დატოვებულია განუხილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-468-ა-11-2025
27 თებერვალი, 2026 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი – გ.ბ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 06 თებერვლის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
გ.ბ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში, შპს „ს.კ.ს–ოს“ მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 5 ივნისის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელისა და სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით გ.ბ–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 სექტემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.
2025 წლის 18 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებებით (განცხ. Nზ-468-25, Nზ-471-25, განცხადებები განაწილდა საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით 24.12.2025 წელს) მომართა გ.ბ–ძემ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. ამავე განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. ასევე იშუამდგომლა აღნიშნული საქმიდან მომხსენებლი მოსამართლის აცილების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 იანვრის განჩინებით გ.ბ–ძის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე და გ.ბ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით გ.ბ–ძეს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაზუსტებული განცხადება (დედნის სახით) სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ პუნქტის მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვს საქმის წარმოების განახლებას; ბ) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის ქვითრის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება მხარეს გაეგზავნა 2026 წლის 09 იანვარს და ჩაბარდა პირადად 2026 წლის 15 იანვარს.
გ.ბ–ძემ 2026 წლის 16 იანვარს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა ა-190-26 განცხადება, სადაც მითითებულია, რომ არ გადაიხდის სახელმწიფო ბაჟს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 06 თებერვლის განჩინებით გ.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველად.
გ.ბ–ძემ 2026 წლის 20 თებერვალს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა ზ-78-26 განცხადება, რომლითაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლიდან გამომდინარე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ბ–ძის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.
ზემოაღნიშნული ნორმა შეიცავს აუცილებელ მონაცემთა ჩამონათვალს, რომელთაც საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს. პალატა განმარტავს, რომ ამათგან უმნიშვნელოვანესია მითითება საკუთრივ იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, წარდგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს იმ განჩინებაზე (06.02.2026 წელი), რომლითაც განუხილველად დარჩა მისი განცხადება (ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე) ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
გარემოებებზე, რომელზეც უთითებს მხარე წარმოდგენილ განცხადებაში, საკასაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა 2026 წლის 08 იანვრისა და 2026 წლის 06 თებერვლის განჩინებებით. შესაბამისად, განცხადებაში მითითებული გარემობები არ წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 06 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს.
პალატა დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე (30.11.2005 გადაწყვეტილება საქმეზე _ იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ) დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. კერძოდ, ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის.
საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: № ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016,13.01.2017წ;№ას-851-8172016,04.11.2016წ; №ას-303-2023, 24.03.2023წ).
საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ გ.ბ–ძის განცხადებები მიმართულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისი სარჩელის განხილვისკენ, რომელზეც უკვე იმსჯელა საკასაციო სასამართლომ. ამასთან წარმოდგენილი განცხადებები დაუსაბუთებელია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე (Nას-1412-2025; Nა-468-ა-11-2025) გ.ბ–ძის სამომავლოდ შემოტანილი ყველა სახის კორესპოდენცია დარჩება რეაგირების გარეშე.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ.ბ–ძის განცხადება-ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 06 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 423-ე, 425-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ბ–ძის განცხადება-ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 06 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველი.
2. მოცემულ საქმეზე (Nას-1412-2025; Nა-468-ა-11-2025) გ.ბ–ძის სამომავლოდ შემოტანილი ყველა სახის კორესპოდენცია დარჩეს რეაგირების გარეშე;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია