლარისა; №15445064200004 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს დაეკისრა 3 867.22 ლარის გადახდა, საიდანაც: კრედიტის ძირითადი თანხა – 2 499.95 ლარი, პროცენტი – 1 343.27 ლარი და პირგასამტეხლო – 24 ლარია. ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის გადახდა სესხის ძირითადი თანხის, 2 499.95 ლარის, წლიური 33%-ის ოდენობით, 13.01.2025 წლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 824.98 ლარისა; №2280154-12139151 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს დაეკისრა 725.48 ლარის გადახდა, საიდანაც: კრედიტის ძირითადი თანხა – 576.60 ლარი, პროცენტი – 109.68 ლარი, პირგასამტეხლო – 5 ლარი და საკომისიო – 34.20 ლარია. ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის გადახდა სესხის ძირითადი თანხის, 576.60 ლარის, წლიური 12.0%-ის ოდენობით, 13.01.2025 წლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 69.19 ლარისა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია. აღნიშნულის გამო სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 59-ე, 60-ე, 61-ე, 374-ე მუხლებისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
5. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
6. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განქორწინების შემდეგ მას აღარ აქვს ურთიერთობა ყოფილ მეუღლესთან და, მით უმეტეს, ყოფილ დედამთილთან (რომელსაც ჩაჰბარდა სასამართლო გზავნილი). აღნიშნავს, რომ მათთან ურთიერთობა განსაკუთრებით დაეძაბა და, შესაბამისად, ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარების თაობაზე არაფერი იცოდა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
10. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს აღნიშნული ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს ხარვეზის შევსებას და ამისათვის განუსაზღვრავს ვადას. თუ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაუშვებლობის გამო განუხილველად დარჩება. შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია ხარვეზებით, სასამართლო განსაზღვრავს კონკრეტულ საპროცესო მოქმედებებს, რომლის შესრულებაც აუცილებელია ხარვეზის აღმოსაფხვრელად, და აპელანტს უნიშნავს ვადას აღნიშნული მოქმედებების განხორციელებისთვის. ვადის დარღვევის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი რჩება განუხილველად.
11. გასაჩივრებული განჩინების საფუძველად დაედო აპელანტის მიერ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა.
12. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად, და აპელანტს დაევალა, განჩინების ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში წარედგინა სააპელაციო სასამართლოში დაზუსტებული საჩივარი და 1 308.76 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა დამატებით 10 დღით. განჩინება, რომლითაც საპროცესო ვადა გაგრძელდა, აპელანტს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. გზავნილი ჩაჰბარდა აპელანტის დედამთილ რ.გ-ს 2025 წლის 26 აგვისტოს (იხ. საფოსტო დასტური).
14. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ განქორწინების შემდეგ მეუღლესთან აღარ აქვს ურთიერთობა, ხოლო დედამთილთან ურთიერთობა დაძაბულია, რის გამოც სასამართლოს გზავნილის შესახებ არაფერი იცოდა.
15. სასამართლო, საქმის მასალების გათვალისწინებით, ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის პრეტენზიას გზავნილის ჩაუბარებლობის შესახებ და მიუთითებს, რომ გზავნილის ჩაბარება უნდა განხორციელდეს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, რომლის დაცვაც სასამართლოს ვალდებულებაა, ხოლო წესების დარღვევის ან ისეთი გარემოებების არსებობის მტკიცების ტვირთი, რაც გზავნილის ჩაუბარებლობას უტოლდება, ეკისრება მომჩივანს.
16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 70-ე და 74-ე მუხლები უზრუნველყოფენ სასამართლო გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებას მხარის ან მისი წარმომადგენლისათვის, განსაზღვრავენ მის მიმღებს, მიღების და გადაცემის წესს და ადგენენ პირობებს, რომლის დაცვითაც უწყება ჩაითვლება ადრესატისთვის ჩაბარებულად. კერძოდ, სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. იმავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
17. ამდენად, სსსკ-ის 74-ე მუხლი განსაზღვრავს წესს, რომელიც გარანტირებს გზავნილის მიღებას, დოკუმენტურ ვალდებულებებს და სამართლებრივ შედეგებს ადრესატის არყოფნის შემთხვევაშიც. ეს ნორმა უზრუნველყოფს იმას, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლოს გზავნილი ჩაიბაროს მასთან მცხოვრებმა ოჯახის ქმედუნარიანმა წევრმა, რაც თვით მხარისთვის ჩაბარებას უთანაბრდება (მიიჩნევა გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებულად) და სასამართლოს საშუალებას აძლევს განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება.
18. საკასაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან მოპასუხის დედამთილმა, როგორც ადრესატის ოჯახის წევრმა, ჩაიბარა სასამართლოს გზავნილი, არსებობს პრეზუმფცია, რომ იგი მიღებულია კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ. აღნიშნული პრეზუმფციის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი ეკისრება კერძო საჩივრის ავტორს, რომელმაც სსსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად ვერ წარადგინა მტკიცებულება, რომელიც პრეზუმფციის გაქარწყლებას უზრუნველყოფდა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-1203-2020, 21.04.2021წ.; №ას-1037-2020, 25.01.2021წ.; №ას-826-2024, 26.07.2024წ.). შესაბამისად, დასტურდება, რომ სასამართლოს გზავნილი მოპასუხეს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით.
19. მხარის არგუმენტი, რომ განქორწინებისა და დედამთილთან დაძაბული ურთიერთობის გამო სასამართლოს გზავნილის შესახებ არაფერი იცოდა, მტკიცებულებებით ვერ დასტურდება. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც ხარვეზის დადგენის, ისე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება გადაეცა სადავო განჩინების ჩამბარებელ პირს, ხოლო მომჩივანმა ორივე შემთხვევაში განახორციელა კანონით დაშვებული საპროცესო მოქმედებები: ერთ შემთხვევაში სასამართლოს მიმართა საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით, ხოლო მეორე შემთხვევაში – კერძო საჩივრით. ასეთ ვითარებაში, დამაჯერებლობასაა მოკლებული კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული, მტკიცებულებებით დაუდასტურებელი გარემოებები.
20. კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ უწყების ჩამბარებელს უწყება არ გადაუცია, პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ დადასტურებულ შემთხვევაშიც ეს გარემოება არ ახდენს გავლენას უწყების ადრესატისთვის ჩაბარებულად მიჩნევის სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილი პირისათვის გზავნილის ჩაბარება უთანაბრდება უწყების ადრესატისთვის ჩაბარებას. სასამართლო განსაზღვრავს მხოლოდ იმას, მოხდა თუ არა ჩაბარება ადრესატთან მცხოვრები ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის. ამგვარი ჩაბარების არსებობის შემთხვევაში, უწყება მიიჩნევა ადრესატისთვის ჩაბარებულად და სასამართლოს აქვს უფლება განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-29-27-2013, 04.04.2013წ; №ას-660-2021, 30.09.2021წ.; №ას-1102-2025, 05.09.2025წ). მართალია, ნორმა ითვალისწინებს იმ ვალდებულებას, რომ მხარის ოჯახის წევრმა მიღებული დოკუმენტები გადასცეს ადრესატს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად წარმოშობილი რისკი მთლიანად მხარეს ეკისრება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-234-2025, 04.04.2025წ.; №ას-1503-2024, 30.04.2025წ.).
21. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე–63-ე მუხლების მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად რჩება. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
22. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 27 აგვისტოს (გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღიდან) და ამოიწურა 2025 წლის 5 სექტემბერს. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად მიეცა გონივრული ვადა (10 დღე), თუმცა მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა და არც საპროცესო ვადის გაგრძელების ან სხვა სახის შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო პალატისათვის, რის შედეგადაც სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.
23. უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცული, ექვემდებარება შეზღუდვებს და ვერ დაიცავს მხარეს, თუ ის ვერ ასრულებს სახელმწიფოს რეგულაციებით დადგენილ ვალდებულებებს, მათ შორის სასამართლოს მითითებებს, ვინაიდან ასეთი რეგულაციები უზრუნველყოფენ სამართალწარმოების ეფექტურობას, მხარეთა თანასწორობასა და პროცესების წესრიგს.
24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით, სახელმწიფო რეგულირებას ექვემდებარება. რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ.: Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the „Belgian Linguistic“ judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესომ შედეგს, რასაც ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5-ე, 374.1 მუხლები) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-693-2019, 28.06.2019წ; №ას-1615-2019, 14.01.2020წ.; №ას-504-2022, 21.06.2022წ.; №ას-1310-2025, 14.11.2025წ.).
26. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ა–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
ბადრი შონია